- სალამი, - უთხრა მეგობარს, მაგრამ ის უცებ გაეცალა, მარტო თავი დაუქნია. ნეტავ, რა სჭირსო, გაიფიქრა გაკვირვებულმა ლაურამ და თვალი გააყოლა. ლუიზა მხრებში მობუზულიყო, თითქოს კაცობრიობის ტვირთი ეკიდა ზურგზე, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და რატომ არის ასეთი ნაღვლიანი, გაიფიქრა ლაურამ, მესმის, ქმარი გარდაეცვალა, მაგრამ ცხოვრება წინაა, თანაც მაინც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, გაძლებაზე იყვნენ, შვილის გამო უთმენდნენ ერთმანთს. ახლა შეუყვარდა, თუ რა არის? თავის თავს უსვამდა კითხვებს ქალი და სამსახურისკენ აგრძელებდა გზას. შენობაში შევალ და დავურეკავ, გაიფიქრა ბოლოს და უახლოეს მარკეტში შეიარა წყლის საყიდლად.
დიდი ხნის მერე, სამარშრუტო ტაქსს საცობებში მოუწია დგომა, სამსახურში მიაღწია და თავის ადგილზე მოკალათდა, ყურმილი აიღო. შიშინი მოესმა, ალბათ, არ გადის, ახლა მობილურით სცადა დაკავშირება მეგობართან, არ პასუხობდა. გაახსენდა, ლუიზას შვილი რომ საზღვარგარეთ იყო წასული და იქაც რაღაცა პრობლემები ჰქონდა, ნეტავ, ამის გამო თუა ასეთ ცუდ ხასიათზე? ბიჭი ესპანეთში არალეგალად იყო. ლამაზი შვილი კი ჰყავს, მშობლები ორივე ლამაზები იყვნენ, ის ცხონებულიც კარგი ბიჭი იყო და აბა, რა იქნებოდა? ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ რა მსახიობი დადგებოდა? აბა, აქ მსხაიობი კი არა, მეპურეც არავის დასჭირდება მალე, დაიცალა ქვეყანა, ყველა გარბის, ნეტავ, სად მიდიან, ვის უტოვებენ ამ მიწა-წყალს? ღმერთო, გვიშველე, გაიფიქრა ლაურამ და ისევ გადარეკა ლუიზასთან. როგორც იქნა, მეგობრის ხმა მოესმა, - ვანო დაიჭირესო, ძლივძლიობით ამოღერღა, - ვინ ვანო, - ვერ მიხვდა უცებ, - რას მელაპარაკები, - შეწუხდა ლაურა, თითქოს გულში რაღაცა ჩასწყდა, - სად, ესპანეთში? რა მოხდა? - არაფერი არ ვიცი, მითხრა, პოლიციამ ამიყვანაო და მობილური გაითიშა, - ნუ ნერვიულობ, არაფერი მოხდება, იქნებ, შესაშინებლად გითხრა, ფული რომ გაუგზავნო, რა იცი? ეგრე იციან ახლანდელმა ახალგაზრდებმა, - დამამშვიდებელი ტონით უთხრა ლაურამ ლუიზას. - არ ვიცი, არ ვიცი, - წაილუღლუღა ქალმა და ყურმილი დაკიდა. - ახლა ეს უნდოდა კიდევ ამ საწყალს, ისედაც ვერ არის ჭკუაზე? - ისევ გააგრძელა ფიქრი ქალმა. ბოლო ხანებში ლუიზას საქციელი არ მოსწონდა, რაღაც უცნაურობებს ლაპარაკობდა, ქმარი მოდის ხოლმე სახლში, როგორც ცოცხალიაო, მეზობლები მწამლავენო, არა და რა გოგო იყო? ნინიას დავურეკავ, ახლოს ცხოვრობს მაგასთან, იქნებ რამე იცოდეს? გადაურეკა, ნინიამ ყურმილი არ აიღო. ამასაც თავისი პრობლემები აქვს, ვალებშია ჩავარდნილი, სახლს ჰყიდის, გარეთ არ აღმოჩნდეს ეგეც, სახლის საგირაო ფული თუ მაინც დარჩება, კარგია. ნეტავ, ვისი დარდი უნდა ჰქონდეს? რამდენიმე საათში დაუკავშირდა. ლუიზას ამბავი თუ იციო, დღეს ჩამიარა, გამარჯობა ძლივს მითხრაო, მოახსენა. ყურმილში შეწუხებული ხმა მოისმა, - არ იცი, გოგო? იქ ვიყავი ახლა, დედასთან მისულა და აივნიდან გადმომხტარა, მოკვდა ჩვენი ლუიზა! ლაურას ყურმილი ხელიდან გაუვარდა, ტელეფონი გაითიშა, ახლიდან გადაურეკა - რატომ ქნაო ეს ამბავი, - შვილი დაიჭირესო, ამბობენ, ესპანეთში, ვეღარ გადაიტანა ეს ამბავი, საწყალმა, ამ ბოლო ხანებში ვერ ატყობდი, როგორც იყო? - მოთქმით ლაპარაკობდა ნინია.
დაასაფლავეს ლუიზა... მერე შვილს დაურეკეს ამბის გასაგებად, ყურმილი რომ აიღო, გაუკვირდათ, გადავრჩიო, ერთი კვირა ვიყავი მარტო ციხშიო, გახარებულმა თქვა. დედის ამბავი აღარ უთხრეს. ერთ თვეში თვითონ ჩამოვიდა, უკვირდა, რომ აღარ ურეკავდა. ყველაფერი შეიტყო. ჩემი გულისთვის მოკვდაო, ორი კვირის მერე მერვე სართულის აივნიდან გადმოხტა, სწორედ იქიდან, საიდანაც დედამისი...
No comments:
Post a Comment