Sunday, August 4, 2019
აღარ უყვარს (ნოველა)
სანთელივით დნებოდა, ტიროდა, შვილებსაც აღარ უვლიდა ისეთი მონდომებით, ხშირად იკეტებოდა ოთახში ხან მარტო, ხან ვასოსთან ერთად, რაღაცას ელაპარაკებოდა, თითქოს პასუხს სთხოვდა. ნატო ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა შვილის ოჯახში, მიყურადება ესირცხვილებოდა, ამიტომ სრულ გაუგებრობაში იყო, რამდენიმეჯერ რძალი მოისვა გვერდზე და ჰკითხა, რა ხდება, რამე ხომ არ გაწყენინა ვასომო, არაფერი გაუმხილა, რას ლაპარაკობთ, რა უნდა ეწყენინებინაო. ახლა ვასოს მიადგა, რა ხდებაო, არც იმან უთხრა რამე. ამ დაძაბულობაში ყველაზე მეტად ბავშვები იჭყლიტებოდნენ, არავის აღარ ჰქონდა მათი თავი. რამდენიმე თვეში რძალს მუცელი შეამჩნია, გაზრდოდა, ფეხმძიმედ ყოფილაო, მაგრამ ამან კიდევ უფრო დაზაფრა, რა დროს ბავშვია, ამათ ვერ უვლიან, საჭმელი არ ყოფნით და ჩასაცმელი, ახლა სწავლა-განათლების საქმე იკითხე, მომზადება სჭირდებათ ინგლისურში, მათემატიკაში, მაგის გარეშე დღეს ფონს ვერ გახვალ, ორი ბიჭის გაზრდას მეხუმრები, ახლა კიდევ ბიჭი რომ ეყოლოს? გაგიჟებული ქალი საყვედურებით მიადგა რძალს, მეგონა, მუშაობას დაიწყებდი, ქმარს მხარში ამოუდგებოდი, ამ დანგრეულ სახლში ცხოვრება არ მოგბეზრდა? რა დროს ბავშვია, პატარა ხომ არა ხარო. შეცბა ნინო, არ ეგონა, დედამთილისგან ასეთ საყვედურს თუ მიიღებდა, არდაბადებული ბავშვიც შეეცოდა, უკვე რომ არ სჭირდებოდა არც დედამთილს და არც მეუღლეს. ვასოს არასოდეს უნდოდა ბევრი შვილი, ვერ შევძლებ რჩენასო, დედამთილიც ასე ფიქრობდა, რა საჭიროა ბევრი შვილის ყოლა, ერთიც გეყოფათო. მეორე რომ გაეჩინა, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ამ ორს, მეუღლე თითქმის ერთი წელი არ ელაპარაკებოდა, უდრტვინველად იტანდა ყველაფერს, გაიზრდება ბავშვი და შეუყვარდებათო, ასეც მოხდა, ბიჭი კი არა, ნატვრის თვალი იყო. მაგრამ ახლა სულ სხვანაირადაა საქმე, გოგოაო, იგრძნო და ცოცხალი თავით არ დათმობდა მისი გაჩენის უფლებას, თუმცა ბიჭიც რომ ყოფილიყო,მაინც მოავლენდა ამ ქვეყანას. გაიგო, მის სათაყვანებელ მეუღლეს საყვარელი გაეჩინა და იმას გოგო ჰყოლოდა მისგან. რაღა უნდა ეთქვა, კანონიერი ბავშვი არ მინდაო?! საშინელი ტკივილებით დაბადა გოგონა, ტანჯვაში იწრთობაო სული, სხვა ადამიანად იქცა, შვილებს შეჰხარის, მეუღლე კი ჯოჯოხეთის ალს მისცა, - აღარ უყვარს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment