Monday, December 30, 2024

მინიმა

 მოლოდინი, ჩემი ლოტი,

ვერ იქნა ვერ გაიყიდა,

ეს წარბები, როგორც შოლტი,

შენს ლოდინში გაირინდა.




სულ მაწვალებდა მამულზე ფიქრი,

და არ კლებულობს, ხედავ, უფალო,

დაწეულია სიცოცხლის ნიხრი,

სიცოცხლე ქრება სადღაც უკვალოდ.


შხამიან ტყვიებს ვესვრით ერთმანეთს,

როგორ იხარებს ჩვენს გულში ვარდი,

ქართველთა რიცხვი დავა ერთამდე,

გაასმაგდება მტრის რიცხვი მზარდი.


 მარტო მე და შენ ვართ ოთახში,  მარტო მე და შენ,

და სისხლისფერი ყვავილები დუმან ლარნაკში,

შევსვამთ ამ ღამეს ამ ჯვრისწერის წითელ ზედაშეს,

და არ გეგონოს შენ ბავშვური ესე თამაში.


გავცვლით რგოლებს და შევაწებებთ სისხლისფერ ტუჩებს,

მას მერე ჩემი იქნები და მე კიდევ შენი,

გამოიტანენ ვარსკვლავები ოქროსფერ ფუნჯებს,

ჩვენკენ წამოვა ლურჯ ღრუბელთა  წვიმების თქეში.


ჩვენც დავიცლებით სიყვარულით, როგორც ღრუბლები,

და ავივსებით, ვით სასმისნი, განთიადისას,

და დედამიწის მოკვდავ შვილთა მთელი უფლებით,

კვლავ ავფეთქდებით მზის სხივების ათინათიდან.




Sunday, December 29, 2024

მინიმა

 როგორ მიყვარს მე შენი ხმა ბულბულისა,

ბულბული ხარ, აბა რაა სხვა პოეტი,
გულის ძგერას აჰყოლია ეგ გულისხმა,
არა დუმხარ, როგორც ტბაში კაპოეტი.

Friday, December 27, 2024

მინიმა

არ მიყვარს ყალბი არც სიტყვა და არც ცრუ ღიმილი,

დითირამბების მოსმენასაც  არ ვარ ნაჩვევი,

თქვენს გულში თუკი სიყვარულის თესლი არ ღვივის,

არც მომცენ ნება მეგობრებად თქვენი არჩევის.



Wednesday, December 25, 2024

მინიმა

 ღმერთო, რამდენი არტისტი,

აუტანია სცენას,
ვინ- ნიჭით იყო აღვსილი,
ვინ კი მოჰგავდა ცვედანს,
მე იმათ ნამზირ-ნაყურებს,
არ მიტრიალებს ენა.
მაია დიაკონიძე
25.12.2024 წელი

Tuesday, December 24, 2024

მინიმა

 ჩემს თვალებში ვარსკვლავები ბრწყინავს,

ირეკლება ამ ზიმზიმა ციდან,
ერთადერთი, რაც ამქვეყნად მინდა,
ყვავილობდეს სიყვარული წმინდა.
მაია დიაკონიძე
24.12. 2024 წელი

მკვეხარა ფისო (საბავშვო)

მკვეხარა ფისო!
- ჩემიაო ნაძვის ხე, -
იქადნება ციფო, -
- უკან მე არ დავიხევ,
შეგჭამთ თითო-თითოს!
ოხ, რამდენი იცინეს,
ტურამ, დათვმა, მგელმა,
მათ ხომ კარგად იციან,
ვეფხვს ჰგავდა ის ძველად,
თორემ ახლა კატაა,
უჩანს ექვსი კბილი,
- ნუ გვაშინებ, პატარავ,
დამუწე ეგ პირი!
მაია დიაკონიძე
23.12.2024 წელი

Sunday, December 22, 2024

ძველი ჩანაწერებიდან (პატრიოტული)

 ძველი ჩანაწერებიდან

ციხეს ვსტუმრობ ხორნაბუჯის,
ქართლ- კახეთის ერთი ბურჯის,
თუ არა ხარ ყრუ და მუნჯი,
ადღეგრძელე სავსე ჭურჭლით.
__-------+---------------
ჰკა მაგათო, გაიძახი,
ძმაო, ძმაზე ისევ იწევ,
არ ქნა საქმე დასაძრახი,
თორემ წყევლა სადღაც გიწევს.
_----------------------------
ვარდი ვარდობს, გინდაც მჭკნარი,
ნეშომპალად, მიწად იქცა,
არ დაგწყევლონ ისე, - მკვდარიც
არ მიგიღოს მშობელ მიწამ.
მაია დიაკონიძე
22.12.2024 წელი

Saturday, December 21, 2024

მინიმა

ცარიელ ჭურებს
დასამსხვრევად
ვერ გავიმეტებ,
დაე, მიწაში
წყნარად ეძინოთ!
მაია დიაკონიძე
19.12.2024 წელი

ვითომ სახუმარო

 ვითომ სახუმარო

კი ვიყავი როსტოვშიაც,
ლენინგრადში, მოსკოვში,
მაგრამ ისე ცოტა ვნახე,
ვერ გავედი ბოლოში,
სიმპათია სულ არ დამრჩა,
მხოლოდ - ანტიპათია,
ჩემი ქვეყნის ორი ბოლო,
რაც მაქვს, რაც მაბადია.
ჰქონდეთ იმათ თავის კალო,
თავის გასალეწავი,
ნუ მიტყუებს იმ ხაფანგში,
შორიდან ნუ მეძახის,
სამაჩაბლო, აფხაზეთი
ყელში აქვს გაჩხერილი,
ზურგზე ხელი შემოარტყით,
გადმოაგდოს გველივით.
მაია დიაკონიძე
21.12.2024 წელი

მოთვალთვალე ციფუნია (საბავშვო)

 მოთვალთვალე ციფუნია

ჩვენი ციფო უთვალთვალებს
ბეღურებს და მტრედებს,
ამინდია წვიმიანი, -
ესღა აიმედებს.
უნდა სახლში მიიწვიოს
ერთი-ორი გვრიტი,
მეგობრობა განუცხადოს
დიდზე უფრო დიდი.
მაგრამ ჩიტებს ციფუნიას
იერსახე აფრთხობთ,
- შენ ხომ ჩიტი არა ხარო,
როგორ გეთამაშოთ?!
მაია დიაკონიძე
20.12.2024 წელი

,,არ შავეკვრი ზავით ბილწსა"

 ,,არ შავეკვრი ზავით ბილწსა"

შენს გულს ისე ვეფერები,
როგორც თავანკარა წყაროს,
ფერებს მივდევ ეფემერის,
ხელახლა რომ დავიბადო.
ჯანსა ვნატრობ ყმაწვილქალის,
გონს და ჭკუას - თინათინის,
როგორც დალი, ავმშვილდავდი,
სიტყვები მაქვს პირდაპირი.
ჯიხვს და ირემს ვიცავ მტრისგან,
შხამისარი არ შეეხოს,
,,არ შავეკვრი ზავით ბილწსა",
მთით მოწყვეტილ ვგავარ ექოს.
მაია დიაკონიძე
19.12.2024 წელი

მინიმა

 მინდა რომ გითხრა, - მოსასმენად არა გცალია,

მინდა მოგწერო, მაგრამ ვიცი, არ წაიკითხავ,
სპილოს ეშვები, შენთვის მძივი, თეთრი ძვალია,
ჩემთვის ტკივილი, დამსხვრეული სიცოცხლის კითხვა:
,,რაზედ მომკალი?
მაია დიაკონიძე
20.12.2024 წელი

თუ უყვარხარ! (სატრფიალო)

 თუ უყვარხარ!

თუ უყვარხარ, მაღლა ცაში აცურდება,
უკუნ ბნელში გაგინათებს გზა-სავალს,
მერე ისევ ცივ მიწაზე დაბრუნდება,
გაპოვნინებს ბოროტისგან სამალავს.
თუ უყვარხარ, სულში იებს აგიყვავებს,
და არ მოგცემს საბაბს მცირე იჭვების,
თუ უყვარხარ, არასოდეს არ ინანებ,
თუნდ სავალი დაგეფინოთ წიწვების.
თუ უყვარხარ, მარადიულ წრებრუნვაში
ერთმანეთით იწყებით და მთავრდებით,
სიყვარულით სავსე გულებს მზე უნათის
მარადიულ უკვდავების სახელით.
მაია დიაკონიძე
20.12.2024 წელი

თოვლი მიყვარს!

 თოვლი მიყვარს!

თოვლი მიყვარს, თოვლი მიყვარს,
თოვლი მეზამბახება,
როცა ქუდად ეფინება
ტაძრებს, სოფლის სახლებსაც,
მზე როდესაც სხივებს აყრის,
აცმევს ოქროს სამოსელს,
შეძახილი ისმის მაყრის,
,,მაინძელო, გამოდექ!"
ამ თოვლიან ზამთარშია
ერთ მთის სახლში ქორწილი,
მურას ეზო აბარია,
სახლს შეუდგა ბოძივით.
ყიჟინა და თოფის სროლა
ყველას მონატრებია,
ილას მოჰყავს ნინა ცოლად,
თოვლიანი მთებია.
თოვლი მიყვარს, თოვლი მიყვარს,
თოვლი მეზამბახება,
კარგი ცხენი, თოფი ფილთა,
თქვენ, უფლისგან ხარება.
მაია დიაკონიძე
21.12. 2024 წელი

ვითომ სახუმარო

ვითომ სახუმარო
კი ვიყავი როსტოვშიაც,
ლენინგრადში, მოსკოვში,
მაგრამ ისე ცოტა ვნახე,
ვერ გავედი ბოლოში,
სიმპათია სულ არ დამრჩა,
მხოლოდ - ანტიპათია,
ჩემი ქვეყნის ორი ბოლო,
რაც მაქვს, რაც მაბადია.
ჰქონდეთ იმათ თავის კალო,
თავის გასალეწავი,
ნუ მიტყუებს იმ ხაფანგში,
შორიდან ნუ მეძახის,
სამაჩაბლო, აფხაზეთი
ყელში აქვს გაჩხერილი,
ზურგზე ხელი შემოარტყით,
გადმოაგდოს გველივით.
მაია დიაკონიძე
21.12.2024 წელი

Thursday, December 19, 2024

მინიმა (პატრიოტული)

 ******

ყველა ქართველის ჩამიდგეს სული,
ალბათ, ზენაარს ასე ენება,
დამპალი ტოტი მომკვეთე ცულით,
არ მოხდეს ჩვენი გადაშენება.
მაია დიაკონიძე
19.12.2024 წელი

Wednesday, December 18, 2024

რა აზრი აქვს პოეზიას?!

 რა აზრი აქვს პოეზიას?!

რა აზრი აქვს პოეზიას,
რა აზრი აქვს ფრთიან სიტყვებს,
გულს თუ გიჭამს ეროზია,
ბოროტება თუკი გიტევს.
რა აზრი აქვს ასგზის ლოცვას,
რა აზრი აქვს იგავ-მითებს,
საქციელით თუკი სცოდავ,
ადათ-წესებს არ დაგიდევ.
მაია დიაკონიძე
18.12.2024 წელი


,,შვილო, ზურაბო, სადამდე?!" (პატრიოტულ-რელიგიური)

 

,,შვილო, ზურაბო, სადამდე?!"
,,შვილო, ზურაბო, სადამდე?"
გულმკვდარი დედა ეძახდა,
მისი დარდები თალხავდნენ,
ძირს ბრუნდებოდნენ მეხადა.
შემდეგ იელვა მრავალგზის,
თავსხმა დაეშვა თავქვე და,
სურამის ციხეს ნაბადი
გადააფარა განგებამ.

დედას გულმკვდარს და ქვადნაქცევს
ცა შეეხიდა სვეტადა,
ზედ დაეკონა კალთაზე,
სცნო ამ სამყაროს დედადა.
მაია დიაკონიძე
19.08.2022წელი


Tuesday, December 17, 2024

ცარგვალო!

ცარგვალო!

ცარგვალო, ზეცით დამყურებ,
არც ახამხამებ თვალებსა,
გულს მტკენს ეგ შენი სიჩუმე,
ვიხსენებ ძველთ საძვალესა.
წინაპართ სიმამაცეს და,
მათ ვაჟკაცობას, გმირობას,
იმათ ფეხნადგამს, ანარეკლს
ყველგან მირონი სდიოდა.
რად გაგვიმრავლდა ბოროტი,
ხმა მიაქვს შორს ბუკიოტსა,
ასდევნებია ოლოლი,
მადლს ვეღარ ვხედავთ იოტსა.
მაია დიაკონიძე
,26.01. 2023 წელი 

Monday, December 16, 2024

გაგვიმრავლე! (პატრიოტული)

გაგვიმრავლე!
ვით ნაფიცი მსაჯულები
ჩამომდგარან ყვარლის მთები,
სამშობლოა ჩემი კერპი,
თმაჭაღარებს ასე ვეტყვი.
როცა გალობს ავთანდილი,
მის სასმენად ყველა მოდგეს,
თავს უმშვენებს კვლავ მანდილი
თინათინს, ვით თამარს ოდეს.
ისევა გვყავს ცოტნე, ვახტანგ,
სამშობლოსთვის გული გულობს,
გაგვიმრავლე, ღმერთო, მარად,
ვინც სამშობლოს უერთგულოს!
მაია დიაკონიძე
16.12.2024 წელი

Sunday, December 15, 2024

შენ ლამაზი (სიმღერა)

  სიმღერა

შენ ლამაზი, მე - ბაღების ყვავილი,
შენ - მზე, მე კი მობრჭყვიალე მზეზე,
წავითხუპნე სახე ფერუმარილით,
შემომხედე, ლამაზი ვარ სხვებზე.

ან რა დალევს ჩემზე უფრო ნარნარებს,
ღმერთმა, დაე, ამრავლოს და სრულყოს,
მაგრამ ვარდი მაინც ყველგან ანათებს,
პირველობას მაინც არვის უთმობს.

თეთრი იყოს, თავად თოვლზე თეთრია,
ყვითელია და წააგავს ოქროს,
წითელია, მაინც ერთადერთია,
სამუდამო ერთგულებას მოგთხოვს.

შენ ლამაზი, მე - ბაღების ყვავილი,
შენ - მზე, მე კი მობრჭყვიალე მზეზე,
წავითხუპნე სახე ფერუმარილით,
შემომხედე, ლამაზი ვარ სხვებზე.








Friday, December 13, 2024

მინიმები

თავზე მზე რომ გეფინებათ,
ვხედავ, სისხლად იწურებით,
ოჯალეშო, თითა, ციცქავ,
სამყოფელს რომ იწუნებდით,
სასახლე რომ გეკუთვნოდათ, 
დაგამადლეს მიწურებიც.
 -----------------------
საწამლავია გველის შხამი,
ვისთვის წამალი,
ასეა სიტყვაც,
მოყივანი დილის მამალი,
გარჩევის ძალა მომეც, ღმერთო,
მტყუან-მართალის.

Thursday, December 12, 2024

ნეტავ, როგორღა ვიმართლო თავი?!

 ნეტავ, როგორღა ვიმართლო თავი?!

ბიძია ბონდო ამზადებს ჭურებს,
მსხლის ქვეშ მიწაში რომ ჩაალაგოს,
აფართხუნებენ ძროხები ყურებს,
მიწვევენ თითქოს სალაპარაკოდ.
არ ვიცი, ნეტავ რა უნდა მითხრან,
მათ რა ადარდებთ ან რას ელიან,
ალბათ, ითხოვენ ჩალას და თივას,
ხუთიდან ორი კვლავ მეწველია.
კუდს აქიცინებს მეზობლის ძაღლი,
გადმოსულია, რომ მოგვიკითხოს,
ბიცოლა ცხელ-ცხელ თონის პურს აწვდის,
ვეღარ დაუთმობს ამაზე დიდ დროს.
ქათმებს საკენკის სჭირდებათ დაყრა,
დასდევს ვენერა ბიცოლა ჯამით...
და ახლა როცა მიწაში წვანან,
მათ წინ როგორღა ვიმართლო თავი.
რომ დაცლილია ის ეზო-ყურე,
ვაშლის ხეები მდუმარედ დგანან,
არ ეფერება ბოჩოლა ცურებს,
მხოლოდ ნიავი დუდუნებს ნანას.
მაია დიაკონიძე
9.12.2024 წელი

მინიმა

 ცეცხლი ჭამე მეთქი, მტერს ვუთხარი,

ცეცხლმა გადამიწვა ყანები,

ახლა ბიჭი მიწევს წინ სუდარით,

მტერს რომ მოუკლავს წამებით.

8.08.2024 წელი

Wednesday, December 11, 2024

ლეილა არჩემაშვილი ელგუჯა ციგროშვილის პოეზიაზე

ლეილა არჩემაშვილი
,,ფშავლის ჩასუნთქვა ფიქრია,
ამოსუნთქვა კი ლექსია.'' ამ ორი სტრიქონის ავტორი პოეტი ელგუჯა ციგროშვილია. უნიკალური ნათქვამი! ფშავლების ნიჭიერება მხოლოდ ორ ტაეპში ვიღაცას ჩაეტიოს, ეს ძალიან იშვიათია.❤🌺ვაჟასაც კი რამდენიმე წინადადება დასჭირდა, ფშავლების პოეტურობა მკითხველისთვის რომ გაეცნო: ,,ფშავლები პოეტური ხალხია და მათი პოეზია წარმოადგენს უძირო ზღვას. რასაც ფშავლის თვალი და გონება მისწვდომია, იმას ყველაფერზედ უთქვამს ლექსი, _ მოყოლებული სიცოცხლიდამ სიკვდილამდე და საიქიომდე." (ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი ,,ფშავლები"). ელგუჯა, უნიჭიერესი ხარ, ხმამაღლა ვამბობ! 

უფალო, დაიფარე! (პატრიოტული)

 უფალო, დაიფარე!

ასე დაიყო ქვეყანა,
დღისით - მზე, ღამით - მთვარე,
ჩემი ლამაზი სამშობლო,
უფალო, დაიფარე.
ასეა ჩვენი სამზეთი,
ვუცქერთ კეთილებს, ავებს,
ნუ შემოგვხედავ ამრეზით,
უფალო, დაგვიფარე,
ღვინო, ჭურში რომ ისვენებს,
ხან - ტკბილია, ხან - მწარე,
მე ვენაცვალე მის ხელებს,
ვინც ააყვავა ზვარე.
ვინც მეცხრე ცამდე ავიდა,
მისდევს ზეციურ ბანებს,
ისევ მხნედა დგას ართვინთან,
უფალო, დაიფარე!
მაია დიაკონიძე
11.12.2024 წელი

სალაღობო

 სალაღობო

ლექსის წერა და წაკთხვა
ვეღარაფრით გავბედე,
როცა ვხედავ მოელვარე
პოეტურ კვეს-აბედებს,
აგერ პოეზიის მეფე
ზევით ხოხობს მიაფრენს,
ვითღა დავწერ უფრთო სტრიქონთ,
უნაიროთ, იაფებს.
არწივს ფრთები გაუშლია,
ზურგზე უზის ხოხობი,
კლდის ქიმზე მათ ელოდება
ცად აწვდილი გოდოლი,
იმათ სიყვარულის მომსწრემ,
საქმე სულ სხვას მივანდე,
თუღა დავწერ, - მათ საქებარ
მონოლოგს და ტირადებს.
მაია დიაკონიძე
13.11.2024 წელი

მინიმა

 იქნება აღარც გადაიდაროს

და  მომიწიოს ცხოვრებამ ბნელში,

მაგრამ რა გიყო გულში მყვინთავო,

იმედო, მაინც მომყვები გვერდში.


Tuesday, December 10, 2024

ნეტავ, ოდესმე გიყვარდი თუკი (სატრფიალო)

ნეტავ, ოდესმე გიყვარდი თუკი

ნეტავ ოდესმე გიყვარდი თუკი,
ცხელი გრძნობები თუ სწვავდა შენს გულს,
რომ მოდიოდა ჩემამდე შუქი,
მთვარეს მოჰქონდა, ჩემს მიჯნურს, ერთგულს..


დღეს დავიწყების მიმეცი ქარებს,
შენამდე გზებიც გამხდარა შორი,
და პაწაწინა იმედებს მაძლევს,
ფიფქები ახალმოსული თოვლის.
მაია დიაკონიძე
9.12.2024 წელი 


Sunday, December 8, 2024

იას - ჩემს დას!

 იას - ჩემს დას!

დამიხატე მზე და ზღვა,
მდუმარება ველთა
- ეგ ტკივილი, მტერს და ავს, -
ხომ მეტყოდა დედა.
ჩემზე ვინ იზრუნებდა,
ვის სტკიოდა მეტად,
დამიხატე მზე და ზღვა,
მე დედასთან ერთად.
მაია დიაკონიძე
7.12.2024 წელი

ვიღაცა იტყვის (პატრიოტული)

 ვიღაცა იტყვის...

ვიღაცა იტყვის, ბედმა დამცინა,
დედამიწაზე სწორედ აქ გავჩნდი,
შემომპარვია ტრფობის ბაცილა
და ამოსუნთქვას მშვიდად არ მაცლის.
მიყვარს ეს მიწა, როგორც უფალი,
ვუტოლებ ქვეყნად ყველაზე ძვირფასს
და ვერ ვიქნები თავისუფალი,
თუ მეცილება ვიღაც ამ მიწას.
მაია დიაკონიძე
8.12.2024 წელი

Friday, December 6, 2024

და შემახსენა...

და შემახსენა...
შენი ცოდვილი ძე ვარ, უფალო,
თვით ხევისბერი სიზმრად მოვიდა
და შემახსენა, უფალს უთხარო,
რომ გახსოვს, ვინ ხარ, ვისი გორიდან.
ხორცი არ ესხა, მხოლოდ ხმა მესმა, -
,,ღალატს სხვადასხვა სახე ჰქონია,
ხან ქალი არის უნდობი ეშმა,
ხან კი ის არის, რომ არ გგონია."
ღალატი ჩემში ვერ გადგამს ფესვებს,
ქურდი ქურდია, აქლემის, ნემსის,
თუ კი ვიღაცა ვერ ხედავს ეშვებს,
შეხედავ მერე, ,,ქურდს ქუდი ეწვის".
შენი ცოდვილი ძე ვარ, უფალო,
თვით ხევისბერი სიზმრად მოვიდა
და შემახსენა, უფალს უთხარო,
რომ გახსოვს, ვინ ხარ, ვისი გორიდან.
მაია დიაკონიძე
6.12.2024 წელი

Thursday, December 5, 2024

სიყვარული მახსოვს!

 სიყვარული მახსოვს

როგორც ქარი, დავბზრიალებ,
ოქროს ფოთლებს ვიკრებ,
როცა მივალ საზიაროდ,
გამართული ვიდგე.
ყველა ფოთლის დაბადება,
სიყვარული მახსოვს,
ყველფერი ხომ ბერდება,
მეც დავრჩები მარტო.
და ამ ფოთლებს, გადაყრილებს,
როგორც მზითევს ვიკრებ,
რომ წარვსდგები ღვთის წინაშე,
გამართული ვიდგე.
მაია დიაკონიძე
5.12. 2024 წელი

სიყვარულის ძალა

სიყვარულის ძალა
დედამიწას ატრიალებს,
ჩვენს იმედად ვსახავთ,
რა გვაჩერებს ამ მიწაზე?!
სიყვარულის ძალა!
დედას შვილს რომ აზრდევინებს
ხეს ფოთლებს რომ ასხამს,
ფიფქებს ისვრის ბარე იმდენს,
სიყვარულის ძალა..
ან ლექსებს რა გვაწერინებს,
სულ ახალს და ახალს,
ტრფიალების ლაღ წერილებს, -
სიყვარულის ძალა.
ყვავილებით ავსებს მიწას,
ეფერება ნაზად,
ქალს ამსგავსებს ვარდს და იას
სიყვარულის ძალა.
კოკისპირულ წვიმას ვუძლებთ,
ზვავს, მეწყერს და გვალვას,
და გვპატიობს შვილებს უძღებს,
სიყვარულის ძალა.
მაია დიაკონიძე
5.12.2024 წელი

ჩამოახრჩვეთ!

ჩამოახრჩვეთ, თქვენ რა იცით ამის მეტი,
აგერ ვხედავ, სახრჩობელაც გაგიმართავთ,
ნეტავი რამ დაგახვიათ ასე რეტი,
რომ სიცოცხლის მოსწრაფება განგიზრახავთ.

სახე ასე მოღრეცვია  ახალგაზრდას,
ნუთუ არვის არ გადარდებთ მისი ბედი,
გვახსოვს, ხალხმა ბარაბა რომ გაამართლა,
ჩამოახრჩეთ, თქვენ რა იცით, ამის მეტი!
მაია დიაკონიძე
5.12.2024 წელი



გზა მიეცი (პატრიოტული)

 გზა მიეცი

როიალი, კლავიშები,
ქარი დარბის გავეშებით,
ყველაფერს სპობს თავაღებით
თავის პირის ფარეშებით.
ქარო, ნუღარ ატრიალებ
ცოდვა- მადლის ქოთანს ცეცხლზე,
დროს არ შევრჩეთ სატიალეს,
გზა მიეცი კრავებ-ვერძებს.
მაია დიაკონიძე
5.12. 2024 წელი

Wednesday, December 4, 2024

 „გამასწორებელი კოლონია“ ფრანც კაფკას ნაწარმოებია, რომელიც ამაღელვებელ და ალეგორიულ ფორმატში იკვლევს სამართლის, ხელისუფლების, დანაშაულისა და სასჯელის ბუნებას. 1919 წელს გამოქვეყნებული ეს მოთხრობა ადამიანის ქცევისა და ეგზისტენციალური საკითხების შემაშფოთებელი ანალიზია.

არა და (სატრფიალო)

აღარც სიზმარში მოდიხარ!
აღარც სიზმარში მოდიხარ,
აღარც სიყვარულს მიხსნი,
არადა, ფიალა იყო,
გადავსებული ფიცით.
ცხრა მუზა თავს გვევლებოდა
პარნასის მაღალ მთაზე,
მივიღეთ ზევსის წყალობა,
ღვთიურ სიტყვებით სავსე.
აღარც სიზმარში მოდიხარ,
აღარც სიყვარულს მიხსნი,
არადა ფიალა იყო,
გადავსებული ფიცით.
მაია დიაკონიძე
4.12.2024 წელი





არაფერი ახალი...

 არაფერი ახალი...


არაფერი ახალი,

ყველაფერი ძველია,

საქართველოს ველ- მინდორს
ყორანნი შესევიან,
დაფარულა ღრუბლებით
ცა ფირუზისფერია,
არაფერი ახალი,
ყველაფერი ძველია.
მაია დიაკონიძე
4.12.2024 წელი

Tuesday, December 3, 2024

ვიყავი მის მოიმედედ

ვიყავი მის მოიმედედ
ერთი ჭედილა დავჭედე,
ცხვარი იყო და რა ცხვარი,
ვიყავი მის მოიმედედ,
დამიდგა ცივი ზამთარი.
ხელიდან გამომაცალეს,
კაცი იყო თუ აფთარი,
იმედი ჭირში გავცვალე,
მომიგდეს მისი ძვალტყავი.
მაია დიაკონიძე'
3.12.2024 წელი

უფალს რაღაზედ ვახსენებ?!

უფალს რაღაზედ ვახსენებ?!
უფალს რაღაზედ ვახსენებ,
რაზედ ვლოცულობ, ვცოდვილობ,
,,კისერი მოიტეხეო!"
თუ მერე გეტყვი, ძმობილო.
გულში მყავს ყველა ქართველი,
ცოდვას ნუ მიმცემთ, ხელებო,
თორემ დაგვრჩება, ძვალველი,
ეს მიწა უქართველებოდ,
მაია დიაკონიძე
3.12. 2024 წელი