Sunday, June 30, 2019

გვირილების ჩაი (საბავშვო მოთხრობა)

                               გვირილების ჩაი

   მაგიდაზე ყვავილების თაიგული იდგა. სოფო ყვავილებს თითო-თითოს ათვალიერებდა, ერთი მოეწონა ძალიან, ბებოს ჰკითხა, რა ყვავილიაო, იმან თავი გადააქნია, პირველად ვხედავ, არასოდეს მინახავს, ისე გვირილას კი ჰგავს, ოღონდ ყვითელი ფურცლებითააო. გოგონა ახლა დედასთან მივიდა ყვავილით ხელში, თაიგულიდან ამოაძრო, იმასაც ჰკითხა ყვავილის სახელი, მაგრამ დედასაც გაუჭირდა პასუხის გაცემა, მგონი, გვირილა არის, ოღონდ ყვითელი ფერის, ეტყობა ასეთებიც არსებობენო. სოფომ, მიღებული პასუხებით რომ ვერ დაკმაყოფილდა,  ახლა მცენარეთა შესახებ წიგნი გადმოიღო, ასეთი წიგნებიც რომ არის, ალბათ, გეცოდინებათ, კითხვა ორი წლის ნასწავლი ჰქონდა და ყვავილების ფოტოებიან ფურცლებზე გვირილაც მალე მოძებნა, მაგრამ ყვითელი გვირილა ვერა და ვერ იპოვა, ისე კი ამ გვირილაზე ბევრი რამ ამოიკითხა, თურმე,  მას ზემო იმერეთში ირაგას ეძახიან, ქვემო იმერეთში – ანაგრულას, გურიაში – ქამენიას, სამეგრელოში – ქამანიას, მესხეთში – ყვითელგულას, მთის რაჭაში – კაკულს. ყველაზე ძალიან კი სახელი კაკული მოეწონა. თვითონ ხომ გვარად კაკულია იყო, ალბათ, ჩემი წინაპრები გვირილებივით ლამაზები იყვნენო ან იქნებ გვირილების ველზე ედგათ სახლიო, გაიფიქრა და სიამაყით აივსო. ათვალიერა ყვავილები წიგნის ფურცლებზე და გერბერებს მიაგნო, ყვითლებს, წითლებს, ნამდვილად ეს ყვავილიაო, გაიფიქრა,ოღომდ გვირილისგან განსხვავებით ამათ სხვანაირი ფოთლები და მუქი გული აქვთო, მოეწონა, დედას ამაყად განუცხადა, ეს ყვავილი გერბერა ყოფილა, სახლშიც შეიძლება მოვიტანოთ ქოთნებით და გავამრავლოთ, ეს თქვენი მყრალი გვირილა კი ვის რაში ჭირდება, სახლშიც არა ხარობსო. 
      მეორე დღეს ბებიამ სოფო გვირილების ველზე წაიყვანა, სოფლის მახლობლდ. ბევრი ირბინა გოგონამ, დიდ-დიდი თეთრი გვირილები შეაგროვა,ისინი მოეწონა,  ბებიამ გვირგვინი დაუწნა და თავზე დაადგა, თვითონ ქალს პატარათავებიანი გვირილები შეეგროვებინა, გაოცდა სოფო-გოგო, ეს პატარები რაში გჭირდება, როცა ამდენი დიდი თეთრი გვირილა ხარობს ველზეო, ბებიამ აუხსნა, ესენი სამკურნალოა, ეგენი -  არაო, სილამაზეს ნუ კი უყურებ, თვისებებით უნდა ამოარჩიოო. სოფოს გაახსენდა, რომ მის კლასში ერთი გოგონა სილამაზით იყო გამორჩეული, მაგრამ შურიანი იყო, ყველას ეჩხუბებოდა, ვისზეც გაბრაზდებოდა, კალამს უმტვრევდა, ადამიანებშიც ასე ყოფილაო, გაოფიქრა. გვირილებიანი ველიდან გახარებული დაბრუნდა გოგონა, ულამაზესი გვირგვინით თავშემკული. ბებიამ თავისი გვირილები გასაშრობად გაფინა, ყველაზე მეტად ზამთარში გამოგვადგება, რომ არ გავცივდეთო.
     ზამთარში მთელი ოჯახი სიამოვნებით სვამდა გვირილების ჩაის  და ფანჯრიდან გასცქეოდა დათოვლილ მთებს,  მართლაც, ავად არავინ გამხდარა, ყელიც კი არ წამოსტკივნია სოფოს, იცის, როგორც კი რამე შეაწუხებს, გვირილების ჩაი უნდა მიირთვას.

30.06.2019 წელი

No comments:

Post a Comment