Tuesday, October 14, 2025

სახუმარო, მინიმა

 სახუმარო


ვნატრობ პარიზს, მადაგასკარს,
ვნატრობ მაკალუზე ასვლას,
გამიმართლა ნაკლებ აქაც,
უკვე ვეძებ ბალიშ-საბანს.
მაია დიაკონიძე
13.10.2025 წელი

Thursday, October 9, 2025

სახუმარო

 ძმამ ძმას რომ თავი გაუპო, 

არ შევიცხადეთ, არ ვგვემეთ,

ზოგია თურმე  კარუზო,

ზოგიც მეფეა ერეკლე.


აგვიკლო ყვავის ყრანტალმა,

ბულბულს სხვის ბაღში ეძებენ,

ვერ გაიხარა მართალმა,

ყველას ჰკიდია ფეხებზე.





აივანზე იჯდა ქალი (მედეა ჯაფარიძეს)

 აივანზე იჯდა ქალი


აივანზე იჯდა ქალი,

ყორნისფერ თმას ივარცხნიდა,

მიმებჯინა მისთვის თვალი,
ჩქერს ვამსგავსე ლიახვისას..
იშლებოდა თმები ფრთებად,
უწეწავდა კულულს ქარი,
ნეტავ იცის ტურფამ ფრენა,
ან ვინაა მისი ქმარი?!
მაია დიაკომნიძე
9.10.2025 წელი

Tuesday, October 7, 2025

თუ დაბერდი...

 თუ დაბერდი...

თუ დაბერდი, გაიხარე,
ბერად იქეც კვიცი,
შენ ეწვევი ჩაიხანებს,
ვიღაც ვეღარ, იცი?!
თმაში ვერცხლი დაივანე,
გულს შემოგრჩა ცეცხლი,
მუსაიფობ აივანზე,
ჭიკჭიკს უსმენ მერცხლის.
ვიღაც დარჩა ახალგაზრდად,
ხელთ ჩაადნა წლები,
სხვის თვალში კი გალამაზდა
სიჭარმაგე შენი.
თუ დაბერდი, გაიხარე,
ბერად იქეც კვიცი,
შენ ეწვევი ჩაიხანებს,
ვიღაც ვეღარ, იცი?!
მაია დიაკონიძე
7.10.2025 წელი

Monday, October 6, 2025

რატომ სდის ცრემლი?!

რატომ სდის ცრემლი?!

რატომ სდის ცრემლი დამტვრეულ ტოტებს,
რისთვის ანათებს უცხო ნათება?
იქნებ ის ცრემლი სიყვარულს მოსდევს,
რომ აღარ ელის გამონათებას.
შევიცვალე, თუ ძალით შემცვალეს,
აღარავის და არაფრის მჯერა.
და ვეღარ ვიკრებ მე უკვე ძალებს,
და მელოდება ბნელი ამჯერად.
მაია დიაკონიძე
6.10.2025 წელი











Saturday, October 4, 2025

გაღვიძება

გაღვიძება
ვოდევილებად დაღვრილი სევდა
უტევს და უტევს ღამეულ თბილისს,
ვუმზერ ჩრდილებად ამოქნილ სევადს,
მტკვრის პირას სიო ტალღებად მივლის.
დილით დასკდება ბროწეულები,
დაეკიდება ცის თაღზე მძივად,
ქართველ მხედართა ოცეულები,
მოჩანს, - მზე ოქროს სამოსელს იცვამს.
ცას შეასკდება გალობა ჩიტის,
სინათლე გაჰკვეთს გაცრეცილ წიაღს,
და სიყვარულის უკვდავი ნიჭი
გამოაღვიძებს ფოლორცებს მძინარს..
მაია დიაკონიძე
2.10.2025 წელი
ფოლორცი - მოედანი, განიერი ქუჩა

არ დაგინდობენ, იცოდე!

არ დაგინდობენ, იცოდე!

ვიღაცა ისე გიღიმის,
გულს მისცემ, სუნთქვას, სიცოცხლეს...
გიღალატებენ ღიღინით,
არ დაგინდობენ, იცოდე.

ზოგი კუჭისთვის გაგყიდის,
ზოგს კი სწადია სახელი,
ოღონდ მიიღოს პატივი,
შენ გამოგაბან საბელი.

იმისთვის ერთი ცხვარი ხარ,
საკლავი, არ შეგიცოდებს,
ჩამოგკიდებენ ხარიხას,
არ დაგინდობენ, იცოდე.
მაია დიაკონიძე
4.10.2025 წელი 

ბალბები - ,,დედას ყვავილები"

 ამბობენ, მცენარეები ცნობენ იმ ადამიანს, რომელიც წყალს უსხამს.

როცა ჩემს ბალბებს ვარწყულებ, ისინი საოცარ სუნს გამოსცემენ, ალბათ ყველას გიგრძვნიათ ეს სპეციფიკური სუნი, მწერებსაც კი აფრთხობს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს.
მახსოვს, დედა როცა უსხამდა ბალბებს წყალს, მაშინაც ამ სუნს ვგრძნობდი და ძალიან მომწონდა, ამიტომ ბალბებს ,,დედას ყვავილებს" ვეძახი. ისინი დედას მახსენებენ. ბებიასაც ძალიან უყვარდა ბალბები. ალბათ მერე, მრავალი წელი რომ გავა, სოფიკო დაუსხამს წყალს და მე გავახსენდები, ისიც ,,დედას ყვავილებს" დაუძახებს ამ საოცარ ყვავილებს, ზამთარ-ზაფხულ რომ ყვავიან და გვახარებენ თავიანთი იერით.

Friday, October 3, 2025

მინიმა

 ხე ჩავრგე და გაიზარდა,

ზედ დავკიდე ნატვრები,

გული როცა  გაიბზარა,

გამოისხა ატმები.

შემომცინეს, გამიღიმეს,

გადანათდა სამყარო,

დავეხსენი შავ-ბნელ მღვიმეს,

ვავსე სულის საწყაო.


Thursday, October 2, 2025

გაბედე (ხალხურ მოტივებზე), ძველი ლექსებიდან

 გაბედე!

(ხალხურ მოტივებზე)
ყვაილი მხვდება დილითა,
სარკმელთან დანატოვარი...
როდემდე გინდა რომ იყო,
იდუმალ ღამის მსტოვარი...
შამხვდები, ენას ვერა სძრავ,
ჩემ წინ მუნჯივით მდგომარი,
ტოლებში გამორჩეული,
ვაჟკაცი შეუპოვარი...
თუ იცი, შენთვი ლოდინში
ბევრ ღამე მითენებია,
ათასჯერ ოცნებებშიაც
შენ მკლავზე ჩამძინებია...
გაბედე, ერთად დავლაშქროთ,
დევებად მდგარი მთებია,
თითებით ჩამამვარცხნოდი
ქარისგან აშლილ თმებია.
მაია დიაკონიძე

Tuesday, September 30, 2025

მე აღარც შენი სიტყვები მახსოვს (პატრიოტული)

 მე აღარც შენი სიტყვები მახსოვს,

ბნელს გააქვს ზურგით, ვით ნაფლეთები,

და დავცქერივარ ზეციდან მაღლობს,

დღე ღამეს ებრძვის აქ გამეტებით.

თავი მგონია რატომრაც რინგზე,

სადღაა უკვე ლმობა-დანდობა,

ჩვენ კი რატომღაც ჩვენს თავებს ვიქებთ,

არავის ახსოვს ყუთი პანდორას.

თუ ერთმანეთი ისევ დავგლიჯეთ,

ბებერ ტოტიას შევჭამეთ ტყავიც,

აღარ დავტოვეთ ვაჟი საჯიშე,

და ვიამაყეთ ქართველთა ამით.

თუ დავემსგავსეთ კაენის მოდგმას,

თუ გავხდით მონა ჩაცმის და საჭმლის,

თუ კი გავყიდეთ მამების გორდა,

სახელს დავტოვებთ მხოლოდღა ვაჭრის.


მითიურ ღმერთს - ოდინს!

მითიურ ღმერთს - ოდინს!


ვინც მე არ მელის, რად ვალოდინო,

თავისუფლებას მეტი აქვს ფასი,

შენ, საოცარო, ზეცად, ოდინო,

მასვი შარბათი მგოსნების თასით.

ხან ბერკაცი ხარ, ხან მბრძანებელი,

ხანაც გამკობენ არწივის ფრთებით,

ბრძოლების მამა მინდვრებს ევლები,

გამარჯვების ხმალს არ იცილებ გვერდით.

შენ დამწერლობის მამაც ხარ, ღმერთიც,

თვალში გიდგანან მზეცა და მთვარეც,

და ვალფარეტო, რომ გარქვეს ბრძენი,

გთხოვ, ცალი თვალით ამინთო ღამე. 

ოდინივოდანი (ძვ.-სკანდ. Odhinn, Odinnგერმ. Wodan, Woutan) — ძველ გერმანელთა მითური სისტემის უზენაესი ღმერთი

მაია დიაკონიძე

15.11.2022 წელი

Monday, September 29, 2025

კაფიობა, ავტ. ელგუჯა ცოგროშვილი, გელა ციგროშვილი, ნინო ღაღოლიშვილი მე,უშენობა,ისე მტკივა, ისე მაწუხებს...

 კაფიობა, ავტ. ელგუჯა ცოგროშვილი, გელა ციგროშვილი, ნინო ღაღოლიშვილი

მე,უშენობა,ისე მტკივა, ისე მაწუხებს...
ვერ დავეღწიე, ვერ დავეხსენ ხსოვნის მარწუხებს,
ყველა მალამო წავცხე, მაგრამ არ გამიარა...
მე, უშენობა, ისე მტკივა, ისე მაწუხებს,
როგორც ავდრის წინ,--მოურჩენი,ძველი იარა!
რად გამიღიმე,რას მერჩოდი,ნეტავ რა გრჯიდა?
შენ,-- ცისარტყელა,მე,--უბრალო ბალახის ღერი...
ოცნებებისთვის,არსთ გამრიგე,თუკი დამსჯიდა,
ნიჭი რად მომცა,--გამერჩია შვიდივე ფერი?
ლაღად შევცურე ამ ფერებში,მაღლა და მაღლა...
იკაროსივით ვამაყობდი,საოცარ ფრთებით,
გადამავიწყდა,მიწიერი სისუსტე,დაღლა,
მხოლოდ მზისაკენ მივიწევდი,საოცარ გზნებით.
მზემ არ მიმიშვა,ახლოს მისვლის არ მომცა ნება,
როგორც პეპელას, სანთლის ალზე,--მომეწვა ფრთები...
სწორი ყოფილა,ის ცნობილი ჭეშმარიტება:
,,რაც მაღლა ახვალ,უფრო მწარედ დაენარცხები!"
ვერ დავეღწიე,ვერ დავეხსენ,ხსოვნის მარწუხებს,
ყველა მალამო წავცხე,მაგრამ არ გამიარა...
მე,უშენობა,ისე მტკივა,ისე მაწუხებს,
როგორც ავდრის წინ, მოურჩენი,ძველი იარა!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 19.12.2012 წელი
გელა ციგროშვილი ელგუჯა ციგროშვილს
აბა რა ვიცი.
ყველა გზააბნეულს
შენ უნდა გადაეყარო...
პასუხად გელას:
ძმაო, მე სხვისიც არ მიყვარს
ცხვირ~პირი ,,,ჩამოზეთილი,"
ხელს ვუწვდი გზააბნეულებს –
რა ვქნა გული მაქვ კეთილი.
ზოგს გულის სითბო ვასაგზლე,
თავზე გადვუსვი ხელიცა,
ზოგსაც გავუთბე კოცნითა,~
ტუჩებიცა და ყელიცა .
ელგუჯა ციგროშვილი
17.01.2019 წელი.
ნინო ღაღოლიშვილი
ელგუჯა ციგროშვილს:
გენაცვლე,რა კარგი მყევხარ,-
აროთ დამრჩები წყენითა,
ტუჩ-ყელ-ყურს როცა შაუთბობ,
მიაყოლოდი წელიცა...
ვეღაროთ შაგელევიან,
არ ივლი გულის ტკენითა.
გელა ციგროშვილი
ელგუჯა ციგროშვილს:
ვიცი..,ზოგს ვარსკვლავთ დაჰპირდი.
ზოგს მთები. ზოგებს ველიცა ..
ტკბილ მოგონებად .შამოგრჩათ
ხვნა, თესვა მკა და რთველიცა..
ბოლოს სხვას არ უნდა დარჩეს
ქადაც, პურიც და ყველიცა.
ჭკვიანს თუ კი ჭკვას მაიხმარს
გამაადგება მტერიცა..
პატ. გ.ც
17.01.19
გელა ციგროშვილი
ელგუჯა ციგროშვილს!
ქალების სამსახურისა
ზეცამ დაგადვა ,,ბეგარი"
მოუსვენარი ფიქრი გაქ,
ანცი და დაუდეგარი..
,,ხელობაც" შაგირჩევია,
ყველგან გამოსადეგარი..
შენ რაღა გამოგასწორებს,
მაგ საქმის ბოლოც ეგ არი.
გელა
27.09.2025 წელი

Friday, September 26, 2025

მინიმა

 ,,ოჰო,ჰოია" შემოსძახებს მთა, ხელებს იფშვნეტს,

შემოდგომაზე ესტუმრება დიდი მხატვარი,

შეასხამს ფერებს, ჩააყოლებს, როგორც ძველ ტიტრებს,

მისი სულის და გულის არის ის დასტაქარი.

მაია დიაკონიძე

10.29.2023 წელი

ამირან გოდერძიშვილის ულამაზესი ლექსი, მთაში

 ბატონი ამირან გოდერძიშვილის ფეისგვერდიდან, მადლობა დიდ პოეტს ასეთი ლამაზი ლექსისთვის, ძალიან ვისიამოვნე

ნებისმიერი ლექსის შექმნას, რომ სჭირდება მიზეზი, საბაბი, სტიმული და შესაბამისი განწყობა___ ეს ყველასათვის ცნობილია და მისაღებია....
ამ ლექსის შექმნის მიზეზი, საბაბი და სტიმული ერთი ულამაზესი სიტყვის აკვიატება და სიყვარული გახდა, რომელსაც რამდენიმე დღეა თავი ვეღარ დავაღწიე, ეს სიტყვა კი , ჩვენი უნიჭიერესი პოეტის მაიკო დიაკონიძის კუნწულა ლექსის სტრიქონებშია ჩაქარგული და ჩაგვირისტებული:
,,მოვიარაგვე კიდევაც
ქვებ გავირბინე იორზე"...
მოვიარაგვეო, დიახ, ჩვენი მდინარის საკუთარი სახელი __ არაგვი, ჩვენმა ძვირფასმა პოეტმა, თავის პოეტურ სახელოსნოში მოაჩუქურთმა, მოაზარნიშა და ახალ მრავალმნიშვნელოვან ზმნად დაუბრუნა ქართულ ლექსიკას, კიდევ ერთი სიტყვით გაამდიდრა და გაალამაზა ჩვენი ულამაზესი ქართული ენა!!!!
მოვიარაგვე და მოვიარაგვეო და...ამ ახალი ზმნის მეგობრად, ძმად და ტოლ- სწორად გადავაქციე ახალი ზმნა ,,გაიარაგვა," ანუ არაგვს გაჰყვა, არაგვის ტოლად და სწორად იდინა, იგრგვინა, იმძლავრა და სხვა!!!
დიახ, ამ ,,გაიარაგვამ" თავი აღარ დამანება და დაიბადა ორი სტრიქონი:
,,სანამ მივა არაგვამდე,
სანამ გაიარაგვებს"
და
ამის შემდეგ შევქმენი სიუჟეტი და შემდეგ კი ლექსი:
მთაში
,,მოვიარაგვე კიდევაც
ქვებ გავირბინე იორზე"
მაია დიაკონიძე
მთის ბილიკი, ბილიკს ჰგავს და
მივუყვები ქარაფებს,
მუხლმაგარა ბიჭი ვარ და,
ვეგუები არაფერს....
აქვე, კლდესთან წყალი მოჩქეფს,
ქალწულივით კრიალა,
მოაგორებს ტალღის ბუჩქებს,
მოიმღერის ხმიანად.
მოკისკისებს, მოტკარცალებს,
ვით თავნება გოგონა,
შხეფებს აინაპერწკალებს
და ინთება კოცონად....
ბიჭი ხარ და ჩაეკონე,
კოცნას ლოცვად შეირგებ,
და უამბე მერე სწორებს
გულმაგრობა შეიქე....
.....გადავეშვი, ტალღა ცელქი
კალმახივით მისხლტება,
გავიგრილე ბაგე ცხელი
მის მკერდთან და მის ყელთან....
....თურმე წყალში შემყვა ლექსი
დაწერილი წარმტაცად,
ტალღამ ცეტმა, ქალმა შლეგმა
თითებიდან წამტაცა.
ლექსი ზიზილ- პიპილა და
ლექსი ჩუქურთმიანი,
იმ კოცნისთვის სურს პირადად
მომაყენოს ზიანი...
ან ქვების ქვეშ არ მიმალოს
სადღაც, უვალ კლდის ბოლოს,
ან არ გახდეს სანიავო,
ქარმა არ გაიყოლოს...
ნეტა სადმე არ დაკავდეს,
მოერიდოს ქარაფებს,
სანამ მივა არაგვამდე,
სანამ გაიარაგვებს....
მერე უკვე არვინ მოკლავს,
როს იხილავს მზის ყანებს,
...ვინმე წყალში თვალს თუ მოკრავთ,
მშრალზე გამოიყვანეთ....
............................
...მთაში ლექსი დამეკარგა,
ლექსი ზიზილ- პიპილა,
ვაიმე, თუ ღამე ქარგავს
კლდის ძირას, ან წყლის პირას.....
ამირან გოდერძიშვილი
17. 09. 2025 წელი.
ამას ლოცვად შეირგებ,

Thursday, September 25, 2025

შეგონება

 შეგონება

არ დამაკდეს ბერწი ძროხა, -
როგორ უნდა გაგიკვირდეს,
ვისაც უყვარს ძრომა, ხოხვა,
გაგიკვირდეს, რომ გაფრინდეს!
თუ გაფრინდა, ვერ იქნება,
ვერც ტოროლა, ვერც არწივი,
მკვდარსაც კი გაეცინება,
მისი ფუჭი თავგანწირვით.
მაია დიაკონიძე
22.0.2025 წელი

ოცნებას ბედავს

 ოცნებას ბედავს

ამ მოჩანჩალე ბებერ ცხენს ვეტრფი,
აღვირმიშვებით რომ მიჰყავს მხედარს,
ერთ დროს აფრენდა პრინცესას ეტლით,
ახლაც ვარსკვლავებს იმისთვის ჭედავს.
გზადაგზა ყრის და იმ ძველ დროს ნატრობს,
მთვარეს ანთებდნენ თვალებით ერთად,
შემორჩენილა ამ სივრცეს მარტო
და გარდასულზე ოცნებას ბედავს.
მაია დიაკონიძე
22.09.2025 წელი



ღამეა ჩემთან

 ღამეა ჩემთან და სექტემბერი,

ალაზნის პირას სუფრას ვუსხედვართ,
დრო, როგორც ძაღლი- ავი ცერბერი,
ყეფს და ვით მთვარე, წყალში ცურდება.
მიაქვს იმედი, ოცნება, სურვილს,
შენ გნახო, მაინც ვერას ვუხერხებ,
სხივს მუჭში ვიკრებ თეთრ-ოქროცურვილს
და სასოებით ვკიდებ მუხებზე.
მაია დიაკონიძე
23. 09.2025 წელი

ასეა მხოლოდ საქართველოში (პატრიოტული)

ასეა მხოლოდ საქართველოში
ნისლებში ვწევარ, როგორც ტყის დალი,
ისაა, მთის წვერს ვწვდები ქეჩოში,
ჩიტების ისმის ტყეში ტკრციალი,
ასეა მხოლოდ საქართველოში.
ქარი გარბის და თან მიაქვს ექო,
ამოუღია სიჩუმე ოხტში,
ცხვარი მიყვება ზურმუხტის ბექობს,
ასეა მხოლოდ საქართველოში.
აქ მომხდურს მედგრად უტევდნენ ერთ დროს,
აკვნებს არწევდნენ კაკლის ჩეროში,
გული იმ წარსულს ელტვის და ვერ თმობს,
ასეა მხოლოდ საქართველოში.
მაია დიაკონიძე
25.09.2025 წელი

Monday, September 22, 2025

შენ ჩემი ხარ!

 ****

შენ ჩემი ხარ, ვიუარებ?!
დასაკრეფი ვენახი ხარ,
სიამეს მგვრი აუარებს,
გიყურებ და მიხარიხარ.

დაამარცხებ დღეებს ნავსებს,
ერის მწე ხარ რა ხანია,
აზარფეშა შევსვი სავსე,
ვინც არა გფერობს, გლახაკია.
მაია დიაკონიძ
18.09.2025 წელი

ერთი ლექსის გამოძახილი

ერთი ლექსის გამოძახილი
კაცს არ უხდება ოხი და ახი,
კაცს არ უხდება მოთქმა, ტირილი,
ვუსმენ იახსრის მთა-ბარში ძახილს,
გაქცეულ დევებს მისდევს ყივილით.
შენ კი რა მოგდის, მამაცო კაცო,
რატომ დაგდინდა ცრემლები იის,
შენს გულის დუღილს ვერ მალავ რაზომ,
შენი სამშობლო დამცროვდა დიდი.
ხვთისშვილთა ნეტავ იბრძოლეს ტყუილად?!
გარს მოგვდგომია დევების ჯარი,
დაჟანგებულა მამების ფილთა,
წაუქცევიათ აქ რწმენის ჯვარიც.
მაია დიაკონიძე
21.09.2025 წელი

მინიმა

 ღმერთო, ნეტავ რადაა ეს სამყარო ასეთი,

ფლიდი, ყრუ, მატყუარა შემოგხვდება ოხრად,
კარმა არ იჭრაჭუნოს, რომ არის გასაზეთი,
მეც რა მოვიმოქმედო, რომ არ წამცდეს ოხვრა.
მაია დიაკონიძე
21.09.2025 წელი

Friday, September 19, 2025

ცა სავსეა ვარსკვლავებით

ცა სავსეა ვარსკვლავებით

ცა შეღებე ლურჯად ფუნჯით,
შენ მოხვედი, როგორც ხილვა,
ჩირაღდნები ენთო ქუჩის,
თვალიც თითქოს ამეხილა.

პალიტრაზე აკვარელი,
ცისარტყელას  ფერებს ქმნიდა...
ცა სავსეა ვარსკვლავებით,...
შევხარივარ აივნიდან.
მაია დიაკონიძე
17.09. 2025 წელი



Thursday, September 18, 2025

წვიმა (საბავშვო)

წვიმა


წვიმა მოდის, არახუნებს სახურავზე,

და თამაშობს თითქოს კაკლით პინკპონკს,

გოგონები ჩურჩულებენ დაბალ ხმაზე,

- მგონი წვიმა ყურადღებას ითხოვს.

მაია დიაკონიძე

12.09. 2025 წელი


ზოგჯერ (პატრიოტული)

 ზოგჯერ...

ზოგჯერ გაფრენა სჯობს აქ დარჩენას,
ზოგჯერ დარჩენა, - თუ გაქვს მიზანი,
ამ ბოლოს სიზმრად დედა დამჩემდა,
ის იყო, არა?! ვეღარ ვიცანი.
ვაზის ლერწები ჩაეწნა თმებში,
ახალ სიცოცხლეს ქვეყნად მაძლევდა,
და ერთი ჰქონდა დედას მიზანი,
მიშვებდა ჩვენში გმირის საძებრად.
ეჭვით ვიყავი რატომღაც სავსე,
როგორ მეპოვა ახალი გმირი,
და დავრჩი მშობელ მიწაზე ასე,
გულს დაწოლილი დარდების გირით.
მაია დიაკონიძე
13.09. 2025 წელი

ხარაგაულელ პოეზიის მოყვარულ - ზალიკო კიკვიძესთან შეხვედრა ავტობუსში (მოგონებებიდან)

 დღეს ავტობუსში ავედი, ხანშიშესული მამაკაცი იჯდა ჩემ გვერდით, ჩემი დაჯდომა და ამ კაცის ალაპარაკება ერთი იყო: ჯიბიდან ფურცლები ამოიღო, პასკალის სიტყვები წამიკითხა ადამიანობაზე, ,,დათა თუთაშხიადან" - მონოლოგი, რა არის კაცობა, რომ დაინახა, ვუსმენდი, ახლა ალმანზორ თავაძის, ამ პოეტს არ ვიცნობდი, რამდენიმე ლექსი ზეპირად წარმოთქვა, გურული კაცია, ჩემი მეგობარი იყოო, ამბავი მოყვა ლეონიძის სტუმრობაზე გურიაში, მისი ლექსი წაიკითხა იქ დაწერილი, სულ ერთი სტროფია, დაიმახსოვრეო, ვერ დავიმახსოვრე, მშენებელი ინჟინერი ვარ, სუფრაზე ერთი ლექსი მაინც რომ არ მეთქვა, როგორ იქნებოდაო, საყვედური გამოთქვა ახალგაზრდებზე, პოეზია არ აინტერესებთ, კომპიუტერს არიან მიცვენილებიო, მოყვა ზურაბ ქაფიანიძის მასთან სტუმრობის ამბავი, სამშენებლო მასალების ყიდვა უნდოდა ჩემგან, ფულს როგორ გამოვართმევდი, რაფიელ ერისთავის ლექსი ვუთხარი, ისე გაეხარდა, ოღონდ არა ,,სამშობლო ხევსურისაო:, ეს ლექსიც ზეპირად წაიკითხა, ბერდია ბერიაშვილის სატრფიალო წაიკითხა, ბოლოს ლადო ასათიანით დაამთავრა. შევაქე, რა კარგი მეხსიერება გაქვთ, სადაური კაცი ხართ მეთქი, ხარაგაულელი აღმოჩნდა. მე, პოეზიის ბურუსში გახვეულმა ვერც გავიგე, ავტობუსით როგორ ავხრიგინდი ვაგზლის მოედანზე.

გამახსენდა, ჩვენზე უფროსებმა, ჩემმა ტოლებმა რამდენი ლექსები იცოდნენ, სუფრას ამშვენებდა ჩვენი ტკბილ-ქართული, სადღა არიან ესეთი ადამიანები?! გული მწყდება, თუმცა ახალგაზრდებიც მოდიან პოეზიის დიდი სიყვარულით და სამშობლოსთვის თავგანწირული გულით. ალბათ ზეპირადაც იციან ქართული პოეზიის მარგალიტები. ღმერთმა გვიმრავლოს მათი თავი.
ალმანზორ თავაძის ეს ლექსები ვიპოვე, გთავაზობთ:
* * *
სული ქართულო, მგზნებარევ და ომახიანო,
ყველას გულს გვიკლავ ძველებურად რომ არ ხმიანობ.
ტანჯვაც, ვაებაც, ჭირიც, ლხინიც გვქონდა უთვლელი,
სულო ფშაველი გენიოსის, სულო რუსთველის.
ლაღი სიმღერის მთიდან მთაზე გადაძახებავ
და გაზაფხულის ღამეების აზამბახებავ,
შმაგო არაგვო, შლეგო თერგო, ანცო ტეხურო
და მთის ზვავების გაქანებავ ელვა-მეხურო.
* * *
ის ჯერ მდუმარებს, თავის სათქმელს მანამ არ იტყვის,
სანამ ღვთის ნებით არ დადგება ჟამი განკითხვის.
ჯერ კი საკუთარ თავში არის განთავსებული,
ღრღნის მოგონება უთვალავი ათასწლეულის,
დადგება ჟამი და ღვთიური სინათლით სავსე
ახალი ძალით გაბრწყინდება მსოფლიოს თავზე.
მარად ლაღი და მყინვარივით ცად აღმართული,
მარადისობას შეჰხიზვნია სული ქართული.
ალმანზორ თავაძე

თუმც სიყვარული ხამს (პატრიოტული)

თუმც სიყვარული ხამს
რაც გინდა ვილაპარაკო,
რაც გინდა ბევრი ვთქვა,
გმირობა სა-ა-არაკო,
წარწერად დარჩა ქვას.
ვენა, მილანი, პარიზი,
ქართული მოაქვს ქარს,
არ იზილება ალიზი,
დარჩა სიკვდილიც ქვას.
ნუთუ გამწყდარა კავშირი,
ძველ სიტყვას ჭია ჭამს,
დავიწყებიათ ტაშირი,
თუმც სიყვარული ხამს.
მაია დიაკონიძე
17.09.2025 წელი

ბრაზი

 ბრაზი

ხანდახან რომ გავბრაზდები,
ვფიქრობ, ბრაზი რა სენია,
შაურები, აბაზები,
კაპიკებიც ესენია.
ხან წვიმად და სეტყვად მოდის,
ელვა-ჭექის კვესებია,
ვეუბნები, ჰანგად მოდი,
რაც არ ამიკვნესებია.
მაია დიაკონიძე
17.09.2025 წელი

Saturday, September 13, 2025

საბავშვო, მარტის თქმული ლექს-გამოცანა

მარტის თქმული ლექს - გამოცანა

 

მზეს გიგზავნით ყოველ დილას,

ავაყვავე ბილილები,

ზამბახები, ლურჯი ია.

თქვენც მაჩუქეთ ღიმილები.

 

გაბრაზებაც ვიცი ზოგჯერ,

სეტყვა, როგორც ქვები ცვივა,

ქარი არყევს სახლის ბოძებს,

აყვირდებით მერე ,,გვცივა".

 

ისევ გიჯობთ, მომეფეროთ,

შემოჰკარით ყველამ ტაში,

ვინა გჩუქნით ბევრ ყვავილებს

 გაზაფხულზე?! გიჟი მარტი.


Wednesday, September 10, 2025

მინიმა

 დავიბადე და შენ ჩემში დაივანე,

არ მწყინდება შენთვის ლმობა-ლოცვა,

სულ ვუცქირო შენს ცა-ფირუზს, ველებს-მწვანეს,

ნაზი სიო დაჰფარფატებს როცა.

მინიმა

სულის მეტამორფოზა შეაჩერეს ქარებმა,
წინ შემომხვდა ვარდების მეფური  ბრწყინვალება,
მას შევძახე, შენა ხარ სატივე და სავარდე,
მაგ შენი სილამაზის საიდუმლო გამანდე.
მაია დიაკონიძე

10.04.2025 წელი




მინიმები

 წვიმს და ჩემს გულში ჟონავს სინესტე,

როგორც ცრემლები მშობლიური ცის,

დამსგავსებია ქარი მენესტრელს,

ამ მიწის დარდი მხოლოდ მან იცის..

,

მზის ამოსვლას ყოველთვის აქვს აზრი,

იმედს ციდან მამა ღმერთი გვაძლევს,

ნუ გახდები მეწვრილმანე ბაზრის,

თორემ მტერი იზეიმებს ნაძლევს. 




რომ არ გავხდე...

რა ღრმა არის ეგ სილურჯე თვალთა
მიზიდავს და ცის მორევში მითრევს,
რომ არ გავხდე მსხვერპლი უტეხ ქართა,
მთვარე ღამეს ცისკიდურზე მითევს.

გყვარებოდი სულ ცოტა, ეს მსურდა,
შენთან ყოფნა ლამაზ სიზმარს ჰგავდა,
სამყარომ თუ დამიბრუნა ხურდა,
ვამპირივით ჩემს სისხლს ბნელი სვამდა.

მატყდებოდა ხერხემალზე მალა,
საფეთქლებში ფეთქდა ვერცხლიწყალი,
გასაფრენად აღარ მყოფნის ძალა,
და ყორანიც მესტუმრება მალი.
.,






მინიმები

 ,,კუნწულა" ლექსებიდან

ამოვიკვნესე ჩემი სათქმელი
და ახლა უნდა გითხრათ: ნახვამდის,
თუ სიტყვა მქონდა კიდევ ამდენი,
მიკვირს, აქამდე როგორ ვმალავდი.
------------------
წვიმს და ჩემს გულში ჟონავს სინესტე,
როგორც ცრემლები მშობლიური ცის,
დამსგავსებია ქარი მენესტრელს,
ამ მიწის დარდი მხოლოდ მან იცის..
-------------------
სამშობლოვ, შენი მომცა იერი
იორმა, თერგმა და ცხენისწყალმა,
ვიცი, არ არის რწმენა იოლი,
და მაინც ჩემი ყოველთვის გწამდა.
მაია დიაკონიძე

მინიმა

 სამშობლოვ, შენი მომცა იერი

იორმა, თერგმა და ცხენისწყალმა,

ვიცი, არ არის რწმენა იოლი,

და მაინც  ჩემი ყოველთვის გწამდა.

მინიმები

 ,,კუნწულა" ლექსებიდან:

მზის ამოსვლას ყოველთვის აქვს აზრი,
იმედს ციდან მამა ღმერთი გვაძლევს,
ნუ გახდები მეწვრილმანე ბაზრის,
თორემ მტერი იზეიმებს ნაძლევს.
--------------------
თუ მკლავ ანტრაქტით და პაუზებით,
ბარემ მესროლე მაუზერი.
ამდენ მოლოდინს თუ გავუძელი,
კიდევ ვიცოცხლებ ასი წელი.
------------
ვით შევიწუხო სიცოცხლეზე
თავი მე ფიქრით,
თუ ამდენ სიკვდილს
ვიგონებ, ვითვლი.
_----_---------
მეგონა მოვიგე ტურნირი ბლიცი,
თურმე წამიგია არტისტთან ცირკის,
შენ ჩემო თავო, რომ არც კი იცი,
რაიც დათესე, იმასვე იმკი..
======
გამახსენდება დეკარტი,
,,მათემატიკის მამა",
ცვლადზე სიცხადის შემტანი,
დამავიწყდება განა?
--------------------
სულის მეტამორფოზა შეაჩერეს ქარებმა,
წინ შემომხვდა ვარდების მეფური ბრწყინვალება,
მას შევძახე, შენა ხარ სატივე და სავარდე,
მაგ შენი სილამაზის საიდუმლო გამანდე.
მაია დიაკონიძე

დომოფონი თუ წითელი დრაკონი, ესსე

 დიდი ხანია მოდაში შემოვიდა სადარბაზოს კარებებზე დომოფონების დაყენება, კარებების ჩაკეტვა, აქაოდა სადარბაზოში ნარკოტიკებს მალავენ ელექტროგაყვანილობის მავთულებში, ყუთებში, კიბის უჯრედებშიო, მერე უცხო პირები შემოდიან, ეძებენ, ლიფტშიც ისაქმებენო და ა. შ. ჩვენი კორპუსის მეზობლებმაც ბევრი მიზეზი მოძებნეს სადარბაზოს კარების დასაკეტად. სადაც არ მიხვალ სტუმრად, ყველგან დაკეტილია სადარბაზოები, უნდა დარეკო რაღაც ნომერზე, თუ ე.წ. ჩიპი არ გაქვს. ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა, არადა მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ბინის კარებსაც კი არ ვკეტავდით, მეზობლები, როგორც უნდოდათ, ისე შემოდიოდნენ და გადიოდნენ. ტელეფონი სადარბაზოში მხოლოდ სამ ოჯახს გვქონდა. ერთმანეთს ვენდობოდით, არც არავინ მოვიდოდა უბრალო ხალხის გასაძარცვად. არც ნარკოტიკებით დარბოდა ხალხი, არ ყიდიდა ასე დღისით, მზისით, წამლის ბარიგა კი ყველაზე სამარცხვინო ადამიანად ითვლებოდა. მკვლელი ჯობია მაგათ, ერთს კლავენ, ეგენი - ათასებს. მიკვირს, 30 წელიწადში ასე როგორ შეიცვალა ხალხი, როგორ გადაგვარდა. წამლის ბარიგობა სირცხვილი აღარაა, მაგრამ ათასობით მკვლელობისთვის რა პასუხს აგებენ ღმერთთან?!

დომოფონებთან დაკავშირებით კი ძველი ზღაპრები გამახსენდა, სადაც არ წახვალ, მიადგები ციხე-სიმაგრეს, უნდა შეხსნა ცხრაკლიტული. ჩვენს სახლში შემოღწევა კი ისე რთულია, კარები ისე მძიმედ იღება, ბარგით ხელში რომ მივასკდები, რაღა დრაკონი დაგიმარცხებია და რაღა კარები გაგიღია.
მაია დიაკონიძე
9.09.2025 წელი

Monday, September 8, 2025

სიმღერა, სატრფიალო

სიმღერა
ჩვენ ორ შორის გზები ვეღარ შეიკვეცა,
ვერ დავლიე მთების სუფთა წყარო,
შენი ხილვის მოლოდინი ცეცხლს მიგზნებდა,
აბა მითხარ, სხვა ვით შევიყვარო?!
დავრჩი მთაში გზის პირს შენი მონატრული,
ვიქეც ქუჩიდ, სულ დავკარგე ეშხი,
და სანამდე ვარდს უმღერის მოლაღური,
ნუ მეტყვი, რომ ჩემი ხმა არ გესმის.
მაია დიაკონიძე
31.08.2025 წელი