ლოთობის გამო მოხვდა ფსიქიატრიულში, ცოლის ნათესავი მუშაობდა განყოფილების გამგედ, ნათესავებმა დააწვინეს, იქნებ გამოსწორდესო. გონს რომ მოვიდა და თვალები გაახილა, წვეთოვანი ედგა, ხელი რომ გაანძრია და წამოდგომა სცადა, ეტკინა მკლავი, სადაც ნემსი ჰქონდა გარჭობილი, ბედს დამორჩილდა, წოლა განაგრძო, ჭერს უყურებდა თვალგაშტერებული, მიხვდა, საავადმყოფოში რომ იყო, რამე ხომ არ დამიშავებიაო, თავში უკანასკნელ მოვლენებს ატრიალებდა, რა თქმა უნდა, რაც ახსოვდა (ყველაზე ძალიან რატომღაც ეს აწუხებდა). ბუნებით მშვიდი და წყნარი კაცი იყო, თავში რომ ჩაგერტყა, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ დათვრებოდა თუ არა, მონსტრად იქცეოდა, ჩხუბობდა, გიჟივით დარბოდა ქუჩებში, ყველას აწუხებდა, მაგრამ მშობლიურ უბანს არ სცილდებოდა, ყველა კარგად იცნობდა, ამიტომ ოჯახის თუ მისივე ხათრით ხმას არავინ სცემდა,ეს უბედურება ერთი-ორი თვე გრძელდეოდა, არ ჭამდა, ცოტას თუ წაიტეხავდა პურს, სვამდა და სვამდა, ფული რომ გამოელეოდა, მეზობლებს სთხოვდა, თავმობეზრებულები რომ აღარ მისცემდნენ, გამვლელებს შეაწერდა, ოც-ოც თეთრს შეაგროვებდა, ისევ არაყს იყიდიდა და ყელს ჩაისველებდა. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ გონებას არ დაკარგავდა და საავადმყოფოში არ მოხვდებოდა. იქ რამდენიმე დღე გადასხმებს გაუკეთებდნენ, გონს მოიყვანდნენ, მერე სახლში გამოწერილს კარგად უვლიდნენ, აჭმევდნენ, ხილის წვენებს ალევინებდნენ, მოასუქებდნენ გამხდარსა და ძალებდაწრეტილს, თვალებში შესციცინებდნენ, ისევ მშვიდსა და წყნარს რომ ხედავდნენ, უხაროდათ, მაგრამ ეს ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ვინმე, უნამუსოს რა დალევს ამქვეყნად, მისი კარგადყოფნისა რომ შურდა, სასმელს შესთავაზებდა, ისიც გამოართმევდა ჭიქას, ერთს დავლევ და მეყოფაო, მაგრამ მაშინ იწყებოდა, რაც იწყებოდა, კაცი ისევ მოუხელთებელი გიჟი ხდებოდა, ხან ოცეოლა იყო, სემინოლების ბელადი, ხან დონ კორლეონე, ხანაც დონ კიხოტი და ასე მანამდე, სანამ ისევ საავადმყოფოში არ აღმოჩნდებოდა. ახლაც ჩვეულებრივ საავადმყოფოში ეგონა თავი. როგორც იქნა, ჭერს მოაშორა თვალები და გვერდზე გაიხედა, საწოლზე ახალგაზრდა ბიჭი ჩამომჯდარიყო, მისკენ იყურებოდა, თითქოს ელოდებოდა მის გამოფხიზლებას, მიესალმა, იმანაც სალმითვე უპასუხა, შემდეგ ჩურჩულით ჰკითხა: - შენც უცხოპლანეტელებმა გაგიკეთეს ოპერაცია? - კაცი გაშტერდა, გაოცებულმა შეხედა ახალგაზრდას, რომელმაც სრული სერიოზულობით ისევ გაუმეორა შეკითხვა. - არა, - უპასუხა. ახალგაზრდამ ნერვიულად დაიწყო ულვაშების წიწკნა, - აბა, მარტო მე გამიკეთეს? - თითქოს თავის თავს ჰკითხა და იკვე ტუმბოზე დადგმული თეფშიდან მოხარშული კვერცხი აიღო, პირში ჩაიტენა, ნერვიულად აამოძრავა ყბები. ნამდვილად გიჟია, გაიფიქრა კაცმა და ახლა მეორე მხარეს მიატრიალა თავი, ხანშიშესული კაცი წამომჯდარიყო ლოგინზე, ჟურნალს კითხულობდა, შვებით ამოისუნთქა, ეს მაინც ჩანს ნორმალური, ამას დაველაპარაკებიო და შეკითხვით მიმართა, რომელი საავადმყოფოაო, ხანშიშესულს თავი არც აუწევია, ისე უპასუხა, ჩვენ უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდზე ვიმყოფებით, ახლა ვარსკვლავ სიერას ვუახლოვდებითო. კაცს გააკანკალა, შიში შეუჩნდა ძარღვებში, მე თვითონ ხომ არ გავგიჟდი და ეს ყველაფერი მეჩვენებაო, სანიტარს დაუძახა, ოთახში კაცი მოვიდა თეთრ ხალათში გამოწყობილი, ესეც გაუკვირდა, კაცი სანიტარი არასოდეს ენახა, რაღაცა ამბავია ჩემს თავს, ვიღუპებიო, ერთი კი ამოიკვნესა და სანიტარს იგივე ჰკითხა, რაც გვერდზე მეზობელს. ფსიქიატრიული საავადმყოფოაო, - უპასუხა სანიტარმა, თან ღიმილით დააყოლა, ნუ გეშინიათ, ესენი საშიშები არ არიან, ერთმა "პლანი" მოწია და იქ ჩარჩა, იძახის უცხოპლანეტელებმა გამიკეთეს თავზე ოპერაცია, არა და მისი მშობლები აქვე ათენებენ ღამეს საავადმყოფოსთან, ეს ერთი ბიჭი ჰყავთ, მაგრად მეცოდებიან, მეორე - უპატრონოა, არავინ აკითხავს, ესეც გაიძახის, უცხოპლანეტელების ხომალდზე ვართო, ერთ პალატაში დავაწვინეთ, კარგად უგებენ ერთმანეთს, თქვენ კი ნუ გეშინიათ, თინა ექიმი მალე გაგწერთ, ვიცით, რომ გიჟი არ ხართ.
მთელი დღე უსმენდა კაცი გიჟების საუბარს, მეორე დღეც, მესამეც, მოულოდნელად თვითონაც თავი იგრძნო უცხოპლანეტელთა ხომალდზე, რომელიც კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებს კვეთდა, მშობლიური პლანეტისკენ მიექანებოდა, ისიც კი დაინახა, როგორ ციმციმებდნენ ვარსკვლავები მის გარშემო, ნეტარება იგრძნო...
მომდევნო დღეს კაცი ჩამომხვრჩალი იპოვეს პალატაში, კბილებით დაეხია ზეწარი, ერთმანეთისთვის გადაება ნაკუწები და თავი ჩამოეხრჩო. სანიტრებმა ძლივს გაიტანეს გვამი პალატიდან, პაციენტები ფეხებზე ეკიდებოდნენ, უცხოპლანეტელი ეგონათ, ძლივს გვეღირსა ამის ნახვაო.
ეტყობა, ამათი შემხედვარე გაგიჟდაო, - დაადგინეს ექიმებმა.
No comments:
Post a Comment