- ოთო, მზეს ვეღარ ვხედავ, - ეუბნებოდა გოგონა ბიჭს, - ნეტავ, რა მჭირს?! თვალები თავისით მეხურება თუ რა არის?!... არა, არა მგონი, მზე დახუჭობანას მეთამაშება! აი, ახლა, თვალებს გავახელ და მზეს დავინახავ, როგორც ადრე! ჭიტა... იძახდა გოგონა და თვალებს ხან გაახელდა, ხან დახუჭავდა, - არა, ვერ დაინახავ, იმიტომ რომ ღრუბელი გადაეფარა, - უხსნიდა ოთო-ბიჭი ნიაკოს. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ის ნიაკოზე სულ ცოტა უფრო დიდი იყო და თანაც გოგონას მოვლა-პატრონობა, როცა მშობლები სახლში არ იყვნენ, მას ევალებოდა. ახლა ისინი სახლის ეზოში ისხდნენ და ცას შეჰყურებდნენ. მზეს, მართლაც, ღრუბელი გადაჰფარვოდა. გარშემო ნელ-ნელა ბნელდებოდა. ოთომ ნიაკოს სათვალე გამოართვა, ის რომელიც გოგონას მუდამ ეკეთა, რა თქმა უნდა, ძილის გარდა, რადგან ნიაკოს მხედველობის პრობლემები ჰქონდა, ეს კი მოგეხსენებათ, დღევანდელ ეპოქაში, ხშირი სენია. ამ ქალაქში, კი სადაც ოთო და ნია ცხოვრობდნენ, პატარა გოგო-ბიჭები, ბევრნი, სწორედ სათვალით დადიოდნენ, უფროსებს ხომ ეკეთათ და ეკეთათ სათვალეები, ზოგს მხედველობის, ზოგს - მზის, ამიტომ ამ ქალაქს სათვალეებიანების ქალაქს ეძახდნენ. ის კი არა და იყო ისეთი ოჯახებიც, სადაც ბებიასაც სათვალე ეკეთა, პაპასაც, დედასაც, მამასაც და მათ შვილებსაც. ოთომ გულმოდგინედ გაწმინდა დის სათვალე და უკან დაუბრუნა. გაპრიალებული სათვალით შეხედა გოგონამ ცას, მაგრამ მზე მაინც ვერ დაინახა და ატირდა. სატირლად ნამდვილად ჰქონდა საქმე ამ ქალაქის მაცხოვრებლებს, ვინაიდან მზე სულ უფრო ცოტა ხნით ჩნდებოდა ცაზე. ადრე საღამომდე იდგა ხოლმე მისი ბრწყინვალება, მერე, ერთი საათით ადრე ქრებოდა ციდან, მერე ორი საათით, ახლა კი შუადღემდეც ვეღარ ჩერდებოდა. ერთ დროს მზიანი ქალაქი დღეს ბნელ და ცივ ქალაქად ქცეულიყო. სულ უფრო უმატებდა ნიაკო ტირილს, რადგან ფიქრობდა, რომ ერთ დილას შეიძლება მზე საერთოდ ვეღარ დაენახა და ეგონა, ამაში მისი პატარა წვლილიც იყო. - იქნებ, კარგად რომ არ ვიქცევი და დედ-მამას ვაბრაზებ, იმიტომ მემალება მზე?! - შეეკითხა ძმას. - რას ამბობ, ნია! - დაამშვიდა ძმამ, - მზე ისეთი დიდია, მარტო ჩვენს ქალაქს კი არ ანათებს, მთელ დედამიწას აფენს შუქს, მაგრამ შავი ღრუბელი მძლავრობს და გასაქანს არ აძლევს. აი, ისე, მე და შენ რომ დაჭერობანას ვთამაშობთ ხოლმე, ისეა სწორედ, მზე გარბის, შავი ღრუბელი იჭერს, მერე შავი ღრუბელი გარბის და მზე იჭერს, ამიტომაა რომ, მზე ხან ანათებს, ხან არა, მაგრამ ახლა ეტყობა შავმა ღრუბელმა საიდანღაც ძალები მოიკრიბა, აუცილებლად გავიგებ საიდან! - დაიქადნა ოთო-ბიჭმა. - რატომ ხდება ასე? - ჩაიბურდღუნა თავისთვის და შავ ღრუბელს მტრულად გახედა.
მალე დედ-მამა სახლში დაბრუნდა და ნიაკო დასაძინებლად წაიყვანეს. გოგონა შუადღეს აუცილებლად იძინებდა ხოლმე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ პატარა იყო. სადილს მიირთმევდა, მერე ხილს და კომპოტს მიაყოლებდა და დასაძინებლად წვებოდა, მაგრამ ამჯერად მის თვალებს ძილი არ ეკარებოდა. ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა, რომ გაღვიძების შემდეგ ცხრათვალა მნათობს ვეღარ შეხედავდა. ცხრათვალა რომ იყო, კი იქიდან იცოდა, რომ, დედამ კლავიშებიანი პატარა პიანინო უყიდა და ის მზის ბატარიებით იტენებოდა, ბატარეა კი ცხრა ჰქონდა პიანინოს, ნიამ ათამდე დათვლა ახლახანს ისწავლა და ბატარიების დათვლაც იცოდა.. აი, ჯერ ერთი ბატარია შეივსებიდა მზის ენერგიით და ერთი ნათურა აინთებოდა, მერე - მეორე, მესამე და ა. შ. ცხრა ნათურა რომ აინთებოდა, ბატარიები დატენილი იყო და პიანინოზე დაკვრაც შეიძლებოდა. მერე დაჰკრავდა ნიაკო კლავიშს ხელს და დაიძახებდა: - დო-ო-ო, - მერე მიაყოლებდა - რე-ე-ე, მესამე კლავიშს მიადგებოდა - მი-ი, - რიგ-რიგობით დასცხებდა თავის პატარა თითებს დანარჩენ კლავიშებსაც; - ფა, სოლ, ლა, სი-ი-ი, - რატომღაც ბატივით წაისისინებდა ხოლმე ბოლო ნოტზე და ახლიდან იწყებდა ყველაფერს. ამ ბოლო ხანებში კი ვეღარ ტენის პიანინოს ბატარიებს, დილით უნდა მოასწროს, მას კი ზოგჯერ არ სცალია, რადგან დედას ცეკვაზე დაჰყავს... დღესაც ვერ მოასწრო ბატარიების დატენვა და ძალიან, ძალიან შეწუხდა. თვალებგახელილი წევს ლოგინში, დედას ეძახის, ფარდები გადახსენი, მზე მინდა დავინახოო. ძალიან უნდა თავის პიანინოზე რომ დაუკრას, - დედამ დაამშვიდა, - შვილო, აქვე დგას დიდი პიანინო, ამაზე დაუკარი, - არა, არ მინდა, - აყვირდა გოგონა, ჩემს პიანინოზე მინდა დაკვრა, - ჯიუტად გაიძახოდა. დედა ხმაამოუღებლივ გავიდა ოთახიდან, - იმედი ჰქონდა, ბავშვი მალე დაიძინებდა და დაწყნარებული გაიღვიძებდა. მართლაც, ნიაკოს მალე ჩაეძინა კიდეც.
ეზოში დარჩენილი ოთო დაღონებული იჯდა სკამზე. ფიქრობდა, როგორ გადაერჩინა ქალაქი, როგორ დაემშვიდებინა ნიაკო, როგორ დაებრუნებინა მზე ხალხისთვის. ამ დროს მზის სხივმა შავი ღრუბლებიდან გამოიჭყიტა და ბიჭუნას გვერდზე მდგარი ნიაკოს პიანინოს ბატარეას ერთი ნათურა აანთო, მერე - მეორე, მესამე და ასე თანმიმდევრობით ყველა. ოთო მიხვდა, რომ პირდაპირ მზეს უნდა სწვეოდა და ისე გაერკვია საქმე, ამიტომ ჩუმად, ჩუმად მზის სხივებს სთხოვა დახმარება, არავის რომ არ გაეგო. თვითონაც არ ელოდა, მზის სხივების ეტლი გვერდში ამოუდგა. ჩაჯდა ბიჭი ეტლში და ცისკენ გაექანა. შავ ღრუბელში შეღწევა გაუჭირდათ, მაგრამ დაბრკოლება მაინც გადალახეს და ოთო მნათობის პირისპირ აღმოჩნდა. მზემ თვალებზე სათვალეები გაიკეთა, ცხრავე თვალზე, თორემ ბიჭი ხომ დაიწვებოდა?! დაჯდა ოთო მზის წინ ისე, რომ თვალები არ გაუსწორებია მისთვის, იცოდა, ასტკივდებოდა, იმიტომ რომ ეს ყველა გოგონამ და ბიჭმა იცის! უთხრა, - დიდებულო მზეო, გვიშველე, მალე სიბნელეში აღმოჩნდება ჩვენი ქალაქი! - დიდებული კი იმიტომ თქვა, რომ ბებია მზეს ყოველთვის დიდებულს ეძახის, ილოცება და ყველას მზის სილამაზეს და დღეგრძელობას უსურვებს. მზე სევდიანად უყურებდა ბიჭუნას, ბოლოს უთხრა: - ადამიანები თვითონ არიან დამნაშავენი იმაში, რაც ხდება თქვენს ქალაქში, შავი ღრუბელი მანქანების გამონაბოლქვით საზრდობს და იზრდება. ამ საქმეს თუ არ მიხედავთ, მალე თქვენი ქალაქი სიბნელეში აღმოჩნდება. მე ვეღარ მოვერევი შავ ღრუბელს! - ბიჭს მზის სხივებმა მზის სამყოფელიც დაათვალიერებინეს. ყველა ოთახში მზის საათები იდგა, ქვიშისას რომ ეძახიან. ბევრი მეცნიერიც დალანდა ბიჭუნამ იქ, წოწკოლა ქუდებით და დიდი სათვალეებით, ხელში ბუმბულებიანი კალმებით. - ესენი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი ქალაქების საქმეს სწავლობენ, მათ შორის თქვენისაც და ძალიან ღელავენო, - უთხრა მზემ ბიჭუნას დამშვიდობების წინ. ყველაფერზე რომ მიიღო პასუხი ოთო-ბიჭმა, ქალაქში ისევ მზის სხივების ეტლით დაბრუნდა, პირდაპირ თავისი სახლის ეზოში აღმოჩნდა. ბიჭმა სახლში შეირბინა და დედ-მამას მზის დანაბარები გადასცა. მშობლებმა ყურადღებით მოუსმინეს ბიჭუნას და ეს ამბავი ქალაქის მერს გადასცეს. ამ ქალაქს კი ისეთი მერი ჰყავდა, ხალხის აზრს რომ ითვალისწინებდა, იმ დღის შემდეგ მანქანები დღეგამოშვებით გაჰყავდათ გარეთ, ფეხითმოსიარულეებით გაივსო ქალაქი. მალე ყველამ დაინახა შედეგი. მზე დღეს ჩვეულებრივად ანათებს ამ ქალაქს, სათვალეებიანი გოგო-ბიჭების, მოხუცების თუ უფროსი კაცების და ქალების რიცხვი არ შემცირებულა, ვინაიდან ამ ქალაქის მაცხოვრებლებს ძალიან უყვართ კომპიუტერთან ჯდომა, ეს კი ვიცით, მხედველობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ხანდახან ბაღშიც უნდა გაისეირნოს ადამიანმა და ზოოპარკშიც. იმ დღეს პატარა ნიაკო შუადღის ძილის მერე გარეთ რომ გამოვიდა, თავისი პიანინოს ბატარიები დატენილი დახვდა. მას მერე, როცა მოესურვება, ის სიხარულით უტყაპუნებს ხელს თავისი პიანინოს კლავიშებს და იძახის: - დო-ო-ო, რე-ე-ე, მი-ი, ფა, სოლ ლა, სი- ი-ი, - ბატივით სისინებს ბოლო ნოტზე და ისევ იწყებს თავიდან. ასე გადაარჩინა ოთო ბიჭმა სათვალეებიანების ქალაქი დაღუპვას. წარმოგიდგენიათ, დღეს იმ ქალაქში ყველა მაცხოვრებელი მზის ბატარიებიანი სათვალით დადის, ღამე რომ გაინათონ გზა, მზე ხომ უხვად ანათებს მათ ქუჩებს, მზის ბატარეა კი ენერგიის შესანიშნავი წყაროა.
No comments:
Post a Comment