Wednesday, September 26, 2018

მომავლის იმედს არ ვკარგავ

ჩემ თვალწინ, ვხედავ, გაიცრიცა გზაცა და ხიდიც,
ბურუსში ვიღაც მაინც ცეკვავს ფოქსტროტს და ტანგოს,
ზარმაცი ჩიტის "გუ. გუ გუ, გუს" წვიმებში ვითვლი,
ისევ ვაღმერთებ გრეგორი პეკს, ჯინას და გარბოს.
სულში ჩახლართულ მისტერიებს კანკალი გააქვთ,
გუგულის ბარტყი ისევ ანგრევს სხვა ჩიტის ბუდეს,
იმ ფრინველივით მეც მომავლის იმედს არ ვკარგავ,
მე თუ არა და, სხვა გაივლის დაკარგულ ხიდზე.

Monday, September 24, 2018

სარკე (ანზორ ფეიქრიშვილის ნაამბობიდან)

   ხუთი წლის ვიყავი, მამისაგან ინგლისიდან წერილი რომ მივიღეთ, ომის მერე აქ აღმოვჩნდი, საქართველოში ჯერჯერობით ვერ დავბრუნდები, ამა და ამ მისამართზე გამომიგზავნეთ წერილებიო. ცოცხალი აღარ გვეგონა, ამიტომ დედაჩემის, მამიდაჩემის, ბებია-ბაბუას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,  ომის მერე რომ არ დაბრუნდა, ყველას მკვდარი გვეგონა, თუმცა ამ სასიხარულო ამბავმა, ჩვენს ოჯახს კარგი არაფერი მოუტანა. რამდენიმე დღეში დედაჩემი დააპატიმრეს, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლი, ჩვენი ბინა გაჩხრიკეს, წაიღეს მამის სურათები, საბუთები, ნივთები. ერთადერთი ფოტო შემოგვრჩა, არ ვიცი, მაშინდელი უშიშროების წარმომადგენლებმა, ის როგორ ვერ შეამჩნიეს, მაგიდაზე დასადგმელი სარკის უკანა მხარეზე იყო მოთავსებული. დედას ცხრა წელი ციხე მიუსაჯეს. დაიწყო ჩემი ხეტიალი, ხან ერთ ნათესავთან ვცხოვრობდი, ხან  - მეორესთან,  ყველაზე ხშირად, მაინც დეიდებთან მიხდებოდა ყოფნა, თუმცა ამ დეიდებს ქმრებიც ჰყავდათ, რომლებიც მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ ხვდებოდნენ ჩემს გამოჩენას  თავიანთ ოჯახებში, მოგეხსენებათ, რა დრო იყო, ყველგან შიში და სასოწარკვეთა სუფევდა, ამიტომ დიდი ხნით შეყოვნება არავისთან მიწევდა. ასე გაიარა ოთხმა წელმა, დედაჩემი ციხიდან  გამოუშვეს. დედა-შვილი ისევ შევერთდით, ბედნიერი ვიყავი, თუმცა სამშობლოს მოღალატის შვილის იარლიყით მიწევდა სკოლაში სიარული. სანამ დედა ციხეში იყო, მამისგან წერილები მოდიოდა, თუმცა პასუხის გამცემი არავინ იყო, ახლა ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ, მამაჩემმა თუ იცოდა, რა შავ დღეში ჩაგვყარა მისმა გამოგზავნილმა წერილებმა? დარწმუნებული ვარ, არა და ალბათ, ვერც წარმოიდგენდა იმას, რომ სიხარულის ნაცვლად მის წერილებს ჩვენთვის ტანჯვა და ცრემლები მოჰქონდა. ბედნიერება დიდხანს არ დაგვცალდა მე და დედას, მეშვიდე და ბოლო წერილი მივიღეთ მამისგან, ინგლისის ჰავას ვერ ვეგუები, ჯანმრთელობა დამიზიანდა და ლათინურ ამერიკაში გადავდივარ საცხოვრებლადო, მისამართს შემდეგ წერილში გამოგიგზავნითო. რამდენიმე დღეში კვლავ უშიშროების თანამშრომლები დაგვადგნენ თავზე, უნდა გადაგასახლოთო, ვუყურებდი, როგორ ეხვეწებოდა დედა, რას გვერჩით, არაფერი დაგვიშავებიაო, ტიროდა, ემუდარებოდა შავი ტყავის ლაბადებში გამოწყობილ ადამიანებს, დანდობას სთხოვდა, მაგრამ ისინი თითქოს ადამიანებიც არ იყვნენ, ვიდექი და ვუყურებდი დედას, ჩემს ანგელოზსს, როგორ ეხვეოდნენ ყვავ-ყორნები, მაგრამ რისი გაკეთება შემეძლო ცხრა წლის ბიჭს, შიშისგან მუხლები მეკვეთებოდა, მივედი, დედას ჩავეხუტე, მეგონა, გავამაგრებდი, ისევ ჩაატარეს ჩხრეკა, რაც ადრინდელ ჩხრეკას გადაურჩა, ისიც წაიღეს, ის ფოტო კი, რომელიც სარკის უკანა მხარეს იყო ჩამაგრებული,  ისევ გადარჩა, მამა იმ სურათში თითქოს უჩინმაჩინად ქცეულიყო, ვერავინ ხედავდა. 
    კაცზე თექვსმეტ-თექვსმეტი კილოგრამის წაღების უფლება მოგვცეს, მაგრამ ჩვენ წასაღებიც აღარაფერი გვქონდა. შევკარით ერთი ბოღჩა და ყაზახეთის გზას დავადექით. მახსოვს საშინელი წამება, არ ვიცოდით სად მივყავდით.  ადგილზე, ყაზახეთში, სოფელ სლავიანკაში, ჩასულებსაც არ  დაგვხვდა უკეთესი სიტუაცია, მიწურებში მცხოვრებ ბერძნებთან გადაგვანაწილეს. არ მახსოვს ამაზე საშინელი წლები ჩემს ცხოვრებაში, შიმშილი, გაჭირვება, დედა დილიდან სამუშაოდ მიჰყავდათ, ბამბის საკრეფად, საქართველოდან 56 ათასი ოჯახი ვიყავით გადასახლებული. მე  მარტო ვრჩებოდი, სხვა ჩემნაირ ბიჭებს დავუმეგობრდი, ცურვა ვისწავლე, წყლის არხი იყო გაჭრილი იქვე ახლოს. ორ წელიწადზე მეტი იყო გასული, რაც იქ ვცხოვრობდით. მეთორმეტე წელიწადში ვიყავი გადასული. ერთ დღეს საღამოს სახლში დავბრუნდი, დედამ ჩემი შესვლა ვერ გაიგო, ის  მაგიდასთან იჯდა,  მამას ფოტო ეჭირა ხელში, რომელიც აქაც წამოიღო, ისევ სარკეში ჩამალული და დაჟინებით უყურებდა, გავშეშდი, მონუსხული ვუყურებდი ამ სურათს,  უცებ მან ტირილით შუაზე გადახია ფოტო, მომენტალურად ნაკუწებად აქცია ჩემი სათაყვანებელი მამის ხატი, რომელზეც, არ მოვიტყუები, ვლოცულობდი კიდეც, ღმერთმა მაპატიოს ეს მკრეხელობა. დედასთან მივირბინე, ხელებში ვეცი, სურათის ნაკუწები ხელში მეჭირა და ვყვიროდი: - რა ქენი, დედა, მამა მომიკალი? - ჩემმა ზარდამცემმა ყვირილმა ქალი გონს მოიყვანა, მაგრამ მე უკვე წყლის არხისკენ გავრბოდი, დედა უკან მომდევდა, - დაიცადე, შვილო, ყველაფერს აგიხსნი, - მომძახოდა, მაგრამ არაფრის გაგონება არ მსურდა, ხიდთან მივედი და წყალში გადავხტი, ვიგრძენი, დედაც გადმომყვა, ცალი თვალი მოვკარი მის თავსაფარს,  ჩემთვის დრო გაჩერდა, ფრენა ნელი იყო, დედა ტყვიასავით ჩაეშვა წყალში, ჩემზე ადრე, ვიცოდი, ცურვა არ იცოდა და მასაც ეგონა, რომ არც მე ვიცოდი ცურვა, თითქოს ჩემი დაჭერა სურდა, ხელები ჩემკენ გამოეშვირა. მეგონა, დაიხრჩობოდა,  მოკვდებოდა, კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინეს. მას მერე არასოდეს დამვიწყებია ის წუთები, ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი დედა ლამისაა ღმერთმა წაიყვანა, შენ ვერ აფასებ, არ უფრთხილდები, ვერ უვლიო. 
 მალე გარდაიცვალა საბჭოეთის ბელადი, სტალინი. გვითხრეს, საქართველოში გაბრუნებთო, პირველი ნაკადი გაემგზავრა კიდეც, ჯერი ჩვენზე იყო, სუფრა გვქონდა გაშლილი, სამშობლოში დაბრუნებას ვდღესასწაულობდით იქ მყოფი ქართველები. მოულოდნელად არხზე სამხედრო გემი გამოჩნდა, გაგვიკვირდა, რა ხდებაო, წასვლა ჩაიშალა, კიდევ წელიწადნახევარი დავყავით იქ, მხოლოდ ბერიას დაპატიმრების შემდეგ დავბუნდით საქართველოში. აღარ მახსოვს, ის სარკე იქიდან წამოვიღეთ თუ არა, აღარ მაინტერესებდა, მამაჩემის სურათი იქ აღარ იყო, დედის გახსენებაზე კი დღესაც ის ავბედითი დღე მახსენდება, კინაღამ სიცოცხლე რომ მოვუსწრაფე.

Sunday, September 23, 2018

ტირის ვაშლი (სამაჩაბლოში დაღუპულებს)

არასოდეს მინატრია,
დავმჯდარიყავ ციხე-კოშკში,
ფეხქვეშ ნოხი გამეფინა,
ყმებისათვის მერტყა ქოში.
მეყოფოდა მწვანე ეზო,
ღელის პირას წაბლის სახლი,
ყვავილების ფანჩატურით,
ღობეებთან დიდი ვაშლით.
წამოწოლილს აივანზე
გაეცინა ჩემთვის წითელს,
მზის სხივების კორიანტელს
გაერბინა ბავშვის პირზე,
გამეზარდა ცხრა ვაჟკაცი,
ქვეყნისათვის სასახელო,
იქვე სდგმოდათ ცხრავეს სახლი,
გაეხარა ბარს და ბექობს...
ღელის პირას რომ ჩანს სახლი,
დღეს სავსეა მტრული ჯარით,
ცხრა ვაჟკაცი მიწის ქვეშ წევს,
ტირის ეზო, ბაღში -  ვაშლი.






ეკალ-ბარდში როგორ ვიარო?!

დაკბენილი და დაცხრილული  თან დამაქვს სული,
ვეძებ წყაროს წყალს, იქნებ სულში იამ იხაროს,
მაგრამ მასმევენ წყალის ნაცვლად შხამსა და ბალღამს,
ჩამოჭკნა ვარდიც, ეკალ-ბარდში როგორ ვიარო?!

Saturday, September 22, 2018

ნიშანი ბოროტების

ათასი სული, დაფლეთილი, ნაკერ-ნაძონძი,
შელახული და ვერ უნახავთ ჯერაც სამყოფი,
გამოკეერილი ღრუბლებსა და ჩვენს მიწას შორის,
როგორც ნიშანი ბოროტების, ღვარცოფად  მოდის.

,

Friday, September 14, 2018

მე ჩავაბარე უკვე "თავანი"

მე ჩავაბარე უკვე "თავანი", მაგრამ დროება მომძახის "რა დროს?,
არ ჩაგითვალეს, სიტყვაც გითვალეს, რა თქვი, როდის? და ვისთან თქვი, რატომ?"
ვერ წამოვდექი, ვეღარ დავდექი მზესთან, არა ვარ იმისი ტოლი,
სიკეთეს ვმარცვლავ, არ იქცეს ღვარძლად, დამდევს ბოროტი ვით წიწილს ქორი.
ქალი ვარ, მაგრამ მივათრევ გუთანს, ხარს შევეხიდო მინდა შრომაში,
მზეს სხივებს ვაცლი დილაადრიან, რაც ჩამეტევა დაღლილ  მუჭაში,
მოვილოგინებ შიშველ მინდორში, ძუძუს ვაწოვებ ვენახს და ყანას,
მაგრამ გამოზრდილს დედის უბეში, სხვა მანქანებით სიავე კვალავს.
თითქოს დამინდეს და არც დამინდეს დედა, დაშლილი ათას სიმებად,
ისევ ტკბილ ხმაზე რომ  დავიმღერო, გთხოვთ, დამაბრუნოთ უძღებ შვილებთან,
ვაშლის სიმწიფის სუნი დგას ქარში, ქლიავმა უკვე მოისხა ჩერო,
წითურა თუ კი შეჰყრია ველებს, სახადს ხომ მალე მოიხდის, ღმერთო?!










Monday, September 10, 2018

ქუდი და მანდილი

ზოგს უნდა რომ ცაში ფრენდეს,
გამოესხას ჩიტის ფრთები,
ზოგს კიდევ რომ შრომებს წერდეს,
გახდეს დიდი მეცნიერი,
ზოგი მხოლოდ ფულზე ფიქრობს,
ამ ცხოვრებას უღებს ალღოს,
სხვა რომ წერს და ვიღაც ფრინავს,
ის ითვისებს ყველას სამყოფს,
ზოგს არ უნდა ცოლი, შვილი,
ვეღარ იტანს რკინის ბორკილს,
ამიტომაც იმას ნატრობს,
გაეყაროს ოჯახს, ცოლ-შვილს,
რომ იაროს თავისუფლად,
არტახები სულს უხუთავს,
სურს იცხოვროს მარტოდმარტო,
ის აკეთოს, რაც მას უნდა.
ზოგს თამაში უყვარს ბანქოს,
ზოგს კი - მხოლოდ ნარკოტიკი,
ავიწყდება ყველაფერი,
არავისი არ აქვს რიდი.
ეს ცხოვრება ჭრელი არის,
ჭრელი არის, ვხედავ, ხალხიც,
ამ ქვეყნის რომ არ აქვთ დარდი,
დასტყობია ქუდს და მანდილს.






ღარიბის ფიქრი

შემომეძონძა თავსაფარი, დამეხა კაბა,
სულს დაღლის ფიქრი, რა ვჭამო და ხვალ დილით რა ვსვა,
ნუთუ ეს იყო ჩემი ბედი, წუხილის, ტანჯვის,
არც კაცისა და აღარც ღმერთის არ დამრჩა ხათრი.

Wednesday, September 5, 2018

პიანისტი (ეძღვნება ცნობილი პიანისტის რუდოლფ კერერის ხსოვნას) (ნახევრადზღაპარი)

    პიანისტი (ეძღვნება ცნობილი პიანისტის რუდოლფ კერერის ხსოვნას) (ნახევრადზღაპარი)

ერთ ქალაქში ბიჭი ცხოვრობდა, სახელად რუდოლფი. მას ძალიან, ძალიან უყვარდა მუსიკა, ფორტეპიანოზე დაკვრას იმ ქალაქში ცნობილ მუსიკოსებთან სწავლობდა. მისი მამა-პაპანიც მუსიკაში დახელოვნებული ადამიანები გახლდნენ, პიანინოების ამწყობები. მისმა პაპამ - პიანინოების საწარმოც კი გახსნა ამ ქალაქში. ეროვნებით გერმანელები იყვნენ, გერმანელები კი, მოგეხსენებათ, პედანტობით და წესრიგის სიყვარულით გამოირჩევიან. ჩვენი ბიჭუნაც დიდი მეცადინე ვინმე იყო, სკოლაშიც კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ფიზიკა-მათემატიკას, მუსიკაშიც წარმატებებს აღწევდა. თქვენ წარმოიდგინეთ, თამაშსაც ასწრებდა და სწავლასაც, მეგობრებიც ბევრი ჰყავდა. ქალაქი, რომელშიც ის დაიბადა და იზრდებოდა, თბილისი იყო. მაშინ თბილისურ სახლებში მრავალი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოშიც ბევრი ბავშვი თუ დიდი გამოეფინებოდა სათამაშოდ თუ სასაუბროდ, მეზობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ. რუდოლფის საუკეთესო მეგობარი იყო ქართველი გოგონა, იდა, რატომღაც სახელი უცხოური ჰქონდა. გერმანელებს იმ ეზოში პატარა ბაღი ჰქონდათ გაშენებული, დასხდებოდნენ იდა და რუდოლში ერთი დიდი ალუბლის ხის ძირას და ოცნებობდნენ. ოცნება კი ძალიან უყვარდათ ორივეს. ბიჭუნა ოცნებობდა კონცერტებით გამოსულიყო მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, გოგონას კი დიდი სურვილი ჰქონდა ბიოლოგი გამხდარიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან უყვარდა მწერები, განსაკუთრებით, პეპლები. დედამისს ძალიან უყვარდა კერვა და ისიც პეპელასავით ნაირნაირ ჩასაცმელში გამოწყობილი ყველას ყურადღებას იქცევდა. დრო გადიოდა, ოცნებებში გართულებს ერთ დღესაც შავი ფრინველივით საშინელმა ამბავმა ჩამოუფრინათ, ომი დაიწყოო. შეწუხდნენ, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ, გერმანელების ოჯახი შორს გადაასახლეს. იდა და რუდოლფი ერთმანეთს შეჰპირდნენ, წერილები ხშირად გაეგზავნათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ამის საშუალებაც აღარ მიეცათ. იდამ რუდოლის ამბავი მხოლოდ მრავალი წლის მერე შეიტყო.
     გადასახლებაში მყოფ ოჯახს პიანინო არ ჰქონდა, რომ რუდოლფს მეცადინეობა განეგრძო. ის კი არა და, ზოგჯერ პურიც ენატრებოდათ. ბიჭმა პიანინოს კლავიშები მაგიდაზე დახატა და ასე განაგრძო პიანინოზე დაკვრა, რომელიც ჩუმი და უხმაურო იყო. სკოლა რომ დაამთავრა, იმ სკოლაშივე ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, იმიტომ რომ ოდესღაც, თბილისში ძალიან კარგად სწავლობდა ამ საგნებს, ცოდნა კი არასოდეს იკარგება. თავის ოცნებაზე უარს მაინც არ ამბობდა და კლავიშებდახატულ მაგიდაზე თითებს აცეკვებდა. ხანდახან მინდორში გასული, როცა პეპელას დაინახავდა, იდა ახსენდებოდა, თავისი ბავშვობის მეგობარი, ნეტავ სად არისო, გაიფიქრებდა და პეპლებს სთხოვდა მისთვის მოკითხვა გადაეცათ, პეპლები ხომ მხოლოდ სამი დღე ცხოვრობენ, ამიტომ ერთი პეპელა მეორეს გადასცემდა მოკითხვას, მეორე - მესამეს და ასე მიდიოდა ეს მოკითხვა ადრესატამდე. 
        იდაც გაიზარდა, ბიოლოგი გახდა, აი, ის, მწერების ცხოვრებას რომ შეისწავლის. მასაც ხშირად ახსენდებოდა თავისი ბავშვობის მეგობარი, ნეტავ, სად არისო, გაიფიქრებდა და მინდორში გასული პეპელას სთხოვდა, მოკითხვა მიუტანე ჩემგანო, ის პეპელაც გადასცემდა მოკითხვას მეორე, მეორე - მესამეს, ასე მიდიოდა ეს მოკითხვა ადრესატამდე.
        ერთ დღეს რუდოლფი სხვა ქალაქში გაემგზავრა სკოლის საქმეებზე, გზად უცნობი სახლიდან პიანინოს ხმა შემოესმა, მონუსხულივით იქით წავიდა, კულტურის სახლი აღმოჩნდა, დაინახა, ვიღაც ახალგაზრდა უკრავდა პიანინოზე. შორიახლო მორიდებით დადგა, ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. როცა პიანისტმა დაკვრა დაამთავრა, სთხოვა, ინსტრუმენტთან დავჯდებიო, ხელები უკანკალებდა, მაგრამ აი, პირველი აკორდი აიღო, ამას მეორე მოჰყვა, მესამე... გარშემომყოფნი გაოცებულნი უყურებდნენ ვირტუოზ შემსრულებელს,  ბიჭს, რომელმაც, პიანინოზე დაკვრა რომ არ დავიწყებოდა, მაგიდაზე დახატა კლავიშები და ასე უკრავდა. მას მერე რუდოლფი მსოფლიოში ცნობილი პიანისტი გახდა, ერთ დღეს თბილისსაც ეწვია კონცერტით, ამაღელვებელი იყო იდას და მისი შეხვედრა კონცერტის შემდეგ, მათ ხომ ერთად ნაოცნებარი უსრულდებოდათ, ორივე თავის საყვარელ საქმეს ეწია, მათ ცხოვრების გზას კი ულამაზესი პეპლები და თბილისური ბავშვობა უნათებდათ.
     
     

ზოგს ჰგონია, ფული თუ აქვს...

ზოგს ჰგონია, ფული თუ აქვს,
აქვს ყველაფრის უფლება,
არც ზრდილობა არ სჭირდება,
არავისთვის წუხდება.
დააჭიროს უნდა ფეხი
სუსტს, ავადმყოფს, უქონელს,
მათ პატივი რომ უნდა სცეს,
სიკვდილის წინ იგონებს.
მეზობელსაც პასუხს არ სცემს,
მაწუხებო შეკითხვით,
კოხი არის მონაგონი,
დაეცემა მეხივით.
მაგრამ ღმერთი არ შეარჩენს
ქვეყნად არვის ნაპარავს,
ვინც სხვას ართმევს,
ცოდვილია, შეერგება არამად.



Tuesday, September 4, 2018

სადღაც ვსვამ მძიმეს

სადღაც ვსვამ მძიმეს და სადღაც წერტილს,
სადღაც მინდა, რომ ძახილის დავსვა
ნიშანი, - იგი ჩემთვის ჰგავს ზეფირს,
გამონათხოვარს ბებიას კალთას.

Monday, September 3, 2018

პაპა (მოთხრობა)

    ნელა-ნელა გამოძვრა ლოგინიდან, წამოჯდა, ხელის ცეცებით მოძებნა ფეხსაცმელები, ჩაიცვა, წამოდგა, საწოლის კიდეს დაეყრდნო, კუთხეში მიდებული ჯოხი აიღო და კარებისკენ კაკუნით გაეშურა, ცალ ხელს ყავარჯენს აბჯენდა, მეორეთი კედლებს მიუყვებოდა. კარებამდე მიაღწია და ცოლს დაუძახა: - მართა, ჰაი, მართა, ავდექი, ქალო! - ხმა არავინ გასცა, მიაყურადა, არსაიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა,  - ალბათ სამშობიაროში წავიდნენ, ბიჭი უნდა მოიყვანონ, - წაიბუტბუტა, აივანზე ვარაუდით თავისი სამფეხა სკამი მოძებნა, ჩვეულ ადგილზე იდგა, კედელს მიაყუდა  და დაჯდა. გაახსენდა, სულხანმა, მისმა შვილიშვილმა, ბევრჯერ შესთავაზა, სავარძელს დაგიდგამ, მოხერხებულად დაჯდებიო, არ დათანხმდა, გლეხი კაცი ვარ, თავადი კი არა, სავარძელზე წამოვსკუპდეო. ახლა გაახსენდა ეს ამბავი, ჩაეცინა, სწორედ სავარძელი მეკუთვნის, შვილთაშვილს მოვესწარიო და მოლოდინში გაიტრუნა. დიდხანს უყურებდა სივრცეს უსინათლო თვალებით, ასაკიც დიდი ჰქონდა, მაგრამ თავის თავისადმი უყურადღებობამ დააბრმავა, არაფრის დიდებით ექიმთან არ წავიდა, როგორც მუცლის ტკივილი, ესეც გამივლისო, ნელ-ნელა აკლდებოდა თვალის შუქი, შვილიშვილმა რომ დაითანხმა და ექიმთან წაიყვანა ქალაქში, გვიანღა იყო, იდარდა, ჩემს გაზრდილ ვაზებს როგორღა შევხედოო, მაგრამ თავზევით ძალა აღარ იყო, ბედს დამორჩილდა. დღეებს სიკვდილის მოლოდინში ატარებდა.- აი, ახლა მოვა, აი, ახლა მოვაო,-  ფიქრობდა, მაგრამ ეს მისგან საპატივცემულო სტუმარი არა და არ მოდიოდა. თვითონ დღის შუქს და მზეს უჭვრიტინებდა, ლიბრგადაკრული თვალებით დღეს ეფოფინებოდა, იმზევებდა, ეჯავრებოდა სიბნელე, ამიტომ, სანამ დღის შუქი იყო და მზე ანათებდა, აივანზე იჯდა, ხანდახან ეზოშიც ჩავიდოდა, მაგრამ იშვიათად, სიკვდილმა იქ არ მომისწროს, თორემ მერე ზევით მკვდარს როგორ ამიტანენო, ეცოდებოდა შვილიშვილი. შვილისგან ეს ბიჭი დარჩენოდა, თავად გიორგი აფხაზეთის ომში დაიღუპა, დადუმდა ოჯახი, მაგრამ დაქვრივებული რძალი დედამთილ-მამამთილთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ამ სახლის კედლებსაც გიორგის სუნი სდითო, წელში გასწორდნენ მოხუცები, ბიჭს ფეხზე დაყენება სჭირდებოდა, მამის საფლავუნახავს ვერავის დააჩაგვრინებდნენ, კლდედ იქცა კაცი, სახლიც გამართა, უმაღლესიც დაამთავრებინა შვილიშვილს, მაგრამ ბიჭი ქალაქში არ დარჩა. მამაპაპისეული კერიისაკენ მიუწევდა გული, მეურნეობა შეაკოწიწა, სულს ითქვამდა მის ხელში ვაშლი და ატამი, ისე უვლიდა ხეხილს, ოქროს ხელები ჰქონდა, საჯიშე ნერგები გამოჰყავდა, ამით ოჯახის სარჩენ ფულს შოულობდა, დაქორწინდა ოქროსკულულება ხატიაზე, მეზობლის გოგოზე, მოხუცს ბავშვობიდან ახსოვდა კაფანდარა მეზობელი, თხილს რომ არ უყენებდა ეზოში, ახლა, ბიჭიც გაუჩნდათ ახალშეუღლებულებს, დღეს უნდა გამოწერონ დედა-შვილი საავადმყოფოდან, ბავშვს გიორგი დაარქვეს, მისი ვაჟის სახელი, შვილი გაახსენდა, მისი პატარაობა, - ნეტავ თუ ჰგავს ბაბუამისს, - გაიფიქრა, მერე ომში მიმავალი წარმოიდგინა, გაღიმებული, სამშობლოს დასაცავად წასული, უკანარდაბრუნებული, უსაფლავო და გული შეეკუმშა, ისევ სიკვდილი გაახსენდა, მაღლა შეხვდებოდა შვილს,
მაგრამ შვილთაშვილის ნახვაც რომ უნდოდა... კი ვერ დაინახავს, მაგრამ ხელში ხომ მაინც დააჭერინებენ, შვილის სუნი ექნება, გიორგისი...
     - პაპა, პაპა! მოვედით, პაპა! - ეზოში მხიარული შეძახილები ისმოდა, ჭიშკარში ხატია იდგა ატლასის ნაჭრებში გახვეული ყრმით ხელში, ბედნიერი, ცოტა დაღლილი... - სულხან, ხმა ამოიღე, კაცო! - დაიძახა მართამ. პასუხი არ იყო, ახალგაზრდა კაცმა კიბეებზე აირბინა, მოხუცი თავის სამფეხა სკამზე იჯდა, მოთენთილი და მოშვებული, კედელს მიყუდებოდა, თავი გვერდზე დაეხარა, იღიმებოდა, ეტყობა კმაყოფილი იყო, - როგორც იქნა, სწვეოდა დიდი ხნის სანატრელი სტუმარი.

ღმერთო, მაღირსე, შენთან შეხვედრა!

ზაფხულმა ისე, ვით მონადირემ, გადაიარა ყველა ქარაფი, 
ნანადირევით სავსემ, მცხუნვარემ, დატოვა მიწა, ჩვენი ალაგი,
ჩვენ დაგვიტოვა ბეღელი სავსე,  რომ არ ვიდარდოთ პურზე უდროოდ,
სავსე გოდრები იატაკს ზნექენ, ჩირს აივანზე ვკიდებ დროდადრო.
შემოდგომა კი გაფატრავს ნადირს, უნდა მიიღოს თავის არჩივი,
გადმოიყრება  ვით ნაწლავები ფოთლების წყება, მაღლა აჭრილის,
სისხლი იღვრება ნანადირევის, ბროწეულის ხეს შესხმია ლაქად,
ბუჩქებს  დაჰყრია, როგორც კოლტები, შინდი, ბებია მურაბას ხარშავს.
მალე აქავე იფეთქებს რთველი, ნადირის თავი ამშვენებს ეზოს,
ჩაწურულია ღვთის სისხლი ქვევრში, - კაცს კაცის სწამდეს, უსიტყვოდ ენდოს,
მზესთან მიიტანს ვით საგალობელს და შესანდობარს დალევს წინაპრის,
ჩამოიხსნება იდუმალება და დღე დადგება დიდი სინათლის.
მერე ჩაწვება თოვლი უპეში, სითეთრე ზოგჯერ დაღლის თვალებსაც,
აატალახებს სოფლის ორღობეს, ღმერთთან დუმილი მიაქვთ ხარებსაც,
მაგრამ გაზაფხულს რა შეაჩერებს, ადრე თუ გვიან ისიც გვეწვევა,
ლურჯი იები დაბერავს ძარღვებს, გადმოიყრება ველზე ვენებად.
სურვილი იწევს ფიქრებზე მაღლა და ძნელი არის მათგან გაქცევა,
ჩავეჭიდები დამბაჩის მჭიდეს და არ გავისვრი ტყვიას არცერთსაც,
მოვკრავ სურვილებს, როგორც თაიგულს და ჩემს ოთახში თავთან დავიდგამ,
რომ არ იცოდეს ქვეყნად არავინ, სურვილი ზოგჯერ ჰკლავდა ქალებსაც,
დავტკბები მანამ ყვავილთ სურნელით, სანამ ზაფხული კვლავ არ გვეწვევა,
სანამ გადამწვარ ველებს შევხედავ, ღმერთო, მაღირსე შენთან შეხვედრა!









Saturday, September 1, 2018

სახლი (ჩანახატი)

  ჩემს ოთახში ვზივარ და შევცქერი საღებავაგადაცლილი ფანჯრის ჩარჩოებს, სავარაუდოდ, 40-45 წლის წინ არის ჩასმული, მას მერე, მგონი, ერთხელ შეიღება, შეიძლება, ორჯერ, მე ოცდაათ წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და ჩემს აქ ყოფნაში არასოდეს შეღებილა, მანამდე კი, ჩემს მოსვლამდე, 2-3 წლით ადრე,  ახალდაქორწინებულებისთვის მოამზადეს ეს ოთახი (დიდი ხანია ისინი აქ აღარ ცხოვრობენ), გაარემონტეს, მაშინ ხომ უცილობლად შეღებავდნენ?! ჭერიც  გააკეთეს, ბიაზი გააკრეს, როგორც მაშინ იყო მიღებული, ახლა დამსკდარა, ალაგ-ალაგ ძირს ჩამოშვებულა, გაყვითლებულა, არც კედლებია კარგ მდგომარეობაში. შპალერი დაზიანებული, ზოგან ამძვრალი, გაუფერულებული შემომცქერის, ერთი კედლის კუთხე  დანგრეულია, მეზობელი ათი წელი გვასხამდა თავზე წყალს, ვერაფრით ვერ გავაკეთებინეთ, ჩემგან არ არისო, გაიძახოდა. სურათიც სახეზეა: შავი ხვრელი შემომყურებს, თითქოს ჩემი ჩათრევა უნდა, თვალს ვარიდებ ხოლმე. სხვა ოთახებიც ნამტირალევ დედამთილს მახსენებს, სახლის უწინდელ პატრონს, რამე უშველე აქაურობასო, სულ მეხვეწებოდა, მაგრამ განა რა შემეძლო?! არასოდეს მქონდა ფული.
     სახლი თუ ბინა, ჩემი აზრით,  თავის პატრონს ჰგავს, მის ფიზიკურ მდგომარეობას ასახავს, ერთად ვბერდებით მე და ის, ისიც იკუმშება ჩემსავით, პატარავდება, უპატრონობას ჩივის. ვინ ვინაო და შენ არ ხარო მისი  პატრონიო? - მეტყვის მავანი, არადა ვგრძნობ, სახლი მმპატრონობს! სადაც არ უნდა ვიყო, მაინც აქ ვბრუნდები, აქეთ მომეჩქარება, ყველაზე კომფორტულად მაინც აქ ვგრძნობ თავს, მივდებ თავს ბალიშზე და გულიანად ვიძინებ, თუნდაც დანგრეულსა და გაუფერულებულ-ჩამოტყავებულში. გული კი საშინლად მტკივა, ვერაფერს რომ ვერ ვშველი ვერც მას და ვერც საკუთარ თავს...