ერთ ქალაქში ბიჭი ცხოვრობდა, სახელად რუდოლფი. მას ძალიან, ძალიან უყვარდა მუსიკა, ფორტეპიანოზე დაკვრას იმ ქალაქში ცნობილ მუსიკოსებთან სწავლობდა. მისი მამა-პაპანიც მუსიკაში დახელოვნებული ადამიანები გახლდნენ, პიანინოების ამწყობები. მისმა პაპამ - პიანინოების საწარმოც კი გახსნა ამ ქალაქში. ეროვნებით გერმანელები იყვნენ, გერმანელები კი, მოგეხსენებათ, პედანტობით და წესრიგის სიყვარულით გამოირჩევიან. ჩვენი ბიჭუნაც დიდი მეცადინე ვინმე იყო, სკოლაშიც კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ფიზიკა-მათემატიკას, მუსიკაშიც წარმატებებს აღწევდა. თქვენ წარმოიდგინეთ, თამაშსაც ასწრებდა და სწავლასაც, მეგობრებიც ბევრი ჰყავდა. ქალაქი, რომელშიც ის დაიბადა და იზრდებოდა, თბილისი იყო. მაშინ თბილისურ სახლებში მრავალი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოშიც ბევრი ბავშვი თუ დიდი გამოეფინებოდა სათამაშოდ თუ სასაუბროდ, მეზობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ. რუდოლფის საუკეთესო მეგობარი იყო ქართველი გოგონა, იდა, რატომღაც სახელი უცხოური ჰქონდა. გერმანელებს იმ ეზოში პატარა ბაღი ჰქონდათ გაშენებული, დასხდებოდნენ იდა და რუდოლში ერთი დიდი ალუბლის ხის ძირას და ოცნებობდნენ. ოცნება კი ძალიან უყვარდათ ორივეს. ბიჭუნა ოცნებობდა კონცერტებით გამოსულიყო მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, გოგონას კი დიდი სურვილი ჰქონდა ბიოლოგი გამხდარიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან უყვარდა მწერები, განსაკუთრებით, პეპლები. დედამისს ძალიან უყვარდა კერვა და ისიც პეპელასავით ნაირნაირ ჩასაცმელში გამოწყობილი ყველას ყურადღებას იქცევდა. დრო გადიოდა, ოცნებებში გართულებს ერთ დღესაც შავი ფრინველივით საშინელმა ამბავმა ჩამოუფრინათ, ომი დაიწყოო. შეწუხდნენ, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ, გერმანელების ოჯახი შორს გადაასახლეს. იდა და რუდოლფი ერთმანეთს შეჰპირდნენ, წერილები ხშირად გაეგზავნათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ამის საშუალებაც აღარ მიეცათ. იდამ რუდოლის ამბავი მხოლოდ მრავალი წლის მერე შეიტყო.
გადასახლებაში მყოფ ოჯახს პიანინო არ ჰქონდა, რომ რუდოლფს მეცადინეობა განეგრძო. ის კი არა და, ზოგჯერ პურიც ენატრებოდათ. ბიჭმა პიანინოს კლავიშები მაგიდაზე დახატა და ასე განაგრძო პიანინოზე დაკვრა, რომელიც ჩუმი და უხმაურო იყო. სკოლა რომ დაამთავრა, იმ სკოლაშივე ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, იმიტომ რომ ოდესღაც, თბილისში ძალიან კარგად სწავლობდა ამ საგნებს, ცოდნა კი არასოდეს იკარგება. თავის ოცნებაზე უარს მაინც არ ამბობდა და კლავიშებდახატულ მაგიდაზე თითებს აცეკვებდა. ხანდახან მინდორში გასული, როცა პეპელას დაინახავდა, იდა ახსენდებოდა, თავისი ბავშვობის მეგობარი, ნეტავ სად არისო, გაიფიქრებდა და პეპლებს სთხოვდა მისთვის მოკითხვა გადაეცათ, პეპლები ხომ მხოლოდ სამი დღე ცხოვრობენ, ამიტომ ერთი პეპელა მეორეს გადასცემდა მოკითხვას, მეორე - მესამეს და ასე მიდიოდა ეს მოკითხვა ადრესატამდე.
იდაც გაიზარდა, ბიოლოგი გახდა, აი, ის, მწერების ცხოვრებას რომ შეისწავლის. მასაც ხშირად ახსენდებოდა თავისი ბავშვობის მეგობარი, ნეტავ, სად არისო, გაიფიქრებდა და მინდორში გასული პეპელას სთხოვდა, მოკითხვა მიუტანე ჩემგანო, ის პეპელაც გადასცემდა მოკითხვას მეორე, მეორე - მესამეს, ასე მიდიოდა ეს მოკითხვა ადრესატამდე.
ერთ დღეს რუდოლფი სხვა ქალაქში გაემგზავრა სკოლის საქმეებზე, გზად უცნობი სახლიდან პიანინოს ხმა შემოესმა, მონუსხულივით იქით წავიდა, კულტურის სახლი აღმოჩნდა, დაინახა, ვიღაც ახალგაზრდა უკრავდა პიანინოზე. შორიახლო მორიდებით დადგა, ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. როცა პიანისტმა დაკვრა დაამთავრა, სთხოვა, ინსტრუმენტთან დავჯდებიო, ხელები უკანკალებდა, მაგრამ აი, პირველი აკორდი აიღო, ამას მეორე მოჰყვა, მესამე... გარშემომყოფნი გაოცებულნი უყურებდნენ ვირტუოზ შემსრულებელს, ბიჭს, რომელმაც, პიანინოზე დაკვრა რომ არ დავიწყებოდა, მაგიდაზე დახატა კლავიშები და ასე უკრავდა. მას მერე რუდოლფი მსოფლიოში ცნობილი პიანისტი გახდა, ერთ დღეს თბილისსაც ეწვია კონცერტით, ამაღელვებელი იყო იდას და მისი შეხვედრა კონცერტის შემდეგ, მათ ხომ ერთად ნაოცნებარი უსრულდებოდათ, ორივე თავის საყვარელ საქმეს ეწია, მათ ცხოვრების გზას კი ულამაზესი პეპლები და თბილისური ბავშვობა უნათებდათ.
No comments:
Post a Comment