Friday, January 12, 2018

საახალწლო ნაძვის ამბავი (საბავშვო პიესა ოთხ მოქმედებად) ავტორი: მაია დიაკონიძე

მოქმედი პირები: დედა - ლიდა, მამა, შვილები: მაია, ია, ტყუპები - მედეა, მიშა, ნაბოლარა - დათო, 3 წლის, ბებია, მეზობელი - მამუკა

                                 პირველი მოქმედება

( გამოჩნდება ოთახი, დედა და მამა ნაძვის ხეს რთავენ)

მამა:  
ლიდა, შეხე, იმ დიდ ტოტზე (უთითებს)
ჩამოკიდე ოქროს ჩიტი,
იქით - მელა დაამაგრე,
აქ - ბიჭუნა დიდი ციგით,
ეს ლამაზი სათამაშო,
მზესაც რომ ჰგავს, თანაც მთვარეს,
ნაძვის წვერზე ჩამოვკიდოთ,
გაგვინათებს დღეს და ღამეს. (იცინის)

დედა: (ასევე ხელით აჩვენებს)
აქ დათუნა ჩამოკიდე,
დაბლა, დაბლა, კიდევ უფრო,
დაინახოს კარგად დათომ,
თავისთავი იქნებ იცნოს?!
ბაჯბაჯამ და საყვარელმა,
დაიძინა ღამით უცებ,
დღეს ახალ წელს ელოდება, -
სიხარულით გული უცემს.
დაინახოს დიდი ნაძვი,
მორთული და მოკაზმული,
რომ არ ჩავრთეთ ამ საქმეში
მედეაა გაბუტული.

მამა:
მედიკო კი არა, ყველა
გამიბრაზდა წუხელ ღამით,
თქვენ რატომ რთავთ ნაძვის ხესო,
ჩვენ კი ვდგავართ სახლის გარეთ.
მომავალი წლიდან, მოდი,
მათ მივანდოთ ნაძვის ბედი,
როგორც უნდათ, ისე მორთონ,
დრო დაგვრჩება უფრო მეტი,
საჩუქრები რომ ვუყიდოთ
ჩვენს პატარებს, გავახაროთ,
ახლა თანხა ჩამერიცხა, (მობილურს უყურებს)
საყიდელი დავითვალოთ. (მრავლისმეტყველად შესცქერის ცოლს)

დედა:
რომ იცოდე, საყიდელი
ბევრი დაგვრჩა, ნათურებიც
შარშანდელი გადაიწვა
და თამაშში გართულები
დაიღალნენ პატარებიც, (იყურება ფანჯრიდან)
გუნდაობაც მოეწყინათ,
ორი კვირა თავზე გვათოვს,
ჭირხლი ადევს ყველა მინას.
თითქმის მოვრთეთ ლამაზმანი,
რომ არა ჰყავს ქვეყნად ტოლი,
მალე ბავშვებს სახლში ვუხმობ,
გავახარებ ამით, მგონი.

დედა ბავშვებს ეძახის, პირველი შემორბის მაია, ქუდს ბერტყავს თოვლისგან.

მაია:
მე ყველაზე დიდი ვარ
და ყველაზე ჭკვიანი,
წელს სკოლაში წავედი,
ნეთბუქი მაქვს პირადი.
ჯერ მე ვნახავ ნაძვის ხეს,
მერე სხვებმა შეხედონ,
მეც მივაბამ ქაღალდის
პეპლებსა და მტრედებსო,
გამოვჭერი სულ ტყუილად?
სკოლაში ხომ ვიწვალე, (მოაქვს ქაღალდისგან გამოჭრილი სათამაშოები)
თინა მასწავლებლისგან
ბევრი რამე ვისწავლე!

დედა:
კარგი, ჩემო გოგონა,
შენ შეაბი ბაფთები,
აბა, შეხე, თუ მოგწონს
ეს ბრჭყვიალა კალთები?! (აჩვენებს ბრჭყვიალებით მორთულ ტოტებზე)

მაია:
აუ, რა ლამაზია,
მართლაც სასწაულია!
სხვაზე მეტად ის მომწონს,
იქ რომ ჭრელი ბურთია. ( მიუთითებს დედას დიდ წითელ-ყვითელ ბურთზე)

სხვა პატარებიც შემორბიან, გაყინულ ხელებს სუნთქვით ითბობენ, თან ნაძვის ხეს ეხვევიან.

მაია: (და-ძმას მიმართავს)
ნახეთ, რა ლამაზია,
რა ნაძვის ხე აგვიწყვეს?!
დათვი, ტურა, მელია
მართლაც ჰგვანან ნამდვილებს.

მამა:
მორთულ-მოკაზმულია,
არ გეგონოთ ნამდვილი,
ყუთში ჩავაწყობინეთ, (მიუთითებს ნაძვის ხის ტოტებზე)
ნაწილებად დაშლილი.
თორემ თუკი დავჭერით
საახალწლოდ ნაძვები,
მერე ვეღარ ვისუნთქებთ,
მოგვაკლდება ჰაერი.

ია:
მართალი ხარ, მამიკო,
ნაძვიც მიწის შვილია,
რომ ჭრი, განა არ სტკივა,
განა, კმაყოფილია?!

მედეა და მიშა: (ერთხმად)

როგორ, ხელოვნურია? (გაკვირვებულნი ათვალიერებენ ნაძვს)
წელს პირველად ვიყიდეთ?!
ვერ გაარჩევ წიწვებით,
ნახეთ, მწარედ გვიჩხვლიტეს!

თითებით ეხებიან ნაძვის ხის წიწვებს, მერე აცილებენ და ჰაერში იქნევენ, ვითომ სტკივათ, თანაც იცინიან

დათო: (არავის არ აქცევს ყურადღებას, დათუნია სათამაშოს ათვალიერებს)
შეხეთ, დევი ბაჯბაჯა,
ქამრით თავს რო იწონებს,
ზურგზე ვიღაც შეუსვამს,
ერთ გრამსაც არ იწონის!
(ბავშვები იცინიან)

მაია:
გულად ნაცარქექიას
ნუთუ, ვერ ცნობ, პატარავ?!
წაგიკითხე ზღაპარი,
გახსოვს, წინა სამშაბათს,
დაგავიწყდა, იმ ბრიყვ დევს
რა  შავი დღე აყარა?

დედა:
კარგით, მორჩით, ბავშვებო,
კამათს, ოინბაზობას,
ახლა წავალთ ბაზარში
და სასუსნავს მოგიტანთ.
შენ, მაია, იქნები
პატარების მომვლელი,
შენგან, როგორც დიდისგან,
სიბეჯითეს მოველით!

მაია:
კარგი, დედა, ძვირფასო,
ჩავიბარებ პატარებს,
ვათამაშებ, გავართობ,
ნდობას თქვენსას ვაფასებ!
შემოვძახებ სიმღერებს,
როგორც ნაზი ბულბული,
თუმცა არც ხმა არა მაქვს,
ყურზეც მადევს ურდული. (იცინის)

მამა:
ალბათ, იცით, სოფლიდან
გვესტუმრება ბებია,
ახალი წლის ღამე ხომ,
მართლაც, ბედნიერია!

მიშა;
რა კარგია, მამიკო,
"ოდელია, დელია!" (მღერის და ცეკვავს)


გახარებული ბავშვები აჰყვებიან, მშობლები გადიან.
(ეშვება ფარდა)



                                    მეორე მოქმედება:

მოქმედი პირები: მაია, ია, ტყუპები და დათო

ბავშვები მისცვივდებიან ნაძვის ხეს, სათამაშოებს ეპოტინებიან

მაია:
აბა, ფრთხილად, ბავშვებო,
ძირს არ ჩამოგიცვივდეთ,
თორემ დაგენანებათ
და თავადვე იტირებთ!
შუშისაა ბურთები,
გაეცალეთ ტყუპები, (მიმართავს მედეას და მიშას)
თორემ, ვიცი, მიშიკო,
არევდარევ ყველაფერს,
მედიკო კი, პრანჭია,
ახლაც ისევ შეგაქებს.

ია:
მართალი ხარ, დაიკო,
ნაძვის ბედი შენ განდეს,
დათო ტოტზე ქანაობს,
ძირს ჩამოყრის კელაპტრებს.
(მირბიან დათოსთან და ნაძვის ხეს მოაცილებენ)

მიშა: (მაიას მიმართავს)
ყველაფერს რომ ჩვენ გვაბრალებ,
მარტო ჩვენ ვართ დამნაშავე?!
აგერ, ია ნაძვის ხიდან
თოვლის ფიფქებს დაბლა აბნევს. (ხელს იშვერს ნაძვის ხესთან მოთამაშე იასკენ)

მედეა: (არავის არ აქცევს ყურადღებას)
ეს მელია ჩემია,
ეს პატარა  კურდღელიც,
ალბათ, ჭამა ჭარხალი, -
წითელი აქვს ტუჩები.

დათო: (მიმართავს ბავშვებს)

დედა მზეს რომ მეძახის,
თქვენ ხომ არ გშურთ, ბავშვებო?!
ამდენ ბურთს რომ უყურებთ,
მოჭიქულებს სამზეოდ,
ჩემი არის სუყველა, -
წითელიც და ყვითელიც,
"მზეო, მზეო, ცხრათვალას"
დედა ხომ მე მიმღერის?!

მაია: (თავისთან უხმობს ბავშვებს)
მოდით აქეთ სუყველა,
ვიცეკვოთ და ვიმღეროთ,
სულელური საუბრით,
ნუ დავიღლით პირებსო.

ჩაკიდებენ ბავშვები ერთმანეთს ხელს და ნაძვის ხეს გარშემო უვლიან, თან მღერიან:

სიმღერა:
ახალი წლის მოსვლას ველით
დიდებიც და პატარებიც,
გელოდებით ხელგაშლილი,
ჩამოვხსენით ანჯამები
ყველა კარებს, ყველა სარკმელს,
შენაც ნუღარ დაახანებ,
ათასობით ვანთებთ სანთელს,
გაგვინათე ყველას ღამე.

მისამღერი:
ათასობით ვანთებთ სანთელს,
გაგვინათე ყველას ღამე,
შენაც ნუღარ დაახანებ.

მშობლები იგვიანებენ, ბავშვებს მოსწყინდათ ცეკვა-თამაში.

დათო:
მამიკო და დედიკონა,
ნეტავ, ახლა სად არიან?
იქნებ, მგელმა შეაშინა?
გარეთ ცივი ზამთარია!

მაია ცდილობს, დათო დააწყნაროს, ეფერება

მაია: (ხმამაღლა)
ახლა, მინდა, ბავშვებო,
გაგინათოთ ნაძვის ხე!

ია:
ნათურები გადაიწვა,
ნეტავ, როგორ აპირებ?

მაია:
სად მოვძებნო ასანთი?
ხომ არ იცით, სადა დევს?

მედეა:
დავინახე, დედიკო
განჯინაში ათავსებს.

მაია გარბის ასანთის მოსატანად

ია:
დედა გვიშლის, გვაფრთხილებს,
"ასანთს ხელი არ ახლოთ!",
მაია კი ურჩობს და
ეძებს რაღაც გასართობს.

მედეა: (შეშინებული)
სად ინახავს დედა ასანთს,
ნეტავ, რატომ ვუთხარი?
გაბრაზდება დედიკო,
არ შემხვდება ნუგბარი.

მაია შემორბის ასანთით ხელში, ნაძვის ხის კელაპტრებს ანთებს, სახე უბრწყინავს

მაია:
ნახეთ, როგორ განათდა,
როგორ ბრწყინავს, აშუქებს!
მოლიცლიცე სანთლები
არ ჯობია ნათურებს?!

უცებ ცეცხლი მოეკიდება ნაძვის ხის მოსართავებს, აალდება ნაძვის ხის ტოტები, შეშინებული ბავშვები უკან იხევენ, მაია არ იბნევა

მაია:
აბა, ცოცხლად, ბავშვებო,
წყლით გავავსოთ ჭურჭელი,
ტოტებს მარდად დავასხათ,
დარდით როგორ ვუშველით?

მიშა: (გმირული თავგანწირვით)
ვაი, ვაი, ხანძარი!
დაწვავს ციცქნა მნათობებს,
წყალს მოვიტან, ჩავაქრობ,
მეხანძრესაც ვაჯობებ!


ყველანი გარბიან წყლის მოსატანად, დათო წყლით სავსე სამლიტრიან ქილას მოაგორებს,
ძლივს სუნთქავს.

დათო:
დედა, დედა, გვიშველე,
მალე მოდი, მამიკო,
ნახეთ, გაუგონარმა
მაიკონამ რა გვიყო?!

ბავშვებმა ცეცხლი ჩააქრეს, შელახული, გაშავებული ნაძვის ხე დგას ოთახის ცენტრში

ია: (მწუხარედ)
მალე ბებოც ჩამოვა,
ჩვენ კი როგორ დავხვდებით,
გადამწვარი ნაძვის ხით,
ჩამომდნარი სანთლებით?!

მაია:
კარგით, აღარ იდარდოთ,
მოვიკრიფოთ აზრები,
იატაკი მოვწმინდოთ,
ნუღარ გამიბრაზდებით.
გახარება მინდოდა
თითეული თვენგანის,
არ დავფიქრდი, ამიტომ
ამ ხიფათსაც ვერ ავცდით.
გადაგიწვით ნაძვის ხე,
ჩაგიფუშეთ ოცნება,
მშობლებისგან სასტიკი
საყვედურიც მომხვდება! (მოწყენილი ჩამოჯდება სკამზე,
დანარჩენი ბავშვები ცდილობენ ოთახი წესრიგში მოიყვანონ, მალე მაიაც მათ შეუერთდება
(ეშვება ფარდა)


                                   მესამე მოქმედება

მოქმედი პირები: ბებია და  ბავშვები

კარზე ზარის ხმა ისმის

ია:
ვინ მოვიდა, ნეტავი,
მშობლები თუ ბებია?
ჩქარა გავხსნათ კარები, -
რა ხანია, გველიან! (მიმართავს მიშას)
მიშა თვალებს რად ნაბავ?!
შემოსულებს დაუხვდი,
შეეგებე ღიმილით,
შეაყოვნე საუბრით!

მაია: (ისიც მიშას არიგებს)
შეაჩერე, ვინც იქნება
ლაპარაკით ანდა ქცევით,
სულ არ გვინდა ორი წუთი,
შეხვედრისთვის მზად ვიქნებით.

დათო: (ყვირის)
დედა, დედა, გვიშველე,
დასკდა ჩემი ბურთები,
იატაკზე წყალი დგას,
მიკანკალებს მუხლები.

მაია აჩუმებს

მაია:
კარგი, მორჩი, დათუნა,
გინდა, გული გაუსკდეს
დედას, ამის დამნახავს... (მიუთითებს გადამწვარ ნაძვის ხეზე)
აღარ მოგვცემს საჩუქრებს!

დათო:
რაო, რაო, საჩუქრებს,
ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?
შენ გადაწვი ნაძვის ხე,
დაგაწიწკნი კიკინებს!

ჩაჯდება და ტირის, ახლა მედეა აწყნარებს

მედეა:
დათუნია, ნუ ტირი,
შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ,
როგორც  უმცროსს შენ მოგცემს
დედა ტკბილს და "ზიზიას",
მეც შემპირდნენ ამ დილით,
მიყიდიან  თოჯინას
და იმასაც გაჩუქებ,
ჩურჩხელებსაც მოგიტან...
თვალხატულა თოჯინა
შენთვის არ მენანება,
ზოგს ხომ არ ემგვანება,
ჯიუტსა და თავნებას.  (გადახედავს მაიას,
დათო კიდევ უფრო ატირდება)

დათო:
მე რად მინდა თოჯინა,
თუ მანქანას შემპირდნენ,
რომ ენთება ფარები,
სწრაფმავალს და ცეცხლისფერს?!

ამ დროს ოთახში ბებია შემოდის, დათოსკენ მიემართება, ხელში აიყვანს, კოცნის, ეფერება, ხელში სათამაშო ურემი  და ჭინჭილა უჭირავს

ბებია:
რატომ ტირი, პატარა,
გული ამოგისკვნია,
ნახე, გამოგიგზავნეს
თამუნამ და ილიამ (პარკიდან ამოიღებს სათამაშოებს და დათოს აჩვენებს)
სათამაშო ურემი,
საჭრეთელით გაჩორკნეს,
ზედ დაადგი ჭინჭილა, -
იატაკზე აგორე!.

დათო კოცნის ბებიას, პატარა ურემს და ჭინჭილას ხელიდან გამოართმევს, ბებია ბავშვს ძირს ჩამოსვამს, დათო საჩუქრებს ათვალიერებს, გახარებული თამაშობს

ბებია ცალ-ცალკე ყველას გადაკოცნის

ბებია:
ჩამეხუტეთ ბავშვებო,
ჩემი სულის გვრიტებო,
ვხედავ, როგორ გაზრდილხართ,
სიხარულს ვერ ვიტევო,
ისე ლამაზები ხართ
და ისეთი კარგები...
ახლა თოვლის ფიფქივით
სიყვარულით დავდნები. (იცინის, ბავშვებიც იცინიან, ბებიას გარს ეხვევიან)

მიშა:
ბებიკონა, ბებიკო,
გასაჭირი გვადგია,
სწორედ დროზე მოხვედი,
გვჭირდებოდი ძალიან!

ბებია შეშფოთებული გადახედავს ბავშვებს, მერე ოთახს მოავლებს თვალს და შეამჩნევს, რომ ნაძვის ხეა დამწვარი

ბებია:
ღმერთო, ეს რა გიქნიათ, -
გადაგიწვავთ ნაძვის ხე?!
ცეცხლთან თამაშს, ცელქებო,
თავი რად არ არიდეთ?!
კიდევ კარგი, გვრიტებო,
არაფერი მოგსვლიათ,
რამე ხომ არ გტკენიათ?
ახლა იოდს მოვიტან! (გასვლას აპირებს იოდის მოსატანად, მაია აჩერებს)

მაია:
ბებო, არვინ გაკიცხო,
საყვედური არ უთხრა,
მე გადავწვი ნაძვის ხე,
ავატირე დათუნა.
სასჯელს მევე ავიტან
მორჩილად და გაგებით,
საჩუქრებიც არ მინდა...
ნუღარ გამიბრაზდებით.
კელაპტრები დამენთო,
გადავწვიტე ბრიყვულად,
ბამბას ცეცხლი მოედო,
მოსართავებს მზიურსაც! (იატაკიდან იღებს ასანთს და ბებიას აძლევს ხელში)


ბებია: (ხელი მოჰხვევს მაიას, მოეფერება)
კარგი, ჩემო გოგონა,
ნუღარ დარდობ ამაზე,
ამ ჩვენს დამწვარ ნაძვის ხეს
მალე გავალამაზებთ,
ვერ შეამჩნევს ვერავინ
თუკი იყო დამწვარი,
ზედ წვეროზე დავანთოთ
დიდზე დიდი ვარსკვლავი.

ბავშვები ბებიას ეხმარებიან, ალამაზებენ ნაძვის ხეს, ბებია ნაძვის წვეროზე მართლაც დააბნევს ვარსკვლავს.

მედეა:
ბებო, რა ლამაზია
ჩვენი მზეთუნახავი,
ყველა ნაძვსა სჯობია,
ქვეყნად არ ჰყავს ბადალი.

ბავშვები დაღლილები აქა-იქ ჩამოსხდებიან, დათო თამაშს განაგრძობს
(ეშვება ფარდა)


                                 მეოთხე მოქმედება

მეზობელი - მამუკა, დედა, მამა, ბებია, ბავშვები

კარზე მორიდებული კაკუნი ისმის, ბავშვები კარს აღებენ, შემოდის მეზობელი, ესალმება ყველას თავის დაკვრით

მეზობელი:
ცეცხლის სუნმა ფანჯრიდან
მოაღწია ჩვენამდე,
რამე ხომ არ დაგწვიათ,
კერძი გიდგათ კერაზე? (ბებიას უყურებს)

ბებია:
არა, ჩემო მამუკა,
ყნოსვა კარგი გქონია,
მადლობა, რომ ამოდი,
გულგრილი არ ყოფილხარ!
ონავრებმა თამაშით
ლამის დაწვეს ნაძვის ხე, (გადახედავს ბავშვებს)
გაგვიღიმა ფორტუნამ, -
ბედად გადავარჩინეთ!

მეზობელი:
ღმერთს მადლობა, არ ვჩივი,
ჭერზე წყალიც გაშრება,
წელს დიდებულს, შევხვდებით,
გვიწყალობა განგებამ!

მეზობელი ყველას ემშვიდობება და გადის,  ცოტა ხანში ისევ კაკუნი ისმის კარზე, ბავშვები ყველანი მისცვივდებიან კარებს, შემოდიან დედა და მამა

მაია:
როგორც იქნა, მოხვედით,
დაგვეღალა თვალები,
თოვლის ბაბუც გვეწვევა,
ხურჯინი აქვს ხავერდის.
დაურიგებს პატარებს
საჩუქრებს და ღიმილებს,
მე კი, გაუგონარი, -
ვერაფერს ვერ მივიღებ. (მოწყენილი და თვალცრემლიანი გადის სხვა ოთახში)

დედა და მამა გაკვირვებულები იყურებიან, სამზარეულოდან ბებია გამოდის, ჩაეხუტება შვილს და რძალს

დედა:
ნეტავ, რა სჭირს მაიას,
ხასიათზე ვერ არის,
განა რა დააშავა,
რომ უბღვერით ყველანი?! (გადახედავს ბავშვებს)

ბებია:
არაფერი ისეთი, -
ნაძვის ხეა დამწვარი...
თუმცა გავალამაზეთ,
ზეიმისთვის მზად არის.

შეშფოთებული დედა და  მამა ჯერ ბავშვებს გადახედავენ, ნახავენ, ყველა ჯანმრთელადაა, მერე ნაძვის ხეს ათვალიერებენ

მამა:
არა უშავს, რაც მოხდა,
ჩვენი ჭირიც წაიღოს,
ჩაგიქრიათ ხანძარი,
ახლა ყველა ვხალისობთ!
რომ არ არის ასანთი
სათამაშო, მიხვდებით,
ხომ იქნებით ჭკვიანად
სამომავლოდ, მპირდებით?

ბავშვები:  (ერთხმად)

მამა, მამა, გპირდებით,
აღარ გვინდა ასანთი,
ცეცხლი ჩვენით ჩავაქრეთ,
არ ავტეხეთ განგაში.

მამა:
ცეცხლი თუ კი მძვინვარებს,
სწორედ უნდა განგაში,
უფროსს უნდა მოუხმოთ,
ეს არ არის თამაში!
მოედება ყველაფერს,
ალი ცამდე ასწვდება,
გადაბუგავს, დანაცრავს,
ვერვინ დაემალება!

დედა მაიას გამოიყვანს ოთახიდან

დედა:
უფროსი ხარ ყველაზე,
პატარების თავდები,
უპასუხისმგებლობა
ამიტომაც არ გშვენის.
სანამ რამეს გადაწყვეტთ, (მიმართავს ბავშვებს)
ასჯერ გაზომ-აწონეთ,
უდიერი ქმედებით
თავს სხვას ვერ მოაწონებთ.

მამა: (მაიას)
თოვლის ბაბუმ იცის, რომ
გამრჯე ხარ და კეთილი,
დაგიტოვა ხურჯინი
თხილით გამოტენილი.
საჩუქრებსაც მოგიტანს
ჭრელ-ჭრელებს და ლამაზებს,
ოღონდ მტკიცედ დაგვპირდი,
ასანთს ხელს რომ არ ახლებ!

მაია:
სანამ არ გავიზრდები,
ამას როგორ გავბედავ?!

ბებია:
დღეს გადავრჩით, ღვთის ნებით,
არ გაგვწირა განგებამ! (ხელს მოჰხვევს მაიას)

მიშა:
გაიხედეთ ქუჩაში, (იხედება ფანჯარაში)
რა ლამაზად დათოვა,
შევეგებოთ სიმღერით
ახალი წლის დადგომას!

გახარებული მაია შეუერთდება ბავშვებს.

ბავშვები წრეს შეკრავენ ნაძვის ხის გარშემო და მღერიან სიმღერას.


სიმღერა:
ახალი წლის მოსვლას ველით,
დიდებიც და პატარებიც,
გელოდებით ხელგაშლილი,
ჩამოვხსენით ანჯამები
ყველა კარებს, ყველა სარკმელს,
შენაც ნუღარ დაახანებ,
ათასობით ვანთებთ სანთელს,
გაგვინათე ყველას ღამე.

მისამღერი:
ათასობით ვანთებთ სანთელს,
გაგვინათე ყველას ღამე,
შენაც ნუღარ დაახანებ.

უფროსებიც მხიარულობენ ბავშვებთან ერთად

(ეშვება ფარდა)














































.














,
























No comments:

Post a Comment