სიონში ისმის გაბმული ზარი
უმალ დავიწყე თვალების ფშვნეტა,
ერთად შეყრილა ამდენი ქალი,
ამდენი გმირი, ამდენი დედა.
წმინდა ქეთევანს უჭირავს რტონი,
წმინდა თამარი ვაზის ხეს ამყნობს,
არ გადაშენდეს ქართველის ძირი,
ნაზი ღიმილით ლოცვებით ამკობს.
ხერხეულიძეთ ვიხილე დედა,
ისევ უპყრია ქართული დროშა,
სათუთად იკრავს, დაგლეჯილს, მკერდში,
ლოცავს, გაუძლოს ქარიშხალს, ხორშაკს.
დაე, ამღერდეს ამაყად ქნარი,
დაე, სიკვდილმა ჩარაზოს კარი,
სულში გვიძვრება ქართული სიტყვა,
სიონში ისმის გაბმული ზარი.
No comments:
Post a Comment