Friday, October 7, 2016

ჯიბეებში უსტვენს ქარი

გათანგულმა ვწიე თუნგი,
მხრებიც ვიღრძე, ხერხემალიც,
ამ ცხოვრებას რა ვუთხარი,
შემდგომია ზურგში ქარი.
კვნესით თავსაც ვერ ვუშველე,
შევაწუხე ირგვლივ ხალხიც,
ზოგს თავისი გაჭირვება
ქედზე აწევს, როგორც ბარგი.
აღარ მჯერა, გამდიდრებულთ
შერჩენოდეთ სხვისი დარდი,
ჩემს გარშემო ვერვის ვხედავ,
დაეხმაროს მშიერს, გაფცქვნილს.
ზოგმა აქეთ მომაწოდა
ხელი, ჩადე რამე ვარგი,
"ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა",
დავრჩი ქვეყნად უმწე ბარტყი.
ვხედავ ბევრმა გაიკეთა
სადგომი და ეზო-ყურე,
- ფუჰ, სად ცხოვრობ,
რას ჰგავს სახლი,
ჩვენ როგორ ვართ,
ვერ გვიყურებ?!
- მომაძახეს, თან დამცინეს,
-სხვა შოულობს, თქვენ კი გძინვენ?!
- ბანკის ვალში გახვეულებს,
დაგვიამებს ვინმე წყლულებს?!
ხელში შემრჩა ოწინარი,
ჯიბეებში უსტვენს ქარი.



No comments:

Post a Comment