Thursday, December 17, 2020

წმინდაო ბარბარე! (ბავშვის თხოვნა)

 ყოვლადწმინდაო ბარბარე, შენზე დიდ იმედს ვამყარებ,

კარგად გვყავდეს და აცოცხლე ჩვენი ჭუკი და ბატები,

არ მოკვდნენ არა ჭირით და არანაირი ხვატებით,

არც ძროხას ეცეს ავი ზნე, მერე რძეს სადღა ვიშოვით, 

ბებო მოწველის, გამოაქვს უზარმაზარი ბიდონით.

ხბოც ძროხას კარგად უმყოფე, საწყალს რძე ხვდება ნარჩენი,

ძირს დაშხეფებულს ლოკავენ ჩვენი მეზობლის კატები,

თორემ ჩვენს ფისოს საჭმელი სულ ხვდება ნარჩევ-ნარჩევი,

მურიკას გადააფარე შენი სამოსლის კალთები,

ეზოს დარაჯი ისა გვყავს, მოფერებას გვყავს ნაჩვევი,

ლობიანები მივართვა მინდა მეზობელ ქალბატონს,

არავინა ჰყავს, ავადობს, გული ცოტ-ცოტა ღალატობს,

მე და ბებიკო შემოვრჩით ამ სოფლის, კარის იმედად,

სულ ვფიქრობ, ასე სასტიკად დროებამ რად გაგვიმეტა,

აქ აღარავინ არ ცხოვრობს, დაცარიელდა სახლები,

ზაფხულში ესტუმრებიან, გადანათდება ფანჯრები,

ჩვენც სიხარული გვეწვევა, გამოვერევი ბავშვებში,

წმინდაო, ააგიზგიზე კერია იმათ სახლებში,

დაბრუნდებოდნენ, მწყემსებად ერთად ვივლიდით ბავშვები.






No comments:

Post a Comment