შინაბერა იყო, ორმოცს გადაცილებული, უფრო სწორედ, კი არ იყო, ასე ეძახდნენ, თორემ თვითონ თავის საბედოს ჯერ კიდევ ელოდა. ერთ ღამეს საოცარი სიზმარი ნახა. გვირილების ველზე მიდიოდა და ვიღაცა ეძახდა, უყვარხარ, უყვარხარო. გაოცებულმა გაიღვიძა, ნეტავ, თუ ვინმეს მართლა ჩავუვარდი გულშიო. იმედი გაუკრთა, იქნება და ბედი მეხსნებაო. სამსახურში წავიდა, მთელი დღე ამაღლებულ ხასიათზე იყო, ოთახში შემოსულს, ყველას, გაფაციცებით ადევნებდა თვალს. არავის მიუქცევია მისთვის ყურადღება, დაღონდა, ღრმა ფიქრებში ჩაძირული გაემართა სახლისკენ. ჭიშკართან ძაღლის ლეკვი დახვდა, ჭუჭყიანი, გაძუნძგლული, საცოდავად წკავწკავებდა, ეტყობა, დედას ეძებსო, არ შეჩერებულა, ალბათ, ვინმე მოვა და წაიყვანსო, თავი დაიმშვიდა. შუაღამემდე ტიროდა ლეკვი მის ფანჯრებთან, არ დაეძინა, გავიდა და სახლში შეიყვანა, დაბანა, გაასუფთავა, ფეხებთან მიიწვინა, აღარ იწკმუტუნებსო, ტკბილად ჩაეძინა. ისევ დაესიზმრა, გვირილების ველზე მიდიოდა, ყვავილს ფურცლებს აცლიდა და იძახდა: - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ბოლო ფურცელი რომ მოწყვიტა, ვუყვარვარო, სიხარულით წამოიძახა. გამოეღვიძა, ლეკვს გადახედა, მშვიდად ეძინა მის ფეხებთან, უნდა დავიტოვო, ამაზე მეტად, ნეტავ, ვიღას ვეყვარებიო, გაიფიქრა და ლოგინიდან წამოდგა. შაბათი დღე იყო. არსად ეჩქარებოდა, ეზოში გავიდა, ყვავილებს წყალი დაუსხა. ჭიშკართან ვიღაცას მოჰკრა თვალი, აკაკუნებდა. გააღო, მის წინ ათლეტური აღნაგობის მამაკაცი იდგა, სადად, უბრალოდ ჩაცმული, სიმპათიური, მოეწონა, ნეტავ, რა საქმე აქვსო, გაიფიქრა. უცნობმა, ძაღლის ლეკვი ხომ არ გინახავთო, ჰკითხა, სახლიდან გამოპარულა, ორი-სამი დღეა დავეძებო. გაეღიმა, ეზოში შეიპატიჟა, ჩემთან არის, ახლავე გამოგიყვანთო, ხელიდან ხელში გადასცა, ჯადოსნური იყო შეხება. მას მერე ერთად არიან, ხშირად დადიან გვირილების ველზე და ახლა უკვე მოხუცები, იხსენებენ ძაღლს, რომელმაც ისინი ერთმანეთს შეახვედრა და დააკავშირა. გვირილების ველზე კი ყოველთვის ისმის შეყვარებულთა ჩურჩული: - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ!
No comments:
Post a Comment