სურვილების სამალავს გონებაში გავმართავ,
შევუყენებ იმედებს სვეტებად და ბოძებად,
მოგონების ფთილებს კი თითისტარზე დაართავს
ყრმობის ეშხით ნაფერი მოიისფრო ოცნება.
ღამე - გადარეული, ღამე - სულგალეული
გამახსენებს ნაზ დღეებს ერთმანეთზე მიჯარვით,
შეიკვრება ზმანება რგოლებად და რკალებად,
ზეცად განილევიან აჩრდილები წინაპრის.
ოცნებების მედროშე, - სხივთა თეთრი სიმაღლე,
სურვილების ხუხულას მაღლა ცაში აიტანს,
გული ისევ შეკრთება, - იტირებს და ინაღვლებს,
თუმცა უკვე ვერაფერს დაიბრუნებს თავიდან.
No comments:
Post a Comment