Thursday, May 30, 2013

საით მიდიხარ, წარსულო?


საით მიდიხარ, წარსულო,
რატომ ალესე ხმალი?
მე შენთვის დავკრეფ ყვავილებს,
შენ ჩამიკარი თვალი.
გამართე, გამითამაშე,
ფერებს ავზიდავ მაღლა,
შენ ფუტკრის ნექტარს მომიტან,
მე გადავაქცევ თაფლად.
საით მიდიხარ, წარსულო,
საით გიჭირავს თვალი?
მე ახალ ვარსკვლავს დაგინთებ, -
ქვეყნის მომავლის არის.

Wednesday, May 29, 2013

წყალდიდობა


მოვიდა წვიმა - რუხი მგელი,
წაიღო ბატკანი, აზვირთდა ხელი,
მდინარე მოედო ეზოს და კარსაც
და ნაშრომ-ნაჯაფი ერთ წუთში გაქრა.
გლეხკაცის სახეზე ჭმუნვაა დიდი,
ცხვარი შვილს მისტირის, -"მ ე ე ო"- ისმის,
წავიდა მგელი და გაცვეთილ ფარდას,
ერთი ნახევი - ჭრილობა დარჩა.

Tuesday, May 28, 2013

შვილს!


მე შენთვის მინდა, მოცემულ დღეთა
განზომილების შევაღო კარი
და ყველაფერი სუფთა და წმინდა
შენთვის განკუთვნილ უბის წიგნაკში შევინახო,
იქნებ ოდესმე დაინტერესდე და წაიკითხო...

გოდერძი ჩოხელს!

შენ ანგელოზის ფრთები შეისხი,
ისე გასწიე ფერთა კვდომისგან,
იმ მხარეს, სადაც უსასრულობა
უკვდავებას და გვირგვინს მოგიტანს.
პირობითობის ველში მოხვედრილს
(სხეულთან ბრძოლას ემსხვერპლე ლამის),
გიჭირდა ყოფნა, არყოფნა გსურდა,
ბლომად იგემე ამ ქვეყნის შხამი.
ახლა მზეებთან გაათევ ღამეს,
შენი იები გულში გვყავს მცველად,
შენს დიდ სიყვარულს გაგვინაწილებ, -
ქედნის ღუღუნში ავიდგამთ ენას.
ცეცხლსაც დაგვინთებ შენი გრძნობებით,
კერას გაგვითბობ, გაყინულ გულსაც,
როგორც ფუტკარი, აგროვებ ნექტარს, -
ღმერთკაცებისთვის ამზადებ ნუგბარს.
სამყარო ისევ ტრიალებს, ბრუნავს...
შენ მოფრინდები სევდის მერცხლებით,
რომ წინაპართა საქართველოდან
გვითხრა: - ღრმადაა მუხის ფესვები.
კაცურ-კაცობით, ალალმართლობით,
ფართოდ გაწიე მამულის მხრები,
ახალ თაობებს მიეცი საზრდო,
უბრალო მოკვდავთ შეგვასხი ფრთები.

სიყვარულის ენა (საბავშვო)

სიყვარულის ხიდი გავდეთ
გურიას და იმერს შორის,
ჩემი ბებო გურულია,
იმერლები რძლობას უქებს.
ბაბუ ცელით ყანებს ფერავს,
რწმენით იმკის შრომის ნაყოფს,
მეზობლებსაც უნაწილებს
იმას, რასაც ღმერთი სწყალობს.
ერთი ქვეყნის ორი შვილი
ერთად ხვდება ყოველ დილას,
ღვინით სავსე ჯამით ხელში
ბაბუ ლოცვას გზავნის, ღვთისას.
ბებოს უყვარს იმერეთი,
ყანები და ოდა-კარი,
მზის სხივებით ანთებული,
ვაზის რტოსთან განაყარი.
გურულები მოსწონს პაპას,
რომ ეძებენ სარჩოს ლხენით,
გააოცეს საქართველო
მოსწრებული სიტყვა-ზმებით.
ამერ-იმერს შევიყვარებთ,
ჭალას, მინდორს, სახლს და კერას,
მზე გაგვათბობს სიყვარულით,
მთვარე ჩვენთვის საბანს კერავს.

Sunday, May 26, 2013

ვარსკვლავებს შლიდა ბაირაღებად


იწვა ღამესთან შიშველი ველი
და ვნებით სავსე თვალებს ახელდა,
მთვარე იწვოდა ღრუბლების მიღმა, -
ვარსკვლავებს შლიდა ბაირაღებად.

ავღანეთში დაღუპულებს!


გულზე მეცემა წვიმის წვეთები,
ღრმა ორმოს გათხრის, ტკივილად რჩება,
ცამ დაგვახურა ნაღველის ქუდი,
თითქოს ჩიტებსაც აღარ სურთ ფრენა.
ღრმა მწუხარებით დახრიან თავებს
ალვები, ძირს სცემს მუხის ტოტები,
ქართველ ვაჟკაცებს სამშობლოს მიწა,
გულზე ედებათ, აწევთ ლოდები.
მამლუქობას ჩვენ ვეღარ მოვიშლით,
სისხლში გვაქვს, ტვირთი გავწიოთ უნდა,
რამდენი გმირი, რამდენი მსხვერპლი...
ქართველმა უნდა იტიროს მუდამ...

მზეს ვადიდებდით!


მზეს ვადიდებდით, მთვარეს ცრემლს ვწმენდდით,
ვარწევდით აკვანს, სინაზით, რიდით,
მერე კი სისხლზე, შვილების  სისხლზე,
წითელ ყაყაჩოს ყანებად ვზრდიდით.
მივუყვებოდით ბილიკებს მაღლა,
მუხლებზე ლოცვით ვაგებდით ტაძრებს,
რომ მერე  ნინოს ვაზის ჯვრით ხელში
გადავდგომოდით ცხრათავა ამკლებთ.
ვებრძოლებოდით ბოროტს და ავსულს,
ვწერდით და ვთხზავდით ლეგენდებს, ლექსებს,
რომ მომავალი საქართველოდან
კვლავ გაგვეგონა - "ვგავარო ედემს".

Friday, May 24, 2013

ოთხი მეგობარი და ოთხი ჭიქა ყავა

ოთხი მეგობარი და ოთხი ჭიქა ყავა,
ფანჯრიდან შემოსული სხივი,
რომელიც თვალებში სინათლეს ჩაგიფენს,
თუ უცქერ ცხოვრებას რიდით.
ოთხი მეგობარი და ოთხი ნამცხვრის ნატეხი,
სიტყვები, - სიყვარულის ენა,
შენ თუ არ გამიტან, ის თუ არ გაგიტანს,
ტყუილად ხომ არ იქავებ ენას...
ოთხი მეგობარი და ოთხი ღვთის ანგელოზი,
ცაში რომ გასწავლის ფრენას,
სიხარულის ნაკადი -  დიდობანას თამაშში,
წარსულის ხალიჩას  რომ კემსავთ...

Thursday, May 23, 2013

ჩემს დას, მედეას!


შენი შემართება მაკვირვებდა ყოველთვის,
დარდი და წუხილი შენს გულში კვდებოდა,
ადრე ვინ გნახავდა ესოდენ მოწყენილს, -
შენს ლამაზ სახეზე ღიმილი კრთებოდა.
წყნარი და კეთილი, საოცრად სათუთი,
საოცრად ნაზი და სხვაგვარად ამაყი,
ცხოვრების კბოდეებს უშიშრად დაუხვდი, -
დღედაღამ შრომასა და მძიმე ჯაფაში.
თვალთმაქცობს სამყარო, ზეობენ ბოროტნი...
რას იზამ, ოდითგან, ძვირფასო, ასეა...
ღმერთი არ წაგიხდენს გარჯას და მოლოდინს, -
სიკეთეს ღვთის მადლი გულუხვად დაჰყვება!

Monday, May 13, 2013

ხატებთან შენთვის დავანთებ სანთელს


ხატებთან შენთვის დავანთებ სანთელს,
ლოცვით ჩამოვხსნი ბოროტ სულს ნიღაბს,
რატომ ჩასახლდა სიავე შენში?
მივენდე, ნუთუ, დიდებულ სიზმარს?
მინდა, გაშალო არწივის ფრთები,
შენ კი, მტრედივით მიწას ეკვრები,
მინდა, ტოტები დაისხა მრავლად,
შენ მარტოობის გიდგას ფესვები.
ფიანდაზები გაგეგოს ფეხქვეშ,
გამოვთხოვ უფალს წმინდა ცრემლებით,
საკმევლის სუნით გაბრუებული
შენს ფეხთა მტვერსაც ვეალერსები.


ღამის მოლოდინში


დღემ დაგვიტოვა კაბადონზე წითელი კაბა, -
ვარდისფურცლობას მომაგონებს დაღმასვლა მზისა,
ჩამუქებულა ტყის ნაპირნი, მინდვრები, ველნი,
გაყუჩებულან ჩიტუნები ბუდეში ძილად.
ღამეს ელიან უფსკრულები დაფჩენილ ხახით,
კრუხი წიწილებს თავის ფრთებქვეშ სინაზით კიცხავს,
სოფლის მახლობლად მგლების ხროვა ამზადებს ნადიმს
და ელოდება ცის ტატნობზე შავ აჩრდილს, მფრინავს.
დღის ნათელს ეტრფის კაცის გული, მუდამ მზრუნველი,
ღამით მის სახლშიც მოსვენება დაიდებს ბინას,
მთა მთას გასძახის სიხარულით, აღფრთოვანებით...
საჯიხვეებზე სალაღაბოდ გაიწვევს ნიავს.

Saturday, May 11, 2013

მზეო, ამოდი!


მზეო, ამოდი, მომაგებე დიდება დღისა,
ღამის ლანდებმა მომაბეზრეს საკმაოდ თავი,
ათას ფერებში დამანახე ფურცლობა ვაზის,
იქნებ ჩამოვხსნა ფარისეველ ქვეყანას შავი.
დღეო ნათელო, ბრწყინვალე ხარ, როგორც არასდროს,
ჩემი ოცნების იალქნები მიცურავს ცაზე,
მინდა მათ გავყვე, ჩავიძირო მოგონებებში,
ბავშვობის ნატვრას, გავიზარდო, დაედო ფასი:
ცას მინდა მივწვდე, ნაკვალევი თითების ჩანდეს,
როგორც ღრუბელმა შევიწოვო ქვეყნის ფიქრები,
ჩემი სამშობლოს გული ძგერდეს, ღმერთმა აცოცხლოს,
მშვიდობის ქარით დასეტყვილი, დანანისლები.

Thursday, May 9, 2013

ღიმილს ღიმილი შეაგებე!


ღიმილს ღიმილი შეაგებე,
თვალებს - თვალები,
უანგარიშოდ გაეცი და
ნუ ემალები ცოდვათა მხელას.
გადაიწერე  გულზე პირჯვარი,
ღვთის სასწაულიც
სწორედ ეს არის!

Wednesday, May 8, 2013

ნანა,ნანი, ნანაო(საბავშვო)

ნანა, ნანი, ნანაო,
დედამ პირი მბანაო,
მზე მათბობდა მთელი დღე,
ეხლა მთვარეს ვდარაჯობ.
გავფრინდები კოსმოსში,
ზეცას ხელით მივწვდები,
მიღიმიან ვარსკვლავნი,
თვალს მიკრავენ მინდვრები.
ნანა,  ნანი, ნანაო,
ლურჯ ოცნებებს ვხატავო,
მეფერება ფერია,
ეს ცაც ოქროსფერია,
მიმელულა თვალები,
მესტუმრება ელია...

Tuesday, May 7, 2013

კაცთა ბოროტებამ თავგზა ამიბნია


კვალი ამერია, დარდი მომერია,
კაცთა ბოროტებამ თავგზა ამიბნია...
გველმა ქვაზე დადო შხამის ერთი წვეთი,
იმან ასი წვეთი წყალი გაირია.
კაცმა წყალი შესვა, გველის ენა ესმა,
მერე თავის სიტყვას გესლი გაურია,
გესლი გულს მოედო, მატლად დაეხვია,
მატლმა ასი ჭუპრი სისხლში შეურია.
ენა, გული, სისხლი...  როცა აუგია,
როცა დედის ენა კაცს ვერ  გაუგია,
ეშმაკს სათამაშო კოჭად გაუხდია...
მქშინავ ბოროტებას პირი დაუღია.

Monday, May 6, 2013

ჩემს დარდებს მხოლოდ ვარსკვლავებს თუ გავუზიარებ


მე დავაბიჯებ მარტოსული, პილიგრიმივით,
მინდა ვარსკვლავებს გამოვუტყდე, მკრთალსახიანებს...
არ გაიგონოს კაცის ყურმა, რადგან მაშინვე
გულისთქმას ენა ბოროტებით გაანიავებს.
ზღვას მინდა ვუთხრა ჩემი დარდი, მინდვრებს, ლელიანს...
ნაძვნარს და ველებს, ოქროყანებს, ჩემზე მზრუნველებს,
მეც ხომ ბუნების ნაწილი ვარ, ის თუ გამიგებს, -
ადამიანებს თითქოს გული დაუზიანეს,
უღმერთოების მსხვერპლი არის ჩვენი ქვეყანა, -
პირში გიცინის, პირს უკან კი - გაგაქიაქებს.
მე დავაბიჯებ მარტოსული დედამიწაზე...
ჩემს დარდებს მხოლოდ ვარსკვლავებს თუ გავუზიარებ...

Wednesday, May 1, 2013

აღდგომის დღეს გაცოცხლდება

ქარვასავით ელავს სახე,
მზის სადარი, რა მდიდარი,
აღდგომის დღეს გაცოცხლდება,
მისი დარი არვინ არი.
გმირებს ველით სასახელოს,
დავითს, თამარს, ცოტნეს, ნინოს,
მათი სიბრძნე გადაგვარჩენს,
ყველამ ტკბილად მოვილხინოთ.
სიხარულით გვიძგერს გული,
ახალგაზრდებს გააქვთ ლელო,
ვიცი, მალე გავიმარჯვებთ,
მკვდრეთით აღდგა საქართველო!

აღდგომის მილოცვა

ფერებმა მომტაცეს თვალი, -
აღდგომის აინთო ალი,
ზეცაში აცურდა ცეცხლი,
ქვეყანა სასწაულს ელის.
სინათლე ჩამიდგა თვალში,-
ბოროტმა ვერ ჰპოვა სახლი,
სიკეთე ტრიალებს ირგვლივ,
ერთმანეთს უღიმის ხალხი.
მეც მინდა გავფრინდე ცაში,
მიყვარხარ, - ვეძახო მტერსაც,
აღდგომის უზღვავი მადლით
ედემში გამყოფოთ ღმერთმა.