ნანუკას პეპლები ბავშვობიდან უყვარდა, მინდვრის, ჭრელი ფრთებით, ნაირფრად მოხატულები და ღამისაც, თეთრი, მოჩვენებასავით, იდუმალებით მოსილნი. ღამ-ღამობით თავისი სახლის ეზოში დაჯდებოდა, უყურებდა, როგორ მოფრინავდნენ ისინი ელექტრონათურის შუქზე, რომელიც აივნის თავზე ეკიდა. ეხვეოდნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ, ზოგი ისე ახლოს მიდიოდა მის რწყინვალებასთან, რომ ფრთებს იწვავდა და ძირს ვარდებოდა. ეცოდებოდა ისინი გოგონას, რატომ არ ფრთხილობენო, ეკითხებოდა ბებიას, მაგათ ხომ ჭკუა არა აქვთო, პასუხობდა ქალი, ცეცხლისკენ და შუქისკენ ილტვიან, მაგრამ ხანდახან ზედმეტი შუქი და ცეცხლიც საშიშიაო, უხსნიდა ნანუკას, დიდი შუქი ადამიანსაც თვალს ჭრის, არამცთუ პეპელას, ამიტომაც ეცემიან ძირს უსულოდ და კვდებიანო. ეზოში დამხმარე შენობა ედგათ, მის თეთრ კედელებზეც ხშირად სხდებოდნენ ღამის პეპლები, ეტყობა, თეთრი ფერი იზიდავდათ. როცა კარგი ამინდი იყო, გადაივსებოდა ხოლმე იქაურობა, ადგილი აღარ მოიძებნებოდა, ზოგი დიდი იყო, ძალიან დიდი, ფრთებზე ოქროსფერი რგოლებით, ზოგი - პატარა, თეთრი კედელი არ წვავდა, არაფერს უშავებდა, მათ შემყურე გოგონას თვითონ ჩამოეძინებოდა ხოლმე ეზოში ხის კუნძზე მჯდომარეს, მამა აიტაცებდა და ლოგინში ჩააწვენდა, მაშინ პეპლები სიზმარში მოდიოდნენ, რაღაცას ეჩურჩულებოდნენ, უყვებოდნენ, ერთ დროს ადამიანები ვიყავით, ახლა პეპლებად გადავიქეცით, დიდმა სიყვარულმა მოგვიყვანა აქო. უკვირდა გოგონას, დილით ბებიას უამბობდა ამ ამბებს, არაფერს პასუხობდა ბებია, ცოტა ჩაფიქრდებოდა ხოლმე. გოგონა გაიზარდა, გათხოვდა, შვილიც ეყოლა, ბებიაც დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის, ის ეზოც დაავიწყდა და პეპლებიც... ცხოვრებამ თავისი უკეთურობა ანახა, ახალგაზრდას მეუღლე გარდაეცვალა, ისევ მოვიდნენ პეპლები სიზმარში, სევდიანი სიყვარულის ისტორიებს უყვებიან, ცხადშიც უკან დაყვებიან, სადაც არ უნდა იყოს, რატომღაც ჰგონია, რომ ემზარის, მეუღლის სულიც ხშირად მოდის და ესაუბრება სიყვარულის უკვდავებასა და მარადიულობაზე, რომ სიყვარული არსად არ მიდის, კოსმოსში რჩება, პეპლად გადაიქცევა, რომელიც თვალუწვდენელ მინდვრებს დაჰფარფატებს, თუ ბედნიერი სიყვარულის მონაწილეა, სევდიანი სიყვარულის შვილები კი თეთრ კედლებს ასხდებიან, ფრთებსაც ხშირად იწვავენ სანთლის ან ლამპიონის შუქზე, კვდებიან კიდეც. მას მერე ნანუკა სულ იმას ყვება, პეპლები დამდევენ, სადაც არ უნდა ვიყოო, - ეჰ, მგონი გაგიჟდა ეს ქალი, - იტყვიან ზოგიერთები, მართლა პეპლები ჰყოლიაო, - ამბობენ სხვები, მხოლოდ ცოტას თუ სჯერა მისი ისტორიების.
No comments:
Post a Comment