Saturday, March 9, 2013
მე ამერია ცხოვრების რიტმი
მე ამერია ცხოვრების რიტმი,
ვეღარ ავუწყვე ფეხი დინებას,
ტყის პირას მდგარი ბებერ კუნძივით
ეულად დარდით დამეძინება.
სიცოცხლის არსი თითქმის დავკარგე,
ნეტავ, რიღასთვის ვეჭდობი მიწას,
საზრდო წავართვა მეზობელ ხეებს,
ტყუილად ვებრძოლო დელგმას და წვიმას?
არ მინდა ვინმეს ვებრალებოდე,
მაგრამ გამოჩნდა აგერ ცოლ-ქმარი,
მათ დასვენება მოსწყურებოდათ,
მასპინძელი ვარ ახლა სტუმარის...
თვალი მოავლეს ტყეებს და ველებს,
მშვიდად და ლაღად თქვეს მათ სათქმელი,
მადლობა მწირეს დასვენებისთვის,
ძაღლს გამოაბეს ტყავის საბელი.
მივხვდი, ვიღაცას მაინც ვჭირდები,
ღრეჯვიტ შევხედავ კაშკაშა მზესაც,
ბოლოს ვიქცევი შავ ნეშომპალად,
იხაროს ნერგმა ჩემს ირგვლივ ყველგან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment