სხვას არაფერი მიუჩივლოო, მეტყოდა ჩემი იმერელი ბებია, თუ რამე ცუდ ამბავს იტყვი, თან მიაყოლე: ხესა და და ქვას ვუჩივი, თორემ ცუდმა ამბავმა სხვაზე გადასვლა იცისო, ბავშვი ვიყავი და სულ მიკვირდა, რას მელაპარაკება-მეთქი ეს ქალი. მერე ცხოვრებისეული გამოცდილებით მივხვდი, რომ მართალი იყო. მახსოვს ერთხელ აფთიაქში შევედი, აფთიაქარმა ცუდი ამბავი მითხრა, აქვე გზაზე დღეს დილით მანქანა დაეჯახა ბავშვსო, ცუდად გავხდი, შევწუხდი, ბოლოს დამამშვიდა, გადარჩა, მხოლოდ ტვინის შერყევა აქვსო. მეორე დღეს ჩემი ლევანი, მეორედ გავუშვი მარტო სკოლაში, მანამდე მე დამყავდა, მეხუთე კლასში ახალგადასული იყო, გადმოვარდა ტროლეიბუსიდან და ტვინის შერყევა მიიღო, სამი დღე რეანიმაციაში გაატარა, მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, ჩემს მეორე შვილს კლასელმა ჰკითხა, შენს ძმას რა მოუვიდაო, იმანაც ჩამოაკაჭკაჭა, ტვინის შერყევა აქვს, საავადმყფოში წევსო, მეორე დღეს ის კლასელი სკოლაში არ მოვიდა, გავარკვიეთ, ფეხბურთში ვარჯიშობდა სტადიონზე, წაქცეულა და იმასაც ტვინის შერყევა მიუღია. ზოგიერთს ეს შეიძლება უბრალო დამთხვევად მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას, აზრს, ემოციას დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ჩვენი ახლობლებიც კი დავაზიანოთ, როცა ცუდ ამბავს ვყვებით, ამიტომ, მივაყოლოთ ხოლმე: ხესა და ქვას ვუჩივი, ამით ხომ არაფერი დაშავდება
.
No comments:
Post a Comment