ამ დაბზარული ყოფნის ოთახში,
სადაც წარსულის ხსოვნა ისვენებს,
აწყვია თქვენი ბრჭყვიალა ძღვენი,
მკრთალი წარწერით: "გთხოვ, გამიხსენე".
გიხსენებ: იყო მაისის ოცი,
ვნებას იცავდა ბრაზის გიშერი,
შენ დამიტოვე მუდმივი კოცნა -
ძღვენი, რომელიც ვერ მოვიშორე
წლებზე შემჭკნარი ხსოვნის კანიდან,
ვერც მოვკალი და ვერც დავიხსენი
და მიდევს შენი კოცნა ოთახში -
მკრთალი წარწერით: "გთხოვ, გამიხსენე".
გიხსენებ: იყო დღე უფრო გრძელი,
ვიდრე ტკივილი და რომ დაღამდა,
შენ დამიტოვე დამშრალი ცრემლი,
ძღვენი, რომელიც ვერსად დავღვარე
და დაბზარული ყოფნის კედელზე
ვეღარც დავკიდე, ვერც ჩამოვხსენი
და დევს იმ ძღვენის ფიტული - ცრემლი
სველი წარწერით: "გთხოვ, გამიხსენე"
გიხსენებ: იყო უდროო დრო და
სიყვარულს ჩემი სისხლი სდიოდა,
შენმა სასტიკმა გამოცხადებამ
გამომიძახა საიქიოდან,
და საგანგებო მიბოძა ძღვენი -
ნაზი იარა ფერმკრთალ მაჯაზე,
რომელიც ისე სასტიკად შვენის
დროით მორყეულ ხსოვნის ანჯამებს,
რომ მის ხაზებში ჩაღვრილ ნახატებს
ბევრჯერ საკინძეც კი ჩავუხსენი.
წერს შენი ძღვენი ჩემს მკრთალ მაჯაზე
დამცინავ ტკივილს : "ნუ გამიხსენებ".
ამ დაბზარული ყოფნის ოთახში,
სადაც წარსულის ხსოვნა ისვენებს,
შემოვედი და ვეღარ მოვნახე
ძღვენი, რომელიც ვერ გავიხსენე.
თქვენ, ჩემო მკრთალო სიყვარულებო,
დროით რომ ზომავთ ხსოვნის ნაკვეთებს,
ნუ გიკვირთ, ჩემი უკარო ყოფნა
თქვენს მუზეუმად გადავაკეთე.
თათია მთვარელიძე
No comments:
Post a Comment