თევდორე დაღლილი, ქანცგაწყვეტილი მოდიოდა სამსახურიდან, სარეკლამო ბიზნესი ვერაფრით ააწყო, შეკვეთებს არ აძლევდნენ, არაფერში უმართლებდა... ნახატებიც არ ეყიდებოდა, - ჩემმა მშობლებმა დამთარსეს... ეს თევდორე მაინც რატომ დამარქვეს?! ალბათ, რომელიმე წამებულს ერქვა და აი, მეც ვეწამები... - გაიფიქრა და ირონიულად ჩაიღიმა... თავისი პატარებიც გაახსენდა: ლადო და დინარა, ახლა კარებში შემოხვდებოდნენ სასუსნავის მოლოდინში. ცოლიც იმედიანი თვალებით შეხედავდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის, იმედი გაუცრუვდებოდა.
გზად მიმავალმა თევდორემ მოშორებით ძველი მეგობარი შენიშნა, მეგობრები კი მრავლად ჰყავდა, ისინიც მასავით გაჭირვებულები, მისკენ გაეშურა, გაესაუბრა, თითქოს წუხილი მოიშორა თავიდან. მერე სევდანარევი ღიმილით გამოემშვიდობა, აქაოდა დიდხანს ვეღარ ვნახავთ ერთმანეთსო, და ხიდს დაადგა. რატომღაც იმ დღეს ხიდზე ბევრი ნაცნობი დალანდა, მიესალმა. ცხელოდა, ყველას უნდოდა საღამოს მდინარიდან მომავალი გრილი ჰაერი ჩაესუნთქა, ბავშვები, განსაკუთრებით, ვაჟები, მამებს ფეხებზე ეკონწიალებოდნენ, გოგოები ფოტოებს იღებდნენ, ბებიები ლუკმას ატენიდნენ მჩქეფარე ტალღების მაყურებელ პატარებს. თევდორე შეიშმუშნა, არ უყვარდა ხალხმრავლობა, რატომღაც არ ელოდა ამდენი ადამიანის დანახვას, თითქოს ბედისწერას შეეყარა ისინი ერთად. უნდოდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა იქაურობას, ამიტომაც აუჩქარა ნაბიჯს. მოულოდნელად ფეხქვეშ რყევა იგრძნო, მოეჩვენა ხიდი ქანაობდა, საქანელასავით, თავბრუ დაეხვა, იფიქრა ცუდად ვარო. ხიდზე აურზაური, ჩოჩქოლი ატყდა. გაისმა ქალების კივილი, მამაკაცების შეძახილი, ბავშვების ტირილი, უკან მოიხედა, დაინახა, როგორ შთანთქავდა უფსკრული ადამიანებს, იქით დააპირა გაქცევა დასახმარებლად, მაგრამ უცებ ვიღაცის ცივი ხელი იგრძნო, მიიხედა, დაინახა თეთრწვერება მოხუცი, რომელიც აკანკალებული ხელით ჩასჭიდებოდა მკლავზე და დახმარებას სთხოვდა, წინ წაუძღვა, თუმცა ძლიერი სურვილი ჰქონდა უკან დაბრუნების, იმასაც ხვდებოდა, მის ზურგს უკან დარჩენილებს ვეღარ უშველიდა, - ეს მოხუცი მაინც გადავიყვანო, - გაიფიქრა და მასთან ერთად განაგრძო გზა, ყურებში საშინელი ხმაური ჩაესმოდა, გარშემო მტვრის ბუღი იდგა, თვალებს ხშირ-ხშირად იწმენდდა, რომ გზა დაენახა, ამავე დროს გრძნობდა, რომ ის უცნაური მოხუცი რაღაცა ძალას აძლევდა, რომ წინ წასულიყო. ლაპარაკიც გაუბა: - შვილები გელოდებიან, ინერვიულებენ, რომ დაიგვიანოო.- თევდორე ამ სიტყვებმა გააოცა, გაიფიქრა, ნეტა, ამ კაცმა საიდან იცის, მე რომ შვილები მყავსო. უცნაური მოხუცის სახე სინათლეს ასხივებდა და გზას უნათებდა, - საიდანღაც მეცნობა, - გაუელვა თავში. როგორც იქნა, დანგრეულ ხიდს თავი დააღწიეს, მოულოდნელად თევდორე ექიმების გარემოცვაში აღმოჩნდა, ხელებს ჰკიდებდნენ, ძვალ-რბილს უსინჯავდნენ, რაიმე ხომ არ დაიზიანე, რამე ხომ არ გაწუხებსო. შეკითხვებს აყრიდნენ. ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. მოიკითხა მოხუცი, უთხრეს, რომ ის მარტო გადმოვიდა ხიდზე და არანაირი მოხუცი არ ახლდა თან, ამან კაცი გაურკვევლობაში ჩააგდო, სიზმარში ეგონა თავი...
სახლში მისულმა ცოლს ყველაფერი უამბო, - ნამდვილი სასწაულია! - წამოიძახა ნატამ. რამდენიმე ღამე ამ მოხუცის სახე სიზმრებში მოსვენებას არ აძლევდა, ერთ დილას ფუნჯი აიღო ხელში და ხატვას შეუდგა. თვე გავიდა, მოხუცის პორტრეტი მზად იყო. ერთ საღამოს სტუმრად ხატვის ყოფილი პედაგოგი ეწვია და თევდორეს ახალ ფერწერულ ტილოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია,
- როდის აქედან დაიწყე ხატების წერა? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
- ეს ის მოხუცია, ხიდზე რომ გადმომიყვანა. - უპასუხა აღელვებულმა თევდორემ.
- სერაფიმ საროველს გადაურჩენიხარ. - ღიმილით უთხრა მოხუცმა მხატვარმა.
ამის შემდეგ თევდორე ღრმად მორწმუნე შეიქნა, ყველა წმინდანის ცხოვრება შეისწავლა და ცნობილი ხატმწერიც გახდა. მშობლების მადლობელიც დარჩა, რომ თევდორე დაარქვეს, ის ხომ ქართველი წმინდანის - თევდორე კველთელის მოსახელე იყო. დღესაც ხშირად იხსენებს ხოლმე იმ საღამოს და ფიქრობს, რომ მის თავს გადახდენილი უცნაური ამბავი სიზამრი არ ყოფილა და ნამდვილი სასწაულის მომსწრე გახდა.
No comments:
Post a Comment