ქლიავის კურკა
სალის ქლიავის კურკა გადასცდა და ძალიან შეწუხდა. კიდევ კარგი, ქლიავის ამ ჯიშს ძალან დიდი კურკა არ აქვს, თორემ რა გადამაყლაპებდა, ყელში ხომ გამეჩხირებოდაო! - მერე ისიც გაახსენდა, ბებია ეუბნებოდა: - სალი, კურკა არ გადაგცდეს, თორემ რომელი ხილის კურკასაც გადაყლაპავ, ის ხე ამოგივა მუცელშიო. მუცელზე დაიხედა, ხელი მიისვ-მოისვა და დაიწყო ცდა, აბა, ვნახავ, მართლა ამომივა თუ არაო. ცოტა ხანი იჯდა, მაგრამ მუცელს ვერაფერი შეამჩნია, მისი ძაღლი ბახულაც მოვიდა ამასობაში, გოგონას ძებნაში გაქაფული, სალის მამას გაჰყოლოდა მდინარეზე, წინ დაუდგა, კუდი გაუქიცინა, თვალებში ჩახედა, სულ დაავიწყდა გადაყლაპული კურკა და ქლიავის ხეც და ოთხფეხა მეგობართან ერთად ვენახში გაიქცა, ახალშემოსული ყურძენი ელოდებოდა. ჭამა და ჭამა ყურძენი, ძაღლსაც კი გაუკვირდა, რამდენს ჭამსო ეს პატარა გოგოო, იმდენი ხანი არ გამოვიდა ვენახიდან, ცდით დაღლილი ბახულა იქვე ვენახის ბოლოში წამოწვა. როგორც იქნა, გამოგოგმანდა სალი, მუცელი ცოტა შებერვოდა კიდეც, დაიხედა, იფიქრა, ნამდვილად ქლიავის ხე ამომდისო და შეშინებულმა სახლისკენ მოკურცხლა. სახლში შესულმა აღარც ისადილა, სასწრაფოდ ჩაწვა ლოგინში და საბანი წაიფარა თავზე, ხის ამოსვლას დაელოდა, თავისი გასაჭირი არავის გაუმხილა. მუცელი რომ წამოსტკივდა, მაშინ კი აყვირდა, ჩქარა მოდით, ხე ამოდისო. გაკვირვებულმა ბებიამ სასწრაფოდ მიირბინა სალისთან, რომელიც თავზე საბანწამოფარებული იცრემლებოდა. როცა გაიგო შვილიშვილის ამბავი, ბევრი იცინა, - ჩემო კარგო, ხე კი არ ამოგდის, ბევრი ახალშემოსული ყურძენი გიჭამია და "მუცელა" დაგმართნიაო. ეს როგორ არ გაგაფრთხილე, რომ ბევრი ყურძნის ჭამამ მუცლის ატკივება იცისო. ცოტა ხანში გაგივლის და ჩიტივით იქნებიო, უთხრა ტკბილზე-ტკბილმა ბებიამ სალის, თავზე ხელი გადაუსვა, მოეფერა, კურკა, კი რომელიც შენ გადაყლაპე, ჯობდა მიწაში ჩავარდნილიყო და აღმოცენებულიყო, რა იცი, როგორი ქარიშხალი დაეყენებინა თავისი ფოთლებით ჩვენს ეზოშიო, მაგრამ არა უშავს, კიდევ ბევრი კურკა ყრია მიწაზე, რომელიმე გაიხარებსო. გოგონამ ცრემლები მოიწმინდა, ლოგინიდან წამოდგა, ეზოში ქლიავის ხესთან მივიდა, ჩაეხუტა და პირობა მისცა, აღარასოდეს გადაყლაპავდა მის კურკას.
2/13/21 11:55 AM
No comments:
Post a Comment