Thursday, August 29, 2019

რითი გიშველო?!

თავზე სხივები დამაბერტყეს მე ვარსკვლავებმა
და ბადრმა მთვარემ მისახსოვრა მზერა ფაქიზი,
შენ დაგამსხვრია ჭორისმბადმა მიეთმოეთმა,
მე კი გამხადა უფრო სათნო, უფრო აზიზი,
გადამფრქვევიხარ ხელისგულზე დამეწყრილ მიწად,
რითი გიშველო, რა ვიღონო, რომ აღარ ვიცი?!


თავზე ცის თაღი დამეხურა (ერთსტროფიანი)

თავზე ცის თაღი დამეხურა, როგორც ფაფახი,
ვარსკვლავთ ჭიატში უსასრულოს შენს სახეს ვხედავ,
გითამაშიათ, ალბათ, სადმე, ამ მთის კალთამდის,
გილგამეშსა და  შენ, ძვირფასო, ოდესღაც ერთად.

ვუმზერ ნიშა ხარს (ერთსტროფიანი)

ვუმზერ: ნიშა ხარს,  გასცვენია უკვე ბალანი,
ღონემიხდილი მაინცა სწევს გუთანს და ხარობს,
ამოყვავდება დახნულ ველზე მწვანე ჯეჯილი,
მზით დამწიფებულს სულ სხვა ფერი ედება ახოს.


თავზე ცის თაღი დამეხურა (ორი ერთსტროფიანი ლექსი გაერთიანებული)

ვუმზერ: ნიშა ხარს,  გასცვენია უკვე ბალანი,
ღონემიხდილი მაინცა სწევს გუთანს და ხარობს,
ამოყვავდება დახნულ ველზე მწვანე ჯეჯილი,
მზით დამწიფებულს სულ სხვა ფერი ედება ახოს.
თავზე ცის თაღი დამეხურა, როგორც ფაფახი,
ვარსკვლავთ ჭიატში უსასრულოს შენს სახეს ვხედავ,
გითამაშიათ, ალბათ, აქვე, ამ მთის კალთამდის,
გილგამეშსა და  შენ, ძვირფასო, ოდესღაც ერთად.

Wednesday, August 28, 2019

შენამდე მოსვლა

იმას ვერ იტყვი, რომ ძალიან დავიგვიანე,
აღმოსავლეთით მზის სხივებსაც გადავასწარი,
გადაჩვეულმა ჭიუხებში მარტოდ ხეტიალს,
მხრებზე მოვიცვი ხან სიცხე და ხანაც ავდარი.
ჩემი გულიდან ამოვზიდე ყველა ტალახი
და ოქროსფერი შემოდგომით გული ავივსე,
წვიმის წყალი ვსვი ეკლესიის ყველა ფრესკიდან,
შენ გაღიმება, შემოხედვაც კი არ მაღირსე.




Tuesday, August 27, 2019

მანიაკი (ნოველა არაქართული სინამდვილიდან)

  ფეხებს ძლივს მიათრევს... დაიღალა... დაიღალა თავისი უსუსურობით... დაიღალა თავისი უმოქმედობით... ბრძოლა სწყურია, მაგრამ ვისთან იომოს?! საკუთარ თავთან?! არა, არ შეუძლია, თავს ვერ ერევა, უნდა, ექიმთან მივიდეს, თავისი პრობლემების შესახებ მოუყვეს, მაგრამ ციხეში დაიჭერენ, დედის ხმა ესმის: "ჩემი შვილი მკვლელი არაა, თანაც მანიაკი, რას ამბობთ ხალხო, წიწილსაც ვერ დაკლავს, სისხლის ეშინია", ეს მერამდენე მსხვერპლია, ვეღარც ითვლის... პირველის მოკვლა იყო რთული, ხელები უკანკალებდა, ცრემლები ახრჩობდა, სისხლი აწვებოდა ყელში, მაგრამ უცბად მორჩა საქმეს, უცებ წააცალა თავი, ქალმა წინააღმდეგობა დიდხანს ვერ ვერ გაუწია, იქვე, თავისი სახლის ეზოში დამარხა, თავისი ხელით გათხარა მიწა და, ეს ქალებიც თავისი ნებით რომ მოჰყვებიან სახლში, ეს რაღა არის?! ის ბოლო მაინც ძალიან შეეცოდა, ქერა ლამაზი კუკლულები ჰქონდა,  ნატიფი სახის ნაკვთები, ლურჯი კამკამა თვალები,  "ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას გაახსენდა", დიდხანს უყურებდა, ტკბებოდა  მაგრამ თავს ვერ უმკლავდება, მათი დახოცვის დიდი სურვილი აქვს, განა ევამ არ შეაცდინა ადამი და სამოთხის ბაღიდან გამოაყრევინა ადამიანები ღმერთს?! თორემ იცხოვრებდნენ ბედნიერად, უშრომ-უწვალებლად, გაივლიდნენ, ვაშლს ჩაკბეჩდნენ, გამოივლიდნენ - ატამს, პასუხი უნდა აგებინოს ყველას ამ დანაშაულისთვის, მაგრამ დედა... ისიც ხომ ქალია... მაგრამ ის სულ სხვაა... მოვა,ხელს გადაუსვამს თავზე და ეტყვის: - ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო ჭკვიანო და ლამაზო ბიჭო, - ჰო, დედა ხელშეუხებელია, დედა ღვთისშობელია, კეთილი,  ყველას უყვარს, მასზე ლოცულობენ,მე კი მე, კი, რატომ გამოვედი ასეთი საშინელი ადამიანი?! სადაა სამართალი?! რატომ არავის ვუყვარვარ დედას გარდა?! ეს ქალებიც ხმას არ იღებენ, ჩუმად მიყურებენ, მითვალთვალებენ და იქვე ტახტზე დამსხდარი თოჯინებისკენ გაიხედა, ვეღარ ითმენს, უნდა მუშტი ჩაარტყას ერთ-ერთს სახეში, სიფათი მოუღრიცოს. ამ დროს დედის ალერსიანი ხმა ესმის: - კიდევ თოჯინებთან თამაშობ?, რა მოგდის, ჩემო ბიჭო, დაანებე თავი, ეგ გოგონების საქმეა, შენ ხომ კაცი ხარ!  არ იცის დედამ, რომ ეს თოჯინები კი არა, დამნაშავე ქალებია, არც უნდა, დედამ რამე გაიგოს, უყვარს და იმიტომ,  მას კი აუცილებლად ექიმი სჭირდება, ისეთი კი არა, დედას რომ მოჰყავს ხოლმე თავისი მეგობარი ქალი, დედას თავისი ხელით მოჰყავს ეს ქალები სახლში, ყველა ოთახში ისინი არიან, ოკუპირებული აქვთ ყველაფერი, არა, ამას ვეღარ აიტანს და ერთ-ერთ თოჯინას ხელ-ფეხს აგლეჯს, მერე საწოლის ქვეშ მალავს, ბედნიერი იღიმება...

ცის თაღზე უკვე მერამდენედ გადაინათა (ერთსტროფიანი)

ცის თაღზე უკვე მერამდენედ გადაინათა,
ეს მერამდენე ქუფრი ღამე ისევ მაწვალებს,
ზღვაზე, სულ ახლოს, ნავსადგურში დადგა პიატა,
მალე ჩემს ცოდვებს გადმოტვირთავს, დამასამარებს.


ნახანძრალი ტყის ბედი მაკრთობს (ერთსტროფიანი)

აგონიაში მყოფი ქვეყნის მე მახლავს შიში,
დიდთვალება და სახე ჩემი თეთრი ოვალი
იცვლება ისე, როგორიც ვარ განცდებში, ფიქრში,
ნახანძრალი ტყის ბედი მაკრთობს, ჩვენი მომავლის.

ნეტავ, სად არის ის საქართველო?!

ბრძოლა-ყიჟინით რომ გაჰქონდა ბურთი და ლელო,
ნეტავ, სად არის ის საქართველო?!
ქალთ ნატერფალზე რომ ჰყვაოდა ვარდი და ია,
რად გადუვლია ეკლიან ხვიარს?!
კაცების სისხლი, - მოჩქრიალე, გიზგიზა ცეცხლი,
რატომ გამხდარა წყალივით თეთრი?!
ცხრა შვილს რომ ომში აცილებდნენ, ბადებდნენ გმირებს,
დღეს რად ჰყავთ ერთი, შობენ კი კიდევ?!
ოდეს ჰყვაოდა ოშკი, ხახული, ჯერარნახული,
რად დგანან ჩუმად, ფერდაკარგულნი?!
სულს უქოთებდათ ეშმაკეულთ, ჭინკათ ყვირილი,
დღეს რად ხვდებიან ყალბი ღიმილით?!
არა სტოვებდნენ მიწას ნებით, ვერ სთხრიდნენ ფესვით,
- უნდა გავიქცე,-  დღეს რაღად გვესმის?!
მაინც ნათელი რუდუნებით შევცქერი მერმისს,
მზე გააბრწყინებს ხანძთას და ხერთვისს!




რაც უნდა მეთქვა, უკვე ითქვა, დიდი ხნის წინათ (ერთსტროფიანი)

აღარ მქონია, ახლა ვხვდები, შენთვის სათქმელი,
რაც უნდა მეთქვა, უკვე ითქვა, დიდი ხნის წინათ,
ჩემს ნათქვამ  სიტყვებს ყოველ ღამე ქარში აბნევდი,
ცრემლის წვეთებად მიბრუნებდა ნიავი დილას.

Monday, August 26, 2019

საიდან და სადამდე ხარ, ცაო?!

საიდან და  სადამდე ხარ, ცაო,
გაუშლია მზეს სხივები ჟღალი,
ჭორფლიანი ეს გოგონა მიყვარს,
ეს გოგონა, ქვეყნის ნატვრის თვალი.
მინდორს ისე დასდგომია, ურცხვად,
ოქროს ზღვაში აბანავებს ყანას,
წითელთმიანს, ლურჯთვალას და მცხუნვარს,
ყველა ნატვრა აუხდება, ალბათ.
ფრთებს გაშლიან გვირილები თეთრად,
ყაყაჩოებს დაასკდებათ კაბა,
ღმერთი წვიმას გამოატანს მხედარს,
მზე ქალმა რომ არ გაახმოს ყანა.
შეერთდება თავთუხებში ორი,
დაბერავს და დაამწიფებს მარცვალს,
მზე გოგო და წვიმის ბიჭი ერთად
ქვეყნის სარჩოს დაადებენ ამაგს.
საიდან და სადამდე ხარ, ცაო,
აგვაშორე გრიგალსა და სეტყვას,
მზე გოგო და წვიმის ბიჭი ხარობს,
პურის ყანას დაარჩენენ ერთად.












ზღვაო! (ერთსტროფიანი)

ზღვაო, ზღვასავით ნუ ფეთქავ, ჰქუხხარ,
მინდა, ჩაგეკრო, როგორც ნაფოტი,
დედასავით რომ გადამარწიო,
დრო დამავიწყო მისი არყოფნის.


Sunday, August 25, 2019

როგორც იქნა, წამოვიდა წვიამა (ერთსტროფიანი)

როგორც იქნა, წამოვიდა წვიმა,
მოშხაპუნობს ცრემლ-წვეთების ჯარი,
ვერა ზიდა ეს სიმძიმე მიწამ,
მზემ აკრიფა, სხივებს წაჰყვა წყალი.

Friday, August 23, 2019

ვიქნებით, თუ აღარ ვიქნებით?! (ერთსტროფიანი)

დილას მომეძალა ფიქრები,-
ვიქნებით, თუ აღარ ვიქნებით?!
თუ აღდგა ბოროტი გენია,
ხის აღარ დარჩება ღერია.

სიმღერა ჩვენი

სიმღერა ჩვენი ერთი დიდი სატირელია,
ჭირსა თუ ლხინში გამობრძმედილ-გამონათალი,
გალობა ჩვენი სიცოცხლეა, ელვის დარია,
მით მაღლდებოდნენ ზეცის კიდეთ მამა-პაპანი,
ცხოვრებასავით ტკბილ-მომწარო დასალევია,
ხან რბილზე-რბილი, ხან პირქუში, შავი ქვასავით,
მარტოობაა, უსასობა,  გეენია,
იასამნების სურნელება, მზესთან ნაზავი.
მიწას შეწირულთ ანგელოზნი ცაში ელიან,
გულს ეფინება უწმინდესთა ღამის არია,
სიმღერა ჩვენი დასაბამით სევდისფერია,
დასაბამითვე ერთი დიდი სატირალია.



ფიქრო, ფიქრად მომეძალე!

ფიქრო, ფიქრად მომეძალე,
გამიხსენი ჭკუა, გონი,
არვის მივცე ეს ქვეყანა,
სიტყვა, "საღმრთოდ გასაგონი",
ნუ, შემირყევ რწმენას, ღმერთო,
ნუ წამართმევ სასოს, იმედს, -
ვაჟკაცების სამარეებს
კვლავ ქართველი დაიტირებს,
-  ტყუილად დაუღვრიათ სისხლი,
- არ თქვას მავნემ, ქვეყნის მტერმა,
გამარჯვების სადღეგრძელო
მოყვარესთან ერთად შევსვათ!




Wednesday, August 21, 2019

ჩემო გუთანო!

ეჰ, ვეღარა ხნავ, ჩემო გუთანო,
ჩამოგტეხია რკინის კბილები,
მსხვერპლი გამხდარხარ ჟამთა დინების,
ტყუილად ყანყალებ და მეპირები,
გადამლახავი არ ხარ დილემის.

Tuesday, August 20, 2019

მიმოზებო, წყენით მიმზერთ (ერთსტროფიანი)

მიმოზებო, წყენით მიმზერთ,
გამჯობინეთ არჯაკელი,
ღობის ძირას ის ხარობდა,
ფხალს ხარშავდა ბებო ჩემი.

ვაი, თუ...(ერთსტროფიანი)

ამობრუნებულ გულის პერანგს სამოსად ვიცმევ,
მინდა, რომ ყველამ დაინახოს სევდა, ტკივილი,
დაგლეჯილ წუღებს კვლავაც ასძვრა ნაწილი ქუსლზე,
ვაი, თუ ღმერთთან ფეხშიშველი დავრჩე პირისპირ.

Monday, August 19, 2019

ღმერთო, როდისღა დადგება ის დღე?!

ვწევარ და გული მუშაობს პირქვე,
აწეწილ ნისლებს თმებში ვივანებ,
ღმერთო, როდისღა დადგება ის დღე,
აღარ მეკეთოს გლოვის პირბადე.
სულ ერთიანად მაგლეჯენ ხორცებს,
თითო მტკაველი ფიქრივით მტკივა
და წართმეული ჭალების პირი 
მესობა გულზე წამახულ რკინად.
მეგონა, ვცხოვრობ უკეთეს დროში,
აღარ ვაჭრობენ ვაჟკაცთა სისხლით,
მაგრამ მელია, ქათმებს რომ გვიჭამს?
კვლავ კრიახის და გლოვის ხმა ისმის.
სამართალს, ნეტავ, ვინ ქსოვს და კერავს,
არ ვუყურებდე მის კვდომა-ხროტინს,
აღდგეს და ეცეს ელვად და მეხად
მომხდურს, შურისძიების არ შევწყვეტ ლოდინს.






Sunday, August 18, 2019

ჰოი, ნანა (საბავშვო)

- ჰოი, ნანა, - ახლაც მესმის,
სიხარული მიპყრობს,
მოსდებია ხმები ჭალას,
ძველებურად მიხმობს.
ბეღურები პირს იბანენ,
შაშვი ნაზად გალობს,
მუშა ხელი დასტყობია
ვენახსა და ყანობს,
- ჰოი, ნანა, - მიუმღერა
დედამ ციცქნა ვანოს,
- გაიზრდები, მზეს მისწვდები,
დედა გენაცვალოს!

ციმციმა წვეთი

შენი წყაროს წყლის ციმციმა წვეთი
შესვი დოქით და თუ გინდა პეშვით,
ასეთ ანკარას, ცივს გაძლევს ღმერთი,
რა უნდა გსურდეს ამაზე მეტი?!

Tuesday, August 13, 2019

ხორბლის ყანებზე გაწოლილა ღამე უკმეხი (ერთსტროფიანი)

ხორბლის ყანებზე გაწოლილა ღამე უკმეხი,
უნდა, მაცდურს და ეშმაკეულს ხარკი მივაგო,
მაგრამ ჩემს გულში ჩამდგარია მთვარის ნათელი
და ოქროსფერი  მზე-ვარსკვლავიც კრთის და კიაფობს.

ქარი მოფრინდა და...

ქარი მოფრინდა და მომაცხო ტუჩებზე საცხი,
თითქოს ვიღაცის ვნებიანი კოცნა მაჩუქა,
ამიწითლა და მომეჩვენა, ვჭამდი ალუბალს,
შენ რომ გიყვარდა ასე ძლიერ, ასე ძალუმად.

გიჟი (ნოველა)

    ლოთობის გამო მოხვდა ფსიქიატრიულში, ცოლის ნათესავი მუშაობდა განყოფილების გამგედ, ნათესავებმა დააწვინეს, იქნებ გამოსწორდესო. გონს რომ მოვიდა და თვალები გაახილა, წვეთოვანი ედგა, ხელი რომ გაანძრია და წამოდგომა სცადა, ეტკინა მკლავი, სადაც ნემსი ჰქონდა გარჭობილი, ბედს დამორჩილდა, წოლა განაგრძო, ჭერს უყურებდა თვალგაშტერებული, მიხვდა, საავადმყოფოში რომ იყო, რამე ხომ არ დამიშავებიაო, თავში უკანასკნელ მოვლენებს ატრიალებდა, რა თქმა უნდა, რაც ახსოვდა (ყველაზე ძალიან რატომღაც ეს აწუხებდა). ბუნებით მშვიდი და წყნარი კაცი იყო, თავში რომ ჩაგერტყა, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ დათვრებოდა თუ არა, მონსტრად იქცეოდა, ჩხუბობდა, გიჟივით დარბოდა ქუჩებში,  ყველას აწუხებდა, მაგრამ მშობლიურ უბანს არ სცილდებოდა, ყველა კარგად იცნობდა, ამიტომ ოჯახის თუ მისივე ხათრით ხმას არავინ სცემდა,ეს უბედურება ერთი-ორი თვე გრძელდეოდა, არ ჭამდა, ცოტას თუ წაიტეხავდა პურს, სვამდა და სვამდა, ფული რომ გამოელეოდა, მეზობლებს სთხოვდა, თავმობეზრებულები რომ აღარ მისცემდნენ, გამვლელებს შეაწერდა, ოც-ოც თეთრს შეაგროვებდა, ისევ არაყს იყიდიდა და ყელს ჩაისველებდა. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ გონებას არ დაკარგავდა და საავადმყოფოში არ მოხვდებოდა. იქ რამდენიმე დღე გადასხმებს გაუკეთებდნენ, გონს მოიყვანდნენ, მერე სახლში გამოწერილს კარგად უვლიდნენ, აჭმევდნენ, ხილის წვენებს ალევინებდნენ, მოასუქებდნენ გამხდარსა და ძალებდაწრეტილს, თვალებში შესციცინებდნენ, ისევ მშვიდსა და წყნარს რომ ხედავდნენ, უხაროდათ, მაგრამ ეს ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ვინმე, უნამუსოს რა დალევს ამქვეყნად, მისი კარგადყოფნისა რომ შურდა,  სასმელს შესთავაზებდა, ისიც გამოართმევდა ჭიქას, ერთს დავლევ და მეყოფაო, მაგრამ მაშინ იწყებოდა, რაც იწყებოდა, კაცი ისევ მოუხელთებელი გიჟი  ხდებოდა, ხან ოცეოლა იყო, სემინოლების ბელადი, ხან დონ კორლეონე, ხანაც დონ კიხოტი და ასე მანამდე, სანამ ისევ საავადმყოფოში არ აღმოჩნდებოდა. ახლაც ჩვეულებრივ საავადმყოფოში ეგონა თავი. როგორც იქნა, ჭერს მოაშორა თვალები და გვერდზე გაიხედა, საწოლზე ახალგაზრდა ბიჭი ჩამომჯდარიყო, მისკენ იყურებოდა, თითქოს ელოდებოდა მის გამოფხიზლებას, მიესალმა, იმანაც სალმითვე უპასუხა, შემდეგ ჩურჩულით ჰკითხა: -  შენც უცხოპლანეტელებმა გაგიკეთეს ოპერაცია? - კაცი გაშტერდა, გაოცებულმა შეხედა ახალგაზრდას, რომელმაც სრული სერიოზულობით ისევ გაუმეორა შეკითხვა. - არა, - უპასუხა. ახალგაზრდამ ნერვიულად დაიწყო ულვაშების წიწკნა, - აბა, მარტო მე გამიკეთეს? - თითქოს თავის თავს ჰკითხა და იკვე ტუმბოზე დადგმული თეფშიდან მოხარშული კვერცხი აიღო, პირში ჩაიტენა, ნერვიულად აამოძრავა ყბები. ნამდვილად გიჟია, გაიფიქრა კაცმა და ახლა მეორე მხარეს მიატრიალა თავი,  ხანშიშესული კაცი წამომჯდარიყო ლოგინზე, ჟურნალს კითხულობდა, შვებით ამოისუნთქა, ეს მაინც ჩანს ნორმალური, ამას დაველაპარაკებიო და შეკითხვით მიმართა, რომელი საავადმყოფოაო, ხანშიშესულს თავი არც აუწევია, ისე უპასუხა, ჩვენ უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდზე ვიმყოფებით, ახლა ვარსკვლავ სიერას ვუახლოვდებითო. კაცს გააკანკალა, შიში შეუჩნდა ძარღვებში, მე თვითონ ხომ არ გავგიჟდი და ეს ყველაფერი მეჩვენებაო, სანიტარს დაუძახა, ოთახში კაცი მოვიდა თეთრ ხალათში გამოწყობილი, ესეც გაუკვირდა, კაცი სანიტარი არასოდეს ენახა, რაღაცა ამბავია ჩემს თავს, ვიღუპებიო, ერთი კი ამოიკვნესა და სანიტარს იგივე ჰკითხა, რაც გვერდზე მეზობელს. ფსიქიატრიული საავადმყოფოაო, -  უპასუხა სანიტარმა, თან ღიმილით დააყოლა, ნუ გეშინიათ, ესენი საშიშები არ არიან, ერთმა "პლანი" მოწია და იქ ჩარჩა, იძახის უცხოპლანეტელებმა გამიკეთეს თავზე ოპერაცია, არა და მისი მშობლები აქვე ათენებენ ღამეს საავადმყოფოსთან, ეს ერთი ბიჭი ჰყავთ, მაგრად მეცოდებიან, მეორე - უპატრონოა, არავინ აკითხავს, ესეც გაიძახის, უცხოპლანეტელების ხომალდზე ვართო, ერთ პალატაში დავაწვინეთ, კარგად უგებენ ერთმანეთს, თქვენ კი ნუ გეშინიათ, თინა ექიმი მალე გაგწერთ, ვიცით, რომ გიჟი არ ხართ.
      მთელი დღე უსმენდა კაცი გიჟების საუბარს, მეორე დღეც, მესამეც, მოულოდნელად თვითონაც თავი იგრძნო უცხოპლანეტელთა ხომალდზე, რომელიც კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებს კვეთდა, მშობლიური პლანეტისკენ მიექანებოდა, ისიც კი დაინახა, როგორ ციმციმებდნენ ვარსკვლავები მის გარშემო, ნეტარება იგრძნო...
       მომდევნო დღეს კაცი ჩამომხვრჩალი იპოვეს პალატაში, კბილებით დაეხია ზეწარი, ერთმანეთისთვის გადაება ნაკუწები და თავი ჩამოეხრჩო. სანიტრებმა ძლივს გაიტანეს გვამი პალატიდან, პაციენტები ფეხებზე ეკიდებოდნენ, უცხოპლანეტელი ეგონათ, ძლივს გვეღირსა ამის ნახვაო.
         ეტყობა,  ამათი შემხედვარე გაგიჟდაო,  - დაადგინეს ექიმებმა.

Friday, August 9, 2019

აგვისტოს ომი (ერთსტროფიანი)

აგვისტოს ომი, - ქართველთათვის წვიმა ცრემლების,
არც ერთო წვეთო ჩვენი სისხლის, არ მემეტები,
ვიღაცა კერავს მავანისთვის შეშლილის ხალათს,
ღმერთი არავის არ პატიობს სამშობლოს ღალატს.

მიდიხარ (ერთსტროფიანი) სიმღერა, შეასრულა მაია სიჭინავამ

მე შენ მოგიძღვენი სინატიფე,
ველზე დაგიკრიფე ბილილა,
მეგონა, შევწვდებოდით მზის ნაპირებს,
მხდალივით მტოვებ და მიდიხარ.

თამარ შაიშმელაშვილი მაია დიაკონიძის წიგნზე "კოცნას მიგზავნის იასამანი"

„დამახლის ბედი ათასჯერ ტყვიას,
მაინც ათასჯერ ავდგები ფეხზე,
რა ბედენაა ჭრილობა ღია,
თუ სული ჩემი ხსნას ცაში ეძებს“... - მაია დიაკონიძის ამ იასამნისფერ პოეზიას იასამნებივით სურნელი და იმედი მოაქვს... ღია ჭრილობაც ლამაზია, თუ სულის სიმებით ამოიკემსება. მისი სამყარო წრფელი გრძნობებითაა შემკული, ისეთი, უნებურად მინაზე რომ ხატავენ თითები მონატრებას, ანდა როგორც „ფრთათეთრ ბურუსში“ ჩოქვით მოლოცვილი სამშობლო მიწა... 
ამ წიგნში სევდა-ტკივილი, სიხარული და ბედნიერება დავანებულა. მინდა, სუყველა ხევ-ხუვი გულში მზესავით ვატაროო, - წერს ავტორი და იცის, რომ „ცას დედამიწა ალერსით ფარავს“...
ეს ბროწეულებიც სამაიას განცდით მოალერსე მზის ნათელს ტოვებენ... ერთი ლამაზი ლექსია ეს ნახატიც, თითქოს პოეტის ღია ჭრილობა ბროწეულებად გარდასახულა და „უცხო ნათებად“ მოსულა ჩვენამდე...
.................................................................................................................................................
ის, რაც წამიერად ამოვთქვი მაია დიაკონიძის კრებულზე და მის ნახატზე...

Thursday, August 8, 2019

წმინდა დემეტრე თავდადებულს! (შოთაობის კონკურსისათვის)

წმინდა  დემეტრე თავდადებულს!

,,თავდადებული" დაგანათლეს, სულმნათო მეფევ,
კვნესის ლერწამი, მტკვრის ნაპირას, სადაც შენ ევნე,
საქართველოს ცას ვერ დასთმობდი, რომ არა ხვედრი,
გამხდარიყავი,  შენ წმინდანი, მოვაკანს ერთი.
შენ, ობლობაში გამოზრდილმა, გაწირე თავი,
სამშობლოს მიწას ააცილე იღბალი ავი,
ასაოხრებლად ვერ მიეცი მონღოლებს მკვიდრი
და დაიმკვიდრე სააქაოს სახელი დიდი.
ზეცა განიპო, გამობრწყინდი ნათელი ბნელში,
ყაენისათვის გაჩხერილი ფხა იყავ ყელში,
მიტომ სიკვდილი მოგისაჯა, ვითარც იესოს,
მაგრამ ავისთვის უფრო მეტი ავი მიეზღო. -
არ დაგიფასა სამსახური უზომოდ დიდი,
შენი ლაშქრით რომ წყალს ასხამდი მონღოლთა წისქვილს,
მათი გულისთვის შენ ებრძოდი ეგვიპტის სულთანს,
მტრის გამარჯვებას შეეწირა ქართველთა სულთქმა.
სპასალარი ხომ შენ იყავი ჩვენებურთ ჯარის,
გიჭრიდა თვალი, მამაცური დაგქონდა მკლავი,
გიმძიმდა ძლიერ, მოგესმინა მოძმეთა კვნესა,
უცხო მიწაზე დაიძინა მარადჟამს ბევრმა.
დაატარებდი მძლავრი ქედით ცოდვილის უღელს,
თვალცრემლიანი საქართველო გესვენა გულზე,
ქვეყანა შენი, გაზნექილი ტვირთისგან მხრებში, -
უფრო და უფრო ეხვეოდა მძვინვარე ცეცხლში...
მეუფე ზეცის შენ, წამებულს, არ დაგრჩა ვალში,
მოსე მღვდელმა და პატრიარქმა იყიდეს გვამი,
წამოგაბრძანეს თბილისელმა ვაჭრებმა მთელი,
სვეტიცხოველში დაგასვენეს, გტიროდა ერი.
ჩვენ შორის ჰგიებ, ხელმწიფეო, შიგ ქართლის გულში,
ისევე ცოცხლობ! დე, შიშობდეს ამ ქვეყნის ურჩი!
თავდადებულებს გაეხსნებათ სამოთხის ბჭენი,
მათ სადიდებელს გაამრავლებს ცად ენა მჭევრი.
8.08.2019 წელი








ნეტავ, ამქვეყნად ერთხელ ატყდეს მშვიდობის "ომი" (სამაჩაბლოს თემა)

ნეტავ, ამქვეყნად ერთხელ ატყდეს მშვიდობის "ომი"
და სიმშვიდეში გავეჯიბროთ ერთმანეთს, მინდა,
არა სისხლისღვრას, არა ტკივილს, არა სიბრაზეს,
ერთმანეთს ვუთხრათ კეთილი და ალალი სიტყვა.
ვხედავ, ყოველდღე ჩემს წნულ ღობეს ჩხირი აკლდება,
იზრდება ხვრელი, იტაცებენ წიწილს და წვიმას
მართმევენ, მზეს მართმევენ, მართმევენ მიწას,
საუკუნეებს რომ ჩასცქერდნენ მამა-პაპანი.
არა სისხლისღვრას, არა ომებს, არა სიბრიყვეს,
მიწა ტანჯული სიმწრისაგან ტირის და ქშინავს,
ნეტავ, ამქვეყნად ერთხელ ატყდეს მშვიდობის "ომი",
მტერი დაცხრეს და გავიგონო კეთილი სიტყვა.





Tuesday, August 6, 2019

კოხტა გოგო ნია ყვავილებს რწყავს ბაღში (საბავშვო)

კოხტა გოგო ნია ყვავილებს რწყავს ბაღში,
იცის, ვარდს რომ შია, წყალი უნდა მაშინ,
წყალი უნდა ზამბახს, ნარცისებს და იებს,
რომ არ გახმნენ, დაჭკნენ, როგორ მოაშიებს?!

ხან მენატრება სიკვდილი (სატრფიალო)

ხან მენატრება სიკვდილი,
ხან კი სიცოცხლეს მანდომებ,
გვირისტივით რომ დაჰყვები
ჩემი სიცოცხლის გზა-კბოდეს.
ხან ლაჟვარდებში გამაფრენ,
ხან ზღვასთან უწყლოდ ვფართხალებ,
ცოცხალი თუ ვერ მიხილე,
სასაფლაოს გზა გაკვალე.
ხან არწივივით მაღლა ვარ,
ხან ვცურავ დაბლა გველივით,
ჩემს ტანჯვას ბოლო არ უჩანს,
გზაზე გავჭრილვარ ხელივით.
ხან მენატრება სიკვდილი,
ხან კი სიცოცხლეს მანდომებ,
რა გვირისტივით დაჰყვები,
ჩემი სიცოცხლის გზა-კბოდეს!



სატრფიალოები

ქალი:
ხუნდებს დავიყრი ფეხებზე,
რომ აღარსაით წავიდე,
მომეფერები, დამთქორავ,
ცხოვრებას გამიხალისებ.

ვაჟი:
მეც არსაით მაქვს სავალი,
შენი ღიმილის ჭირიმე,
შენს კართან ღამეს ვათენებ,
რომ გამოგადგე რითიმე.

კვირიკე და ივლიტა

ხმაშეწყობილნი მღერდნენ ზარები,
ოქროს ველებზე იდგა ივლისი,
სხივებში ჰბანდნენ წმინდა  კვირიკეს
ანგელოზები, დედა ივლიტა.

სტრიქონებში სტრიქონები მოდის...(სატრფიალო სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

სტრიქონებში სტრიქონები მოდის,
ეწებება ეგ ტუჩები ჩემსას,
სისხლში მივლის ჟრუანტელი, ელვა,
მინდა, გული შენს გულს ჯაჭვით ებას.

მისამღერი: 
სულშიც შენ ხარ, ფიქრებშიაც შენ ხარ,
სიყვარულის შევსვამ შარბათ-ნექტარს.

სტრიქონებში სტრიქონები მოდის,
ეწებება ეგ ტუჩები ჩემსას..
ზღვის ტალღების ვნებიანი თქორი
წაგვიღებს და გადაგვლეკავს ერთად.

მისამღერი: 
სულშიც შენ ხარ, ფიქრებშიაც შენ ხარ,
სიყვარულის შევსვამ შარბათ-ნექტარს.

Monday, August 5, 2019

ხელი მომეც, ვიცეკვოთ! (სიმღერა)

გულზე ხელი მომჭიდე,
თუ გრძნობ, როგორ ფართხალებს,
თუ გრძნობ, როგორ ეხვევა
ტკივილებში,ხედავ?
მივადექი სხვა კუთხეს,
სხვა ზღვასა და სხვა მხარეს,
მაინც ვერ დაგივიწყე,
ჩემო კარგო, ხედავ?
ამოუცნობ ბილიკებს
წავყევი და შენც წაყევ,
ბედმა სად არ გვატარა,
დავცოტავდით, ხედავ?
თმები, თითქოს ქაოსი,
მოგვრევია ტაროსი,
ნაოჭებში ჩაფლულებს,
არა გვიკვირს, ხედავ?
წახვედი და მეც წაველ,
აღარ ვიტყვი დანარჩენს,
ბედმა ისევ დაგვცინა,
შეგვახვედრა, ხედავ?
ხელი მომეც, ვიცეკვოთ,
აბა, ტაში, ბიჭებო,
ჩაგვეძინა ორივეს,
საყვარელო, ხედავ?
ახლა მაინც ერთად ვართ,
ცეცხლის პირას კერა გვაქვს,
შეუკეთე, არ ჩაქრეს,
ინავლება, ხედავ?!







Sunday, August 4, 2019

აღარ უყვარს (ნოველა)

   სანთელივით დნებოდა, ტიროდა, შვილებსაც აღარ უვლიდა ისეთი მონდომებით, ხშირად იკეტებოდა ოთახში ხან მარტო, ხან ვასოსთან ერთად, რაღაცას ელაპარაკებოდა, თითქოს პასუხს სთხოვდა. ნატო ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა შვილის ოჯახში, მიყურადება ესირცხვილებოდა, ამიტომ სრულ გაუგებრობაში იყო, რამდენიმეჯერ რძალი მოისვა გვერდზე და ჰკითხა, რა ხდება, რამე ხომ არ გაწყენინა ვასომო, არაფერი გაუმხილა, რას ლაპარაკობთ, რა უნდა ეწყენინებინაო. ახლა ვასოს მიადგა, რა ხდებაო, არც იმან უთხრა რამე. ამ დაძაბულობაში ყველაზე მეტად ბავშვები იჭყლიტებოდნენ, არავის აღარ ჰქონდა მათი თავი. რამდენიმე თვეში რძალს მუცელი შეამჩნია, გაზრდოდა, ფეხმძიმედ ყოფილაო, მაგრამ ამან კიდევ უფრო დაზაფრა, რა დროს ბავშვია, ამათ ვერ უვლიან, საჭმელი არ ყოფნით და ჩასაცმელი, ახლა სწავლა-განათლების საქმე იკითხე, მომზადება სჭირდებათ ინგლისურში, მათემატიკაში, მაგის გარეშე დღეს ფონს ვერ გახვალ, ორი ბიჭის გაზრდას მეხუმრები,  ახლა კიდევ ბიჭი რომ ეყოლოს? გაგიჟებული ქალი საყვედურებით მიადგა რძალს, მეგონა, მუშაობას დაიწყებდი, ქმარს მხარში ამოუდგებოდი, ამ დანგრეულ სახლში ცხოვრება არ მოგბეზრდა? რა დროს ბავშვია, პატარა ხომ არა ხარო. შეცბა ნინო, არ ეგონა, დედამთილისგან ასეთ საყვედურს თუ მიიღებდა, არდაბადებული ბავშვიც შეეცოდა, უკვე რომ არ სჭირდებოდა არც დედამთილს და არც მეუღლეს. ვასოს არასოდეს უნდოდა ბევრი შვილი, ვერ შევძლებ რჩენასო, დედამთილიც ასე ფიქრობდა, რა საჭიროა ბევრი შვილის ყოლა, ერთიც გეყოფათო. მეორე რომ გაეჩინა, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ამ ორს, მეუღლე თითქმის ერთი წელი არ ელაპარაკებოდა, უდრტვინველად იტანდა ყველაფერს, გაიზრდება ბავშვი და შეუყვარდებათო, ასეც მოხდა, ბიჭი კი არა, ნატვრის თვალი იყო. მაგრამ ახლა სულ სხვანაირადაა საქმე, გოგოაო, იგრძნო და ცოცხალი თავით არ დათმობდა მისი გაჩენის უფლებას, თუმცა ბიჭიც რომ ყოფილიყო,მაინც მოავლენდა ამ ქვეყანას. გაიგო, მის სათაყვანებელ მეუღლეს საყვარელი გაეჩინა და იმას გოგო ჰყოლოდა მისგან. რაღა უნდა ეთქვა, კანონიერი ბავშვი არ მინდაო?! საშინელი ტკივილებით დაბადა გოგონა, ტანჯვაში იწრთობაო სული, სხვა ადამიანად იქცა, შვილებს შეჰხარის, მეუღლე კი ჯოჯოხეთის ალს მისცა, - აღარ უყვარს.

გაძარცვული ჭადარივით ვდგავარ

გაძარცვული ჭადარივით ვდგავარ,
შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ვითვლი,
ლამის გზები ამირიოს ქარმა,
ხელთ წამართვას სანუკვარი ფიქრი.
სულ ამაოდ ვისახავდი მიზნებს,
გარს მებურა გაუვალი ნისლი,
ვერ მოვერგე სვებედნიერ სიზმრებს,
რაც მინდოდა, ვერ ვაკეთე ისიც.
ვიღაცა კვეთს ცათა ცხრაპირ სივრცეს,
გზებზე მავალს დაუჭედავს ვირი,
ვერ ჩამოვკარ ხელი ჩელოს სიმებს,
ბედისწერამ გამიმზადა სტვირი.
ჩემ გარშემო მოჩანს ჭრელი ბაღი,
ნეკერჩხალი წითელ ფოთლებს იხდენს,
ბროწეულის თვალსა მტაცებს კაბა,
მე მივტირი აუხდენელ ფიქრებს.
შემოდგომის აცრემლებულ ბაღში
სისინებენ ქარიშხლები ურცხვად,
დამჩნევია მერქანს ღრუ და ღარი,
ტოტს მაფარებს დამეხილი მუხა.
ნეტავ, ზამთარს თუ გავუძლებ წელსაც,
უსაშველოდ დაჭიმულა ძარღვი,
ყველა ომი წამიგია, ვხედავ,
მაინც ველი აყვავებას ვარდის.



Friday, August 2, 2019

წვიმს და...

წვიმს და წვიმამ მომიტანა უკვდავების ღრუბელი,
თეთრი, როგორც ანგელოზი და სასწაულს მოველი,
ფრინდი, ფრინდი,  ჩემო სულო, ვხედავ, ზევით მიფრინავ,
ღმერთთან სურვილს  დაგაბარებ, დარდიანს და ფიქრიანს.


და დადგა ის დღე...

და დადგა ის დღე, როცა
არვის ვუყვარვარ უკვე,
სასაფლაოზე ჩემს თავს
საკმელს მე თვითონ ვუკმევ.

                -------------------
თუ კი გიყვარდი, რატომ წახვედი,
რად დამიტოვე გულში ნაღველი,
ამხედრებული ღრუბლებში ფრინავ,
მე შენს ბნელ სახლში მარგუნე ბინა.