Monday, September 3, 2018

პაპა (მოთხრობა)

    ნელა-ნელა გამოძვრა ლოგინიდან, წამოჯდა, ხელის ცეცებით მოძებნა ფეხსაცმელები, ჩაიცვა, წამოდგა, საწოლის კიდეს დაეყრდნო, კუთხეში მიდებული ჯოხი აიღო და კარებისკენ კაკუნით გაეშურა, ცალ ხელს ყავარჯენს აბჯენდა, მეორეთი კედლებს მიუყვებოდა. კარებამდე მიაღწია და ცოლს დაუძახა: - მართა, ჰაი, მართა, ავდექი, ქალო! - ხმა არავინ გასცა, მიაყურადა, არსაიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა,  - ალბათ სამშობიაროში წავიდნენ, ბიჭი უნდა მოიყვანონ, - წაიბუტბუტა, აივანზე ვარაუდით თავისი სამფეხა სკამი მოძებნა, ჩვეულ ადგილზე იდგა, კედელს მიაყუდა  და დაჯდა. გაახსენდა, სულხანმა, მისმა შვილიშვილმა, ბევრჯერ შესთავაზა, სავარძელს დაგიდგამ, მოხერხებულად დაჯდებიო, არ დათანხმდა, გლეხი კაცი ვარ, თავადი კი არა, სავარძელზე წამოვსკუპდეო. ახლა გაახსენდა ეს ამბავი, ჩაეცინა, სწორედ სავარძელი მეკუთვნის, შვილთაშვილს მოვესწარიო და მოლოდინში გაიტრუნა. დიდხანს უყურებდა სივრცეს უსინათლო თვალებით, ასაკიც დიდი ჰქონდა, მაგრამ თავის თავისადმი უყურადღებობამ დააბრმავა, არაფრის დიდებით ექიმთან არ წავიდა, როგორც მუცლის ტკივილი, ესეც გამივლისო, ნელ-ნელა აკლდებოდა თვალის შუქი, შვილიშვილმა რომ დაითანხმა და ექიმთან წაიყვანა ქალაქში, გვიანღა იყო, იდარდა, ჩემს გაზრდილ ვაზებს როგორღა შევხედოო, მაგრამ თავზევით ძალა აღარ იყო, ბედს დამორჩილდა. დღეებს სიკვდილის მოლოდინში ატარებდა.- აი, ახლა მოვა, აი, ახლა მოვაო,-  ფიქრობდა, მაგრამ ეს მისგან საპატივცემულო სტუმარი არა და არ მოდიოდა. თვითონ დღის შუქს და მზეს უჭვრიტინებდა, ლიბრგადაკრული თვალებით დღეს ეფოფინებოდა, იმზევებდა, ეჯავრებოდა სიბნელე, ამიტომ, სანამ დღის შუქი იყო და მზე ანათებდა, აივანზე იჯდა, ხანდახან ეზოშიც ჩავიდოდა, მაგრამ იშვიათად, სიკვდილმა იქ არ მომისწროს, თორემ მერე ზევით მკვდარს როგორ ამიტანენო, ეცოდებოდა შვილიშვილი. შვილისგან ეს ბიჭი დარჩენოდა, თავად გიორგი აფხაზეთის ომში დაიღუპა, დადუმდა ოჯახი, მაგრამ დაქვრივებული რძალი დედამთილ-მამამთილთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ამ სახლის კედლებსაც გიორგის სუნი სდითო, წელში გასწორდნენ მოხუცები, ბიჭს ფეხზე დაყენება სჭირდებოდა, მამის საფლავუნახავს ვერავის დააჩაგვრინებდნენ, კლდედ იქცა კაცი, სახლიც გამართა, უმაღლესიც დაამთავრებინა შვილიშვილს, მაგრამ ბიჭი ქალაქში არ დარჩა. მამაპაპისეული კერიისაკენ მიუწევდა გული, მეურნეობა შეაკოწიწა, სულს ითქვამდა მის ხელში ვაშლი და ატამი, ისე უვლიდა ხეხილს, ოქროს ხელები ჰქონდა, საჯიშე ნერგები გამოჰყავდა, ამით ოჯახის სარჩენ ფულს შოულობდა, დაქორწინდა ოქროსკულულება ხატიაზე, მეზობლის გოგოზე, მოხუცს ბავშვობიდან ახსოვდა კაფანდარა მეზობელი, თხილს რომ არ უყენებდა ეზოში, ახლა, ბიჭიც გაუჩნდათ ახალშეუღლებულებს, დღეს უნდა გამოწერონ დედა-შვილი საავადმყოფოდან, ბავშვს გიორგი დაარქვეს, მისი ვაჟის სახელი, შვილი გაახსენდა, მისი პატარაობა, - ნეტავ თუ ჰგავს ბაბუამისს, - გაიფიქრა, მერე ომში მიმავალი წარმოიდგინა, გაღიმებული, სამშობლოს დასაცავად წასული, უკანარდაბრუნებული, უსაფლავო და გული შეეკუმშა, ისევ სიკვდილი გაახსენდა, მაღლა შეხვდებოდა შვილს,
მაგრამ შვილთაშვილის ნახვაც რომ უნდოდა... კი ვერ დაინახავს, მაგრამ ხელში ხომ მაინც დააჭერინებენ, შვილის სუნი ექნება, გიორგისი...
     - პაპა, პაპა! მოვედით, პაპა! - ეზოში მხიარული შეძახილები ისმოდა, ჭიშკარში ხატია იდგა ატლასის ნაჭრებში გახვეული ყრმით ხელში, ბედნიერი, ცოტა დაღლილი... - სულხან, ხმა ამოიღე, კაცო! - დაიძახა მართამ. პასუხი არ იყო, ახალგაზრდა კაცმა კიბეებზე აირბინა, მოხუცი თავის სამფეხა სკამზე იჯდა, მოთენთილი და მოშვებული, კედელს მიყუდებოდა, თავი გვერდზე დაეხარა, იღიმებოდა, ეტყობა კმაყოფილი იყო, - როგორც იქნა, სწვეოდა დიდი ხნის სანატრელი სტუმარი.

No comments:

Post a Comment