ვანიკოს და ნიას პაპა ძალიან უყვართ, ის სოფლის ბოლოში ცხოვრობს, ესენი - სოფლის დასაწყისში, მარტოობა რომ არ აგრძნობინონ (ბებია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა), ხშირად მიდიან ხოლმე მასთან და ეზოში ჯერარშესულები შორიდან ყვირიან: - პაპა მოვედით! - იქვე მდგარი მთა ექოს გამოსცემს და ისიც იძახის: - პაპა, მოვედით, მოვედით! - ხმა უგრძელდება და დიდხანს გუგუნებს ერთსა და იმავეს, მერე პაპას სახლთან რომ ნაკადული ჩამოდის, ისიც ამღერდება ხოლმე, - მოვედით, მოვედითო, ახლა ჩიტები აჭიკჭიკდებიან: - მოვედითო, - მოკლედ შეიქმნება ბუნების ზეიმი. პაპაც, სადაც არ უნდა იყოს, გაიგონებს შვილიშვილების ძახილს, ულვაშებს გადაიწკიპავს, წვერზე ხელს ჩამოისვამს და ეგებება ბავშვებს ღიმილით, მაგრამ იმ დღეს კაცი არა და არ გამოჩნდა, იძახეს ბავშვებმა, იძახეს, ეზოშიც ყველაფერი მოათვალიერეს, ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. გულდაწყვეტილები სახლში გაბრუნებას აპირებდნენ, რომ მოულოდნელად პაპას ხმადაბალი საუბარი გაიგონეს, - ჩემო ჭრელა, ცოტაც მოითმინე, ცოტაც მოითმინე და პატარაც გეყოლება, - გაოცებული ბავშვები იქით გაეშურნენ, საიდანაც ხმა მოდიოდა და ბოსლის კარს მიადგნენ, ჩუმად შეაღეს, პაპას ძროხისთვის შემოეხვია ცალი ხელი, მეორეთი სახეზე ეფერებოდა და ცრემლებს უწმენდდა, ახალგამოჩენილებს დაუძახა, სახლში შედით, თბილი წყალი მომიტანეთ, სადაცაა პატარა ხბო დაიბადებაო. ბავშვებმა არ დააყოვნეს, ვედრო წყლით აავსეს, ცალ-ცალი ხელი მოკიდეს სახელურზე სხვადასხვა მხრიდან, მარტოები ვერ ზიდავდნენ და ბოსელში შეიტანეს, ახლა ჩვრებზე გაგზავნა პაპამ ბავშვები, დაგვჭირდება, ახალდაბადებული ხბო სისუფთავეში ხომ უნდა იყოსო, ისინიც მონდომებით ასრულებდნენ მის დავალებებს, ბოლოს კი მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ ძროხას და მალე საოცრებაც მოხდა, პატარა ხალებიანი ხბო გაჩნდა, ახალდაბადებული ფეხზე ძლივს დგებოდა, მაგრამ ბავშვებს თვალს არ აცილებდა და ცნობისმოყვარეობით უმზერდა, - ამათ ვის ვხედავო?! - ალბათ, ფიქრობდა კიდეც. რამდენიმე საათში კი პატარა ბაინდურა, ასე დაარქვა ვანიკომ, უკვე ეზოში დადიოდა ბავშვების გასახარად, თუმცა დედას გვერდიდან არ სცილდებოდა, შორს წასვლის თავი არც ჰქონდა, სუსტი ფეხებით ძლივს დაბანცალებდა. დედა ჭრელაც სიყვარულით ულოკავდა ქოჩორს, ესიყვარულებოდა თავის ერთას.
რამდენიმე დღეში ისე გაყოჩაღდა პატარა დეკეული, იცით, ალბათ, რომ დეკეული დედალ ძროხას ჰქვია, ორ-სამ წლამდე, სანამ თვითონაც ხბოს არ გააჩენს, რომ ბავშვებთან თამაშიც გააჩაღა, გამოქანდებოდა და პატარა რქებით ხან ნიას დაეჯახებოდა, ხან ვანიკოს. ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, სიხარულით ეთამაშებოდნენ, თუმცა ნია ხანდახან ზღართანსაც მოადენდა ხოლმე მიწაზე, მაგრამ ბალახიანი მოლი იფარავდა, არაფერი სტკენოდა. მუცელზე ღუტუნივით გრძნობდნენ ბაინდურას პატარა რქების მირტყმას, იცინოდნენ გულიანად ბავშვები. - ბაინდურა ჩემკენ! - დაიძახებდა ვანიკო, - არა, ჩემკენ! - აყვირდებოდა ნია, - ჩემკენ, ჩემკენ! - ექოს მისცემდა და გააგრძელებდა მთა, მერე ნაკადული არატრატდებოდა - ჩემკენ, ჩემკენო, - მერე ჩიტები აყვებოდნენ - ჩემკენ! - და იდგა ბუნების ზეიმი.
Published on
6/18/20 10:26 AM
No comments:
Post a Comment