Tuesday, June 27, 2017
ანბანთქება (საბავშვი, მე-2 ნაწილი)
ლორთქო ბალახი ამოდის
ალაზნის წყალის პირზეო,
მივა, პირს ჩაიტკბარუნებს
ცხენი, თან მიჰყავს ქიტესო.
ბიჭი ჯან-ღონით სავსეა,
ჩოხა-ახალუხს იცმევსო,
წელზე ქამარი ამშვენებს,
ღმერთით ახსენებს გმირებსო,
უნდა მათ ჰგავდეს, მათსავით
იაროს მთათა პირზეო,
მერანი ცაში გახედნოს,
გმირად იქცევა ვიდრეო.
ლუარსაბი სახელია
ციცქნა ბიჭის, გზაზე მიდის,
ლომგული და ვაჟკაცია,
გამოთალა ხისგან სტვირი,
რომ დაატკბოს ხალხის სმენა,
უდარაჯოს თავის სამწყსოს,
ერეკება მთისკენ ბატკანს,
პაპაც, ბებოც იქვე სახლობს,
მივა, გულში ჩაეკვრება,
მოიკითხავს მოხუცებულთ,
ბებო ნაბადს მოუთელავს,
პაპაც უთლის კომბლებს ქებულთ,
შემოიცვამს მხრებზე ნაბადს,
გადაიდებს მხარზე კომბალს,
მგელი უნდა შეაშინოს,
თუ მოუხტა ცხვრების ქომაგს.
მაია და მაია მეგობრები არიან,
ერთი ციცქნა გოგოა და მეორე მაიას
ეკითხება დაია: -დღეს როგორი დარია?!
ჭიას, წითელკაბიანს,
ფრთებს რომ არ შლის კოპლიანს
და არც დიდად მარდია,
მზის სხივებს რომ თან წაჰყვეს,
ვისთან ივლის მაია?!
მოდის ზღარბი, მისდევს თაგვი,
ძმობილები არიან,
ცხვირი-პირი ერთურთს უგავთ,
თუმც ერთს ქურქი აცვია,
ჩხვლეტია და ეკლიანი,
ის ბაღების მკვიდრია,
მეორე კი ბეღლის ქურდი,
მეველე და მინდვრია,
ერთმანეთი სად გაიცნეს?!
აცლით ძმობა არაქათს,
ბაღში ერთად სადილობენ,
სასუსნავი ბლომად აქვთ.
ნიკომ, ნანამ, ნინიამ
წაიყვანეს ღვინია
სამწყემსურში დილიდან,
არ დარობდა კვირიდან,
მზე უმზერდათ ირიბად,
ცრემლებს ყრიდა კვინიხად,
დღეს ცა არის ლიცლიცა,
მზე თეთრი და ყირმიზა,
ხმა მოისმის ირმისა,
ცვარი მოსავს დილისა.
ნუცას უყვარს ბლითები,
ბებო უცხობს დილიდან,
გაზქურასთან ელოდება,
ნერწყვი მოსდის პირიდან.
იქვე ფისო ჩაცუცქულა,
ისიც ელის საუზმეს,
ნუცას ამ "დიდ გაჭირვებას"
მხოლოდ ის თუ გაუგებს.
ოჩოკოჩი, ჭინკა, დალი,
პაპას ზღაპრის გმირებია,
მთისკენ უხმობს წყაროთვალი
დათოს, სადაც მინდვრებია.
გაჭიმულა ზეგანები,
გაჭიმულა მდელოები,
საქართველოს მთიანეთი
მას შეხვედრას ჰპირდებიან
ოჩოკოჩთან, ტყის მეფესთან,
ჭინკასთანაც, ტყეთა შვილთან,
დალის, ნადირობის ქალღმერთს,
წყალზე ხვდება ყოველ დილას.
"ოოპუნა" შემოსძახეს,
ყანას მკიან მამა, პაპა,
ოთო, კოტე შესცქერიან,
შედეგმაც არ დაახანა,
მოითიბა პურის ყანა,
დაისვენა მასზე მზემაც,
ჯერი მიდგა პატარებზე,
დღეს ზვინები უნდა შეკრან!
- პი, პი, პი, პი, - გაიძახის ოთო ბიჭი დილიდან,
ვითომ მართავს მამას ავტოს, არა გვყოფნის სიცილად,
ოთახებში დარბის ბიჭი, ვითომა ზის საჭესთან,
ატრიალებს მარჯვნივ, მარცხნივ, ჯორცხენივით გაჭენდა.
პაპუნა და კოწია, ორივ დიდად პლორწია,
თავზე ბუზსაც არ ისვამენ, დღეს ქორწილში მოდიან,
წინ გამორბის კოწია, აშოლტილი, კოპწია,
უკან მოსდევს პაპუნა, ფეხთ აცვია წკაპუნა
ფეხსაცმელი, დიდი აქვს, ენათხოვრა მინდიას.
ეკითხება კოწია, - რათ გინდოდა დიდია?
- ყველას თვალი დავუყენო, ეს ძალიან მინდია.
ჟურულია გვარად ბიჭი, დიდად არის განთქმული,
სალამურის სტვენა ისმის, მღერაშია გართული,
ერთმანეთს ეჯიბრებიან ბულბული და ოთიკო,
ჩიტს რით ვეღარ დავამარცხებ? - ჩიტმაც თითქოს გაიგო
ბიჭის ფიქრი და ოცნება, შესვენება აიღო.
ჟრუ, ჟრუ, ჟრუო,- გაიძახის ჟოლოს მწვანე ბუჩქიდან
მოლაღურის ჭრელი ბარტყი, აქ საიდან მოვიდა?!
ალბათ დედას გაუფრინდა, ყველასა გვგვრის ჟრუანტელს
იმის ფიქრი, ნეტავ დედა აქ როგორღა მოაგნებს?!
მაგრამ მალე დავინახეთ ჩვენ თვალთა გასახარი,
დედა მარტო არ მოფრინავს, სხვა შვილებიც აქ არის,
ჟოლოს მწვანე ბუჩქებიდან გამოცოცდა პატარა
და პატარა ფრთების ქნევით თავის ყოფა ახარა.
რუ მოწანწკარებს, მიმორბის ველად,
ქვებზე, კენჭებზე ათასფრად ელავს,
ახარებს ყვავილს, კომშსა და ტყემალს
და სიხარულის ბუშტებსა ბერავს:
- ვაპურებ ყანას, ვამწიფებ თავთავს,
უხვ მოსავალში მეც მიდევს წილი,
თქვენ არ მოგაკლდეთ მომავლის რწმენა,
ავივსებ ჯიქანს ღამით და დილით
ისევ ჩავირბენ ხასხასა მინდვრებს,
ზეცას ვაჩუქებ კამკამა ღიმილს ,
ისიც მომიძღვნის უამრავ ქებას, -
ბავშვის მოვისმენ სიცილს და კისკისს,
აფერადდება ფერდობი მწვანედ,
ლურჯ იებს ისევ მოისხამს ველი,
ნიავი ღამით მიმღერებს ნანას,
ჩამეხუტება მშობელი ჩემი.
რა კარგია სალამური,
სტვენა იცის საამური,
აჰყოლია ბულბულიც,
ირგვლივ ისმის გუგუნი,
არწივების ბუდეა,
იქვე, კლდეთა წვეროზე,
მართვეები მღერიან,
ერთობიან გემოზე.
სოსიკოს და სერიკოს დაბადების დღე იყო,
ბიჭებს ერთი ნატვრა ჰქონდათ, მამას მატჩი მოეგო,
იმ დღეს ფეხბურთს თამაშობდა გუნდი ორი სოფელის,
თუ კი მამა მატჩს მოიგებს, სახლში მოვა ტორტებით.
სარეველა ბალახი აერია ნამჯაში,
ცხენს მიართვა თავლაში, - გენაცვალე მადაში,
- რომ არაფერი შეჭამა, ერთი მოსცხო გავაში,
ჩემს მოტანილს რად არ ჭამო, - მორჩა შენი პარპაში,
- ცხენი ჭალებს გაუყენა, მგლების გახდი ლუკმაო,
თვითონ ჩონგურს ხელი ჩაჰკრა, - აღარ ვშრომობ უქმადო.
სტომაქი რომ ამოივსო დათვის ბელმა ღორმუცელამ,
მუხის ძირას ჩაეძინა, სიზმარში კი ხედავს მელას,
წასდგომია თავზე ჩუმად და იცინის ურცხვად, ხმელად,
- მე გავხდები მალე ტყეში დიდბატონი, გმირი მელა,
ამას სძინავს დღე და ღამე, მუდამ შია, მუდამ ცხელა,
ხან გორაობს თხმელის ძირში, ხან კი სტუმრობს ნაძვს და კედარს,
საქმეზე ეს არა ფიქრობს, ტყეში მხეცებს უნდა შველა,
სკოლა უნდა ავაშენოთ, სწავლის შუქი ვფინოთ ყველას.
გაეღვიძა დათუნიას, წახდენია ამას ნირი,
გაახსენდა რომ ადგია თავზე დიდი გასაჭირი,
ზამთრისათვის შეინახოს უნდა ქილით ტკბილი თაფლი,
წარწერა რომ გაუკეთოს, ვერა შველის ათი თათი.
მოიწვია მან სასწრაფოდ ცხოველების დიდი კრება,
სკოლა უნდა აშენდესო, გამოხატა თავის ნება,
აწ, წაუხდა ნირი მელას, ვეღარ გახდა ამ ტყის გმირი,
თავის თავის გამოჩენა გადაწყვიტა ბასრი კბილით.
ტარიელი, მხნე და მარჯვე, ტყვიაში რომ ტყვიას აჯენს,
მონადირე მამაცია, არც აცხელა, არც აცია,
ლომზე სანადიროდ მიდის, არა დათვზე, არა მგელზე,
ზოოპარკში რომ ზის ლომი, ნეტავ, იმას თუ დაეძებს?
თორემ სოფლად, ახლომახლო, არსად ცხოვრობს დიდი ლომი,
თვალი უნდა რომ აგვიბას, არა მყავსო, ამბობს ტოლი,
მართლაც მამამ ზოოპარკში წაიყვანა ბიჭი თოფით,
ბახ,ბახო, გაიძახის, ვითომ მოკლა მართლა ლომი.
ტურამ, მგელმა, მელიამ დღე ირჩიეს ბნელია,
მიაშურეს საქათმეს, შიგ ქათამი კაკანებს,
გამოთხარეს გვირაბი, წინ დამდგომი ვინ არის?
შეეჩეხათ მამალი, ფეხმარდი და ფრთამალი,
შემოსძახა "ყიყლიყო", იყო და არა იყო,
მურიკელაც აქ იყო, ციცქნა ბიჭი პალიკოც,
მტერს რომ მედგრად დახვედროდა, ხელში ჯოხი აიღო,
ტურა, მგელი, მელია იყო და არა იყო.
უჩას უყვარს ძველი ქუჩა,
ქუჩის პირას მანქანა,
პაპასია, მისი ხნისა,
მხოლოდ ის თუ გამართავს.
წელიწადში ერთი-ორჯერ
დაქოქავს და გამოწმენდს,
სათევზაოდ მიჰყავს უჩა,
ვარგისობას ამოწმებს.
პაპას შეგირდს უყვარს ქუჩა,
ქუჩის პირზე მანქანა,
ახლა თვითონ გამოიყვანს,
გამოწმენდს და გამართავს.
ულამაზეს ნარცისებს
გოგო ანა არწყულებს,
ჩამოუვლის შროშანებს,
პიონებს და მიხაკებს,
სილამაზით განთქმულ ვარდსაც
დიდ-დიდ პატივს მიაგებს,
ყველაზე მეტ წყალს დაუსხამს,
მოუშუშებს იარებს.
მერე ეტყვის თავის ცუგას,
კვლებში ცოტა იაროს,
რომ ყვავილებს თათუნებით
სვე არ დაუზიანოს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment