Tuesday, August 27, 2019
მანიაკი (ნოველა არაქართული სინამდვილიდან)
ფეხებს ძლივს მიათრევს... დაიღალა... დაიღალა თავისი უსუსურობით... დაიღალა თავისი უმოქმედობით... ბრძოლა სწყურია, მაგრამ ვისთან იომოს?! საკუთარ თავთან?! არა, არ შეუძლია, თავს ვერ ერევა, უნდა, ექიმთან მივიდეს, თავისი პრობლემების შესახებ მოუყვეს, მაგრამ ციხეში დაიჭერენ, დედის ხმა ესმის: "ჩემი შვილი მკვლელი არაა, თანაც მანიაკი, რას ამბობთ ხალხო, წიწილსაც ვერ დაკლავს, სისხლის ეშინია", ეს მერამდენე მსხვერპლია, ვეღარც ითვლის... პირველის მოკვლა იყო რთული, ხელები უკანკალებდა, ცრემლები ახრჩობდა, სისხლი აწვებოდა ყელში, მაგრამ უცბად მორჩა საქმეს, უცებ წააცალა თავი, ქალმა წინააღმდეგობა დიდხანს ვერ ვერ გაუწია, იქვე, თავისი სახლის ეზოში დამარხა, თავისი ხელით გათხარა მიწა და, ეს ქალებიც თავისი ნებით რომ მოჰყვებიან სახლში, ეს რაღა არის?! ის ბოლო მაინც ძალიან შეეცოდა, ქერა ლამაზი კუკლულები ჰქონდა, ნატიფი სახის ნაკვთები, ლურჯი კამკამა თვალები, "ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას გაახსენდა", დიდხანს უყურებდა, ტკბებოდა მაგრამ თავს ვერ უმკლავდება, მათი დახოცვის დიდი სურვილი აქვს, განა ევამ არ შეაცდინა ადამი და სამოთხის ბაღიდან გამოაყრევინა ადამიანები ღმერთს?! თორემ იცხოვრებდნენ ბედნიერად, უშრომ-უწვალებლად, გაივლიდნენ, ვაშლს ჩაკბეჩდნენ, გამოივლიდნენ - ატამს, პასუხი უნდა აგებინოს ყველას ამ დანაშაულისთვის, მაგრამ დედა... ისიც ხომ ქალია... მაგრამ ის სულ სხვაა... მოვა,ხელს გადაუსვამს თავზე და ეტყვის: - ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო ჭკვიანო და ლამაზო ბიჭო, - ჰო, დედა ხელშეუხებელია, დედა ღვთისშობელია, კეთილი, ყველას უყვარს, მასზე ლოცულობენ,მე კი მე, კი, რატომ გამოვედი ასეთი საშინელი ადამიანი?! სადაა სამართალი?! რატომ არავის ვუყვარვარ დედას გარდა?! ეს ქალებიც ხმას არ იღებენ, ჩუმად მიყურებენ, მითვალთვალებენ და იქვე ტახტზე დამსხდარი თოჯინებისკენ გაიხედა, ვეღარ ითმენს, უნდა მუშტი ჩაარტყას ერთ-ერთს სახეში, სიფათი მოუღრიცოს. ამ დროს დედის ალერსიანი ხმა ესმის: - კიდევ თოჯინებთან თამაშობ?, რა მოგდის, ჩემო ბიჭო, დაანებე თავი, ეგ გოგონების საქმეა, შენ ხომ კაცი ხარ! არ იცის დედამ, რომ ეს თოჯინები კი არა, დამნაშავე ქალებია, არც უნდა, დედამ რამე გაიგოს, უყვარს და იმიტომ, მას კი აუცილებლად ექიმი სჭირდება, ისეთი კი არა, დედას რომ მოჰყავს ხოლმე თავისი მეგობარი ქალი, დედას თავისი ხელით მოჰყავს ეს ქალები სახლში, ყველა ოთახში ისინი არიან, ოკუპირებული აქვთ ყველაფერი, არა, ამას ვეღარ აიტანს და ერთ-ერთ თოჯინას ხელ-ფეხს აგლეჯს, მერე საწოლის ქვეშ მალავს, ბედნიერი იღიმება...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment