ჩემს ოთახში ვზივარ და შევცქერი საღებავაგადაცლილი ფანჯრის ჩარჩოებს, სავარაუდოდ, 40-45 წლის წინ არის ჩასმული, მას მერე, მგონი, ერთხელ შეიღება, შეიძლება, ორჯერ, მე ოცდაათ წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და ჩემს აქ ყოფნაში არასოდეს შეღებილა, მანამდე კი, ჩემს მოსვლამდე, 2-3 წლით ადრე, ახალდაქორწინებულებისთვის მოამზადეს ეს ოთახი (დიდი ხანია ისინი აქ აღარ ცხოვრობენ), გაარემონტეს, მაშინ ხომ უცილობლად შეღებავდნენ?! ჭერიც გააკეთეს, ბიაზი გააკრეს, როგორც მაშინ იყო მიღებული, ახლა დამსკდარა, ალაგ-ალაგ ძირს ჩამოშვებულა, გაყვითლებულა, არც კედლებია კარგ მდგომარეობაში. შპალერი დაზიანებული, ზოგან ამძვრალი, გაუფერულებული შემომცქერის, ერთი კედლის კუთხე დანგრეულია, მეზობელი ათი წელი გვასხამდა თავზე წყალს, ვერაფრით ვერ გავაკეთებინეთ, ჩემგან არ არისო, გაიძახოდა. სურათიც სახეზეა: შავი ხვრელი შემომყურებს, თითქოს ჩემი ჩათრევა უნდა, თვალს ვარიდებ ხოლმე. სხვა ოთახებიც ნამტირალევ დედამთილს მახსენებს, სახლის უწინდელ პატრონს, რამე უშველე აქაურობასო, სულ მეხვეწებოდა, მაგრამ განა რა შემეძლო?! არასოდეს მქონდა ფული.
სახლი თუ ბინა, ჩემი აზრით, თავის პატრონს ჰგავს, მის ფიზიკურ მდგომარეობას ასახავს, ერთად ვბერდებით მე და ის, ისიც იკუმშება ჩემსავით, პატარავდება, უპატრონობას ჩივის. ვინ ვინაო და შენ არ ხარო მისი პატრონიო? - მეტყვის მავანი, არადა ვგრძნობ, სახლი მმპატრონობს! სადაც არ უნდა ვიყო, მაინც აქ ვბრუნდები, აქეთ მომეჩქარება, ყველაზე კომფორტულად მაინც აქ ვგრძნობ თავს, მივდებ თავს ბალიშზე და გულიანად ვიძინებ, თუნდაც დანგრეულსა და გაუფერულებულ-ჩამოტყავებულში. გული კი საშინლად მტკივა, ვერაფერს რომ ვერ ვშველი ვერც მას და ვერც საკუთარ თავს...
No comments:
Post a Comment