Tuesday, April 17, 2012
მგლები (იგავი)
უკუნია. მთვარის შუქი არსად მოჩანს,
ბნელს მოუცავს ტრამალი და და კლდე-ნაპირი,
სანადიროდ გამოსულა მგლების ხროვა
ზარდამცემი ლაშებით და ენა-პირით.
მოჩანს ცეცხლი დანაკვესი მათთა თვალთა,
მოგიზგიზე ნაპერწკლებით ავსებული,
კბილთა ღრჭენით ემუქრება მთელ ქვეყანას
მგლების ხროვა, ბრძოლის ჟინით დანთებული.
როცა შიათ, არ იციან მათ დანდობა,
სისასტიკეს ერთგულებენ სისხლზე ფიცით,
მგლის ხასიათს და მის ავ ზნეს ვერვინ შეცვლის,
ბუნებაც კი, განგებასთან შენამტკიცი.
უცებ ცაზე მთვარე გაჩნდა, თეთრი დისკო,
მისმა შუქმა უფსკრულიც კი გაანათა,
მგლების ხროვა ერთი წუთით შედგა თითქოს,
მერე... უფრო გაავდა და გაალმასდა.
კარგს ვერაფერს ჰპირდებოდათ თეთრი ღამე,
მტაცებლისთვის უხერხული მასპინძელი,
ერთურთს ჭვრეტდნენ, აცეცებდნენ თვალებს უნდოდ,
თვისტომის სისხლს მოითხოვდნენ ავი მზერით.
ნახეს კიდეც, ერთი იყო მეტად სუსტი,
გაფატრეს და გაათრიეს მგლებმა ველად,
საბრალოსგან ერთი ბეწვიც არ დატოვეს,
არ უმტყუნეს თავის ზნეს და ჩვეულებას.
ვიღაც უფრო ძლიერია სხვაზე მუდამ,
ცხვრის ფარაში სუსტებს ეძებს გამორჩევით,
სხვისი ჭირი როდი მიაქვს ახლოს გულთან,
ლაღობს, ცხოვრობს მხოლოდ მგლური კანონებით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment