Friday, September 16, 2016

სისხლი

მე მიყვარს ცეკვა,
ვის არ უყვარს ის,
ვცეკვავ ყოველთვის,
როცა რაღაცა მიხარია,
ან როცა მწყინს,
იმ დღესაც სადარბაზოს
ვესტიბიულში გავმართე როკვა,
ვტრიალებდი და ვტრიალებდი,
როგორც პეპელა,
ან როგორც ბუზი,
ეშაფოტის წინ,
ფეხი დამისხლტა
რაღაც ნაგავზე,
რომელიც ალბათ
რომელიმე მეზობელმა
დააგდო ცხვირწინ,
და შევეწირე მე სხვის
უყურადღებობას და
გულგრილობას,
სისხლი დაედინა
რკინის რიკულებს,
იქვე მდგარ ფიკუსებს,
ხანდახან მცენარეებიც
საზრდოობენ სისხლით,
მარად მდუმარენი,
განა ყაყაჩო ადამიანის სისხლზე
არ იზრდება, ჩვენი მამა-პაპის
დაღვრილზე?!
ვინ იცის, იქნებ ისინიც,
ზოგჯერ, სხვათა გულგრილობას
ეწირებოდნენ!


No comments:

Post a Comment