Friday, June 30, 2017

საჩუქარი (საბავშვო)

დაიჩემა ერთხელ მელამ,
მიყვარხართო უკლებ ყველა,
საჩუქარი მინდა გიძღვნათ,
გავუნათოთ ერთურთს კერა.
გაეცინათ მხეცებს ტყეში,
რას ამბობს ეს ცრუპენტელა?!
როდის იყო შევუყვარდით,
გაგვაცუროს უნდა ყველა,
მაგრამ მელამ ყვავისხელა
დაურიგა სოკო ყველას,
ცხვარიოს რომ ეძახიან,
დაახურა ქოლგად ხესაც.
ზეიმი აქვთ, ტყეში ისმის
სიცილი და თამაშ-მღერა,
გული უნდა მოჰყვებოდეს
საჩუქარსო, ამბობს მელა.


Tuesday, June 27, 2017

ანბანთქება (საბავშვი, მე-2 ნაწილი)


ლორთქო ბალახი ამოდის
ალაზნის წყალის პირზეო,
მივა, პირს ჩაიტკბარუნებს
ცხენი, თან მიჰყავს ქიტესო.
ბიჭი ჯან-ღონით სავსეა,
ჩოხა-ახალუხს იცმევსო,
წელზე ქამარი ამშვენებს,
ღმერთით ახსენებს გმირებსო,
უნდა მათ ჰგავდეს, მათსავით
იაროს მთათა პირზეო,
მერანი ცაში გახედნოს,
გმირად იქცევა ვიდრეო.


ლუარსაბი სახელია
ციცქნა ბიჭის, გზაზე მიდის,
ლომგული და ვაჟკაცია,
გამოთალა ხისგან სტვირი,
რომ დაატკბოს ხალხის სმენა,
უდარაჯოს თავის სამწყსოს,
ერეკება მთისკენ ბატკანს,
პაპაც, ბებოც იქვე სახლობს,
მივა, გულში ჩაეკვრება,
მოიკითხავს მოხუცებულთ,
ბებო ნაბადს მოუთელავს,
პაპაც უთლის კომბლებს ქებულთ,
შემოიცვამს მხრებზე ნაბადს,
გადაიდებს მხარზე კომბალს,
მგელი უნდა შეაშინოს,
თუ მოუხტა ცხვრების ქომაგს.


მაია და მაია მეგობრები არიან,
ერთი ციცქნა გოგოა და მეორე მაიას
ეკითხება დაია: -დღეს როგორი დარია?!
ჭიას, წითელკაბიანს,
ფრთებს რომ არ შლის კოპლიანს
და არც დიდად მარდია,
მზის სხივებს რომ თან წაჰყვეს,
ვისთან ივლის მაია?!


მოდის ზღარბი, მისდევს თაგვი,
ძმობილები არიან,
ცხვირი-პირი ერთურთს უგავთ,
თუმც ერთს ქურქი აცვია,
ჩხვლეტია და ეკლიანი,
ის ბაღების მკვიდრია,
მეორე კი ბეღლის ქურდი,
მეველე და მინდვრია,
ერთმანეთი სად გაიცნეს?!
აცლით ძმობა არაქათს,
ბაღში ერთად სადილობენ,
სასუსნავი ბლომად აქვთ.



ნიკომ, ნანამ, ნინიამ
წაიყვანეს ღვინია
სამწყემსურში დილიდან,
არ დარობდა  კვირიდან,
მზე უმზერდათ ირიბად,
ცრემლებს ყრიდა კვინიხად,
დღეს ცა არის ლიცლიცა,
მზე თეთრი და ყირმიზა,
ხმა მოისმის ირმისა,
ცვარი მოსავს დილისა.


ნუცას უყვარს ბლითები,
ბებო უცხობს დილიდან,
გაზქურასთან ელოდება,
ნერწყვი მოსდის პირიდან.
იქვე ფისო ჩაცუცქულა,
ისიც ელის საუზმეს,
ნუცას ამ "დიდ გაჭირვებას"
მხოლოდ ის თუ გაუგებს.


ოჩოკოჩი, ჭინკა, დალი,
პაპას ზღაპრის გმირებია,
მთისკენ უხმობს წყაროთვალი
დათოს, სადაც მინდვრებია.
გაჭიმულა ზეგანები,
გაჭიმულა მდელოები,
საქართველოს მთიანეთი
მას შეხვედრას ჰპირდებიან
ოჩოკოჩთან, ტყის მეფესთან,
ჭინკასთანაც, ტყეთა შვილთან,
დალის, ნადირობის ქალღმერთს,
წყალზე ხვდება ყოველ დილას.


"ოოპუნა" შემოსძახეს,
ყანას მკიან მამა, პაპა,
ოთო, კოტე შესცქერიან,
შედეგმაც არ დაახანა,
მოითიბა პურის ყანა,
დაისვენა მასზე მზემაც,
ჯერი მიდგა პატარებზე,
დღეს ზვინები უნდა შეკრან!


- პი, პი, პი, პი, - გაიძახის ოთო ბიჭი დილიდან,
ვითომ მართავს მამას ავტოს, არა გვყოფნის სიცილად,
ოთახებში დარბის ბიჭი, ვითომა ზის საჭესთან,
ატრიალებს მარჯვნივ, მარცხნივ, ჯორცხენივით გაჭენდა.


პაპუნა და კოწია, ორივ დიდად პლორწია,
თავზე ბუზსაც არ ისვამენ, დღეს ქორწილში მოდიან,
წინ გამორბის კოწია, აშოლტილი, კოპწია,
უკან მოსდევს პაპუნა, ფეხთ აცვია წკაპუნა
ფეხსაცმელი, დიდი აქვს, ენათხოვრა მინდიას.
ეკითხება კოწია, - რათ გინდოდა დიდია?
- ყველას თვალი დავუყენო, ეს ძალიან მინდია.


ჟურულია გვარად ბიჭი, დიდად არის განთქმული,
სალამურის სტვენა ისმის, მღერაშია გართული,
ერთმანეთს ეჯიბრებიან ბულბული და ოთიკო,
ჩიტს რით ვეღარ დავამარცხებ? - ჩიტმაც თითქოს გაიგო
ბიჭის ფიქრი და ოცნება, შესვენება აიღო.


ჟრუ, ჟრუ, ჟრუო,- გაიძახის ჟოლოს მწვანე ბუჩქიდან
მოლაღურის ჭრელი ბარტყი, აქ საიდან მოვიდა?!
ალბათ დედას გაუფრინდა, ყველასა გვგვრის ჟრუანტელს
იმის ფიქრი, ნეტავ დედა აქ როგორღა მოაგნებს?!
მაგრამ მალე დავინახეთ ჩვენ თვალთა გასახარი,
დედა მარტო არ მოფრინავს, სხვა შვილებიც აქ არის,
ჟოლოს მწვანე ბუჩქებიდან გამოცოცდა პატარა
და პატარა ფრთების ქნევით თავის ყოფა ახარა.


რუ მოწანწკარებს, მიმორბის ველად,
ქვებზე, კენჭებზე ათასფრად ელავს,
ახარებს ყვავილს, კომშსა და ტყემალს
და სიხარულის ბუშტებსა ბერავს:
- ვაპურებ ყანას, ვამწიფებ თავთავს,
უხვ მოსავალში მეც მიდევს წილი,
თქვენ არ მოგაკლდეთ მომავლის რწმენა,
ავივსებ ჯიქანს ღამით და დილით
ისევ ჩავირბენ ხასხასა მინდვრებს,
ზეცას ვაჩუქებ კამკამა ღიმილს ,
ისიც მომიძღვნის უამრავ ქებას, -
ბავშვის მოვისმენ სიცილს და კისკისს,
აფერადდება ფერდობი მწვანედ,
ლურჯ იებს ისევ მოისხამს ველი,
ნიავი ღამით მიმღერებს ნანას,
ჩამეხუტება მშობელი ჩემი.


რა კარგია სალამური,
სტვენა იცის საამური,
აჰყოლია ბულბულიც,
ირგვლივ ისმის გუგუნი,
არწივების ბუდეა,
იქვე, კლდეთა წვეროზე,
მართვეები მღერიან,
ერთობიან გემოზე.


სოსიკოს და სერიკოს დაბადების დღე იყო,
ბიჭებს ერთი ნატვრა ჰქონდათ, მამას მატჩი მოეგო,
იმ დღეს ფეხბურთს თამაშობდა გუნდი ორი სოფელის,
თუ კი მამა მატჩს მოიგებს, სახლში მოვა ტორტებით.


სარეველა ბალახი აერია ნამჯაში,
ცხენს მიართვა თავლაში, - გენაცვალე მადაში,
- რომ არაფერი შეჭამა, ერთი მოსცხო გავაში,
ჩემს მოტანილს რად არ ჭამო, - მორჩა შენი პარპაში,
- ცხენი ჭალებს გაუყენა, მგლების გახდი ლუკმაო,
თვითონ ჩონგურს ხელი ჩაჰკრა, - აღარ ვშრომობ უქმადო.

სტომაქი რომ ამოივსო დათვის ბელმა ღორმუცელამ,
მუხის ძირას ჩაეძინა, სიზმარში კი ხედავს მელას,
წასდგომია თავზე ჩუმად და იცინის ურცხვად, ხმელად,
- მე გავხდები მალე ტყეში დიდბატონი, გმირი მელა,
ამას სძინავს დღე და ღამე, მუდამ შია, მუდამ ცხელა,
ხან გორაობს თხმელის ძირში, ხან კი სტუმრობს ნაძვს და კედარს,
საქმეზე ეს არა ფიქრობს, ტყეში მხეცებს უნდა შველა,
სკოლა უნდა ავაშენოთ, სწავლის შუქი ვფინოთ ყველას.
გაეღვიძა დათუნიას, წახდენია ამას ნირი,
გაახსენდა რომ ადგია თავზე დიდი გასაჭირი,
ზამთრისათვის შეინახოს უნდა ქილით ტკბილი თაფლი,
წარწერა რომ გაუკეთოს, ვერა შველის ათი თათი.
მოიწვია მან სასწრაფოდ ცხოველების დიდი კრება,
სკოლა უნდა აშენდესო, გამოხატა თავის ნება,
აწ, წაუხდა ნირი მელას, ვეღარ გახდა ამ ტყის გმირი,
თავის თავის გამოჩენა გადაწყვიტა ბასრი კბილით.

ტარიელი, მხნე და მარჯვე, ტყვიაში რომ ტყვიას აჯენს,
მონადირე მამაცია, არც აცხელა, არც აცია,
ლომზე სანადიროდ მიდის, არა დათვზე, არა მგელზე,
ზოოპარკში რომ ზის ლომი, ნეტავ, იმას თუ დაეძებს?
თორემ სოფლად, ახლომახლო, არსად ცხოვრობს დიდი ლომი,
თვალი უნდა რომ აგვიბას, არა მყავსო, ამბობს ტოლი,
მართლაც მამამ ზოოპარკში წაიყვანა ბიჭი თოფით,
ბახ,ბახო, გაიძახის, ვითომ მოკლა მართლა ლომი.


ტურამ, მგელმა, მელიამ დღე ირჩიეს ბნელია,
მიაშურეს საქათმეს, შიგ ქათამი კაკანებს,
გამოთხარეს გვირაბი, წინ დამდგომი ვინ არის?
შეეჩეხათ მამალი, ფეხმარდი და ფრთამალი,
შემოსძახა "ყიყლიყო", იყო და არა იყო,
მურიკელაც აქ იყო, ციცქნა ბიჭი პალიკოც,
მტერს რომ მედგრად დახვედროდა, ხელში ჯოხი აიღო,
ტურა, მგელი, მელია იყო და არა იყო.


უჩას უყვარს ძველი ქუჩა,
ქუჩის პირას მანქანა,
პაპასია, მისი ხნისა,
მხოლოდ ის თუ გამართავს.
წელიწადში ერთი-ორჯერ
დაქოქავს და გამოწმენდს,
სათევზაოდ მიჰყავს უჩა,
ვარგისობას ამოწმებს.
პაპას შეგირდს უყვარს ქუჩა,
ქუჩის პირზე მანქანა,
ახლა თვითონ გამოიყვანს,
გამოწმენდს და გამართავს.


ულამაზეს ნარცისებს
გოგო ანა არწყულებს,
ჩამოუვლის შროშანებს,
პიონებს და მიხაკებს,
სილამაზით განთქმულ ვარდსაც
დიდ-დიდ პატივს მიაგებს,
ყველაზე მეტ წყალს დაუსხამს,
მოუშუშებს იარებს.
მერე ეტყვის თავის ცუგას,
კვლებში ცოტა იაროს,
რომ ყვავილებს თათუნებით
სვე არ დაუზიანოს.




















Sunday, June 25, 2017

ნუთუ?!

დევების სახლში ნოხს გამიფენს გრძნეული ალი,
ძვირფასი ქვებით მოჭედილი წინ მიდგას ხონჩა,
ნუთუ ცხოვრება გამომადგა ისეთი მქრქალი,
რომ ღამეული ზმანებები ზღაპრულად მოჩანს?!



სურვილების სამალავი

სურვილების სამალავს გონებაში გავმართავ,
შევუყენებ იმედებს სვეტებად და ბოძებად,
მოგონების ფთილებს კი თითისტარზე დაართავს
ყრმობის ეშხით ნაფერი მოიისფრო ოცნება.
ღამე - გადარეული, ღამე - სულგალეული
გამახსენებს ნაზ დღეებს ერთმანეთზე მიჯარვით,
შეიკვრება ზმანება რგოლებად და რკალებად,
ზეცად განილევიან აჩრდილები წინაპრის.
ოცნებების მედროშე, -  სხივთა თეთრი სიმაღლე,
სურვილების ხუხულას მაღლა ცაში აიტანს,
გული ისევ შეკრთება, - იტირებს და ინაღვლებს,
თუმცა უკვე ვერაფერს დაიბრუნებს თავიდან.




Friday, June 23, 2017

სურვილს ვმალავ

სურვილს ვმალავ, როგორც ბავშვი,
ტკივილს მუჭში ჩავიტევ,
ხან არ მესმის სტვენა ქარის,
ხან ნიავის ხმას ვიჭერ,
სათითაოდ გაქრა წლები,
ასრულების ლოდინში,
მანამდე კი ეს ქვეყანა
ნაყეს, ზილეს როდინში,
სურვილს ვმალავ, როგორც ბავშვი,
ტკივილს მუჭში ჩავიტევ,
აუხდენელ ოცნებების
ფიცარნაგზე გამრინდეს.

Monday, June 19, 2017

გადამატყდა მხრებზე ჯოხი...

გადამატყდა მხრებზე ჯოხი,
ვდევდი შვილებს, როგორც კრუხი,
ამიწითლა როზგმა ზურგი,
ვთალე, ვრანდე ფეხის მორთხმით
ჩიჩილაკი, ჩვენი მოდგმის,
გამოვზარდე ხეთა შორის,
რომ ბარაქით და დიდებით
კარგმა ბედმა გვდიოს ფეხით,
ათას თვალთა აღტაცების,
გონების და მახვილჭვრეტის
დრო დაგვიდგეს მაღლა ფრენის,
მერე დავსვამ მრავალწერტილს...




Sunday, June 18, 2017

გავტყდები ისე

გავტყდები ისე, როგორც გატყდა ოდესღაც მამა,
როცა დანისლა მაღალი მთა სეტყვამ და წვიმამ,
ღვარცოფმა გულში ჩაატანა ღორღი და რკინა,
ნაომარ ველზე მეც მის გვერდზე დავიდებ ბინას.

Saturday, June 17, 2017

ქართველ გმირებს!

გულში რომ ვეღარ ეტევით,
ზეცაში დაგატიეთო,
ღმერთს მიგაბარეთ,შეგვედრეთ,
უწვერულვშო ბიჭებო,
ქვეყნისთვის მსხვერპლშეწირულნო,
ვარსკვლავი ღამეს გითევთო,
დილით - მზე, ღამით - მთოვარი,
ქვეყნის დამხმარედ გიწვევთო,
ბნელმა არ ჭამოს ნათელი,
საფრთხე არიდეთ პირმზესო,
მუხთალთ შაუკართ ხელები,
სანამ ყრმას აკვანს ურწევსო,
არ დათმოთ ესე ქვეყანა,
თვალთ ნუ უტოვებთ დირესო,
ჩამოდით, გზა გაგვინათეთ,
უწვერულვაშო ბიჭებო!



Tuesday, June 13, 2017

პოეტებს! (ყველას გვინდა მოგვისმინონ)

ყველას გვინდა, მოგვისმინონ, ამბიცია დიდი გვაქვს,
ვერ მივწვდებით, ალბათ მალე, ვერც ნიკოს, ვერც ტიციანს,
მაგრამ ლექსი, როგორც მტრედი, გვინდა ყველგან გავუშვათ,
წერილივით ზედ დავკიდებთ ჩვენი სულის თილისმას,
მწუხარებას თუ სიკეთეს ჩვენს გულში რომ ვერ ვიტევთ,
გადავიტანთ სტრიქონებში,  სიტყვის ვისვრით ტიკინებს,
ზოგჯერ ვიცით ამაოა, დღეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ,
ვცოდვილობთ და მოზაიკას ხან ერთ ნაჭერს ვამეტებთ,
მაინც გვინდა მოგვისმინონ, ვქმნით ცხოვრების მაკეტებს.

Monday, June 12, 2017

ფული

ფანჯრებიდან ხეებს გავცქერ ხან რიდით, ხან გარინდებით,
სადმე ტყეში მათ ქვეშ გავლას გულმხურვალედ ვაპირებდი,
მაგრამ არ მაქვს ერთი გროში, თანაც ვიწვი ყველა დროში,
ნეტავ, ფული მაღლა ციდან იყრებოდეს დიდი ხონჩით.

Sunday, June 11, 2017

გულკეთილი

 ლამაზი იყო, ჭკვიანი, მამა დიდ იმედებს ამყარებდა მასზე. გათხოვდა, ოჯახში ჩაიკეტა, შვილებს ზრდიდა, ასწავლიდა, იქნებ ცოდნით მაინც გაიტანონ თავიო, ოჯახს უჭირდა, თუმცა მაინც, ქმარი ნათესაობის ხელშემწყობი და იმედი იყო, რაც ჰქონდა, იმასაც სხვას აძლევდა, ჩემს შვილებს ღმერთი მოეხმარებაო.გადიოდა წლები, დაბერდა ქალი და კაციც. გაჭირვებაში ჯანმრთელობაც დაკარგეს, ვისაც ეხმარებოდნენ, იმათმაც დაივიწყეს, ყველამ თავისი ცხოვრება აიწყო, ზოგმა - ვერც აიწყო, ისევ დახმარება ჭირდებოდათ, კაცი უკანასკნელსაც მათ აძლევდა, მე თუ ვერა, ღმერთი დაეხმარება ჩემს შვილებსო. ქალიც არ უშლიდა, რომც დაეშალა, ის თავისას არ დაიშლიდა. შეაბერდათ ვაჟკაცები ხელში, ერთ ქოხში ცხოვრობდა მთელი ოჯახობა. აბა, ვინ შევიდოდა რძლად გაჭირვებულ ოჯახში. დარჩა ბოლოს კაცი შვილების და ღვთის იმედად, შვილები მხოლოდ ღვთის იმედად, ღმერთი დაეხმარება ჩემს შვილებსო, არ იშლიდა კაცი, ქალიც ეთანხმებოდა...


Thursday, June 8, 2017

მძივებს შორის


მძივებს შორის, 
მძივებს შორის,
მაინც რჩება სივრცე 
და ამ სივრცეს, 
როგორც მძივებს, 
მხოლოდ ძაფი იჭერს.

დიდი სიყვარული

ჩემი სიყვარულის ტილოს ვწერ, დიდ ტილოს,
მაინც იმხელა ვერ არის, როგორიც უნდა იყოს,
სიყვარული ხომ მთის ხელაა, ზღვის ხელა,
მაინც ვატევ, იმიტომ რომ ტილოზე ყველაფერი უნდა დატიო,
რასაც გრძნობ, -  დედამიწას რომ ფეხით შემოგატარებს,
მაინც შენს ერთ მუჭში ეტევა დიდი სიყვარული,
მაინც შენს გულში ეტევა დიდი სიყვარული,
იმიტომ რომ თავად ხარ დედამიწა, ლურჯი ღრუბელი,
ფუნჯი, რომლითაც ტილოს წერ,
საღებავი, რომელშიც იხსნები,
მზე, რომელიც შენს ტილოს სხივებში გახვევს
და მანამდე ეჭირება, სანამ ცოცხალი ხარ!

Tuesday, June 6, 2017

ჩასვლა მზისა

ჩასვლა იყო ცაზე მზისა,
ყვავილთ ველი მის ქვეშ ბრწყინავს,
ალი ასდით ყაყაჩოებს,
სხივთა ვაგებ ხარაჩოებს.-
კიბე-კიბე ძირს ეშვება
ნათელი და წვება მთებზე,
ამ ნათების დამნახავი
სხვა სიხარულს სადღა ვეძებ?!

Saturday, June 3, 2017

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

1 ივნისი
კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად
მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად. პრემია გადაეცემა საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და საბავშვო პროექტის ავტორებს.
საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი ავტორებისა და ილუსტრატორებისათვის პირველად ცხადდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას, თანამედროვე საბავშვო ავტორების მოტივირებასა და წახალისებას. კონკურსის დაწესება ხელს შეუწყობს ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას, ასევე, მომავალი თაობის წიგნიერების ამაღლებას.
საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ, სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის: ყველაზე პატარებისთვის ( 3-6 წწ.), პატარებისთვის (6-12 წწ.), ყმაწვილებისთვის (12-16 წწ). პრემია წარმოადგენს  პრიზს და ფულად ჯილდოს.

        ნომინაციები

1)            საუკეთესო პოეტური წიგნი  (გაიცემა 2 პრემია);
2)            საუკეთესო პროზაული წიგნი  (გაიცემა 3 პრემია);
3)            საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა 3 პრემია);
4)            საუკეთესო საბავშვო დრამატურგია  (გაიცემა 1 პრემია);
5)            საუკეთესო საყმაწვილო პროექტი  (გაიცემა 1 პრემია);
6)            საუკეთესო დებიუტი (გაიცემა 1 პრემია);
7)            საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი  (გაიცემა 1 პრემია);
8)            საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისათვის  (გაიცემა 1 პრემია);

1)         საუკეთესო პოეტური წიგნი

ა)            ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ)           პატარებისთვის, 7 – 12 წელი.

1)         საუკეთესო პროზაული წიგნი

ა)            ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ)            პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
ც)            ყმაწვილებისთვის, 13 + .

3)         საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი;

ა)            ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ)            პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
ც)            ყმაწვილებისთვის, 13 + ;

4)         საუკეთესო საბავშვო დრამატურგია

გაიცემა ერთი პრემია.

ნომინაციაზე საბავშვო დრამატურგია ნაწარმოებების წარდგენა მოხდება განსხვავებული წესით: ვინაიდან ქართულ საბავშვო პერიოდიკაში თითქმის არ იბეჭდება საბავშვო პიესები და არც წიგნად გამოიცემა, ამიტომ ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, პიესები წარმოადგინონ ელექტრონული სახით.

5)       საუკეთესო დებიუტი;

გაიცემა ერთი პრემია.
ნომინაციაზე განხილული იქნება დებიუტანტი ავტორის სხვადასხვა ჟანრის (პროზა, პოეზია, დრამატურგია, მხატვრობა) წიგნი.

6)         საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი.

გაიცემა ერთი პრემია.
ნომინაციაზე განხილული იქნება ქართულ ენაზე თარგმნილი სხვადასხვა ჟანრის (პროზა, პოეზია, დრამატურგია) უცხოენოვანი წიგნი.

7)         საბავშვო -საყმაწვილო ინოვაციური პროექტი

გაიცემა ერთი პრემია.
ნომინაციაზე განხილული იქნება ბავშვებისთვის შექმნილი ვებგვერდები, შემეცნებითი თამაშები, სასწავლო მასალები, აპლიკაციები და ა. შ.

8)         საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის

გაიცემა ერთი პრემია.

თითოეულ ნომინაციაში პრემია 2000 ლარია, ხოლო საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის - 3000 ლარი.

საკონკურსო  მასალები მიიღება მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13. ტ. 297 41 01; 297 41 02) 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდე  და მათ 5 კაცისგან შემდგარი კონფიდენციალური ჟიური  შეაფასებს.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ პრემიაზე განიხილება 2016 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული საბავშვო და საყმაწვილო ნაწარმოები (გარდა ნომინაციებისა „დრამატურგია“ და „საბავშვო ინოვაციური პროექტი);
პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს  ტექსტის პირველი გამოცემა;
წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ (გარდა ნომინაციებისა „დრამატურგია“ და „საბავშვო ინოვაციური პროექტი”);
დრამატურგიის ნომინაციაში ავტორებმა პიესები ელექტრონული სახით უნდა გადმოაგზავნონ ელფოსტაზე info@writeshouse.ge (PDF ფაილი). თითოეულ ავტორს უფლება აქვს გამოგზავნოს ერთი პიესა.
„საბავშვო საყმაწვილო ინოვაციური პროექტის“ კონკურსში პროექტის ავტორებმა ელფოსტაზე, info@writeshouse.ge, უნდა გამოგზავნონ პროექტის აღწერილობა და ვებგვერდის მისამართი.
ნომინაციაში „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლი“ ჯილდოვდება საბავშვო მწერალი ან პოეტი. ჟიური ითვალისწინებს მწერლის მნიშვნელობას და მის მიერ შეტანილ წვლილს საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში.
ჟიურის წევრები შეფასებისას ითვალისწინებენ წიგნების შესაბამისობას კონკურსის პირობებთან.  ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.
გამარჯვებულების გამოვლენა და  დაჯილდოება გაიმართება მწერალთა სახლში, 2017 წლის ოქტომბერში.

Friday, June 2, 2017

ბლის კუნწულები

ყურებზე ბლის კუნწულებს ვიზომებ
და ყველა მზეზე უფრო დიდი მგონია თავი,
ჩემი ფეხის წვერებიდან იწყება დედამიწა 
და აქ მთავრდება, თუმცა მეორე მხრიდან
და გული ვეღარ ეტევა კასრში, რომელსაც 
სხეულს ეძახის ხალხი, ალბათ, შეცდომით,
მე უფრო რომ მაგონებს ჟანგიან ქილას,
ავადობებით რომ ებრძვის ჟამი და ქვას უღერებს
ვიღაც ეშმაკი მეორე მხრიდან, ან ვიღაც ჯოჯო
და აღწევს მიზანს, - გართმევს იმას, რაც მოუცია შენთვის ძვირფასს,
ზევით რომ ზის და ბლის კუნწულებს გიგზავნის ციდან.



გულში ვარდივით მიზიხარ (სიმღერა)

მზე როცა უნდა ატოკდეს,
ჩემში შენ იძვრი ირისად,
შაითანის ხარ დობილი,
თუმც თვალი გიგავს ირმისას,
აბა, რით ახსნი, ყოველდღე
წინ მყავხარ ძილად, ღვიძილად,
სულს აბორგოვებს გეენია,
დაწვავ ქართლსაც და ქიზიყსაც,
ვუსმენ ჰენდელს და მენდელსონს,
სამოთხის მესმის ზარები,
შეგხედავ, ვხვდები მაშინვე,
ჯოჯოხეთს ვერ ვემალები,
ხან ზეციური გმირი ვარ,
ხან კი უბრალო მოკვდავი,
ხისგან გათლილი სტვირი ვარ,
შენი შურს მთვარეს, ოტარიდს,
გარეთ მზე უნდა ატოკდეს,
ჩემში შენ იძვრი ირისად,
მე მიწის მტვერად მაქციე,
შენ თვალი დაგრჩა ირმისა.