Tuesday, June 25, 2019

ელენე და ფუტკარი (საბავშვო მოთხრობა)

                           ელენე და ფუტკარი

      დაფრინავდა, კი არ დადიოდა, პატარა ანგელოზი, მიწიერი ანგელოზებიც ხომ არიან, ლამაზები, საყვარლები, ასეთი იყო ელენე, გიგო პაპას შვილიშვილი, ცქრიალა, ნაზი გოგონა, ვარდისფერი კაბების ჩაცმა უყვარდა, დაიხურავდა ჭილის ქუდს, ხელში პეპლის საჭერ ბადეს დაიჭერდა, დედამ რომ გაუკეთა, სანამ სოფელში ჩამოვიდოდნენ, და თვითონაც პეპელასავით გამოფრინდებოდა სახლიდან. მიაშურებდა მინდვრებს, რა თქმა უნდა, სახლთან ახლოს ტრიალებდა, შორს რომ წასულიყო, ბებია და პაპა გაუჯავრდებოდნენ, სადმე არ დაიკარგო, სად გეძებოთო, ასე ეტყოდნენ და ისე გულღიად გაუღიმებდნენ, ელენემ იცოდა, რომ ისეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა, რომ იმათ სწყენოდათ. გოგონა ჩამოუვლიდა ყვავილებს, ყველას სახელი ზეპირად იცოდა, აგერ, ვარდკაჭაჭა, თავისი ცისფერი ყვავილებით, აგერ - კესანე, იმასაც ციფრი ყვავილები აქვს, მაგრამ უფრო პატარა, იქით გვირილები ყვავიან, თეთრი, თეთრი, ყვითელგულები, აქა-იქ ყაყაჩოები იწონებენ თავს, წითელი ფურცლებით, შორიდანაც დაინახავ, შეამჩნევ, ცოტას მოკრეფს კიდეც ყვავილებს, თავის ოთახში ვაზაში ჩადგამს, რომ გაიღვიძებს, დილით, შეხედავს, გულს მოეფონება. ახლა მწერებზე გადაიტანა ყურადღება, უყვარს ისინი, კალიას სტაცა ხელი უკანა ფეხებში, აფართხალდა კალია, ხელი გამიშვი, მეტკინაო, გაშალა თითები, გადახტა კალია, ელენეს ეცინება, ისე ყოჩაღად მიხტის, ახლა ჭიამაია დაინახა, ფრთხილად დაისვა ხელზე, - ჭია, ჭია, მაია, დღეს როგორი დარია? - ეკითხება, გაშალა ფრთები ჭიამაიამ და გაფრინდა, - კარგი დარი იქნებაო, გაიფიქრა გოგონამ და გზა განაგრძო. იქვე ტყე არის, შრიალებენ ხეები, შაშვის გალობა  და ჭახჭახი მოისმის, - გუ-გუ, - იძახის გუგული,  ბალახებში ჩაჯდა ელენე, ითვლის, რამდენჯერ დაიძახებს, - იმდენი ხანი ვიცხოვრებო, ითვლის და ითვლის, ერთი, ორი, სამი, ათამდე კი დაითვალა, მეტი თვლა აღარ იცის, გუგული კი აგძელებს თავის გუ-გუს, სახლში რომ მივალ, ბებიას ვთხოვ, დათვლა მასწავლოსო, გაიფიქრა და ფარსმანდუკის ღერს სტაცა ხელი, მაგარი ფესვი აქვს, ადგომაში მომეხმარება, მოვეჭიდებიო, ხომ იცით ფარსმანდუკი რომელია? სამკურნალო მცენარე რომ არის, ცოტა მყრალი სუნით! თეთრ ყვავილედზე მჯდარი ფუტკრისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მწარე ტკივილი იგრძნო, ხელი გაუშვა ყვავილს,  ხელისგულზე ფუტკარი მიკვროდა, ნესტარი ჩაესო, მეორე ხელით  მოიშორა და სახლისკენ ნატკენი ხელის ქნევით  აღრიალებული გაიქცა, პაპას გაეგონა ელენეს ხმა და სახლიდან ეზოში გამოსულიყო ბავშვის შესახვედრად, ატირებული ელენე პაპას გულში ჩაეკრო და ხელისგული აჩვენა, პატარა შავი წერტილი მოუჩანდა, ბებიამ შავტარიანი დანა გამოიტანა სახლიდან, პაპამ დანის პირი დაუსვა გოგონას მტკივან ადგილას და ნესტარი ამოაძრო, თან სიცილით უთხრა, ფუტკრის ნაკბენი სამკურნალოა,  ზოგი სპეციალურად ისვამს კანზე და აკბენინებს ხოლმე, ის ადგილი რომ მოურჩეს, შენც სამკურნალო დოზა მიგიღიაო, ელენესაც გაეღიმა, სხვა დროს უფრო დაკვირვებული ვიქნები, ფუტკარს რომ არ შევეხო, მწერიც შეეცოდა, ალბათ, მოკვდა ის საწყალიო. პაპამ სკების სანახავად წაიყვანა სახლის უკანა ეზოში, აქ ბევრნი არიან, მინდორში მიფრინავენ, ყვავილებიდან ნექტარს წოვენ და მერე აქ თაფლად აქცევენ, ჩვენი ფუტკარი იქნებოდაო. პაპას ფუტკრის რამდენიმე ოჯახი ახლახანს მოეყვანა. ელენემ დაათვალიერა სკები, ფუტკრების სახლები, ძალიან მოეწონა, შესიებულ თითზე ხელი დაისვა, მერე ფუტკრებს ეშმაკურად გადახედა და თქვა, - თაფლი ხომ  ბევრი გექნებათო? -  უფროსებს გაეცინათ. გოგონას შორიდან ისევ უღიმოდნენ ყვავილები, რომელთაც მხიარულად დაჰბზუილებდნენ ფუტკრები, მზე მოსდგომოდა მინდორს, ახლა უკვე აღარ შეიძლება მინდორში სიარული, დავისიცხებიო, გაიფიქრა გოგონამ, ხელები დაიბანა, მაგიდას მიუჯდა და თაფლიან-კარაქიანი პური მოითხოვა...


No comments:

Post a Comment