Wednesday, January 31, 2018

გაზაფხულის დასაწყისი

გადაევსო ალუბლის ხეს მკერდი სითხით,
თეთრად უნდა, ბაღები რომ გადაპენტოს,
რძენაზავი ყვავილებით გაგვახაროს,
სიყვარულის სიტკბოება შეგვახსენოს.
სილაჟვარდე ჩასახულა ატმის რტოში,
გამოიფსკვნა ალუჩამ და ვაშლმა ღერო,
ვარდ-გვირილებს გზავნის მიწა, თავის შვილებს
მზის შუქი და სინათლე რომ დაებედოთ.
მხოლოდ თოვლი არის შავი, მოჟამული,
ნალგამძვრალი ბეხრეკ ცხენის ღიმილივით,
ზამთარმა რომ ასჯერ ჭრას და ასჯერ კემსოს,
გაიქცევა მაინც ცხენი თოხარიკით.





Monday, January 29, 2018

მოძრაობაა ჩვენი შველა

                   
მოძრაობაა ჩვენი შველა, ჩვენი წამალი!
ყველა უძრავი მალე კვდება, რაგინდ მართალი...
კლდე მაღალია, ლამაზი და ძალზე მაგარი,
მაგრამ მასაც კი, გასტეხს წყალი, ზვირთი მრავალი.

Sunday, January 28, 2018

არ ღირდა, ვიცი, ეს თვითმკვლელობა

არ ღირდა, ვიცი, ეს თვითმკვლელობა,
მაგრამ აქაც ხომ ჯოჯოხეთია,
დავიწყებია ყველას ერთობა,
ოპონირებას გიწევს ტეტია,
ეშმაკი კაცზე ბევრად მეტია,
ეს ბოღმა გულში ვერ დაეტია,
ვიცი, არ ღირდა ეს თვითმკვლელობა,
მაგრამ ტვინში ხომ ბევრი დენთია!

Saturday, January 27, 2018

დარჩენილი ვარ (სატრფიალო)

დანაღმულია ყველა გზა და ყველა ბილიკი
და უშენობა გამჯდომია ძვალსა და რბილში,
ვიწვი ვით ძველი, დაშაშრული შავი ფითილი,
მოვუქცევივარ წუთისოფელს საკუთარ ჩრდილში.
თუ კი შემისვამს სიყვარულის შხამი, ბალღამი,
გულს მიმშვიდებდა ზღვის ნაპირზე მქროლავი ბრიზი,
დღეს უშენობის ტვირთისა ვარ ცუდი ამტანი
და სარეცელთან თვით სიკვდილი მოზარედ მიზის.



Wednesday, January 24, 2018

წუთით ადრე და წუთის შემდეგ

სულ წუთით ადრე და წუთის შემდეგ,
მხნე ვიყავ მანამ, ნაწყენი - მერე,
წვიმდა და ქარში გაბნეულ წვეთებს
მეც წვეთ-წვეთობით ვატანდი ცრემლებს.

მინდა, რომ ვიყო მუდამ მართალი

მინდა, რომ ვიყო მუდამ მართალი,
ცისკენ კიბეზე მეღირსოს ასვლა,
ტაბლაზე დავდგა თითბრის შანდალი,
გზა გავუნათო ასსა და ათასს.

მე შენში ვეძებ

მე შენში ვეძებ, როგორც ადრე,
თამარს და ნინოს,
გულში ჩახვეულ სიმღერებში
ამოგიმღერეს,
ქალო, ამ ქვეყნის გადამრჩენო,
ტალანტო, ნიჭო,
კიდევ არსებობ, მე მეგონა,
გამოგიგონეს,
წითელ ვარდებში დარჩენილხარ,
ბესიკის ლექსში,
გალაქტიონის მერი ხარ და
გმირი მრავალი,
ქართველო ქალო, მინდა, გულით,
გეტრფოდე მარად,
ერთად ვეძებოთ უბედობის
გამოსავალი.

Thursday, January 18, 2018

წვიმს და ვიცი...

წვიმს და ვიცი, მოგონებებს
დამაფერთხავს ღრუბლის კალთა,
შორი არის იმ სახლამდე, -
სად ბრუნავდა მადლის ქარგა, -
პაპა თეთრონს არწყულებდა,
ბებო მატყლის ძაფებს რთავდა.

სიყვარულით ქსოვდა წინდებს,
ჯვრებიანი მოსაკრავით
ახლაც მხოლოდ ისეთს ვიცმევ,
ღუმელივით თბილი არის,
თან ღიმილი მიკრთის პირზე,
თვალწინ მიდგას ბებო პირმზე.

ბუხრის პირას გვიმზადებდა
ჩურჩხელებს და თაფლაკვერებს,
საახალწლო სუფრის ველზე
ახლაც მხოლოდ ისეთს ვეძებ,
წლები აშარ ქარებს მისდევს.
თან ვატარებ, როგორც კირთებს...

ბოლავს ძველი საკვამური,
აღარც ბებო, აღარც პაპა,
ბურუსიან ნაღვლის ბორცვზე
კვამლი ცისკენ ბილიკს კვალავს,
ვინ უბერავს, ნეტავ, ისევ,
მინავლებულ ცეცხლის ღადარს?!

მინდა, იმათ გზა-კვალს მივყვე,
გავაჭენო ცხენი ლაღად,
უსიერი ტყის მახლობლად
წყაროს წყალი ვასვა ხარსაც,
ბავშვობის ლაღ მოგონებებს
დამაფერთხავს ღრუბლის კალთა.









Wednesday, January 17, 2018

ემიგრანტის წერილი

სადაცა ვარ, იქ მიშველე,
შემიმზადებ, ვიცი, მირონს,
ღვინო მინდა, ოჯალეში,
ჩვენი მიწის სუნი ვიგრძნო.
მომაწოდე პურის გული,
თავთუხების ყანის ფერი,
დალეწილი ჩვენს კალოზე
იფქლი ღვივის, თითქოს მღერის.
სურნელს ბაღის ბაირაღით
გადავკიდებ ციდან ხმელზე,
ყველამ იგრძნოს რა სუნი აქვს
საქართველოს მთებს და ველებს.
მე მარტო ვარ, შენ კი მასთან
სიყვარულის გიძევს ხიდი,
ღამ-ღამობით მთვარეს უმზერ,
ამოავსე შუქით მჭიდი.
სადაცა ვარ, იქ მიშველე,
შემიმზადებ, ვიცი, მირონს,
ღვინო, მინდა, ოჯალეში,
ჩვენი მიწის სუნი ვიგრძნო.




შემომაღამდა...

შემომაღამდა და არ მეგონა,
ასე მალე თუ დასრულდებოდა
დღე და სიცოცხლე!

Monday, January 15, 2018

ახალი წლის სიმღერა

ციმ-ციმ-ებენ ნათურები,
ბრჭყვი-ალებენ ბურთები,
ბზინავს ველზე თეთრი თოვლი...
ვიცი, დამიბრუნდები!
შარშან ჩემი მეკვლე იყავ,
ნაყოფი ხარ ხართუთის,
ოცნებებში ვფრენდით დიდხანს
ჩხვლეტია და ფაფუკი.
ახლაც ბუხარს მივუსხდებით,
ცხვირებს ერთურთს მივადებთ,
ღვინო სავსე ფიალებში
ცეცხლის ალზე იალებს.
ვიცი, ჩემი უნდა იყო,
მე ვარ შენი მეხოტბე,
წუთებს ვითვლი, ნუგეშს ვითხოვ,
შენც არ დაიგვიანებ!
მისამღერი:
ახალ წელს რომ ამედევნა
შენზე ფიქრი, ოცნება,
უსათუოდ ამიხდება,
უსათუოდ მოხდება!






ისიც ვეღარ ვიცანი

მშვილდ-ისარი მომიზიდავს,
სავსე დამაქვს კაპარჭი,
თუმცა ისრებს ცაში ვისვრი,
ოცნებების სამალში.
მიზანს ყველა ავაცილე,
დამცინოდა გრძნეული, -
ვერვინ ვნახე საქართველოს
მოყვარული, ერთგული.
ეს კაპარჭიც დაიცალა,
აღარ დამრჩა ისარი,
ზეცაში რომ ავიხედე,
ისიც ვეღარ ვიცანი.

Sunday, January 14, 2018

რჩეულების ხვედრია

აგისრულებ სურვილებსო, დღეს მეწვია ფერია,
ლურჯი კაბა მისახსოვრა, გამინათა კერია.
კონკიას კი დავემსგავსე, ვიტრიალე სარკესთან,
სადედოფლო სამოსელი სიხარულით მავსებდა,
მთვარემ ზეცად ამიყვანა ფრენითა და ნარნარით,
ფაფუკ ღრუბლებს ფეხი ვკიდე, მოვიარე ბაღნარი,
მაგრამ უცებ მოვწყდი ცისფერს და აღმოვჩნდი ტრამალში,
ქარი ისე უბერავდა, ძვლებს გაჰქონდა ჭახჭახი,
აღარც ჯოხი ჯადოსნური... გამაღვიძა გონგის ხმამ, 
განა ყველას გაუმართლებს, გადაიქცეს კონკიად!





Friday, January 12, 2018

ნეტავ, გამხადა სამოთხის ღირსი

ჩამომაფერთხა მთებმა სიმძიმე
და თეთრი თოვლის იაგუნდები
შემომჭდობია ყელზე სიცივედ,
როგორც ცოდვის და დარდის ღრუბლები.
ვეღარც სამზეოს ამომაქვს სევდა,
გაბნეულია სნეულ სხეულში,
თეთრი ყვავილი იზრდება ველად,
ხანდახან მზე წვავს ცხელი, უხეში.
მიედინება პირქუშად ჟამი,
ჩახუტებული წინაპრის მიწას,
ოდესმე ვიღაც ჩემთვისაც გათლის
განსასვენებლის ორიოდ ფიცარს...
ჟღრიალი გააქვთ სიონში ზარებს,
შიშით კანკალებს უფერო სისხლი...
ვიხსენებ ჩემთვის ბედნიერ წამებს,
ნეტავ, გამხადა სამოთხის ღირსი!

საახალწლო ნაძვის ამბავი (საბავშვო პიესა ოთხ მოქმედებად) ავტორი: მაია დიაკონიძე

მოქმედი პირები: დედა - ლიდა, მამა, შვილები: მაია, ია, ტყუპები - მედეა, მიშა, ნაბოლარა - დათო, 3 წლის, ბებია, მეზობელი - მამუკა

                                 პირველი მოქმედება

( გამოჩნდება ოთახი, დედა და მამა ნაძვის ხეს რთავენ)

მამა:  
ლიდა, შეხე, იმ დიდ ტოტზე (უთითებს)
ჩამოკიდე ოქროს ჩიტი,
იქით - მელა დაამაგრე,
აქ - ბიჭუნა დიდი ციგით,
ეს ლამაზი სათამაშო,
მზესაც რომ ჰგავს, თანაც მთვარეს,
ნაძვის წვერზე ჩამოვკიდოთ,
გაგვინათებს დღეს და ღამეს. (იცინის)

დედა: (ასევე ხელით აჩვენებს)
აქ დათუნა ჩამოკიდე,
დაბლა, დაბლა, კიდევ უფრო,
დაინახოს კარგად დათომ,
თავისთავი იქნებ იცნოს?!
ბაჯბაჯამ და საყვარელმა,
დაიძინა ღამით უცებ,
დღეს ახალ წელს ელოდება, -
სიხარულით გული უცემს.
დაინახოს დიდი ნაძვი,
მორთული და მოკაზმული,
რომ არ ჩავრთეთ ამ საქმეში
მედეაა გაბუტული.

მამა:
მედიკო კი არა, ყველა
გამიბრაზდა წუხელ ღამით,
თქვენ რატომ რთავთ ნაძვის ხესო,
ჩვენ კი ვდგავართ სახლის გარეთ.
მომავალი წლიდან, მოდი,
მათ მივანდოთ ნაძვის ბედი,
როგორც უნდათ, ისე მორთონ,
დრო დაგვრჩება უფრო მეტი,
საჩუქრები რომ ვუყიდოთ
ჩვენს პატარებს, გავახაროთ,
ახლა თანხა ჩამერიცხა, (მობილურს უყურებს)
საყიდელი დავითვალოთ. (მრავლისმეტყველად შესცქერის ცოლს)

დედა:
რომ იცოდე, საყიდელი
ბევრი დაგვრჩა, ნათურებიც
შარშანდელი გადაიწვა
და თამაშში გართულები
დაიღალნენ პატარებიც, (იყურება ფანჯრიდან)
გუნდაობაც მოეწყინათ,
ორი კვირა თავზე გვათოვს,
ჭირხლი ადევს ყველა მინას.
თითქმის მოვრთეთ ლამაზმანი,
რომ არა ჰყავს ქვეყნად ტოლი,
მალე ბავშვებს სახლში ვუხმობ,
გავახარებ ამით, მგონი.

დედა ბავშვებს ეძახის, პირველი შემორბის მაია, ქუდს ბერტყავს თოვლისგან.

მაია:
მე ყველაზე დიდი ვარ
და ყველაზე ჭკვიანი,
წელს სკოლაში წავედი,
ნეთბუქი მაქვს პირადი.
ჯერ მე ვნახავ ნაძვის ხეს,
მერე სხვებმა შეხედონ,
მეც მივაბამ ქაღალდის
პეპლებსა და მტრედებსო,
გამოვჭერი სულ ტყუილად?
სკოლაში ხომ ვიწვალე, (მოაქვს ქაღალდისგან გამოჭრილი სათამაშოები)
თინა მასწავლებლისგან
ბევრი რამე ვისწავლე!

დედა:
კარგი, ჩემო გოგონა,
შენ შეაბი ბაფთები,
აბა, შეხე, თუ მოგწონს
ეს ბრჭყვიალა კალთები?! (აჩვენებს ბრჭყვიალებით მორთულ ტოტებზე)

მაია:
აუ, რა ლამაზია,
მართლაც სასწაულია!
სხვაზე მეტად ის მომწონს,
იქ რომ ჭრელი ბურთია. ( მიუთითებს დედას დიდ წითელ-ყვითელ ბურთზე)

სხვა პატარებიც შემორბიან, გაყინულ ხელებს სუნთქვით ითბობენ, თან ნაძვის ხეს ეხვევიან.

მაია: (და-ძმას მიმართავს)
ნახეთ, რა ლამაზია,
რა ნაძვის ხე აგვიწყვეს?!
დათვი, ტურა, მელია
მართლაც ჰგვანან ნამდვილებს.

მამა:
მორთულ-მოკაზმულია,
არ გეგონოთ ნამდვილი,
ყუთში ჩავაწყობინეთ, (მიუთითებს ნაძვის ხის ტოტებზე)
ნაწილებად დაშლილი.
თორემ თუკი დავჭერით
საახალწლოდ ნაძვები,
მერე ვეღარ ვისუნთქებთ,
მოგვაკლდება ჰაერი.

ია:
მართალი ხარ, მამიკო,
ნაძვიც მიწის შვილია,
რომ ჭრი, განა არ სტკივა,
განა, კმაყოფილია?!

მედეა და მიშა: (ერთხმად)

როგორ, ხელოვნურია? (გაკვირვებულნი ათვალიერებენ ნაძვს)
წელს პირველად ვიყიდეთ?!
ვერ გაარჩევ წიწვებით,
ნახეთ, მწარედ გვიჩხვლიტეს!

თითებით ეხებიან ნაძვის ხის წიწვებს, მერე აცილებენ და ჰაერში იქნევენ, ვითომ სტკივათ, თანაც იცინიან

დათო: (არავის არ აქცევს ყურადღებას, დათუნია სათამაშოს ათვალიერებს)
შეხეთ, დევი ბაჯბაჯა,
ქამრით თავს რო იწონებს,
ზურგზე ვიღაც შეუსვამს,
ერთ გრამსაც არ იწონის!
(ბავშვები იცინიან)

მაია:
გულად ნაცარქექიას
ნუთუ, ვერ ცნობ, პატარავ?!
წაგიკითხე ზღაპარი,
გახსოვს, წინა სამშაბათს,
დაგავიწყდა, იმ ბრიყვ დევს
რა  შავი დღე აყარა?

დედა:
კარგით, მორჩით, ბავშვებო,
კამათს, ოინბაზობას,
ახლა წავალთ ბაზარში
და სასუსნავს მოგიტანთ.
შენ, მაია, იქნები
პატარების მომვლელი,
შენგან, როგორც დიდისგან,
სიბეჯითეს მოველით!

მაია:
კარგი, დედა, ძვირფასო,
ჩავიბარებ პატარებს,
ვათამაშებ, გავართობ,
ნდობას თქვენსას ვაფასებ!
შემოვძახებ სიმღერებს,
როგორც ნაზი ბულბული,
თუმცა არც ხმა არა მაქვს,
ყურზეც მადევს ურდული. (იცინის)

მამა:
ალბათ, იცით, სოფლიდან
გვესტუმრება ბებია,
ახალი წლის ღამე ხომ,
მართლაც, ბედნიერია!

მიშა;
რა კარგია, მამიკო,
"ოდელია, დელია!" (მღერის და ცეკვავს)


გახარებული ბავშვები აჰყვებიან, მშობლები გადიან.
(ეშვება ფარდა)



                                    მეორე მოქმედება:

მოქმედი პირები: მაია, ია, ტყუპები და დათო

ბავშვები მისცვივდებიან ნაძვის ხეს, სათამაშოებს ეპოტინებიან

მაია:
აბა, ფრთხილად, ბავშვებო,
ძირს არ ჩამოგიცვივდეთ,
თორემ დაგენანებათ
და თავადვე იტირებთ!
შუშისაა ბურთები,
გაეცალეთ ტყუპები, (მიმართავს მედეას და მიშას)
თორემ, ვიცი, მიშიკო,
არევდარევ ყველაფერს,
მედიკო კი, პრანჭია,
ახლაც ისევ შეგაქებს.

ია:
მართალი ხარ, დაიკო,
ნაძვის ბედი შენ განდეს,
დათო ტოტზე ქანაობს,
ძირს ჩამოყრის კელაპტრებს.
(მირბიან დათოსთან და ნაძვის ხეს მოაცილებენ)

მიშა: (მაიას მიმართავს)
ყველაფერს რომ ჩვენ გვაბრალებ,
მარტო ჩვენ ვართ დამნაშავე?!
აგერ, ია ნაძვის ხიდან
თოვლის ფიფქებს დაბლა აბნევს. (ხელს იშვერს ნაძვის ხესთან მოთამაშე იასკენ)

მედეა: (არავის არ აქცევს ყურადღებას)
ეს მელია ჩემია,
ეს პატარა  კურდღელიც,
ალბათ, ჭამა ჭარხალი, -
წითელი აქვს ტუჩები.

დათო: (მიმართავს ბავშვებს)

დედა მზეს რომ მეძახის,
თქვენ ხომ არ გშურთ, ბავშვებო?!
ამდენ ბურთს რომ უყურებთ,
მოჭიქულებს სამზეოდ,
ჩემი არის სუყველა, -
წითელიც და ყვითელიც,
"მზეო, მზეო, ცხრათვალას"
დედა ხომ მე მიმღერის?!

მაია: (თავისთან უხმობს ბავშვებს)
მოდით აქეთ სუყველა,
ვიცეკვოთ და ვიმღეროთ,
სულელური საუბრით,
ნუ დავიღლით პირებსო.

ჩაკიდებენ ბავშვები ერთმანეთს ხელს და ნაძვის ხეს გარშემო უვლიან, თან მღერიან:

სიმღერა:
ახალი წლის მოსვლას ველით
დიდებიც და პატარებიც,
გელოდებით ხელგაშლილი,
ჩამოვხსენით ანჯამები
ყველა კარებს, ყველა სარკმელს,
შენაც ნუღარ დაახანებ,
ათასობით ვანთებთ სანთელს,
გაგვინათე ყველას ღამე.

მისამღერი:
ათასობით ვანთებთ სანთელს,
გაგვინათე ყველას ღამე,
შენაც ნუღარ დაახანებ.

მშობლები იგვიანებენ, ბავშვებს მოსწყინდათ ცეკვა-თამაში.

დათო:
მამიკო და დედიკონა,
ნეტავ, ახლა სად არიან?
იქნებ, მგელმა შეაშინა?
გარეთ ცივი ზამთარია!

მაია ცდილობს, დათო დააწყნაროს, ეფერება

მაია: (ხმამაღლა)
ახლა, მინდა, ბავშვებო,
გაგინათოთ ნაძვის ხე!

ია:
ნათურები გადაიწვა,
ნეტავ, როგორ აპირებ?

მაია:
სად მოვძებნო ასანთი?
ხომ არ იცით, სადა დევს?

მედეა:
დავინახე, დედიკო
განჯინაში ათავსებს.

მაია გარბის ასანთის მოსატანად

ია:
დედა გვიშლის, გვაფრთხილებს,
"ასანთს ხელი არ ახლოთ!",
მაია კი ურჩობს და
ეძებს რაღაც გასართობს.

მედეა: (შეშინებული)
სად ინახავს დედა ასანთს,
ნეტავ, რატომ ვუთხარი?
გაბრაზდება დედიკო,
არ შემხვდება ნუგბარი.

მაია შემორბის ასანთით ხელში, ნაძვის ხის კელაპტრებს ანთებს, სახე უბრწყინავს

მაია:
ნახეთ, როგორ განათდა,
როგორ ბრწყინავს, აშუქებს!
მოლიცლიცე სანთლები
არ ჯობია ნათურებს?!

უცებ ცეცხლი მოეკიდება ნაძვის ხის მოსართავებს, აალდება ნაძვის ხის ტოტები, შეშინებული ბავშვები უკან იხევენ, მაია არ იბნევა

მაია:
აბა, ცოცხლად, ბავშვებო,
წყლით გავავსოთ ჭურჭელი,
ტოტებს მარდად დავასხათ,
დარდით როგორ ვუშველით?

მიშა: (გმირული თავგანწირვით)
ვაი, ვაი, ხანძარი!
დაწვავს ციცქნა მნათობებს,
წყალს მოვიტან, ჩავაქრობ,
მეხანძრესაც ვაჯობებ!


ყველანი გარბიან წყლის მოსატანად, დათო წყლით სავსე სამლიტრიან ქილას მოაგორებს,
ძლივს სუნთქავს.

დათო:
დედა, დედა, გვიშველე,
მალე მოდი, მამიკო,
ნახეთ, გაუგონარმა
მაიკონამ რა გვიყო?!

ბავშვებმა ცეცხლი ჩააქრეს, შელახული, გაშავებული ნაძვის ხე დგას ოთახის ცენტრში

ია: (მწუხარედ)
მალე ბებოც ჩამოვა,
ჩვენ კი როგორ დავხვდებით,
გადამწვარი ნაძვის ხით,
ჩამომდნარი სანთლებით?!

მაია:
კარგით, აღარ იდარდოთ,
მოვიკრიფოთ აზრები,
იატაკი მოვწმინდოთ,
ნუღარ გამიბრაზდებით.
გახარება მინდოდა
თითეული თვენგანის,
არ დავფიქრდი, ამიტომ
ამ ხიფათსაც ვერ ავცდით.
გადაგიწვით ნაძვის ხე,
ჩაგიფუშეთ ოცნება,
მშობლებისგან სასტიკი
საყვედურიც მომხვდება! (მოწყენილი ჩამოჯდება სკამზე,
დანარჩენი ბავშვები ცდილობენ ოთახი წესრიგში მოიყვანონ, მალე მაიაც მათ შეუერთდება
(ეშვება ფარდა)


                                   მესამე მოქმედება

მოქმედი პირები: ბებია და  ბავშვები

კარზე ზარის ხმა ისმის

ია:
ვინ მოვიდა, ნეტავი,
მშობლები თუ ბებია?
ჩქარა გავხსნათ კარები, -
რა ხანია, გველიან! (მიმართავს მიშას)
მიშა თვალებს რად ნაბავ?!
შემოსულებს დაუხვდი,
შეეგებე ღიმილით,
შეაყოვნე საუბრით!

მაია: (ისიც მიშას არიგებს)
შეაჩერე, ვინც იქნება
ლაპარაკით ანდა ქცევით,
სულ არ გვინდა ორი წუთი,
შეხვედრისთვის მზად ვიქნებით.

დათო: (ყვირის)
დედა, დედა, გვიშველე,
დასკდა ჩემი ბურთები,
იატაკზე წყალი დგას,
მიკანკალებს მუხლები.

მაია აჩუმებს

მაია:
კარგი, მორჩი, დათუნა,
გინდა, გული გაუსკდეს
დედას, ამის დამნახავს... (მიუთითებს გადამწვარ ნაძვის ხეზე)
აღარ მოგვცემს საჩუქრებს!

დათო:
რაო, რაო, საჩუქრებს,
ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?
შენ გადაწვი ნაძვის ხე,
დაგაწიწკნი კიკინებს!

ჩაჯდება და ტირის, ახლა მედეა აწყნარებს

მედეა:
დათუნია, ნუ ტირი,
შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ,
როგორც  უმცროსს შენ მოგცემს
დედა ტკბილს და "ზიზიას",
მეც შემპირდნენ ამ დილით,
მიყიდიან  თოჯინას
და იმასაც გაჩუქებ,
ჩურჩხელებსაც მოგიტან...
თვალხატულა თოჯინა
შენთვის არ მენანება,
ზოგს ხომ არ ემგვანება,
ჯიუტსა და თავნებას.  (გადახედავს მაიას,
დათო კიდევ უფრო ატირდება)

დათო:
მე რად მინდა თოჯინა,
თუ მანქანას შემპირდნენ,
რომ ენთება ფარები,
სწრაფმავალს და ცეცხლისფერს?!

ამ დროს ოთახში ბებია შემოდის, დათოსკენ მიემართება, ხელში აიყვანს, კოცნის, ეფერება, ხელში სათამაშო ურემი  და ჭინჭილა უჭირავს

ბებია:
რატომ ტირი, პატარა,
გული ამოგისკვნია,
ნახე, გამოგიგზავნეს
თამუნამ და ილიამ (პარკიდან ამოიღებს სათამაშოებს და დათოს აჩვენებს)
სათამაშო ურემი,
საჭრეთელით გაჩორკნეს,
ზედ დაადგი ჭინჭილა, -
იატაკზე აგორე!.

დათო კოცნის ბებიას, პატარა ურემს და ჭინჭილას ხელიდან გამოართმევს, ბებია ბავშვს ძირს ჩამოსვამს, დათო საჩუქრებს ათვალიერებს, გახარებული თამაშობს

ბებია ცალ-ცალკე ყველას გადაკოცნის

ბებია:
ჩამეხუტეთ ბავშვებო,
ჩემი სულის გვრიტებო,
ვხედავ, როგორ გაზრდილხართ,
სიხარულს ვერ ვიტევო,
ისე ლამაზები ხართ
და ისეთი კარგები...
ახლა თოვლის ფიფქივით
სიყვარულით დავდნები. (იცინის, ბავშვებიც იცინიან, ბებიას გარს ეხვევიან)

მიშა:
ბებიკონა, ბებიკო,
გასაჭირი გვადგია,
სწორედ დროზე მოხვედი,
გვჭირდებოდი ძალიან!

ბებია შეშფოთებული გადახედავს ბავშვებს, მერე ოთახს მოავლებს თვალს და შეამჩნევს, რომ ნაძვის ხეა დამწვარი

ბებია:
ღმერთო, ეს რა გიქნიათ, -
გადაგიწვავთ ნაძვის ხე?!
ცეცხლთან თამაშს, ცელქებო,
თავი რად არ არიდეთ?!
კიდევ კარგი, გვრიტებო,
არაფერი მოგსვლიათ,
რამე ხომ არ გტკენიათ?
ახლა იოდს მოვიტან! (გასვლას აპირებს იოდის მოსატანად, მაია აჩერებს)

მაია:
ბებო, არვინ გაკიცხო,
საყვედური არ უთხრა,
მე გადავწვი ნაძვის ხე,
ავატირე დათუნა.
სასჯელს მევე ავიტან
მორჩილად და გაგებით,
საჩუქრებიც არ მინდა...
ნუღარ გამიბრაზდებით.
კელაპტრები დამენთო,
გადავწვიტე ბრიყვულად,
ბამბას ცეცხლი მოედო,
მოსართავებს მზიურსაც! (იატაკიდან იღებს ასანთს და ბებიას აძლევს ხელში)


ბებია: (ხელი მოჰხვევს მაიას, მოეფერება)
კარგი, ჩემო გოგონა,
ნუღარ დარდობ ამაზე,
ამ ჩვენს დამწვარ ნაძვის ხეს
მალე გავალამაზებთ,
ვერ შეამჩნევს ვერავინ
თუკი იყო დამწვარი,
ზედ წვეროზე დავანთოთ
დიდზე დიდი ვარსკვლავი.

ბავშვები ბებიას ეხმარებიან, ალამაზებენ ნაძვის ხეს, ბებია ნაძვის წვეროზე მართლაც დააბნევს ვარსკვლავს.

მედეა:
ბებო, რა ლამაზია
ჩვენი მზეთუნახავი,
ყველა ნაძვსა სჯობია,
ქვეყნად არ ჰყავს ბადალი.

ბავშვები დაღლილები აქა-იქ ჩამოსხდებიან, დათო თამაშს განაგრძობს
(ეშვება ფარდა)


                                 მეოთხე მოქმედება

მეზობელი - მამუკა, დედა, მამა, ბებია, ბავშვები

კარზე მორიდებული კაკუნი ისმის, ბავშვები კარს აღებენ, შემოდის მეზობელი, ესალმება ყველას თავის დაკვრით

მეზობელი:
ცეცხლის სუნმა ფანჯრიდან
მოაღწია ჩვენამდე,
რამე ხომ არ დაგწვიათ,
კერძი გიდგათ კერაზე? (ბებიას უყურებს)

ბებია:
არა, ჩემო მამუკა,
ყნოსვა კარგი გქონია,
მადლობა, რომ ამოდი,
გულგრილი არ ყოფილხარ!
ონავრებმა თამაშით
ლამის დაწვეს ნაძვის ხე, (გადახედავს ბავშვებს)
გაგვიღიმა ფორტუნამ, -
ბედად გადავარჩინეთ!

მეზობელი:
ღმერთს მადლობა, არ ვჩივი,
ჭერზე წყალიც გაშრება,
წელს დიდებულს, შევხვდებით,
გვიწყალობა განგებამ!

მეზობელი ყველას ემშვიდობება და გადის,  ცოტა ხანში ისევ კაკუნი ისმის კარზე, ბავშვები ყველანი მისცვივდებიან კარებს, შემოდიან დედა და მამა

მაია:
როგორც იქნა, მოხვედით,
დაგვეღალა თვალები,
თოვლის ბაბუც გვეწვევა,
ხურჯინი აქვს ხავერდის.
დაურიგებს პატარებს
საჩუქრებს და ღიმილებს,
მე კი, გაუგონარი, -
ვერაფერს ვერ მივიღებ. (მოწყენილი და თვალცრემლიანი გადის სხვა ოთახში)

დედა და მამა გაკვირვებულები იყურებიან, სამზარეულოდან ბებია გამოდის, ჩაეხუტება შვილს და რძალს

დედა:
ნეტავ, რა სჭირს მაიას,
ხასიათზე ვერ არის,
განა რა დააშავა,
რომ უბღვერით ყველანი?! (გადახედავს ბავშვებს)

ბებია:
არაფერი ისეთი, -
ნაძვის ხეა დამწვარი...
თუმცა გავალამაზეთ,
ზეიმისთვის მზად არის.

შეშფოთებული დედა და  მამა ჯერ ბავშვებს გადახედავენ, ნახავენ, ყველა ჯანმრთელადაა, მერე ნაძვის ხეს ათვალიერებენ

მამა:
არა უშავს, რაც მოხდა,
ჩვენი ჭირიც წაიღოს,
ჩაგიქრიათ ხანძარი,
ახლა ყველა ვხალისობთ!
რომ არ არის ასანთი
სათამაშო, მიხვდებით,
ხომ იქნებით ჭკვიანად
სამომავლოდ, მპირდებით?

ბავშვები:  (ერთხმად)

მამა, მამა, გპირდებით,
აღარ გვინდა ასანთი,
ცეცხლი ჩვენით ჩავაქრეთ,
არ ავტეხეთ განგაში.

მამა:
ცეცხლი თუ კი მძვინვარებს,
სწორედ უნდა განგაში,
უფროსს უნდა მოუხმოთ,
ეს არ არის თამაში!
მოედება ყველაფერს,
ალი ცამდე ასწვდება,
გადაბუგავს, დანაცრავს,
ვერვინ დაემალება!

დედა მაიას გამოიყვანს ოთახიდან

დედა:
უფროსი ხარ ყველაზე,
პატარების თავდები,
უპასუხისმგებლობა
ამიტომაც არ გშვენის.
სანამ რამეს გადაწყვეტთ, (მიმართავს ბავშვებს)
ასჯერ გაზომ-აწონეთ,
უდიერი ქმედებით
თავს სხვას ვერ მოაწონებთ.

მამა: (მაიას)
თოვლის ბაბუმ იცის, რომ
გამრჯე ხარ და კეთილი,
დაგიტოვა ხურჯინი
თხილით გამოტენილი.
საჩუქრებსაც მოგიტანს
ჭრელ-ჭრელებს და ლამაზებს,
ოღონდ მტკიცედ დაგვპირდი,
ასანთს ხელს რომ არ ახლებ!

მაია:
სანამ არ გავიზრდები,
ამას როგორ გავბედავ?!

ბებია:
დღეს გადავრჩით, ღვთის ნებით,
არ გაგვწირა განგებამ! (ხელს მოჰხვევს მაიას)

მიშა:
გაიხედეთ ქუჩაში, (იხედება ფანჯარაში)
რა ლამაზად დათოვა,
შევეგებოთ სიმღერით
ახალი წლის დადგომას!

გახარებული მაია შეუერთდება ბავშვებს.

ბავშვები წრეს შეკრავენ ნაძვის ხის გარშემო და მღერიან სიმღერას.


სიმღერა:
ახალი წლის მოსვლას ველით,
დიდებიც და პატარებიც,
გელოდებით ხელგაშლილი,
ჩამოვხსენით ანჯამები
ყველა კარებს, ყველა სარკმელს,
შენაც ნუღარ დაახანებ,
ათასობით ვანთებთ სანთელს,
გაგვინათე ყველას ღამე.

მისამღერი:
ათასობით ვანთებთ სანთელს,
გაგვინათე ყველას ღამე,
შენაც ნუღარ დაახანებ.

უფროსებიც მხიარულობენ ბავშვებთან ერთად

(ეშვება ფარდა)














































.














,
























Saturday, January 6, 2018

შობის ღამეს დაგებედოთ!

ღამე არის ჯადოსნური,
ირგვლივ ბევრი სანთელია,
ციმციმებენ ნათურები,
წინ უსაზღვრო ნათელია,
ნაძვის ხეზე თამაშობენ
ფიფქები და ფანტელია,
შობის ღამეს დაგებედოთ, -
თუ რამ ძლიერ გყვარებიათ!


Friday, January 5, 2018

თან ვატარო...

შენს დიდ მკერდზე დავისვენო, მინდა, დღეო,
დავიშალო ზურმუხტებად, მწვანე ველო,
დავსხდე ცაზე ვარსკვლავებად, ბნელო ღამევ,
გავუნათო დაღონებულს სხივით არე.
სურვილების ქარგა, მინდა, ჩავდგა გულში,
დავიქარგო ყვავილები -  ია ლურჯი,
აყვავებულ ფშატთან გავთქვა ჩემი გული,
თან ვატარო ჩემი ქვეყნის სიყვარული.

Tuesday, January 2, 2018

მიზიდავს...

მიზიდავს ქვეყნის აყალმაყალი,
მაყვლის ბუჩქებთან იწვის  მაყალი,
შიშხინებს მწვადი, ისხმება ღვინო,
თუმცა ბუნება ამ ზეიმს კვირვობს...
ჩამომხმარ ხეზე მინდორში ხრიოკ
გველხოკერები ასხდება ჭილოფს.


ამდევნებია რუხი ფიქრები

ამდევნებია რუხი ფიქრები,
ჩაუხლართიათ ჩემს ირგვლივ ღობე,
მას ვეჯახები თავგამეტებით,
დავგლეჯ დუმილით სისხლიან კოლტებს.
მწუხარედ რეკავს ზარები შორით,
ხმა მესმის მხოლოდ, გულში ღამეა,
შავი ნაღველი ასრულებს ქოროს,
მე პირველი ვარ, ის - მესამეა.
ვეძებდი ბილიკს, ნაზს და ვარდისფერს,
დამაგვიანდა მე მეტანია,
ვერ შევასრულე ორკესტრში სოლო,
მე პირველი ვარ, ის - მესამეა.




კარს შემოვუღებთ ახალ წელს!


კარს შემოვუღებთ ახალ წელს,
ბედიანობას, კალანდას,
ჭრელ-ჭრელ ხალიჩებს გავუფენთ,
ვარსკვლავებს კარისკარადა.
მხრებზე დავაწყობთ იმედებს,
სუფრას გავუშლით ხალისით,
შორს გადავრეკავთ ქიმერებს,
ურჩხულებს, ეშმათ ავი ზნის.
ბუკი დაარღვევს სიჩუმეს
სამხიარულო მოტივზე,
სიტკბოს, ბარაქას ვისურვებთ,
სუფრიდან ამოყოლილებს.
იყოს მამლების ყივილი,
ქორწილები და მზეობა,
გამთლიანება ქვეყნისა,
ვაჟიანობა-ძეობა.
კარს შემოვუღებთ ახალ წელს,
სულით და გულით დავლოცავთ,
ასჯერ და ათიათასჯერ
სიმტკიცით გაგვეხაროსა.