ის კნაჭა გოგო,
გაზაფხულს რომ ჰგავდა ძალიან,
საოცრად წრფელი,
თაფლისფერი, ირმის თვალებით,
ახლა დინჯი და ღირსეული დამა-ქალია,
შვილების დედა, მეოჯახე,
დიდად გამრჯელი.
შრომობს, არსაით, სამწუხაროდ, არ ეჩქარება,
ოჯახის ბურჯის უმძიმესი ტვირთი ჰკიდია,
მაგრამ გულს ერთი საიდუმლო
აქვს ნეტარება, -
გასცქერის ზეცას მოკამკამეს,
ხანაც - ნისლიანს
და თავის სათქმელს სტრიქონებად
ნარნარად აწყობს,
წლების ნაფიქრალს
გამალებით კინძავს ლექსებად,
არ ეპუება ზოგჯერ ხრიოკ,
ხორკლიან აწმყოს
და წარსულს ლაღი სიყვარულით ეალერსება,
მუხლმოდრეკილი ევედრება არსთა გამრიგეს,
გადმოხედოს და შეივრდომოს ერი სვიანი,
ქარსმინდობილი ეკლესიის ზარებს არისხებს
ის კნაჭა გოგო, გაოცებულთვალებიანი.
31 იანვარი 2017 წელი
-
No comments:
Post a Comment