შენ ანგელოზის ფრთები შეისხი,
ისე გასწიე ფერთა კვდომისგან,
იმ მხარეს, სადაც უსასრულობა
უკვდავებას და გვირგვინს მოგიტანს.
პირობითობის ველში მოხვედრილს
(სხეულთან ბრძოლას ემსხვერპლე ლამის),
გიჭირდა ყოფნა, არყოფნა გსურდა,
ბლომად იგემე ამ ქვეყნის შხამი.
ახლა მზეებთან გაათევ ღამეს,
შენი იები გულში გვყავს მცველად,
შენს დიდ სიყვარულს გაგვინაწილებ, -
ქედნის ღუღუნში ავიდგამთ ენას.
ცეცხლსაც დაგვინთებ შენი გრძნობებით,
კერას გაგვითბობ, გაყინულ გულსაც,
როგორც ფუტკარი, აგროვებ ნექტარს, -
ღმერთკაცებისთვის ამზადებ ნუგბარს.
სამყარო ისევ ტრიალებს, ბრუნავს...
შენ მოფრინდები სევდის მერცხლებით,
რომ წინაპართა საქართველოდან
გვითხრა: - ღრმადაა მუხის ფესვები.
კაცურ-კაცობით, ალალმართლობით,
ფართოდ გაწიე მამულის მხრები,
ახალ თაობებს მიეცი საზრდო,
უბრალო მოკვდავთ შეგვასხი ფრთები.
No comments:
Post a Comment