რა მოხდა, თუკი არ ვარ მოლხინე, მტერი თამადად თუ არ დავისვი, თუ, ქართლის ზეცას ცოტა მოვხიე, გაუხარელი დროის კაბისთვის..თუ, ღობე - ყორეს ისე ვედები, წამწამქვეშ წვიმა შემფარებია, თუკი, მშვიდობის თეთრი მტრედები, ომში მედდებად მეპარებიან, თუკი, ვერ მივხვდი გზათა არმქონი, საწუთროს კეფა როგორ მოვწალდე, უცოდველობის წმინდა ამბორი, როგორ გავზარდე ცოდვის კოცნამდე, რა მოხდა, თუ თოვლს მოვისაკლისებ და ენძელას ვთვლი მარტის მზვერავად, ფანჯრიდან მზირალ ქოთნის ყვავილებს, გაუთხოვარი ქალის მზერა აქვთ..რა ვუყოთ, თუკი ის ვერ მომაგნებს, რამაც დუმილი დამანამუსა, მარადიული სევდის ყორღანებს, ღიმილის ჯვარი უნდა დავუსვა..რა ვუყოთ, თუკი, ვერ გავექეცი, საათის ისრებს, გრამებს, არშინებს, სიყვარულებად ვისაც ვექეცი, სიძულვილებით მომკლა მაშინვე, რა მოხდა, თუკი, ვერაფერს შევწვდი ისეთს, რაც მიწას წაინაბადებს, რა ვქნა, დროც შემხვდა ისეთი ბერწი, ნაღდი სტროქონიც კი ვერ დავბადე, რა მოხდა, თუკი, ქარებს ვერ ვბჯობდი, ძლივს შეღინღლული სიოს ქოჩორით, მე ქართლის მინდვრის ბალახებს ვძოვდი ,ჯვარშუბლიანი ორი ბოჩოლით..მალე ეზოში ისე გავივლი და იის ბავშვებს წავუთამაშებ, სოფლის ახალი პატარძალივით წამოვკრეფ მარტის წვიმის ,,შაბაშებს“ მერე, დავიჭერ ცას, როგორც ლოტოსს, მკვიდრად შეკრული მზეთატივიანს, ჩემი ყველაზე ლამაზი ფოტო, მაინც ჩრდილების ნეგატივია..
აღარ ვარ უკვე პატარა ბავშვი, აღარ ვატარებ მოდურ ჟილეტებს, გაუხარელი ქვეყნის დროშიდან ჩემს წილ ფერებსაც ვეღარ ვიმეტებ, რომ არ მოაკლდეს ვიღაცას ვარდი, არ მოსტყდეს ყუნძი ქარის თარეშში და დარჩენილი ბუჩქები ვარდის არ ეცეს ეკლად ვინმეს ღამეში, ცაზე ცის წვეთიც აღარ მიღიმის, შემოხვევია ფიქრი უზღვავი და ღრუბლებიდან მოდენილ წვიმას როგორც მოხუცი ისე ვემალვი, რომ სახსრებიდან გაქრეს ტკივილი, ისე შეზრდია უფსკრულს და ხაროს, დეკა რომ ღივის იმის კალთებზე, ვინძლო იმანაც ვერ გაიხაროს. დღეს სურვილების ვიწყე შეკონვა, ყვავილებივით ჩავდგი ვაზაში, შაქრიანი წყლით თუკი გავჟღინთავ, იქნება შეწყდეს ჯადო თამაში და ოლიმპოზე ავიდე ისე, როგორც ღმერთების დედა და ფესვი ჩავჭრა, გავიდგა იმ სამოთხეში, ზედ ამოვიდეს მდუმარე ვერხვი.
No comments:
Post a Comment