Friday, June 2, 2017

ბლის კუნწულები

ყურებზე ბლის კუნწულებს ვიზომებ
და ყველა მზეზე უფრო დიდი მგონია თავი,
ჩემი ფეხის წვერებიდან იწყება დედამიწა 
და აქ მთავრდება, თუმცა მეორე მხრიდან
და გული ვეღარ ეტევა კასრში, რომელსაც 
სხეულს ეძახის ხალხი, ალბათ, შეცდომით,
მე უფრო რომ მაგონებს ჟანგიან ქილას,
ავადობებით რომ ებრძვის ჟამი და ქვას უღერებს
ვიღაც ეშმაკი მეორე მხრიდან, ან ვიღაც ჯოჯო
და აღწევს მიზანს, - გართმევს იმას, რაც მოუცია შენთვის ძვირფასს,
ზევით რომ ზის და ბლის კუნწულებს გიგზავნის ციდან.



No comments:

Post a Comment