Tuesday, February 26, 2013

ბებოს

მიდიხარ, მოგდევს შავი აჩრდილი,
სხეულში ტკივილს წყებად ალაგებს,
დრო-ჟამმა უკვე დაგრია ხელი,
მაინც აკვესებ სხივთა ალმასებს.
ნაოჭი ნაოჭს მომატებია,
მაგრამ თვალები სავსე გაქვს შუქით
და საუკუნეს მიტანებული
ბებო შვილიშვილს შვილიშვილს უზრდი.
ნალიას სიმინდს ისევ ამატებ,
უვლი გაღმიდან მოდენილ ხარებს,
და ახლაც ხედავ პაპას ვენახში,
თუმცა მოკითხვას გაატან ქარებს...
უკვდავი სული შენს სხეულს ირგებს, -
უნდა მომძლავრდეს გვარის ფესვები,
ყოველ გაზაფხულს ნუშს შესტრფი ისევ
და სიყვარულში ჩაიფერფლები.

Saturday, February 23, 2013

იალქანს ვგავარ


მთელი ცხოვრება მივათრევ ჩემს გვამს,
შენამდე, ღმერთო, შორია კიდევ...
ხან გონს ვეტრფოდი ფილოსოფოსთა,
ხან ზიარებით ხიდები ვკიდე.
    ჭია-მაიას ფრთებით ვიფრინე,
    ფეხით დავმტვერე პურის თავთავი,
    რომ გაეღვიძა ჩემში სიკეთეს,
    რომ ბოროტების მეკლა სათავე.
მაგრამ ძნელია ეშმაკთან ბრძოლა, -
უფსკრულის პირზე ვიდექი ბევრჯერ,
სული ვტანჯე და ხორცი ვაწამე,
რომ ბეწვის ხიდზე გამევლო შენკენ
      და მოვსულიყავ, ღმერთო, შენამდე,
      შენს თბილ კალთაში ჩამედო თავი,
      ტანთ გადამეცვა რწმენის მანტია,
      ამომეშანთა ცუდი და ავი.
სანთელ-საკმეველს დავანთებ გზაში,
თან გამოვყვები, როგორც თოლია,
ცაში დაკიდულ იალქანს ვგავარ,
ქარის მობერვას რომ აჰყოლია.

Thursday, February 21, 2013

კოცნას მიგზავნის იასამანი


ფანჯრების მიღმა გაზაფხულია,
ჩემს ცივ ოთახში სუფევს ზამთარი,
გაყინულ თითებს ტუჩებთან ვიკრებ,
კოცნას მიგზავნის იასამანი.
დარდებს დილიდან თოკებზე ვკიდებ,
ლოგინს სცილდება სულის მანტია,
სხეულში ფიქრი ძონძივით მიდევს,
მსურს დავამარცხო ეს აპათია...
ფანჯრების მიღმა გაზაფხულია,
ჩემს გულში ისევ ყვავის ზამთარი,
ვუმზერ ვაზაში ჩატეხილ ხიდებს,
კოცნას მიგზავნის იასამანი.

Tuesday, February 19, 2013

იისფერ ყვავილს მიძღვნიდი ხშირად *სიმღერა), მაია სიჭინავამ შეასრულა


ქარს გამოვატან ოცნების ნისლებს,
იქნებ გაიგო, როგორ მწყურიხარ,
მთვარეზე დავდგამ ცისფერ გალიას, -
შიგ ჩაკეტილი ოქროს ჩიტი ვარ.
ღამის სიზმრებსაც მოგიძღვნი, კარგო,
წვიმის წვეთებსაც ავკინძავ მძივად
და ჩამოვკიდებ სოსნის ფურცლებზე, -
იისფერ ყვავილს მიძღვნიდი ხშირად.
მოვქარგავ ვარსკვლავს, დავარქმევ სახელს,
რომლის ხსენებაც დამტანჯავს ძლიერ,
მიტოვებული სახლის კარი ვარ
და ქარის ხმაზე ვჭრიალებ ისევ...

Sunday, February 17, 2013

მოდის სიტყვები...


მოდის სიტყვები ემბაზის სუნით,
ზოგი თქმული და ზოგიც - უთქმელი,
ჭენებით, ფრენით, სიგიჟით, რწმენით,
გულშიჩამწვდომი და აუხსნელი,
გაივლის სისხლში, თითებთან წყდება, -
ასომთავრულის დადგება ჯარი...
და ყველა ასო, ყველა სტრიქონი,
ჩემი სამშობლოს ტკივილი არის.

Saturday, February 16, 2013

არდავიწყების მჭამდეს ტკივილი


თეთრ გრაგნილებად დავახვიე ჩემი
ტკივილი, მერე შემოვდე წიგნის თაროზე, -
მინდა, ნელ-ნელა ავკინძო ლექსად,
თითო სტრიქონი სათქმელს ამბობდეს:
რომ თავხედურად ვჩიოდი ღმერთთან,
როდესაც ბედი არა მწყალობდა,
მერე კი, ოფლში გამოწურული,
კვლავ პატიებას ვთხოვდი მალულად.
როგორც ყვავდება ტყემლის ყვავილი,
ისე ფეთქავენ ჩემში კვირტები -
სიამაყის და პატივ-დიდების,
ანგარების და შურისძიების..
იარებივით მედება ტანზე, და მწვავს
ცოდვების განცდის სიმძიმე,
მსურს, რომ წყლულებზე სისხლი მდიოდეს,
არდავიწყების მჭამდეს ტკივილი.
და თითო სტრიქონს ედოს სალბუნად
ლოცვა, გალობა... ვერხვის ტოტები
ხელებაწვდენილ მლოცველებს ჰგვანან,
ღვთისგან შენდობას მეც ველოდები....

Thursday, February 14, 2013

პანდორას ყუთი


პანდორას ყუთი ვარ, ცოდვების სათავე,
ადამის ძე ვარ და სავსე ვარ ხინჯებით,
დამჩეხეთ, გამტეხეთ, დამაგდეთ ნაპირზე,
ოღონდ კი მასუნთქეთ  სამშობლოს ფიქრებით....

სიცარიელე (ქართველ ქალებს)


როგორც ნაწნავი, გადაიგდე ცხოვრება მხარზე,
სხვის მაგივრადაც ზიდე ტვირთი, სწიე უღელი,
და რომ არ ეგრძნო ვინმეს თავი დამცირებულად,
ტვირთის სიმძიმეს არ იმჩნევდი, დარდდაულევი...
გავიდა დრო და შენც სინათლე დაგაკლდა თვალში,
სევდის მარცვლებსაც ჭრელ ფარდაგზე კენკავს ბეღურა,
ფერმკრთალი სახით ვეღარა გრძნობ შენივე ტკივილს,
სიტყვაუთქმელად შენი სული ღმერთს ემსახურა....
დაანთებ კანდელს, ეკლესიის კართან დადგები,
გაიზიარებ ყველას წუხილს, ყველას სატკივარს,
მერე დაღლილი შენს სახლამდე შენს თავს მიათრევ,
სიცარიელე კანს დაგწვავს და კარებს მიხურავ...

დედასთან მინდა


დედასთან მინდა,
ვტირი,როგორც
პატარა ბავშვი,
მახსოვს გემო,
კოცნის და დარდის,
სევდის პეპლები,
თვალებში მდგარი,
ციცინათელა,
სიცილის დარი,
ხელების სითბო,
მაჟრჟოლებს ტანში,
დედასთან მინდა...
ვტირი ვით ბავშვი,
ახლა-ღა მივხვდი
სიტყვების ძალას,
რომ უნდა ითქვას
და ვერ თქვი მაშინ,
ახლა გავიგე
ცრემლები ფასი...

Sunday, February 10, 2013

მინდიას!


ამ დილით შემხვდა მინდია,
კაცი ალალი, მართალი,
ჯიხვთან შეხვედრა სწყუროდა, -
მთა იყო მისი წამალი...

დალის თმა ჩამოეშალა,
დაწნული კულულ-დალალი,
გაჰკვირვებია მინდიას,-
ქალია დილის სადარი,
წყალი ოქროსფრად იღვრება,
მის გულში ვარდი კვირტდება,
ალი წვავს სიყვარულისა,
მზე დასწოლია მინდვრებსაც.

ხუთი რჩეული ყვავილი
ცოლისთვის ვერ გაიმეტა,
დალის მიართვა საჩუქრად,
ჰგავს ნაიარევ ირემსა,
ვნებით ავსილმა ღმერთ-ქალას
სურს სამარემდის მიჰყვესა..

ახლა წევს უფსკრულის ძირში
მინდია ქვეყნის საჩინო,
ვეღარ შეხედავს მზევინარს
სახე ვით გამოაჩინოს?!

Saturday, February 9, 2013

მონა ხარ ისევ


მე საბჭოეთის საუფლოში მზრდიდნენ მონები.
ეტყობა, რადგან აღმაფრენის არ ვიცი ფასი,
ფრთებშეკვეცილი არწივივით ვტკეპნი ბილიკებს,
უღელქვეშ გაზრდილს, მიჭირს სუნთქვა, მიწას ვერ ავცდი.
უბედურ ყოფას მიჩვეულს კი, მინდა გარდაქმნა?
სინდისის ხმასაც გამოვაბი თოკი-საბმელი,
არ მომიპარავს, არ მომიკლავს, "არ ჩამიშვია"
და აღარა მაქვს, ღმერთო, შენთან მე სხვა  სათქმელი...
მაგრამ რად მიჭირს ტვირთის ზიდვა, ან რა ტვირთია,
ასე მძიმე და ასე დიდი, მთების ოდენა?!
მშობლის თვალებით, საყვედურით, რომ იმზირება,
გულს მისერავს და მღრღნის ეჭვები, გამოუთქმელად.
მინდა არტახებს ხელი ვკრა და გზნებით დავწყვიტო,
თუმცა ტკბილია დედის რძესთან აკვანში ყოფნა,
ტვირთის თრევაც ხომ ვალი არის, უნდა გადახდა,
წავიღებ ჭაპანს, გადავათრევ, ეს ძალუძს მონას!
მაგრამ შევძლებ კი, ავიარო მე აღმართები?
გენიოსივით დავინახო შავზე ჩრდილები,
მომავლის ძეგლი დავუტოვო შთამომავლობას,
ამ ქვეყნის შვილებს შევუსრულო დანაპირები?!
თავისუფლების სურნელებით თუ არ დათვერი,
თუ არ იგრძენი გემო მიწის, შენი მშობელის,
თუ  სამებაში არ დაანთე წყვილი სანთელი,
ვერ გადახატე შენს ფიქრებში ქვეყნის მთა-ველი,
მ ო ნ ა   ხ ა რ   ი ს ე ვ  და ასევე მონად დარჩები!
,

Friday, February 8, 2013

ზამთრიდან ზამთარს


ზამთრის ღამეებს ჩამოვკიდებ სარეცხის ნაცვლად
და როგორც ქარი, მის გაშრობას დაველოდები,
თოვლმა მუხლებში ჩამიხერგა სიცივე, დაღლა,
გაყინულ მიწას მოჰფენია სევდის ტოტები.
ბებერი ძვლების ჭახა-ჭუხი იზიდავს ნადირს...
(ახლა კი ვხვდები, რატომ უყვართ მოხუცებს ძაღლი),
ზამთრიდან ზამთარს გამოვატან თებერვლის ამინდს,
შენს გულშიც მოთოვს... მე კი ძაღლებს ვუმზადებ სადილს...

წარსულის სურათი


ამინდმა უკვე ჩამობერტყა ზეციდან თოვლი,
ტალახი მუხლში უვარდება მიმავალ მგზავრებს,
ეზო-მიდამო დაემსგავსა აზელილ ბუჩოს,
მე კი წარსულის სურათებით ჩავხერგავ ზვავებს.
მოხუცი მამა არ მომიტანს ბაღიდან ვაშლებს,
(ვერ გაულოკავს ჩვენი ძაღლი გაყინულ ხელებს),
ჭიქა ღვინითაც ვერ დალოცავს დუნია-სოფელს,
მეზობლის კაცებს ვერ მიაწვდის მომავლის სათიბს...
საკვამურს კვამლი აღარ ეტყვის "მრავალჟამიერს".
წარსულში დარჩა ჩვენი ოდა, ჩვენი სოფელი,
მგლებს მთვარისათვის ერთი კიდე მოუჭამიათ,
ფიქრი-ღა დარჩა ძველი სახლის მახარობელი...

Tuesday, February 5, 2013

ჩემს დებს!


ფანჯრიდან გარეთ გადავრეკე ჩემი ფიქრები,
ღამემ უფეხო სავარძელი შემომთავაზა...
თოჯინით ისევ ვთამაშობდით ჩვენ დიდობანას,
მახსოვს დილა და ყვავილებით სავსე მანსარდა.
ახლა კი ვარწევთ ყრმობის აკვანს სიცარიელის,
გული ცხოვრების ოკრობოკრო ბილიკს დაზავდა,
მაგრამ შორიდან მოწყენილი ისევ მიცქერის
ყვავილწნულებით მოქარგული ძველი მანსარდა.

შეყვარებულის სიმღერა


შემოგიცურებ თმებში ნაზ თითებს,
ცეცხლსაც დაგინთებ გულში,
ამ გაზაფხულის ფრთათეთრ ყვავილებს
მოგიძღვნი, როგორც უწინ...
ფეხქვეშ გაგიგებ ჩვენს ლურჯ სამყაროს,
მზეს დაგიყენებ მცველად,
პილიგრიმების ნაზი ამბორით
ლოცვებს გავგზავნი ღმერთთან...
მოდი ვიფრინოთ, შევკრათ კამარა,
მერცხლებს წავართვათ ფრთები...
შენ სანთელი ხარ, მე კი პეპელა,
შენთვის ვიცეკვებ გზნებით...

Saturday, February 2, 2013

ცრემლებს ამოგიშრობ


დილა მემუქრება: - აღარ გავთენდები!
ღამე მებუტება, ამბობს: - გვიანია!
ცაზე გადაფინეს ღრუბლის მარმაშები,
წვიმას შევუყვარდი, მაწვიმს რა ხანია....
დღეო, გათენდი და ღამევ, ჩამომშორდი!
დილის სადიდებლად ვმღერი რა ხანია,
ღრუბელს გადავრეკავ, ქარად გადვიქცევი,
ცრემლებს ამოგიშრობ, ჩემო მახარია!

აუქციონზე ყიდიან სახლებს


ჯაფის და დარდის სუნი დგას სახლში,
ჩამავალ სხივებს ფიქრები ევნო,
ფანჯრიდან მოჩანს ჭადრის ჩრდილები,
ხეებს თვალების ჩრდილები ეცნო.
ოდესღაც ბაღში დარბოდა ბავშვი,
დღეს სიბერემ და  შრომამ დაღალა,
გაყინულ მინებს დაედო მტვერი,
გულში კი სევდამ დადგა ჩახანა...
ძველი სახლი და ცელქი გამები
ტვირთი, რომელიც ვეღარ აზიდა,
ვაჭრის დუქანთან მამის საათი
ორიოდ თუმნად ძლივას გაყიდა,
ცარიელ კედლებს ობის სუნი სდის,
თითები ვეღარ უკრავენ გამებს,
თვალები ჭადრის ჩრდილში ისვენებს
აუქციონზე ყიდიან სახლებს...