ნელ-ნელა ვცოტავდები,
მორალურადაც და ფიზიკურადაც,
ჩემი ქალაქიც ცოტავდება,
ბევრი ახლობელი აღარ დადის ამ ქალაქში,-
ზოგმა იმქვეყნისკენ ქნა პირი და
ზოგი სხვა ქვეყანაში გადასახლდა,
გარშემო ფანჯრებში სულ უფრო ცოტა სინათლე ინთება,
თითქმის აღარ ისმის ბავშვების ჟივილ-ხივილი...
ისიც დაცოტავდა... ხეებიც დაცოტავებულა...
ჩემს ფანჯარასთან აღარ ისმის შაშვის გალობა...
ეტყობა გუშინ რომ მოჭრეს, იმ ხეზე ჰქონდა ბუდე,
ნეტავ, საით გაფრინდა? მეც თან წამიყოლოს!
სამაგიეროდ, ისეთი რამეები დავინახე სხვა ბინების აივნებზე,
მერჩია არ დამენახა!
ხეთა ფოთლები ვეღარ მალავს
სხვათა გაჭირვებას და გულისტკივილს!
იზრდება რკინა-ბეტონის ქალაქი,
ბუღი და მტვერი ტრიალებს ჩვენს ქალაქში,
მანქანების რიცხვიც იზრდება, გული კი ცოტავდება!
მეც ნელ-ნელა ვცოტავდები,
იმედებიც ქრება, ჩემდა სამწუხაროდ!
No comments:
Post a Comment