წკაპ-წკუპ...წვიმა იმნაირად ლაღობს,
გეგონება, გვირილების მზეა,
მიაბიჯებ ამ დელგმაში მარტო
და ეგ გული ერთიანად ღელავს.
გიხარია, გაზაფხულის თქეში
ყელ-კისერზე გეცვარება უხვად,
სირინოზთა გალობანი გესმის
(ნაძვები კი ძველებურად სწუხან).
ამ წვიმაში შენც გაზაფხულს ჰგავხარ
ბედნიერი გაღიმების მადლით
და გაკვირვებს, ზეციურის სევდას
ამნაირად რად გაურბის ხალხი...
ჰაეროვანს ვერ შეგაკრთობს წვიმა,
მიაბიჯებ ამაყად და ნაზად,
დედამიწის მოფერება გინდა,
გაზაფხული გიფერადებს კალთას.
შენს იისფერ იმედებს და დარდებს
ერთიანად ახმოვანებს წვიმა,
ცრემლებივით გეღვენთება თვალზე,
მერე ჩქერად ედინება მიწას.
წკაპ-წკუპ... წვიმა იმნაირად ლაღობს,
გეგონება, გვირილების მზეა,
მიაბიჯებ ამ დელგმაში მარტო
და ეგ გული ერთიანად ღელავს.
3 ნოემბერი, 1981 წელი
No comments:
Post a Comment