თეთრყირმიზა ქალი საკერავს უჯდა და თავის ოქროსთმიან ბიჭუნებს პერანგებს უკერავდა. ბევრი კაცი ინატრებდა ასეთი ცოლის ყოლას. მასაც არ აკლდა ქმრის და ოჯახის პატივისცემა. ის თავის იდეალურ სამყაროს ქმნიდა, სიმდიდრეს არ ესწრაფვოდა და მხოლოდ სიყვარულისთვის ცხოვრობდა. ზაფხულის იმ საღამოსაც სიმყუდროვეს არაფერი ურღვევდა. ქმარი ტელეფონზე ლაპარაკობდა, ბავშვები ბებოს ეზოში ჩაეყვანა. კაცის ხმა სულ უფრო დაძაბული და მკაცრი ხდებოდა, მაგრამ ქალი ყურადღებას არ აქცევდა. იცოდა, რომ ქმარი ყველა საქმეს მის დაუხმარებლად მოაგვარებდა. ამიტომაც თავის საფიქრელს მისცემოდა. რამდენიმე კვირა იყო, რაც ერთი კითხვა აწვალებდა, გაეჩინა თუ არა ბავშვი, რომელიც მის სხეულში უკვე ჩასახლებულიყო და გატრუნული უსმენდა დედის გულისცემას. ქალს უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ორი ვაჟი უკვე ჰყავდა, 9 - 10 წლისა. ბავშვებს ბევრი რამ აკლდათ. მეუღლე ხან მუშაობდა, ხან - არა. დედამთილიც პენსიონერი იყო. - "იქნებ გოგოა", -გაუელვა თავში, როგორ უნდოდა პატარა გოგონა! ისევ ეჭვები მოეძალა, შეძლებს კი ბავშვი გაზარდოს ამ საშინელ დროში: არც გაზი, არც დენი, საყოველთაო გაჭირვება, ასაკითაც პატარა არ არის, უკვე 35 წლისაა. მერე შიშმა შეიპყრო, ღმერთი ხომ დასჯის იმ აბორტების გამო, რაც გაკეთებული აქვს. ნუთუ კიდევ ერთი ცოდვა უნდა ჩაიდინოს?! ამ დროს ქმრის გაცხარებულმა კილომ მიიქცია მისი ყურადღება. კაცი აშკარად ნერვიულობდა - "თავი დამანებე", - ისმოდა მისი სასოწარკვეთილი და ამავე დროს მოგუდული ხმა. ქალი გუმანით მიხვდა, რომ ქმარი მისგან რაღაცის დამალვას ცდილობდა. უნდობლობის ჭიანჭველებმა დაურბინეს ტანში. წამოდგა და რაც არასდროს გაუკეთებია, ის გააკეთა, მეუღლეს ყურმილი გამოართვა და ყურთან მიიტანა. მისდა გასაკვირად კაცმა არაფერი უთხრა, არ შეაჩერა. ყურმილში ნაცნობი ხმა გაისმა, ქალმა გაოცებით შეხედა ქმარს. ქალბატონი, რომელიც ასე დაჟინებით ითხოვდა რაღაცას სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოდან, მათი საერთო ნაცნობი იყო, ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ უნივერსიტეტში, ქმრის ყოფილი თანამშრომელი გახლდათ, მეგობრობდნენ კიდეც. - რა უნდა ამ ქალს, რას მოითხოვს შენგან?!- გამეხებული სახით შეაცქერდა ქმარს ცოლი, - რა ურთიერთობა გაქვს მასთან, რომ ასეთი ფამილიარული ტონით გელაპარაკება?! - არ ისვენებდა ქალი. კაცი რაღაცას ჭოჭმანობდა, ბოლოს დუმილი დაარღვია: - მან სამი თვის წინ ბავშვი გააჩინა,.. ჩემგან... გოგონა, - თქვა ენის ბორძიკით, მაგრამ ამავე დროს ისე სწრაფად, თითქოს უნდოდა ცოლს რაც შეიძლება ჩქარა გაეგო ეს ამბავი. მერე გაჩუმდა, შვებით ამოისუნთქა, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამოიხსნაო და თავი დახარა. ქალი თავზარდაცემული იდგა. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. მის თვალწინ დაიმსხვრა მისი იდეალური სამყარო. გული შემოდგომის გაყვითლებული ფოთოლივით მოეკრუნჩხა, მიენავლა, იქვე მდგარ პატარა სათამაშო მანქანაზე გადაიტანა ყურადღება, მათმა საერთო "მეგობარმა" ამერიკიდან რომ ჩამოუტანა ბავშვს. - ნუთუ ეს ყველაფერი ფარსი იყო, ჩემს შვილებზე ზრუნვა, საჩუქრები?!- ქალს მოეჩვენა რომ გველები შემოხვეოდა სხეულზე და დახრჩობას უპირებდნენ, გააჟრჟოლა, - მისი ამდენი შრომა, ერთგულება წყალს გაატანეს, თანაც ვინ, ამ ცრუპენტელებმა?!- მისი ფიქრი ჯერარდაბადებულ ბავშვს გადასწვდა, გადაწყვიტა მეორე დღესვე აბორტი გაეკეთებინა. ქმარს არაფერი უთხრა, რადგან დედამთილი, რომელსაც ბავშვები ეზოდან ამოეყვანა, გაფაციცებით შესცქეროდა თვალებში, ცრემლები შეემჩნია და რაშიაო საქმე, შვილს გაბრაზებით უყურებდა. კაცმა თვალები ვერ გაუსწორა დედას. ქალი მიხვდა, რომ დედამთილს ვერაფერს ეტყოდა, ამ ამბავს გადაყვებოდა მოხუცი. თვითონ, მარტოდმარტოს, უნდა გადაეტანა ეს დარტყმა. ბიჭები მამას შემოხვეოდნენ, ბებიას ნაყიდ ავტომატებს აჩვენებდნენ, თვალები სიხარულით და სიამაყით ჰქონდათ სავსე, საოცარი ნათელი გამოსჭვიოდა მათი უმანკო სახეებიდან. ქალის გონებამ სწრაფად დაიწყო ფიქრი, - რა ეშველება მისი წვალებით შექმნილ იდეალურ ოჯახს, მის ოქროსთმიან ბიჭუნებს, თუ კი ქმართან გაშორებას გადაწყვეტს?! ოჯახის ავტორიტეტს, მამა-პაპის მოპოვებულსაც, შერყევა ელის, საზოგადოებისგან - გაკიცხვა არ ასცდებათ, ქვა დამნაშავესაც მოხვდება და უდანაშაულოსაც. - ქალი იმასაც მიხვდა, რომ მის ქმარს, მისი შვილების მამას, მისთვის საყვარელ ადამიანს, რომელიც პატივაყრილი, დადარდიანებული, ნაცემი ძაღლივით იდგა მის წინ და თვალებით პატიებას სთხოვდა, დღეს მისი დახმარება სჭირდებოდა. ქალი მუხლებში ჩაიკეცა, თითქოს სანთელივით ჩაიღვენთა, ჩადნა, მერე კრიალოსანივით ათას ნაწილად დაიშალა, ყველა ნაწილი სტკიოდა, ბოლოს ისევ წამოიმართა, აეწყო, გამაგრდა. გადაწყვიტა, გულში ჩაეკლა ტკივილი, ყველაფერი დაემალა, დაევიწყებინაა თავმოყვარეობა, შელახული ღირსება და მოღალატესთან გაეგრძელებინა ცხოვრება.
ქმარმა ბევრი ბოდიში იხადა, თავიც ბევრჯერ იმართლა, მაგრამ ქალს არასოდეს მობრუნებია კაცზე გული. ღვთის ნებით მუცელი აღარ მოიშალა და პატარა გოგონა გააჩინა. ქალმა იცის, რომ მის შვილებს მომავალში ყველაფერი კარგად ექნებათ, რადგან ის ნამდვილი დედაა, ოჯახის ბურჯი და საძირკველი, რომელიც ძლიერმა მიწისძვრამაც კი არ უნდა შეარყიოს და დააზიანოს. ღალატით მიყენებული ტკივილი კი განიფხვნა დროსა და სივრცეში, მხოლოდ ხანდახან შეახსენებს ხოლმე ქალს თავს, წვეტიანი შუშის ნატეხივით დაუტრიალდება გულ-ღვიძლში და მის ნაწილს მოწვავს, გაანადგურებს. ნეტავ რამდენი ხანი ცოცხლობს ადამიანი განახევრებული გულით?!
No comments:
Post a Comment