Friday, September 26, 2025

ამირან გოდერძიშვილის ულამაზესი ლექსი, მთაში

 ბატონი ამირან გოდერძიშვილის ფეისგვერდიდან, მადლობა დიდ პოეტს ასეთი ლამაზი ლექსისთვის, ძალიან ვისიამოვნე

ნებისმიერი ლექსის შექმნას, რომ სჭირდება მიზეზი, საბაბი, სტიმული და შესაბამისი განწყობა___ ეს ყველასათვის ცნობილია და მისაღებია....
ამ ლექსის შექმნის მიზეზი, საბაბი და სტიმული ერთი ულამაზესი სიტყვის აკვიატება და სიყვარული გახდა, რომელსაც რამდენიმე დღეა თავი ვეღარ დავაღწიე, ეს სიტყვა კი , ჩვენი უნიჭიერესი პოეტის მაიკო დიაკონიძის კუნწულა ლექსის სტრიქონებშია ჩაქარგული და ჩაგვირისტებული:
,,მოვიარაგვე კიდევაც
ქვებ გავირბინე იორზე"...
მოვიარაგვეო, დიახ, ჩვენი მდინარის საკუთარი სახელი __ არაგვი, ჩვენმა ძვირფასმა პოეტმა, თავის პოეტურ სახელოსნოში მოაჩუქურთმა, მოაზარნიშა და ახალ მრავალმნიშვნელოვან ზმნად დაუბრუნა ქართულ ლექსიკას, კიდევ ერთი სიტყვით გაამდიდრა და გაალამაზა ჩვენი ულამაზესი ქართული ენა!!!!
მოვიარაგვე და მოვიარაგვეო და...ამ ახალი ზმნის მეგობრად, ძმად და ტოლ- სწორად გადავაქციე ახალი ზმნა ,,გაიარაგვა," ანუ არაგვს გაჰყვა, არაგვის ტოლად და სწორად იდინა, იგრგვინა, იმძლავრა და სხვა!!!
დიახ, ამ ,,გაიარაგვამ" თავი აღარ დამანება და დაიბადა ორი სტრიქონი:
,,სანამ მივა არაგვამდე,
სანამ გაიარაგვებს"
და
ამის შემდეგ შევქმენი სიუჟეტი და შემდეგ კი ლექსი:
მთაში
,,მოვიარაგვე კიდევაც
ქვებ გავირბინე იორზე"
მაია დიაკონიძე
მთის ბილიკი, ბილიკს ჰგავს და
მივუყვები ქარაფებს,
მუხლმაგარა ბიჭი ვარ და,
ვეგუები არაფერს....
აქვე, კლდესთან წყალი მოჩქეფს,
ქალწულივით კრიალა,
მოაგორებს ტალღის ბუჩქებს,
მოიმღერის ხმიანად.
მოკისკისებს, მოტკარცალებს,
ვით თავნება გოგონა,
შხეფებს აინაპერწკალებს
და ინთება კოცონად....
ბიჭი ხარ და ჩაეკონე,
კოცნას ლოცვად შეირგებ,
და უამბე მერე სწორებს
გულმაგრობა შეიქე....
.....გადავეშვი, ტალღა ცელქი
კალმახივით მისხლტება,
გავიგრილე ბაგე ცხელი
მის მკერდთან და მის ყელთან....
....თურმე წყალში შემყვა ლექსი
დაწერილი წარმტაცად,
ტალღამ ცეტმა, ქალმა შლეგმა
თითებიდან წამტაცა.
ლექსი ზიზილ- პიპილა და
ლექსი ჩუქურთმიანი,
იმ კოცნისთვის სურს პირადად
მომაყენოს ზიანი...
ან ქვების ქვეშ არ მიმალოს
სადღაც, უვალ კლდის ბოლოს,
ან არ გახდეს სანიავო,
ქარმა არ გაიყოლოს...
ნეტა სადმე არ დაკავდეს,
მოერიდოს ქარაფებს,
სანამ მივა არაგვამდე,
სანამ გაიარაგვებს....
მერე უკვე არვინ მოკლავს,
როს იხილავს მზის ყანებს,
...ვინმე წყალში თვალს თუ მოკრავთ,
მშრალზე გამოიყვანეთ....
............................
...მთაში ლექსი დამეკარგა,
ლექსი ზიზილ- პიპილა,
ვაიმე, თუ ღამე ქარგავს
კლდის ძირას, ან წყლის პირას.....
ამირან გოდერძიშვილი
17. 09. 2025 წელი.
ამას ლოცვად შეირგებ,

No comments:

Post a Comment