საიდან და სადამდე ხარ, ცაო,
გაუშლია მზეს სხივები ჟღალი,
ჭორფლიანი ეს გოგონა მიყვარს,
ეს გოგონა, ქვეყნის ნატვრის თვალი.
მინდორს ისე დასდგომია, ურცხვად,
ოქროს ზღვაში აბანავებს ყანას,
წითელთმიანს, ლურჯთვალას და მცხუნვარს,
ყველა ნატვრა აუხდება, ალბათ.
ფრთებს გაშლიან გვირილები თეთრად,
ყაყაჩოებს დაასკდებათ კაბა,
ღმერთი წვიმას გამოატანს მხედარს,
მზე ქალმა რომ არ გაახმოს ყანა.
შეერთდება თავთუხებში ორი,
დაბერავს და დაამწიფებს მარცვალს,
მზე გოგო და წვიმის ბიჭი ერთად
ქვეყნის სარჩოს დაადებენ ამაგს.
საიდან და სადამდე ხარ, ცაო,
აგვაშორე გრიგალსა და სეტყვას,
მზე გოგო და წვიმის ბიჭი ხარობს,
პურის ყანას დაარჩენენ ერთად.
No comments:
Post a Comment