Sunday, August 4, 2019

გაძარცვული ჭადარივით ვდგავარ

გაძარცვული ჭადარივით ვდგავარ,
შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ვითვლი,
ლამის გზები ამირიოს ქარმა,
ხელთ წამართვას სანუკვარი ფიქრი.
სულ ამაოდ ვისახავდი მიზნებს,
გარს მებურა გაუვალი ნისლი,
ვერ მოვერგე სვებედნიერ სიზმრებს,
რაც მინდოდა, ვერ ვაკეთე ისიც.
ვიღაცა კვეთს ცათა ცხრაპირ სივრცეს,
გზებზე მავალს დაუჭედავს ვირი,
ვერ ჩამოვკარ ხელი ჩელოს სიმებს,
ბედისწერამ გამიმზადა სტვირი.
ჩემ გარშემო მოჩანს ჭრელი ბაღი,
ნეკერჩხალი წითელ ფოთლებს იხდენს,
ბროწეულის თვალსა მტაცებს კაბა,
მე მივტირი აუხდენელ ფიქრებს.
შემოდგომის აცრემლებულ ბაღში
სისინებენ ქარიშხლები ურცხვად,
დამჩნევია მერქანს ღრუ და ღარი,
ტოტს მაფარებს დამეხილი მუხა.
ნეტავ, ზამთარს თუ გავუძლებ წელსაც,
უსაშველოდ დაჭიმულა ძარღვი,
ყველა ომი წამიგია, ვხედავ,
მაინც ველი აყვავებას ვარდის.



No comments:

Post a Comment