როდესაც გესვრიან
კაცები - დუმილში მოკლული
ჩიტები,
ხან ქორ-არწივები და
ხანაც ორბები,
ამდენ დარდს ბრგე გულში
როგორღა იტევდით,
მეც ცრემლდანისლული
ფეხდაფეხ მოგდევდით.
მტრის ისრით დაჭრილებს
ღამეებს გითევდით,
გჩუქნიდით ჩემს ღიმილს
ნაზსა და საამოს,
ჩემზეა შექმნილი ლამაზი
მითები,
ვინ ვარ და ვინ ვიყავ,
არ ძალმიძს, გაგანდოთ.
მე თქვენი მკლავები
ხელებში მეჭირა
და ბრძოლის ველიდან
გმირებად გამყავდით,
ვეღარ მოვიშორე ის სისხლი
ბეჭიდან,
შავ მიწას ვთხრიდი და
ზოგიერთს გმარხავდით.
აწ დამტირებელი და გულის
მალამოც,
ქალია, კაცი ხარ მამაც
და მესიაც,
ამ ჩემს გულს შენს გულთან
ძაფებით გალამბულს,
რა ვუყო, ის კვდება,
როდესაც გესვრიან.
ხან მოდიოდი
ხან მოდიოდი, როგორც მზის სხივი,
ხან, როგორც მთვარის ნათება მკრთალი,
მეფერებოდი დილის ნისლივით,
ანათებდი, ვით ალმასის თვალი.
ანთებდი ჩემში ცევხლს მუდამ მბორგალს,
არ მასვენებდა, ვით ქარიშხალი,
ჩემი ცხოვრება სტიქიას მოჰგავს,
მეცხრე ტალღაზეც დარჩება კვალი...
ახლა გაფრენილ დღეებს მივტირი,
თავის გზით მიდის წუთისოფელი,
ჩამოიშალა ციხე ქვითკირის, -
აწმყო-წარსულის უარმყოფელი.
შენთვის დარჩენილ დღეებს ვიტოვებ,
გულში ვიგუბებ ვნებას ასწილად,
და გუნდრუკს ვუკმევ ქვეყნად სიცოცხლეს,
შენი სითბო რომ გამინაწილა.
ხან მოდიოდი, როგორც მზის სხივი,
ხან, როგორც მთვარის ნათება მკრთალი,
მეფერებოდი დილის ნისლივით,
ანათებდი, ვით ალმასის თვალი.
ხომ მობრუნდები
სულფერმიხდილი ვწევარ და გნატრობ,
აქ ვარ, მდუმარე სასაფლაოზე,
მიწას ცრემლებით წვიმები ალტობს,
ჭიები ჭამენ ამ ჩემს სამოსელს.
რატომ დამტოვე, უფალმა იცის,
მაგრამ იმართლებ თავს კი ოდესმე?!
აღარ გაშფოთებს ტკივილი მიწის,
იქნებ შენ წინარ რამე
ვცოდე მე..
ჩამჭიდებია ფესვები ძეწნის,
და ჩემს ხელებთან ისღა ალერსობს,
ვგრძნობ, სული პეპლის ისევე მეწვის,
თითქოს ეკალი ასი ჩაესო.
ხომ მობრუნდები, ისევე გელი,
წლებიც გავიდეს ასი, ათასი,
იცოდე, ვალი მიგყვება ძველი,
დიდი შოთას და დიდი თამარის.
No comments:
Post a Comment