Thursday, August 8, 2019

წმინდა დემეტრე თავდადებულს! (შოთაობის კონკურსისათვის)

წმინდა  დემეტრე თავდადებულს!

,,თავდადებული" დაგანათლეს, სულმნათო მეფევ,
კვნესის ლერწამი, მტკვრის ნაპირას, სადაც შენ ევნე,
საქართველოს ცას ვერ დასთმობდი, რომ არა ხვედრი,
გამხდარიყავი,  შენ წმინდანი, მოვაკანს ერთი.
შენ, ობლობაში გამოზრდილმა, გაწირე თავი,
სამშობლოს მიწას ააცილე იღბალი ავი,
ასაოხრებლად ვერ მიეცი მონღოლებს მკვიდრი
და დაიმკვიდრე სააქაოს სახელი დიდი.
ზეცა განიპო, გამობრწყინდი ნათელი ბნელში,
ყაენისათვის გაჩხერილი ფხა იყავ ყელში,
მიტომ სიკვდილი მოგისაჯა, ვითარც იესოს,
მაგრამ ავისთვის უფრო მეტი ავი მიეზღო. -
არ დაგიფასა სამსახური უზომოდ დიდი,
შენი ლაშქრით რომ წყალს ასხამდი მონღოლთა წისქვილს,
მათი გულისთვის შენ ებრძოდი ეგვიპტის სულთანს,
მტრის გამარჯვებას შეეწირა ქართველთა სულთქმა.
სპასალარი ხომ შენ იყავი ჩვენებურთ ჯარის,
გიჭრიდა თვალი, მამაცური დაგქონდა მკლავი,
გიმძიმდა ძლიერ, მოგესმინა მოძმეთა კვნესა,
უცხო მიწაზე დაიძინა მარადჟამს ბევრმა.
დაატარებდი მძლავრი ქედით ცოდვილის უღელს,
თვალცრემლიანი საქართველო გესვენა გულზე,
ქვეყანა შენი, გაზნექილი ტვირთისგან მხრებში, -
უფრო და უფრო ეხვეოდა მძვინვარე ცეცხლში...
მეუფე ზეცის შენ, წამებულს, არ დაგრჩა ვალში,
მოსე მღვდელმა და პატრიარქმა იყიდეს გვამი,
წამოგაბრძანეს თბილისელმა ვაჭრებმა მთელი,
სვეტიცხოველში დაგასვენეს, გტიროდა ერი.
ჩვენ შორის ჰგიებ, ხელმწიფეო, შიგ ქართლის გულში,
ისევე ცოცხლობ! დე, შიშობდეს ამ ქვეყნის ურჩი!
თავდადებულებს გაეხსნებათ სამოთხის ბჭენი,
მათ სადიდებელს გაამრავლებს ცად ენა მჭევრი.
8.08.2019 წელი








No comments:

Post a Comment