გამოჩნდა სოფელი, დაღლასაც ვეღარ ვგრძნობ,
სულს ვითქვამ, კლდეებში წყაროა ჩართული,
მშვენიერ სიზმარს ჰგავს ტყიანი მიდამო, -
ხიდზე დაჩოქილი წინ მხვდება წარსული...
შენ, ჩემო მიწაო, ძუძუ რომ მაწოვე,
რომ დამიფრთიანე გული და მუხლიც,
არ მინდა, არ მიყვარს შენ გარდა არავინ,
გაღმიდან ხელს მიწვდის ტოტები მუხის.
შარაგზა ჩამოჰგავს სამოთხის მდინარეს,
დაწნული ღობიდან მიცქერენ თვალები,
მიდამო სავსეა ჭრელ-ჭრელი პეპლებით,
ხბო მხვდება ეზოში ნაცნობი ხალებით,
ცას სწვდება ღიმილი და დედას ვეხვევი,
აქ არის წარსულიც, სულთქმა და ზღაპარიც,
რომელსაც ვაცხობდი, როდესაც მშიოდა,
მერე კი ბაბუას საფლავთან დავფალი...
ჰაერში სუნი დგას პურის და ფოთლების,
ჩიტების ჭიკჭიკი ბაღს ავსებს ედემის,
გულს გავხსნი სალაღოდ, მეზობლებს ვეძახი
და ვკოცნი იმ მიწას, ქება რომ ეგების.
მზე ისევ მიცინის... მინდვრისკენ ვეშვები,
დილის ცვარს გულმკერდზე მძივებად გავიშლი...
რა ტკბილად მიღიმი, მზიანო ბავშვობავ,
სისხლის ყივილია, ისევ რომ გაისმის!
მაია დიაკონიძე
6.07.2013წელი
No comments:
Post a Comment