Tuesday, October 18, 2016
"ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის და ჩემი თანატოლებისათვის ( ავტ. სოფიო ჭელიძე)
შეყვარებული ვარ? არა, ნამდვილად არა, იმიტომ რომ ჯერ პატარა ვარ, იმიტომ რომ არ ვარ მზად სიყვარულისთვის, იმიტომ რომ კრიტიკული თვალით ვუყურებ ჩემს თანატოლ ბიჭებს და უფროსებსაც, განსჯის საბაბი კი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანმა" მომცა, რომელიც წელს ვისწავლეთ სკოლაში. სულ სხვა თვალით შევხედე ყველას და ყველაფერს და, ნუ გაგიკვირდებათ, ბევრი შეკითხვაც გამიჩნდა. დღეს. როცა გაძლიერდა ურთიერთკავშირი მსოფლიოს ყველა კუთხეს შორის, საკომუნიკაციო საშუალებები დაიხვეწა და გაფართოვდა მათი ხელმისაწვდომობის არეალი, შეიცვალა ჩვენი მენტალიტეტი, როგორი უნდა იყოს ჩვენთვის მიჯნური, ვის უნდა ჰგავდეს იგი, "ვეფხისტყაოსნის" გმირებს, ავთანდილსა და ტარიელს, მიგელ დე სერვანტესის დონ კიხოტს, ქარის წისქვილებთან მეომარ მოხეტიალე რაინდს, დულსინეაზე, არარეალურ ქალზე შეყვარებულს თუ ფიზიკურად ძლიერ, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ რემბოს (გმირს იმავე სახელწოდების კინოფილმიდან), რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე?! პირადად ჩემთვის იდეალური მამაკაცი "ვეფხისტყაოსნის" გმირი ავთანდილია, მშვიდი და გაწონასწორებული, მასში თანაბრად არის შერწყმული გარეგნული და სულიერი სილამაზე, მაგრამ რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ ჩვენ, ქალები, რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ? დღეს ქალისა და მამაკაცის იდეალური წყვილი ასე გამოიყურება: მამაკაცი დაკუნთული სხეულით და ქალი, მშვენიერი მერლინ მონროს მიერ განსახიერებული გმირი, ერთი კინოფილმიდან, მუდამ მომღიმარი და ოდნავ მოსულელო. აქედან გამომდინარე, რა მიზნებს გვისახავს თანამედროვეობა? მე სრულყოფილ ქალთა შორის დავასახელებდი "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟს, წყნარსა და ზრდილ თინათინს, რომელსაც მამის ტახტზე დასაჯდომად თავი არ ეღირსებოდა. იგი თავმდაბლობის და კეთიშობილების ნიმუშია, გამორჩეული სიბრძნით და სილამაზით. ვართ კი ჩვენ ასეთები, ჩვენი თაობის გოგონები? სვირინგებიანი, ლურჯად, ვარდისფრად, მწვანედ თმაშეღებილი, მოკლეკაბიანი, ნახევრადთავგაპარსული, უწმაწური სიტყვებით მოლაპარაკე მოზარდები, რომლებზეც ბევრი უფროსი ასე ამბობს: პირში თითი თუ ჩაუდე, მოგაჭამსო?! მართალია, ყველა ასეთი არ არის, ზოგი ზრდილიცაა და თავმდაბალიც, მაგრამ მაინც ჩვენი შეხედულებები ბევრად განსხვავდება მეთორმეტე საუკუნეში მცხოვრებთა შეხედულებებისაგან, ამიტომაც მებადება კითხვა: არიან და უნდა იყვნენ თუ არა ჩვენთვის იდეალები "ვეფხვისტყაოსნის" გმირი ქალები: თინათინი, ნესტან-დარეჯანი, ასმათი?!
მიუხედავად ჩვენ შორის დიდი გარეგნული თუ მენტალური განსხვავებებისა, ჩემი აზრით, მაინც ბევრი საერთოა ჩვენ შორის. ჩვენც პატივს ვცემთ მშობლებს, უფროსებს, როგორც თინათინი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, დიდებს ასე არ ჰგონიათ, რადგან სიყვარულს სხვაგვარად გამოვხატავთ. ამავე დროს ერთგულებაც შეგვიძლია, როგორც ასმათს და ალბათ, თავსაც გავწირავთ მეგობრისთვის. თუმცა ჩვენში ნესტან-დარეჯანის მეამბოხე სული უფრო ცხოვრობს, ვიდრე წინ ჩამოთვლილი პერსონაჟებისა, რომელმაც გაილაშქრა უსამართლობის წინააღმდეგ, მას არაფერი ჰკითხეს, ისე ათხოვებდნენ უცნობ უფლისწულზე, ჩვენი იდეალებისთვის ჩვენც დავუპირისპირდებით სამყაროს, ვიბრძოლებთ, წინაღმდეგობას გავუწევთ ყველას და ყველაფერს, თუმცა ჩვენს ასაკში ჯერ არ გვაქვს გაცნობიერებული, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
გვეუბნებიან, უცხოეთისკენ გიჭირავთ თვალები, პატრიოტები არა ხართო. რომ გვქონდეს პატრიოტიზმი და გვიყვარდეს სამშობლო, უნდა ვიცოდეთ, რა არის სამშობლოს სიყვარული და რითი უნდა გამოვხატოთ ის?! რა თქმა უნდა, სკოლაში გვასწავლიან პატრიოტულ ნაწარმოებებს, ლექსებს, მოთხრობებს, ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეული ნესტან-დარეჯანი ტარიელს სთხოვს, დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და მტრისაგან შევიწროებული ინდოეთი გაათავისუფლოს. დღეს სამშობლოსათვის თავგანწირვა თითქოსდა მოდაში არ არის, დღევანდელი სულისკვეთება სულ სხვაა. მაშინ როდესაც თინათინი ავთანდილს მოუწოდებს საყვარელს საგმირო საქმეები უჩვენოს, ჩვენ არც კი ვიცით, რისკენ მოვუწოდოთ საყვარელ ადამიანებს, იმისკენ ხომ არა, რომ წარმატებული ადამიანის კარიერა გაიკეთოს, რაშიც მატერიალური კეთილღეობა იგულისხმება?! მავანი გვეტყვის, რა ვქნათ, ეპოქა მოითხოვს ამასო თუ საზოგადოებამ დაკარგა ის ღირებულებები, რომელზეც დგას"ვეფხისტყაოსანი"?! სამწუხაროა, რომ ჭკვიანი და განათლებული ადამიანები დღეს, ხშირ შემთხვევაში, წარმატებას ვერ აღწევენ, რაც სტიმულს უკარგავს ახალგაზრდებს და ისინი თავის გამოჩენის სხვა გზებს ეძებენ. ამიტომაც წინააღმდეგობაში ვვარდებით და გვებადება კითხვა, რა საქმის კეთებისკენ უნდა მოვუწოდოთ "საყვარლებს"? ეპოქა სხვა არის და ის სხვა გმირობას მოითხოვსო, გაგვიმეორებენ, მაგრამ მახსენდება ილიას სიტყვები, რომ დღეს ხმლის ქნევით კი არ უნდა გამოვიჩინოთ თავი, არამედ ცოდნით და განათლებით. დიახ, შეიძლება დღეს ხმლის ქნევა არ გვჭირდება და ამით ვერც ვერაფერს მივაწევთ, ატომის ეპოქაში, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა პატივი ვცეთ სწავლულებს, მათი ცოდნა გამოვიყენოთ, რათა ქვეყანას დავეხმაროთ, ცხოვრება გავუადვილოთ მშრომელ, მაშვრალ კაცს. მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა-ღირსებას,- უთვამთ ჩვენს დიდ წინაპრებს და ჩვენც, სწორედ ამ ვარსკვლავს უნდა მივდიოთ. აი, რა უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. დიდი შოთა გვასწავლის, იმისთვის ვსწავლობთ, რომ დავემორჩილოთ მსოფლიო წესრიგს და მართალი გზით გავაგრძელოთ ქვეყნად ცხოვრება. "მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ . ცოდნა და განათლება, აი, რა არის ქვეყნის გადარჩენის გზა, იდეალური ქალი და მამაკაცი კი ის არის, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისთვის იბრძვის, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს იგი: ჯარისკაცი თუ მუშა, მეცნიერი თუ მფრინავი, მებაღე თუ მხატვარი, მთავარია, თავისი საქმის ოსტატი იყოს.
"ვეფხისტყაოსანში" მატერიალური კეთილდღეობა მეორე პლანზე დგას, ავთანდილი ყოველგვარი სინანულის გარეშე ტოვებს უთვალავ სიმდიდრესა და ქონებას და მეგობრის დასახმარებლად მიეშურება, მისი გაცემა და ღარიბებისთვის დარიგება კი მისთვის გზაა სამოთხეში მოსახვედრად. ტარიელიც ყოველგვარ პატივზე ამბობს უარს და საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს. ფრიდონი მეფეა, მაგრამ უზომოდ უყვარს ხალხს, რადგან ის თავისი სამეფოს მაცხოვრებელთა კეთილდღეობაზე ზრუნავს, ამიტომაც არის მისი ქვეყანა პატარა, მაგრამ მდიდარი და სავსე. ის თითქოს მომავალი საქართველოს მაკეტია. ასევე თინათინი, არ დაინანებს თავის საუფლისწულო მზითევს და გასცემს უანგარიშოს, ულევს. ერთგულება, სიყვარული, მეგობრობა ვეფხისტყაოსნის გმირებისათვის ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა, სიმდიდრე, დღეს კი, როგორც ვხედავთ, პირიქითაა, და ახალგაზრდა თაობაში კი არ უნდა ვეძებოთ დამნაშავე, როგორც ამას ხალხის გარკვეული ნაწილი ცდილობს, არამედ საზოგადოებაში, რომელმაც სულ სხვა ღირებულებებზე გააკეთა აქცენტი. შოთა რუსთაველმა "ვეფხისტყაოსანში" დაგვიხატა თითქმის იდეალური სამყარო, სადაც პატივს სცემენ უფროსებს, მშობლებს, მეფე ზრუნავს ქვეშევრდომებზე და მათ თავის ტოლად მიიჩნევს, მიუხედავად ქონებრივი და სოციალური უთანასწორობისა, მდიდარი ღარიბებს ეხმარება და ცდილობს მდგომარეობა შეუმსუბუქოს, აგებს ხიდებს, თავშესაფრებს. არ ვიცი, იყო თუ არა მაშინდელ საქართველოში ასეთი ვითარება, მაგრამ ჩანს, რომ ავტორი სწორედ ამ იდეებს უქადაგებდა თანამედროვეებს და მომავალ თაობებსაც, იდეებს, რომლებსაც ფრანგი განმანათლებლები დიდრო, ვოლტერი ევროპაში მხოლოდ მე-18 საუკუნეში ქადაგებდნენ და ავრცელებდნენ, პიროვნული თავისუფლების, თანასწორობის შესახებ. ამიტომ ჩვენ ჩვენი გადარჩენის გზები და ყველა კითხვაზე პასუხი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" უნდა ვეძებოთ. სწორედ მასში ვხედავთ, როგორ უხვად დასაჩუქრდება ასმათი ერთგულებისა და თავგანწირვისათვის, მას ინდოეთის ერთ-ერთი სამეფო უბოძეს, ამით ავტორმა გვანახა, რომ კეთილი საქმეები არ უნდა რჩებოდეს დაუნახავი და დაუფასებელი, რათა სხვებმაც მიბაძონ მათ.
ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, რომელიც მე-20 და 21-ე საუკუნეებში მთელი მსოფლიოსთვის ყბადაღებული თემაა, "ვეფხისტყაოსანში" პრობლემტურიც კი არ არის, რადგან "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია." ქალი ისეთივე პატივცემულია, როგორც მამაკაცი, მას შესტრფიან, კრძალვითა და რიდით ექცევიან, მისთვის თავს წირავენ. ასეთ სიყვარულს დღეს იშვიათად თუ შეხვდები, ჩვენ კი სწორედ ასეთ სამყაროში გვინდა ცხოვრება და მისკენ უნდა ვისწრაფოდეთ ყველა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment