დღეს ავტობუსში ავედი, ხანშიშესული მამაკაცი იჯდა ჩემ გვერდით, ჩემი დაჯდომა და ამ კაცის ალაპარაკება ერთი იყო: ჯიბიდან ფურცლები ამოიღო, პასკალის სიტყვები წამიკითხა ადამიანობაზე, ,,დათა თუთაშხიადან" - მონოლოგი, რა არის კაცობა, რომ დაინახა, ვუსმენდი, ახლა ალმანზორ თავაძის, ამ პოეტს არ ვიცნობდი, რამდენიმე ლექსი ზეპირად წარმოთქვა, გურული კაცია, ჩემი მეგობარი იყოო, ამბავი მოყვა ლეონიძის სტუმრობაზე გურიაში, მისი ლექსი წაიკითხა იქ დაწერილი, სულ ერთი სტროფია, დაიმახსოვრეო, ვერ დავიმახსოვრე, მშენებელი ინჟინერი ვარ, სუფრაზე ერთი ლექსი მაინც რომ არ მეთქვა, როგორ იქნებოდაო, საყვედური გამოთქვა ახალგაზრდებზე, პოეზია არ აინტერესებთ, კომპიუტერს არიან მიცვენილებიო, მოყვა ზურაბ ქაფიანიძის მასთან სტუმრობის ამბავი, სამშენებლო მასალების ყიდვა უნდოდა ჩემგან, ფულს როგორ გამოვართმევდი, რაფიელ ერისთავის ლექსი ვუთხარი, ისე გაეხარდა, ოღონდ არა ,,სამშობლო ხევსურისაო:, ეს ლექსიც ზეპირად წაიკითხა, ბერდია ბერიაშვილის სატრფიალო წაიკითხა, ბოლოს ლადო ასათიანით დაამთავრა. შევაქე, რა კარგი მეხსიერება გაქვთ, სადაური კაცი ხართ მეთქი, ხარაგაულელი აღმოჩნდა. მე, პოეზიის ბურუსში გახვეულმა ვერც გავიგე, ავტობუსით როგორ ავხრიგინდი ვაგზლის მოედანზე.
Thursday, September 18, 2025
ხარაგაულელ პოეზიის მოყვარულ - ზალიკო კიკვიძესთან შეხვედრა ავტობუსში (მოგონებებიდან)
გამახსენდა, ჩვენზე უფროსებმა, ჩემმა ტოლებმა რამდენი ლექსები იცოდნენ, სუფრას ამშვენებდა ჩვენი ტკბილ-ქართული, სადღა არიან ესეთი ადამიანები?! გული მწყდება, თუმცა ახალგაზრდებიც მოდიან პოეზიის დიდი სიყვარულით და სამშობლოსთვის თავგანწირული გულით. ალბათ ზეპირადაც იციან ქართული პოეზიის მარგალიტები. ღმერთმა გვიმრავლოს მათი თავი.
ალმანზორ თავაძის ეს ლექსები ვიპოვე, გთავაზობთ:
* * *
სული ქართულო, მგზნებარევ და ომახიანო,
ყველას გულს გვიკლავ ძველებურად რომ არ ხმიანობ.
ტანჯვაც, ვაებაც, ჭირიც, ლხინიც გვქონდა უთვლელი,
სულო ფშაველი გენიოსის, სულო რუსთველის.
ლაღი სიმღერის მთიდან მთაზე გადაძახებავ
და გაზაფხულის ღამეების აზამბახებავ,
შმაგო არაგვო, შლეგო თერგო, ანცო ტეხურო
და მთის ზვავების გაქანებავ ელვა-მეხურო.
* * *
ის ჯერ მდუმარებს, თავის სათქმელს მანამ არ იტყვის,
სანამ ღვთის ნებით არ დადგება ჟამი განკითხვის.
ჯერ კი საკუთარ თავში არის განთავსებული,
ღრღნის მოგონება უთვალავი ათასწლეულის,
დადგება ჟამი და ღვთიური სინათლით სავსე
ახალი ძალით გაბრწყინდება მსოფლიოს თავზე.
მარად ლაღი და მყინვარივით ცად აღმართული,
მარადისობას შეჰხიზვნია სული ქართული.
ალმანზორ თავაძე
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment