Sunday, March 29, 2020

სიზმარი (29 მარტი, 2020 წელი)

   დღეს სიზმარში მედეა ვნახე, ერთად დავდიოდით ბაზრობაზე, ვიღაცა ზედა ჩასაცმელებს, "კოფტებს" ჰყიდდა, დავათვალიერე, თითქოს გვინდოდა ყიდვა, ხელიც მოვკიდე, ფერად ვარდისფერი იყო, ძალიან ლამაზი, ლაქები აღმოჩნდა ზედ, - მეორადია-მეთქი?-  ვკითხე გამყიდველს, - კიო, - მიპასუხა. გადავიფიქრეთ შეძენა, რატომღაც ამ გამყიდველ ქალბატონს ვუტრიალებდით. მედეას ჩემი ახალი ვარდისფერი ვერცხლის საყურე ეკეთა, მერე მახსოვს, საიდანღაც ორი ჯვარი, თავისივე ჩამოსაკიდებლებით გამიჩნდა ხელში, ან შევიძინე, ან მომცეს, ერთი ბზის იყო, გრძელი, დიდი, ასეთები ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება, ძირითადად კაცები იკეთებენ, ის მე დავიკიდე გულზე, მეორე ჯვარი წვრილ ვარდისფერ მარჯნის მძივზე, რამდენიმე ასხმა იყო,  ეკიდა,  აღმართზე ავდიოდით, თავისიანებზე ლაპარაკობდა, ბავშვზე ვნერვიულობო, ზურაზე მელაპარაკებოდა,  რამდენიმე ჯვარი მივეცი, იმდენი სხვას აჩუქაო, არ ვიცი, შეიძლება ქმარზე ლაპარაკობდა, იმასაც ზურა ერქვა. ვაძლევ მეორე ჯვარს, აჰა, აიღე-მეთქი, არ აიღო, მე მაქვსო, მაშინ ბავშვს მიეცი, ბოლოს და ბოლოს ვინმე გოგოს აჩუქებს-მეთქი, არ გამომართვა არაფრით. მაგათი სახლის აღმართს მივუყვებოდით, მითხრა, რა კარგია, სახლში მივდივარ, ახლა ბავშვს მე მოვუვლი, სულ მაგათთან ვიქნებიო. საინტერესოა, რომ ჩასაცმელები, რომელთა ყიდვა გვინდოდა, ვარდისფერი იყო, ძალიან ღია, ჩემი საყურეებიც, რომელიც ეკეთა და მძივიც, ღია ვარდისფერი მარჯნის, რაზეც ჯვარი იყო ჩამოკიდებული. არც ჩასაცმელი იყიდა, არც ჯვარი აიღო,  ჩემი საყურეები კი ყურებზე ეკეთა, ნეტავ, რას ნიშნავს?!
   მერე ვნახე გოგოები, ჩემი მეგობრები,  სამების ეკლესიასთან ვიყავით, დავინახეთ მედეა, სიხარულით შევხვდით, თინიკო ურთაშვილი იყო იქ, მახსოვს, ვიცოდით,  მედეა მკვდარი იყო და ცოცხალს რომ ვხედავდით, გვიხაროდა, გაოცებული უყურებდა ყველა, ჩემ გარდა, მე არ მიკვირდა, ისიც სიცილით და სიხარულით გვიღიმოდა, მადლიერებით, გველაპარაკებოდა, მერე თითქოს დაგვემშვიდობა და სამების უკან გაუჩინარდა, სინათლეში იდგა, მზის სხივები დაჰნათოდა.
    ამ ღამითვე ვნახე, რაღაც ძალიან მაღალი სახლი იყო, შიგნით მინდოდა შესვლა, ლიფტში ვიღაცა მუგუზალივით შავ ბიჭს უნდოდა ჩემთან ერთად მგზავრობა, საშინელი შესახედავი იყო, სახეს ვერ გაარჩევდი, არ მინდოდა, მეპატიჟებოდა კია. არ შევედი სახლში, სანამ არ წავიდა, მერე ლიფტში აღმოვჩნდი, საშინელი სისწრაფით დაიძრა ზევით, აღარ ჩერდებოდა, ზევით და ზევით მიდიოდა, სხვადასხვა სართულების ღილაკებს ვაჭერდი ხელს შეშინებული, ბოლოს თვითონ  გაჩერდა, გავედი, ვხედავ, ძალიან ბევრი ოთახია, მაგრამ ყველა დაკეტილი, ბოქლომები ჰკიდია, ერთი კარები დავინახე ბოქლომის გარეშე, შევედი, ორი ახალგაზრდა იყო შიგნით,  იქნებ სადმე დამტოვოთ, ცარიელი ოთახი თუა სადმე, მოსვენება მინდა-მეთქი, არა, თქვენი ადგილი აქ  არ არისო, გამოვედი, სხვა ოთახში შევედი, იქ ბავშვები იყვნენ, რაღაცას თამაშობდნენ, საშინელი ხმაური იდგა, ნივთებს ისროდნენ, იქაც ვერ გავჩერდი, არაკომფორტულად ვიგრძენი თავი, ერთი უფროსი გოგონა იყო, დანარჩენი - პატარები, უფროსი  აკონტროლებდა სხვებს, გამოვედი, მესამე ოთახში შევედი, იქ ქალი იყო ლოგინს მიჯაჭვული, მეორე ოთახიდან ქმარი გამოვიდა სხვა ქალთან ერთად, ასე ერთობაო, მწუხარებით მითხრა ქალმა, ვხედავ, ამ კაცს ასო მოაჭრილი აქვს ნახევრად, ზედ თეთრი ქაფივით ადგას, ასე დადის, შევწუხდი საშინლად ამის დანახვაზე, იქიდანაც გამოვედი, ყველა დანარჩენი კარები დაკეტილი დამხვდა, ვერსად ვერ გავჩერდი. გამეღვიძა კიდეც.

Saturday, March 28, 2020

მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას ავტ. ტარიელ ხარხელაური



მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას
ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,
თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე...
გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.
დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,
შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,
რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.
სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,
ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,
საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,
დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.
არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,
დიდი იქნები - თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,
სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,
მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..
ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,
დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,
ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ "შვილო" ხვალისთვის,
სხვა გზა არა არის! - ხანჯლის პირზე უნდა იარო...
ტარიელ ხარხელაური

როცა...(ერთსტროფიანი)

ჩვენ თვითონ როცა
მზის სხივებში
ლაღად ვბანაობთ,
ვერ ვგრძნობთ, რომ გვერდზე,
ხეთა ჩრდილში,
ვიღაცას სცივა.

ეჭვიანი მსტოვარი (ერთსტროფიანი)

სულში დარჩენილ
ეჭვიან მსტოვარს
მხოლოდ ტკივილის
ნაფლეთი მოაქვს.

"შავი ხელი" (ბავშვობის მოგონებებიდან)

   უყვარს მაიას ვაშლი, ძალიან უყვარს, იციან ეს ბიძებმა და აუცილებლად ყიდულობენ გზაში, როცა იმერეთში მიყავთ, პირს გაისველებსო, დიდი გზაა თბილისიდან იქამდე, ზაფხულში იქ წასვლას არაფერი ურჩევნია, ხან ერთი ბიძასთან არის სოფელში, ხან - მეორესთან. იქაც აუცილებლად ტომრებით მოზიდავენ ვაშლს, სხვენზე დააწყობენ, ბავშვმა ჭამოსო, ისიც გათლის, ჩაიტკბარუნებს პირს, განათალს გოჭებს უყრის. დანის ხმარებაც იცის, დედამ ასწავლა. ბიძაშვილები პირს არ აკარებენ, არ გვიყვარსო. ამდენ ვაშლს რა გაჭმევსო, უკვირთ კიდეც. ყველანაირი ხილი უყვარს გოგონას, ეზოში ტყემლები მრავლად დგას, არც მათ ჭამას უკადრისობს, კენწეროში მოექცევა ხოლმე, განსაკუთრებით ყვითელი ტყემალი უყვარს, მჟავე კია, მაგრამ პატარა მზეს ჰგავს. მსხალსაც ბლომად მიირთმევს და ბაღის ატამსაც, მრავლადაა იმერეთში. ერთ ბიძასთან ეზოში მსხლის ხე დგას, ორნაირი ჯიშის მსხალს ისხამს, ერთი გულაბია, მეორეს სახელი არ იციან, შემწიფდება თუ არა, ბიძაშვილები მაიას მიურბენინებენ, ჭამეო. ისიც იფერებს პატივისცემას, ჩაკბეჩს, შხეფებსაც კი ისვრის პირიდან, სხვები უცქერიან, უხარიათ, პირს რომ აწკლაპუნებს. მაყვლის საკრეფადაც დადიან ხოლმე, როცა დამწიფდება. კალათებს დაიჭერენ და მიცუნცულებენ გზაზე. სოფლის ორღობეებში ბევრია მაყვალი, ეკლიანი ბუჩქებიდან შავად იმზირება, პოვნა არაა ძნელი, გაივსებენ კალათებს გოგონები: მაია, ზეინაბი და მაყვალა, ბლომადაც მიირთმევენ, დაიშავებენ პირებს, დაიკაწრავენ ხელებს,  მაგრამ კმაყოფილები ბრუნდებიან სახლში, ბიჭებს უმასპინძლდებიან, მუჭებით იყრიან ისინი პირში, იშავებენ პირებს. ეს ქალაქელები რას გამიშავეთო, ჩხუბობს ბიცოლა. ტყუილად არც ჩვენ ვიჯექითო, ეუბნებიან ბიჭები  გოგონებს, სიმინდის ჭყინტი ტაროები დაგახვედრეთ, ყანაში დავტეხეთო, ყანა სახლიდან ცოტა მოშორებითაა.
     საღამოს ეზოში ცეცხლს ანთებენ, ბიძია ეხმარებათ, შეშის ნაჭრები მოაქვს, ბიჭები ფიჩხს აგროვებენ ეზოს გადაღმა. ბიცოლას ეხვეწებიან ბავშვები, კარტოფილი მოგვეციო, უბრაზდება, ქალაქიდან ამოტანა ადვილი ხომ არ გგონიათ, კიდევ როდის წავალ, კაცმა არ იცისო. მაინც გამოაქვს, ჩაყრიან ნაღვერდალში, სიმინდს დაამტვრევენ, იმასაც მიამატებენ, ცეცხლს შემომსხდარები ათას უცნაურ ამბავსაც ყვებიან, ჭინკებზე, შავ ხელზე, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო საშიშ ამბავს მოყვება, მაია ზოგჯერ ძალიან შეშინდება, განსაკუთრებით შავი ხელის ეშინია, უცებ რომ ამოხტება ხოლმე საიდანღაც, იცის, რომელიმე ბიჭი ბიცოლას შავ წინდას წამოიცმევს  ხელზე და ეგ არის, მაგრამ უცებ მაინც გული გადაუქანდება ხოლმე, მაინც გატაცებით ისმენს ისტორიებს. ნელ-ნელა ინავლება ცეცხლი, მიდიან ბიძაშვილები დასაძინებლად, რომ დილით ისევ შეეგებონ მზის სხივებს და ბედნიერ ბავშვობას, რომლის ფასიც ჯერ კიდევ არ იციან.

ბავშვობის გახსენება (ერთსტროფიანი)

სახტუნაოთი ვიწყე თამაში,
ვფინე ყვავილებს კაბის მარმაში,
ისევ გოგო ვარ დედას, მამასი.

ყველას ჰგონია, რომ კარგი პოეტია (ერთსტროფიანი)

ყველას ჰგონია, რომ კარგი პოეტია,
ბევრის უთავბოლო მიეთმოეთია,
კრიტიკოსებისთვის კარგი მომენტია,
უთხრას ზოგიერთებს, ლექსი დეფოლტია.

ლალი ღაჭავა მაია დიაკონიძის ზღაპარზე "ქარი და კლდე"

   გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ მაია დიაკონიძის ზღაპარი " ქარი და კლდე", რათა ძალუმად შეიგრძნოთ გაზაფხულისა და იების სურნელი, აჯობოთ სევდას და ირწმუნოთ, რომ იმედი კლდესაც გულს უთბობს.

Friday, March 27, 2020

ჩაგვისვა მატი (ერთსტროფიანი)

თავისუფლებამოწყურებულთ 
მოგვიწყო ფანდი,
ბუნებამ გვითხრა, 
მოგიგეთო, 
ჩაგვისვა მატი.

ტანჯული მიწა (ერთსტროფიანი)

ტანჯული მიწა ჯერ კიდევ ბრუნავს,
თუმცა შეჰყრია ხრჩობას და ხუნაგს,
დედამიწელებს არ გვართმვს ბუნაგს,
სიცოცხლით ტკბობის არ ვკარგავთ უნარს.

Thursday, March 26, 2020

ღმერთი დამიცავს მე სახადისგან (ერთსტროფიანი)

ზეცამ სხივი და სითბო მაღირსა,
სიცივე მტოვებს, გადის ტანიდან,
ჩიტი მიგალობს სახლის ბანიდან,
ღმერთი დამიცავს მე სახადისგან.

მომწერე რამე...(ერთსტროფიანი)

მომწერე რამე, შენგან ისევ სიყვარულს ველი,
სულის სახადით დაწინწკლულა ლურჯი ველები,
ჩემს ფანჯარასთან მოყვავილე ვარდის ტოტებზე
ჩიტი რომ გალობს, შენგან იყოს, ღმერთს ვევედრები..


Wednesday, March 25, 2020

ბუნებამ უცებ საშინელი გვიჩვენა ძალა

ბუნებამ უცებ საშინელი გვიჩვენა ძალა,
არავის ინდობს, ფლიდსა თუ ალალს,
მასთან ბრძოლაში კაცი არის თურმე უძლური,
ჰქონდეს სასახლე, თუნდაც ფიცრული,
განვითარება სულიერი არის მთავარი,
ამას ვერ ხვდება კაცი მავანი,
ოხრად დარჩება მდიდარს ქონება,
კაცობა ფულით არ იზომება.





Tuesday, March 24, 2020

ქათმის ფრთები (ბავშვობის მოგონებებიდან)

    მედეას ქათმის ფრთები უყვარს, როცა დედა შემწვარ ქათამს დაჭრის და დაანაწილებს, ყველამ იცის, რომ ფრთები მედიკოსია, მაიამაც, იამაც, მიშამაც და დათომაც, მრგვალ მაგიდას შემომსხდარები ყველა მათგანი ქათმის იმ ნაწილს ირჩევს, რაც უყვარს, მაიას ბარკალი უყვარს, თანაც ძალიან, ამიტომ არავის აცდის მის გადმოღებას, პირველი თვითონ სტაცებს ხოლმე ხელს, მისი გადანაჭერი იასია, დედა იმას გადაუღებს ხოლმე, მიშას მეორე ბარკალი ხვდება, იმის გადანაჭერი - დათოს, თეთრ ხორცს დედა ყველას თანაბრად უნაწილებს, მაგრამ მედიკო ყველაფერზე უარს ამბობს, ისევ ფრთებს წიწკნის, დიდი ხანი უნდება ორი ფრთის შეჭმას, საყვედურობს დედა - კიდევ რამე შეჭამე, ხომ ხედავ, გამხდარი ხარ, არაფერს რომ არ მიირთმევო, მედეა იხტიბარს არ იტეხს, ჭამას განაგრძობს. მამა ქათმის ფეხებს მიირთმევს, ხანდახან კუჭს და ღვიძლსაც დაამატებს, თუ დარჩა. უკვირთ ბავშვებს, მამა რატომ არ ჭამს ქათმის სხვა ნაწილებს, ალბათ, არ უყვარს, ფიქრობენ, კანფეტებიც არ უყვარს, შოკოლადებიცო. "მედიკო ყველაზე ადრე გაგვიფრინდება", ჩურჩულით ეუბნება დედა მამას, ისე რომ ბავშვებმა არ გაიგონ,  "მაინც რას აიჩემა ეს ფრთები", ფიქრობს მამა და სიყვარულით გადახედავს ხის მრგვალ მაგიდას შემომსხდარ პატარებს, ხუთი ჰყავს, ღმერთმა გაუზარდოს, მადლიერებით შეჰყურებს ზეცას.

Monday, March 23, 2020

საგაზაფხულო შემთხვევა (ბავშვობის მოგონებებიდან)

  მაია  და ია ბეჯითი გოგონები არიან, ძალიან ბეჯითი, განა ტყუილად უყვართ სკოლაში?! მაიამ ყოველთვის ყველაფერი იცის, ყველაფრისმცოდნეა, რომ იტყვიან, ყველა კითხვაზე მზად აქვს პასუხი, რასაც მასწავლებელი ჰკითხავს. იაც დას ბაძავს და კარგად სწავლობს, ტოლს არ უდებს უფროს დას. ერთ დღეს სწორედ ეს მოსწავლეები არ მივიდნენ სკოლაში. შეშფოთდნენ სკოლის მასწავლებლები, ნეტავ, ორივეს ერთად რა დაემართაო, ავად ხომ არ გახდნენ, რამე ვირუსმა ხომ არ დარია ხელიო და სახლში დარეკეს. დედამ უთხრა, დილით ორივე გამოვუშვი სკოლაში, ერთად წამოვიდნენო. აი, მაშინ ატყდა ამბავი, თუ ატყდა, მასწავლებლები იქით-აქეთ დარბოდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ვაი თუ, რამე ფათერაკს გადაეკიდნენ ბავშვებიო. გაფითრებულები გაკვეთილებსაც ვეღარ ატარებდნენ, მოსწავლეები კი ჩუმად ისხდნენ, ყველა ცალ-ცალკე ფიქრობდა, სად უნდა ყოფილიყვნენ გოგონები, ზოგმა წარმოიდგინა, რომ ნაყინი იყიდეს და სადმე სკამზე ჩამომსხდარები იმას ჭამენ, ზოგმა - მინდორში ხომ არ მოუნდათ გასეირნება და პეპლებს ხომ არ დასდევენო, ყველა ბავშვს გაეღვიძა ფანტაზია, ზოგმა მარჯვენა ხელი ამოიდო ნიკაპქვეშ, ზოგმა - მარცხენა, ასე ისხდნენ გატრუნულები. სკოლის დირექტორმა საწყობის გამგე - ძია ვანო და საქმეთა მმართველი - ბატონი ელგუჯა გაგზავნა ბავშვების მოსაძებნად. წავიდნენ კეთილი ძიები, მათგან ერთი მაღალი და გამხდარი, მეორე -  დაბალი და მსუქანი,  იმ გზას დაადგნენ, საიდანაც გოგონები სკოლაში უნდა მოსულიყვნენ.
    ამასობაში შეშფოთებულმა და შეშინებულმა დედამ ყველა საქმე მიატოვა და ბავშვების მოსაძებნად გაიქცა და ისიც იმ გზას დაადგა, რომლითაც ბავშვები სკოლაში უნდა მისულიყვნენ. გზაზე აკაციების ხეივანი იყო, ყვაოდნენ აკაციები, საოცარი სურნელი იდგა გარშემო. დედა აქეთ-იქით იხედებოდა და გოგონებს გასძახოდა: "მაია!" "ია!" არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, იქვე გზისპირას მდგარ ტუიის ბუჩქებსაც გადაწევ-გადმოწევდა, პატარები შიგ ხომ არ ჩასხდნენ და იმალებიანო. უცებ, ჩურჩული შემოესმა, "რა ხდება, დედა რატომ გვეძებსო", - მაიას ხმა იყო, აიხედა, აკაციის ხის ტოტზე გოგოები ჩამოსკუპულიყვნენ, - მანდ რას აკეთებთო,-  გაუკვირდა, - ჩიტები ხომ არ გგონიათო თავი, - აკაციის ყვავილებს ვჭამთო, -  გამოტყდნენ გოგონები. -  დედამ ხიდან ფრთხილად ჩამოიყვანა, ბევრი იცინა კიდეც, ეგ ვინღამ გასწავლათო, სკოლაში ბავშვებმა გვითხრეს, ამ თეთრი ყვავილების ჭამა შეიძლება და ჩვენც პირი ჩავიგემრიელეთო. -  სკოლაში რომ დაგაგვიანდათ და გეძებენ, ეგ თუ იცითო, -  უთხრა დედამ, - ახლა კი შეშფოთდნენ მაია და ია, სკოლაში დაგვიანება ნამდვილად არ უნდოდათ, შეწუხდნენ. ამ დროს ძია ვანო და ბატონი ელგუჯაც გამოჩნდნენ, გოგონების  დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ, - ცოცხლები და საღსალამათები არიანო, - სიხარულით ჩაიბარეს ბავშვები და სკოლაში ზარ-ზეიმით მიიყვანეს, მთელი სკოლა ტაშით შეეგება მოსულებს, მაგრამ მაია მას მერე მიხვდა, რომ დრო უნდა აკონტროლოს, ყველა წუთს დიდი ფასი აქვს, რომ არსად არასოდეს არ უნდა დაგაგვიანდეს, იამ კი ეს გაკვეთილი კიდევ დიდხანს ვერ დაისწავლა, ყოველთვის ყველგან აგვიანდებოდა, ის კი არადა, დედა ხშირად ეუბნებოდა, - გოგო ია, სახლში ხანძარი რომ გაჩნდეს, იმდენი ხანი დაუთმობ ჩაცმა-დახურვას და მზადებას, სახლიდან გასვლას ვერ მოასწრებო. - ნეტავ, ახლა, როცა უკვე დიდია, თუ აკონტროლებს დროს!?

Sunday, March 22, 2020

მზე და სოფო (საბავშვო მოთხრობა)

  სოფოს დედა მოენატრა, მართალია, დიდი ხანი არაა, რაც სახლიდან გავიდა, მაღაზიაში კანფეტები უნდა უყიდოს, მაგრამ უკვე მოენატრა, ისიც ინანა, რატომ ავტეხე ამბავი, კანფეტები მინდაო, რომ არა მისი  დაჟინებული მოთხოვნა, დედა ახლა გვერდზე ეყოლებოდა, სამზარეულოში იფუსფუსებდა, ერთად გამოაცხობდნენ ნამცხვრებს... მართალია, თვითონ პატარაა, მაგრამ დედა ცომის მოზელის უფლებასაც კი აძლევს, ჯერ კოვზით თქვეფს კვერცხს და შაქარს, მერე დედა ცოტ-ცოტა ფქვილს უმატებს ჯამში, მერე რომ გასქელდება ცომი, დიდ ხის დაფაზე გადმოუღებს, სოფოც უტყაპუნებს ხელებს, უხარია, კარგად ერთობა ხოლმე ამ საქმით. ახლა კი შევიდა სამზარეულოში, მოწყენით გადახედა იქაურობას. მზე იხედებოდა ფანჯარაში, მისი შუქი ნიჟარას დასცემოდა და ყურადღებას იქცევდა. გოგონას გაეღიმა, რაღაცა აზრი მოუვიდა თავში, დედას გავახარებო. ნიჟარას, რომელშიც გასარეცხი ჭურჭელი ელაგა, ვერ სწვდებოდა, სკამი მიადგა, ზედ აძვრა, ჩაიხედა, საკმაოდ ბევრი ეწყო შიგნით: ჭიქა, ფინჯანი, თეფში, ლამბაქი, დილით ხომ ერთად ისაუზმა ოჯახმა, მერე ყველამ თავის საქმეს მიაშურა. გოგონამ ონკანი მოუშვა და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა, ლანგარზე გადმოიღო გარეცხილები, მერე ჩაის ტილო აიღო და გაამშრალა, ისე გულმოდგინედ აკეთებდა ყველაფერს, თვითონაც გაუკვირდა, მაგრამ დედას გახარება ხომ უნდოდა?! ჭიქებმა ბრწყინვაც კი დაიწყეს. სოფო კმაყოფილი ჩამოძვრა სკამიდან, დედას კარებთან დახვდა და ახალშემოსულს ჩაეხუტა, იმან კანფეტების პარკი გაუწოდა და სამზარეულოში შევიდა, ახალნაყიდი პურები რომ ამოეწყო ჩანთიდან და საპურეში ჩაელაგებინა, უცებ ახალგარეცხილი და გამშრალებული ჭურჭელის ბზინვარებამ მოჭრა თვალი, მზე ფანჯარაში იჭყიტებოდა და დედას თვალებს უპაჭუნებდა, - ნახე, რა გოგო გყავსო,  - ქალმა გაოცებულმა გადახედა სოფოს, - შენ გარეცხეო, - ჰკითხა, მერე,  - აბა, ვინ გარეცხავდაო, - თქვა.  გოგონა ხელში აიყვანა და მადლობის ნიშნად ორივე ლოყაზე სამ-სამჯერ აკოცა, -  უკვე დიდი გოგო ხარო, -  მოეფერა თავზე და იატაკზე ჩამოსვა. კმაყოფილი სოფო ფანჯარასთან მივიდა, მზეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, შენ რომ არა, ჭურჭლის ბზინვარებას ვინ დაინახავდაო, ტუჩებზე მიიფარა პატარა ხელი და კოცნა გაუგზავნა მნათობს.

სადღაც შორიდან... (ერთსტროფიანი)

სადღაც შორიდან ან სადღაც ახლოს
მგლების ყმუილი აყრუებს ახორს,
ამოერთმევა შიშისგან სული,
ვერ გადავკიდებ ჩემს შავრას ხურჯინს.

და იდგა მარტი... (ერთსტროფიანი)

და იდგა მარტი, ვით სეფე-ქალი,
ხანდახან ლამაზს ესხმოდა თავბრუ,
ხან ყვავილების ერტყმოდა რკალი,
ხან ფიფქთა ჯარი უწყობდა აღლუმს.

ტკივილში მაინც მარტო ხარ (ერთსტროფიანი)

გრძნობ, რომ ტკივილში მაინც მარტო ხარ,
ხალხი გაგრიყავს, როგორც მათხოვარს,
სულში დარჩენილ ეჭვების მსტოვარს
ისევ ტკივილის ნაფლეთი მოაქვს.

Thursday, March 19, 2020

სურვილის ქონაც სირცხვილია (ერთსტროფიანი)

გულში გახსნილი იარები დროდადრო მეწვის,
სურვილის ქონაც სირცხვილია, მე ასე მჯერა,
როცა სამყარო გახვეულა თალხსა და ცეცხლში
და თვით სატანა ატრიალებს სიკვდილის ცელსაც.



სახლში ვიხრჩობით (ერთსტროფიანი)

სახლში ვიხრჩობით უჰაერობით
და ქრიზანთემის ვერ ვგრძნობთ ოხშივარს,
გადმოაწვიმე შვების ცრემლები,
ღმერთო, მოგვგვარე ლხინი მოტირალთ.

მონატრება (სიმღერა კორონა ვირუსზე) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

მომენატრა სეირნობა,
მხარზე ხელის გადახვევა
და  ქართული პაჩი-პუჩით
სიყვარულის გამოვლენა,
ავტობუსში ერთად დგომა,
მხრის გაკვრა და გატარება.
სამარშრუტო ტაქსში ჯდომა,
დიმპიტაურის მოსმენა.
მისამღერი:
აღარ მინდა მე სამყარო
ცივი, მტრული, არეული,
დამიბრუნეთ საქართველო
თბილი, ბადაგგარეული.
(2-ჯერ)
მენატრება გარეთ გავლა,
გაპრანჭვა და გალაღება,
მეგობრებში მუსაიფი,
სავსე სუფრის გადაფენა.
გულს მიმღვრევდა პარლამენტში
დეპუტათა თავნებობა,
ახლა ყველა მომენატრა,
რა ყოფილა ეს კორონა.
მისამღერი:
აღარ მინდა მე სამყარო
ცივი, მტრული, არეული,
დამიბრუნეთ საქართველო
თბილი, ტკბილი, მეგობრული..
(2-ჯერ)
არ მეგონა თუ ვირუსი
ასეთ დიდ ჭირს დაგვმართებდა,
მოგვატყუა თავის ჭკუით
და დარდები შეგვახსენა.
მაგრამ ჩვენ ვერ დაგვამარცხებს,
ღმერთს ვადიდებთ ყოველ დილით,
სიყვარულის სიმღერები
გულში სალბუნივით გვივლის.
მისამღერი:
აღარ მინდა მე სამყარო
ცივი, მტრული, არეული,
დამიბრუნეთ საქართველო
თბილი, ბადაგგარეული.
(2-ჯერ)


Wednesday, March 18, 2020

ჩვენ მედეას შვილები ვართ, კორონა ვირუსი, კოვიტ 19 -ზე (სახუმარო)


მოგვწყენია სახლში ჯდომა,
კორონამ კი დაგვასვენა,
მოგვატყუა თავის ჭკუით
და სამშობლო გაგვახსენა.
სხვა დარდები წამოვიდა,
ვდიალოგობთ ინტერნეტით,
გზაზე კაცი თუ შეგვხვდება,
გიჟებივით ვეფეთებით.
არ გვეგონა თუ კორონა ასეთ
დიდ ჭირს დაგვმართებდა,
ავტობუსში ერთად დგომას,
მხრის გაკვრას თუ გვანატრებდა.
გულს მიმღვრევდა პარლამენტში
დეპუტატთა მუშტი-კრივი,
სახეს პოლიტიკოსების
არ ვუცქერდი დიდი რიდით.
დღეს ეკრანზე თავს იწონებს
ექიმების მთელი რიგი,
მომენატრა პოლიტიკა,
ისევ მუშტი-კრივის რინგი.
ეკრანებზე შევცქერივართ
კარანტინის წესის დამრღვევთ,
შსს-ს და სხვა მინისტრნი
დარღვევათა სიას ავლენს.
მისამღერი:
აღარ მინდა მე სამყარო
ცივი, მტრული, არეული,
დამიბრუნეთ საქართველო
თბილი, ბადაგგარეული,
იმ ქართული პაჩი-პუჩით,
მხარზე ხელის გადახვევით,
გზებზე სუფრის გადაფენით,
ღვთის რწმენით და აღმაფრენით.

მართალია, ამ ვირუსმა
უფრო გაგვაერთიანა,
ერთმანეთზე მზრუნველობით
სიკვდილს ვეტყვით მალე: "არას".
ჩვენს ექიმებს ვენაცვალე,
მუდამ დგანან ხალხის გვერდით,
ახლაც, როცა ჩვენს ერს უჭირს,
შრომა გახდა ათასკეცი.
პოლიციაც დაიღალა
დამრღვევების უკან დევნით,
კარანტინში თუ ხარ, ძმაო,
სახლში იყავ, ჩვენ რას გვერჩი?!

მთელი ერი ერთადა ვართ,
როგორც მუშტი,  დღეს შეკრული,
უცხოეთში მყოფებს, ყველას,
სამშობლოსკენ გვიწევს გული.
დავლოცავთ ჩვენს ლამაზ მამულს,
ვენახს, ვარდის ფანჩატურებს,
კორონა ვერ დაგვამარცხებს,
ვფიქრობ, ამას ვიმსახურებთ,
მალე ვირუსს წესს ავუგებთ,
მედიკებმა დადეს ფიცი,
ჩვენც მედეას შვილები ვართ,
აიეტის ქალიშვილის,
ღმერთი ქართველს გადაარჩენს,
არ გაწირავს, ნაღდად ვიცი/

თუ არ გვიმტრეს, ჩვენ არა ვმტრობთ,
მეგობრობის ფასიც ვიცით,
ვირუსმა თუ არ გვიმუხთლა,
ძმა-ბიჭობის დავდოთ ფიცი.

მალე ვირუსს წესს ავუგებთ,
მედიკებმა დადეს ფიცი,
ჩვენც მედეას შვილები ვართ,
აიეტის ქალიშვილის,
აიეტიც ძეა ღმერთის,
ჰელიოსის, მისი შვილი,
ჩვენც მზის შვილნი გვქვია ოდეს,
მზეს ვადიდებთ ყოველ დილით.
ამიტომაც ღმერთს ვუყვარვართ,
გვიყვარს ყველა - მისი ქმნილი,
ღმერთი ქართველს გადაარჩენს,
არ გაგვწირავს ფარსაგ მზის შვილთ.










Tuesday, March 17, 2020

სიმღერა (ერთსტროფიანი)

სიმღერაა, ჩვენ რომ მუდამ გვამშვიდებს,
ნიჭისა და სიყვარულის მეტობა,
ეს სამყარო ჩაძირვას თუ აპირებს,
რომ გადავრჩეთ, ეს მხნეობაც გვეყოფა.

სხვასთან ვალში ქართველი არ დარჩება, მეგობრების გადაიხდის დღეობას, ვირუსთანაც გამოვნახავთ ძმა-ბიჭებს, მედიცინა, მედეას შვილთ გვენდობა

შიში უცხო ვირუსის (ერთსტროფიანი)

თეთრმა ცამ და თეთრმა თოოვლმა მიწაზე,
მოახურა მთელ ერს თეთრი დოლბანდი,
აღარა მაქვს შიში უცხო ვირუსის,
დამარცხდება დღეს ან ხვალე დილამდის.

Monday, March 16, 2020

ერი ხიბლშია (ერთსტროფიანი)

ერი ხიბლშია,
ყველას თავი ჰგონია მავრი,
უფლებას ფლობენ,
დეზდემონა დაახრჩონ ბაწრით.

სიზმარი (ჩანაწერი)

  დღეს 16 მარტია, ღამით ასეთი სიზმარი ვნახე, ვითომ მოვედი სახლში და შესასვლელი კარი დაზიანებული დამხვდა, თურმე ქურდებს სახლში შემოსვლა ნდომებიათ ღამით და კარის საკეტზე უმუშავიათ, რკინაზე ნაკერივით იყო დარჩენილი ხაზი, შემდუღებლით, ე. წ. "სვარკას" რომ ეძახიან, იმით გაესვათ,  გაოცებული ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე და ღამით ქურდების შემოსვლა როგორ ვერავინ გაიგო-მეთქი, ოჯახის წევრებზე მქონდა საუბარი. საყვედური ვუთხარი ლევანს, კომპიუტერზე ვთამაშობდიო, ავთომ - ნასვამი ვიყავი და ტკბილად მეძინაო, მე და სოფოსაც გვეძინა, ისე რომ ვერაფერი გავიგეთ, დათოც უყურებდა კარებს, ჩემდა გასაკვირად, საყვედური არ უთქვამს და არ გაულანძღივართ, არა უშავს, კარების ხელოსანს მოვიყვან, შეაკეთებსო, ისე ჩვეულებრივ პრობლემა არ ჰქონდა, როგორც მახსოვს. ქურდები შემოსულიყვნენ, მაგრამ წაღება ვერაფრის მოესწროთ, ინსტრუმენტებიც კი გაერეცხათ ჩვენს პირსაბანზე, ჩვენ კი ვერაფერი გავიგეთ. მერე რატომღაც ჩვენი საშრობის კარს გავხედე (საშრობი სადარბაზოშია), რომელიც ჩამოხსნილი დამხვდა, ადგილზე აღარ იყო, ფარდა იყო ჩამოფარებული, შიგნით ყველაფერი მოწესრიგებული მოჩანდა, თაროებზე ლამაზად დაწყობილი, კარები სხვა ადგილზე იყო ჩამოკიდებული, გავიფიქრე, ისევ თავის ადგილზე გადავიტან-მეთქი. სადარბაზოში რაღაც არეულობა მოჩანდა.
   ამ სიზმრის ნახვა საშინლად არ მესიამოვნა, კარგს არ უნდა მოასწავებდეს, რაღაც უსიამოვნებასთან ან ავადმყოფობასთან არ იყოს დაკავშირებული, წყალს გავატანე, მაგრამ ვნახოთ... იმედია, კარგად ამიხდება და რამე საშინელებას გადავრჩები, ქურდებმა ხომ არაფერი წაიღეს, თუმცა რკინის კარი დააზიანეს, რომლის შეკეთებაც შეიძლებოდა.
     გუშინ, 15 მარტსაც საგულისხმო სიზმარი ვნახე. სამზარეულოში ვიდექი, ჩემი დები შემოვიდნენ, ია და მედეა. თავიდან არ მივაქციე ყურადრება, მერე გამახსენდა, მედეა ხომ მკვდარი იყო, ცოცხალი ყოფილა-მეთქი, ენით აუწერელმა სიხარულმა შემიპყრო, იას ვუთხარი, ხედავ, ცოცხალი არის, იამ - გეჩვენებაო, მე კი ცხადად ვხედავდი, რომ ცოცხალი იყო, კარგად გამოიყურებოდა, კარგად ეცვა, ხელებს ვკიდებდი მხრებზე, ხელებზე, ვამოწმებდი, ნამდვილად ცოცხალია თუ არა, ვგრძნობდი, რომ ცოცხალი იყო. ჩემს ოთახში შემოვიდა და საწოლზე დაჯდა, სათვალეები ეკეთა, ძალიან ძვირფასი და ლამაზი, მომეჩვენა, შუბლი ჩალურჯებულ-ჩაშავებული ჰქონდა მარჯვენა მხარეს, მარცხნივ - ნაკლებად ( გავიფიქრე კიდეც, ამან ხომ მარცხენა მხარე მიარტყა), რა გაქვს შუბლზე, ვკითხე, არაფერია, გეჩვენება, სათვალის ჩრდილიაო და სათვალე მოიხსნა, თითქოს დავწყნარდი, მაგრამ გულში ნალექი დამრჩა, მისი სახე და თვალები არ მახსოვს, გონებით ველაპარაკებოდი. იმ ღამით სოფიომ ფსალმუნების კითხვა მოათავა, ნეტავ, იმიტომ ხომ არ დამესიზმრა?! ბედნიერმა გავიღვიძე, ჩემი და ცოცხალი იყო.
  დღეს სიზმარი რომ მოვუყევი, მითხრა, წინა დღეებში, დაახლოებით, სამი დღის წინ, მეც ვნახე, საშრობს და გვერდზე ოთახს, მასაც ნივთების შესანახად ვიყენებთ, ისიც სადარბაზოშია, ბოქლომები არ ჰქონდათო. ძალიან საინტერესო სიზმრებია, რაღაცას გვაფრთხილებს.

 

 

Sunday, March 15, 2020

დაე! (ერთსტროფიანი)

დავწვები მზესთან,
დაე, დილით
მიპოვონ მკვდარი!

თამარ შაიშმელაშვილს!

შავი გიშერი ქვაა ქართული,
ავი თვალისგან თოთო ბავშვს იცავს,
ისე თამარი, ხელმოკალმული,
აჯეჯილებულს იფარავს მიწას,
სიკეთის მარცვალს, თავთავებს ნორჩებს
ზეცისკენ იწვევს, სულს აძლევს  წმინდას,
სუფთა გულით და ირმის თვალებით
მას პოეზიის თემიდა ჰქვია.




ტბეთს თურქეთში (ერთსტროფიანი)

ჯერ ვერ შევიხსნი რკინის ავჟანდებს,
თუმც უსასრულო გზებზე მატარებს,
იქნებ მასტუმროს შავშეთს ნაშალ ტბეთს,
ჯვარ-გუმბათოვან იმის დარბაზებს.

გამოფხიზლება (ერთსტროფიანი)

გამოფხიზლებამ ათეული დღეების მერე,
ჭინჭრით დამსუსხა, ვერ ვიშორებ შუბლიდან წვეთებს
სიმწრის, ტკივილის, გამთანგავი უილაჯობის,
ნაწილ-ნაწილად რომ ვიშლები, ვხედავ, ქვა მჯობნის.

Friday, March 13, 2020

ჩემს დას, მედეას!

შენს ფაქიზ სულში
ჩაიხედა, ალბათ, ვერავინ,
ვერვინ ამოხსნა ქორონიკონი,
ტყუილადა წყვეტდნენ სიმებს გიტარის,
შენს ფაქიზ სულში
ჩაიხედა, ალბათ, ვერავინ.



Thursday, March 12, 2020

ბიოგრაფია საბავშვო წიგნისთვის "სახალისო ანაბანა"

  ქართველი საბავშვო მწერალი და პოეტი  მაია დიაკონიძე  დაიბადა ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს. გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში. ის განათლებით ეკონომისტი, პედაგოგია. წლების მანძილზე  მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, მიმომხილველად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არის ოცამდე სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, მათ შორისაა, საბავშვო პროზა "ბუკნაჭო". "სახალისო ანაბანა" უკვე მისი მესამე საბავშვო წიგნია.
    "ბავშვის თვალებით მზე გვიყურებს", ხშირად იმეორებს ავტორი და ამ წიგნში მოთავსებული ლექსებით, გამოცანებით, ზღაპრებით თუ პიესებით ცდილობს მზის სხივები კიდევ უფრო  კაშკაშა და ელვარე გახადოს.

Wednesday, March 11, 2020

მე ვერ გამტეხავს (ერთსტროფიანი)

მე ვერ გამტეხავს გრიგალის ქროლვა,
კლდე და ლოდი ვარ, იმედი დიდი,
რომ გაზაფხული ისევე მოვა,
გაიფანტება ნელ-ნელა ბინდი.

მოსჯილი მაქვს განგებით (ერთსტროფიანი)

ჩემთვის აღარც შოპენია, აღარც ცელქი მოცარტი,
სალიერის რექვიემის სმენა სულ მე მომანდეს,
- შენთვის, - მითხრეს,- ზედმეტია ტკბილხმოვანი ჰანგები,
რომ ჩაიხრჩო დიდ ნაღველში, მოსჯილი გაქვს განგებით.

მედეას!

უშენოდ ყოფნა არასდროს მსურდა,
მე მაპატიე, თუ ვერ გითხარი,
შემოიპარა სიკვდილი ქურდად,
ჩამომაფარა თვალზე ტიხარი...
სხივებში შენი დანახვა მსურდა,
ძაძით მოსილმა ვეღარ გიცანი,
ღრუბლიან ზეცას გავყვები უბრად,
გულს დასობილი შავი ისარით.

Tuesday, March 10, 2020

ეს ცხოვრება (ერთსტროფიანი)

ოჰ, ეს ცხოვრება
სასტიკია,
ვითარცა მგელი,
ჩასაფრებულა,
გამოგღადროს
უეცრად ყელი.

სასტიკი არის ეს ცხოვრება

სასტიკი არის ეს ცხოვრება,
ვერაგი, ფლიდი,
ჩასაფრებული გიღიმის და
ვითომ აქვს რიდი.
სიკვდილთან არ ჭრის არც ხვეწნა,
არც კარგი კაცობა,
წამს მიგახვედრებს,
რომ ყოფილხარ არარაობა.

Monday, March 9, 2020

სიცარიელე (ერთსტროფიანი)

სიცარიელეს ტანში გამჯდარს,  
დღეს რომ მცემს თავზარს,
ვეღარ ვერევი, საბრძოლველად 
ავისხამ აბჯარს,
შევიფოთლები გაზაფხულის 
ხესავით ლექსით
და მთის ფერდობზე ავაკვნესებ 
სალამურს მწყემსის.
მაია დიაკონიძე
9.03. 2015 წელი
.



Sunday, March 8, 2020

Лгали, клялись все на свете (автор Майа Диаконидзе)

Лгали, клялись все на свете,
Хуже, не помог мне бог,
И не к чему мое уменье,
Писать стихи, слогать все в слог.
             (автор Майа Диаконидзе)

Даже если врут все вместе, Все изменит только Бог, Пережить плохие вести, Лишь Всевишний мне помог
(автор Ия Диаконидзе)

სიკვდილი (ერთსტროფიანი)

კაცი ბჭობს, სახავს იმედებს ახალს,
მოვა სიკვდილი, ყველაფერს მარხავს.

აკეთე კარგი (ერთსტროფიანი)

აკეთე კარგი, სხვის გაკილვას ნურასდროს ცდილობ,
ერთხელ შენც ვიღაც გაგაშავებს, თუმცა კი ფრთხილობ,
ცხოვრება ჩვენი სასტიკია, არავის ინდობს.

Saturday, March 7, 2020

სულის ჩითილები (ერთსტროფიანი)

სულის ჩითილებს 
ვსხამ ხის ქოთნებში,
რომ გაიზარდონ, 
ვშველი ლოცვებით.

ვერ ვასწრებთ... (ერთსტროფიანი)

ვერ ვასწრებთ იმას, რაც რომ უნდა გვეკეთებინა,
მადლი გვეთესა, სანთლის შუქი ყველგან გვეფინა,
სამაგიეროდ, ხშირად ვიცლით, სხვაზე ვთქვათ ცუდი,
სულს ეშმაკს მივცემთ, მოვისმინოთ სიცრუე გუდით.


Friday, March 6, 2020

სწორედ იმ წუთას (ერთსტოფიანი)

სულს რომ მოითქვამ,
შენთვის ლაღობ,
ნეტარებ ფიქრით,
სწორედ იმ წუთას,
შეიძლება,
წაგემტვრეს "დინგი".

Thursday, March 5, 2020

მედეას მისტიკური წასვლა ამ ქვეყნიდან

   მისტიკური იყო ჩემი დის წასვლა ამ ქვეყნიდან: დედა გარდაიცვალა შაბათ დღეს, 2019 წლის 7 დეკემბერს, ამ დღიდან ზუსტად 77-ე დღეს ანუ 11 კვირის (7x11) შემდეგ გარდაიცვალა მედეა 22.02.2020 წელს, ისიც შაბათს, მიცვალებულთა ხსენების  დღეს. ცნობილი ბულგარელი წინასწარმეტყველი გვაფრთხილებდა, გეშინოდეთ ხუთი ორიანისო. ბევრი ასტროლოგის აზრით ეს დღე - 22.02.2020 ძალიან საშიშია, რადგან ადამიანი ბედის დერეფანში გადის, შეიძლება სიკვდილი და ნგრევაც მოჰყვეს, ამ დღეს კეთილი და ბოროტი ძალები ერკინებიან ერთმანეთს. მედეას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე კი - 1 აპრილი, მისი მეუღლის, ზურა ჩიკვაიძის გარდაცვალების დღეს ემთხვევა, იქ შეერთდებიან, ალბათ,  მათი სულები. ზურა 2004 წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა, 16 წლის წინ, 2004.01.04, ამ ციფრებს თუ შევაჯამებთ, მივიღებთ 11-ს, 16 -ს თუ შევაჯამებთ, 7-ს, გამოდის 11x7, ასევე მედიკოს დაბადების დღის - 28.07.1965 და ზურას დაბადების დღის 1961.8.03 რიცხვებს თუ შევაჯამებთ, გამოდის ისევ და ისევ 11. ასეთი საოცარი დამთხვევები, ალბათ, იშვიათია. ბევრი ჩვენგანი, რა თქმა უნდა, ასტროლოგიას და ნუმეროლოგიას არ აღიარებს, მაგრამ თვით დიდი მათემატიკოსი - პითაგორა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ციფრებს ადამიანის ცხოვრებაში.
    მედეას გარდაცვალების წინა დღეს ჩემს სახლში მაკარონის მოსახარშად წყალი დავდგი, ადუღდა, შევხედე წითელი იყო, თითქოს სისხლი შერეოდა, სისხლი თუხთუხებდა ქვაბში, საშინლად შევშინდი და გავიფიქრე, რამე უბედურება არ დამემართოს-მეთქი, მაგრამ  გადავიყარე ცუდი აზრები, თავი დავიმშვიდე, ალბათ, რამე საღებავი თუ მოხვდა წყალში, მაკარონისთვის სხვა წყალი დავდგი. იმ ღამით ჩემმა დამ - იამ ნახა სიზმარი, დედა მეკითხებოდა, პატარა მიწის ნაკვეთი გვჭირდება და თუ იყიდეთო, მომიყვა, ისევ შევშინდი, ვუთხარი, ძალიან ცუდი სიზმარია, ვინმე მოკვდება-მეთქი, რამდენიმე საათში აგვიხდა, ჩვენი მედიკო გარდაცვლილი ვიპოვეთ.
   დედას საქართველოში დასაფლავებიდან ზუსტად ორ კვირაში გარდაიცვალა მედეა. დედას დასაფლავების ღამეს ჩემმა ქალიშვილმა სოფომ სიზმარში ბებია ნახა, ხიდზე გადავედი და ერთ ოთახში შევედი, სადაც ლიდა ბებია იყო, კარგად გამოიყურებოდა, სადღაც შუახნის იქნებოდა, მოვეფერე, მოვესიყვარულე, ლოყაზეც ვაკოცე, დედა ძალიან დარდობს თქვენზე, ძალიან ეშინია, კიდევ ავად არ გახდეთ, ვუთხარიო. როცა სოფომ ეს სიზმარი მომიყვა, არ მესიამოვნა, მიცვალებულს რომ აკოცა არ მომეწონა და არც ის, რომ უთხრა, დედას ეშინია, კიდევ ერთხელ ავად არ გახდეთო. მაშინ სოფომ დამალა, ბებია მედიკოსაც მიამსგავსა თურმე, მაგრამ არ თქვა, იფიქრა, მედიკო ხომ ისედაც ჰგავს დედამისსო, ასე თუ ისე, დღეს მედიკო ცოცხალი აღარ მყავს, წინასწარ მინიშნებებსაც გვიგზავნიდა უფალი, მაგრამ ადამიანი ბრმა და ყრუა, თითქოს რაღაცა ძალა ბოჭავს, რომ არ იმოქმედოს და თავისი გასაკეთებელი ვერ გააკეთოს. მეც ვერ მივხვდი, საიდან მელოდა უბედურება.
    საშინელი ტრაგედიაა, როდესაც საღ-სალამათი ადამიანი გამოგეცლება ხელიდან, მოულოდნელად, ამაზე რომ სულ რომ არ ფიქრობ. წელს 28 ივლისს 55 წელი შეუსრულდებოდა ჩემს დას. ასეთი სათნო და კეთილი ადამიანი იშვიათად შემხვედრია დედამიწაზე, ყველას ყველაფერს პატიობდა, რაც გინდა გეწყენინებინა, ღმერთი განსჯისო, იტყოდა. მის გულკეთილობას ხომ საზღვარი არ ჰქონდა. სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა, ზეციურ ანგელოზად მოევლინოს ყველა ახლობელს...
 
 

Wednesday, March 4, 2020

რა მოვიტანე?! (ერთსტროფიანი)

დამედო გულზე სიცივის დამღა
და ნაჭდევები მტკივა ძალიან,
რა მოვიტანე, ნეტავ, ამ ქალაქს
ან რას წავიღებ, საკითხავია?!

ვდნებით სანთლებად (ერთსტროფიანი)

ვდნებით სანთლებად და მივიწევთ ნელ-ნელა ცისკენ,
სანთელი ზოგი დიდია და ზოგი კი მცირე,
ღმერთთან შეხვედრაც ზოგს ადრე და ზოგს გვიან გვიწევს.

Sunday, March 1, 2020

გიყვარდით, ნეტავ? (ერთსტროფიანი)

გიყვარდით, ნეტავ?!
თუ ვერ გრძნობდით
ჩემს დიდ ტკივილებს
და ახლა მაინც
გულიანად თუ დამიტირებთ.
.


გარდაცვლილ დას! (ერთსტროფიანი)

გიყვარდით, ნეტავ,
ახლა ვფიქრობ,
ალბათ, რომ არა,
საყვარელ და-ძმებს
გამოგვისვი
კისერში დანა.